დღეს, 27 დეკემბერს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ. რუსთავის მერიაში მეტალურგიული საწარმოს – შპს „აგლომერატის“ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ 19 დეკემბერს შეხვდა საკრებულოს წარმომადგენლებს, შეხვედრაზე განვიხილეთ რუსთავში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული რეალობა და შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის საკრებულოს წარმომადგენლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩაერთვებოდნენ საჯარო განხილვებში, ვინაიდან მსგავს საკითხებში მათ ჩართულობას ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საკრებულოს წარმომადგენლები ჩაერთნენ მსგავს შეხვედრაში, დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა და არაერთი შეკითხვა დასვეს.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი)
შპს “აგლომერატი” გეგმავს, ქალაქ რუსთავში, ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების ქარხნის მოწყობა-ექსპლუატაციას, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს 66000 ტ/წელ აგლომერატს 7920 საათის განმავლობაში.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა აგლომერაციის შეცხობის 8 ჯამი შესაბამისი საჭირო დამხმარე დანადგარებით და ინფრასტრუქტურით. საწარმოს ტერიტორია მოიცავს აგლომერაციის საწარმოს, ნედლეულის განთავსების საწარმოო მოედანს და მზა პროდუქციის დახურულ სასაწყობე მეურნეობას.
საწარმოს ტერიტორიაზე მოხდება ანგარის ტიპის ნაწილობრივი დახურული შენობის აგება, კერძოდ ყველა ის ტერიტორია, სადაც განთავსებული იქნება სასაწყობო მეურნებობები იქნება დახურული.
აგლომერაციის საწარმოო ციკლი მოიცავს შემდეგ ობიექტებს: 1. აგლომერაციის საწარმო; 2. ნედლეულის განთავსების საწარმოო მოედანი; 3. მზა პროდუქციის დახურული სასაწყობე შენობა.
საქმიანობის შედეგად გარემოში გამოფრქვეული მავნე ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი, მანგანუმის ორჟანგი, აზოტის დიოქსიდი, NO2, გოგირდის დიოქსიდი, SO2, ნახშირჟანგი, CO, ქრომი(Cr+6), თუთიის ოქსიდი, ტყვია და მისი ნაერთები, ნიკელი მეტალური, კადმიუმის სულფატი, დარიშხანი, სპილენძის ოქსიდი, ვერცხლისწყალი, სელენი, Se. გაფრქვეულ ნივთიერებათაგან დიდი წილი მოდის არაორგანულ მტვერზე, გოგირდის დიოქსიდსა და CO-ზე.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით, ჩვენმა გუნდმა გზშ ანგარიში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრისას ჩვენ მიერ მომზადებული კომენტარები საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ და გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გავუგზავნეთ.
ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენს კომენტარებს, თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– გზშ-ში ანგარიშში საწარმოს სიახლოვეს მდებარე ზედაპირულ წყლებში მდ. მტკვართან ერთად აღნიშნულია მდ. აჯისო და სამგორის ტბა, თუმცა არატექნიკურ რეზიუმეში ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ მდ. მტკვრის შესახებ; ვფიქრობთ, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა საწარმოს სიახლოვეს მდებარე ზედაპირული წყლები, მათი ჩამონათვალი არატექნიკურ რეზიუმეშიც სრულად უნდა იყოს ასახული, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია.
– გზშ დოკუმენტის თანახმად, საწარმოო ტერიტორიიდან 360 მეტრში დასავლეთის მხრიდან მდებარეობს შპს „კონსტრუქციას“ ლითონის კონსტრუქციების წარმოების საწარმო, თუმცა ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მანძილი დაახლოებით 100 მეტრს შეადგენს;
– დოკუმენტის თანახმად, საწარმოო ტერიტორიიდან 420 მეტრში ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მდებარეობს შპს “Construction Service“-ს ლითონის კონსტრუქციების წარმოების საწარმო. ელექტრონული გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს მანძილი რეალურად დაახლოებით 76 მეტრს შეადგენს;
– აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 88 მეტრში მდებარეობს სს „გრდემლის“(02.05.03.489), დაახლოებით 300 მეტრში შპს “EGE-ს (02.05.03.475), ხოლო დაახლოებით 290 მეტრში შპს „ნალან ჩამაშირ” (02.05.03.807) საკუთრებაში არსებული ობიექტი რაც საერთოდ არ არის ნახსენები გზშ დოკუმენტში. ამასთან საგულისხმოა, რომ კუმულაციური ზემოქმედების სწორად შეფასებისთვის მოცემული უნდა იყოს აღნიშნული ობიექტების სპეციფიკა/წარმოების სახე;
– გზშ ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების მნიშვნელოვნება შეფასებულია, როგორც „საშუალო“. ვფიქრობთ, ეს შეფასება არასათანადოა, იმ პირობებში, როდესაც საწარმოდან გაფრქვეული გოგირდის დიოქსიდის (SO2) ზდკ არის89, რაც დასაშვებ ნორმასთან ძალიან ახლოსაა, ასევე შედარებით მაღალია ნახშირჟანგის (CO) და არაორგანული მტვრის გაფრქვევის მაჩვენებლებიც, შესაბამისად 0.54 და 0.41.
– მოცემულ ანგარიშში არ იკვეთება სად იგეგმება ნარჩენების დროებითი განთავსების უბნის მოწყობა.
– დოკუმენტი არ არის სათანადოდ გამართული, არის შინაარსობრივი შეცდომებიც, მაგალითად, არატექნიკურ რეზიუმეში ვკითხულობთ: „საწარმო მომარაგებულია ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით, კერძოდ: გააჩნიათ ცეცხლმაქრების საკმარისი მარაგი და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი. საწარმოში ხანძრის აღმოჩენების შემთხვევაში გათვალისწინებულია ქ. ბათუმის სახანძრო რაზმის შესაძლებლობების გამოყენება.“ ამ ჩანართში ტექნიკური ხარვეზია, ‘ადგილობრივი სახანძრო რაზმის’ ნაცვლად ‘ქ. ბათუმის სახანძრო რაზმია’ მითითებული.
– სასურველია დოკუმენტში მიეთითოს განხილვიდან ამოღებული ზემოქმედების სახეები. არატექნიკური რეზიუმეს თავი 4-ში ვკითხულობთ, რომ „დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახის ზემოქმედების განხილვა არ ჩაითვალა სავალდებულოდ. განხილვიდან ამოღებულ ზემოქმედებების სახეები,“ – წინადადება გაწყვეტილია და აზრი არ ბოლოვდება.
– ანგარიშში ნახსენებია, რომ “მანგანუმის შემცველი მტვრის წინასწარ დამუშავებასთან დაკავშირებული ტექნოლოგია გარკვეულწილად წარმოადგენს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების წყაროს“, სასურველია, დაზუსტებული იყოს კონკრეტულად რა სახის ზემოქმედებაზეა საუბარი, ასევე, საინტერესოა, როგორ იგეგმება ამ ნარჩენის შემდგომი მართვა?
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები ელექტრონულად გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი ელექტრონულად გამოგვეგზავნოს ჩვენც შემდეგ ელ-ფოსტაზე: gavigudet@gmail.com, ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.