შპს „ჯეო ენტერპრაიზს“ დაგეგმილი ჰქონდა არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაცია; კერძოდ – რკინის ჯართის (ფოლადი და თუჯი) გამოდნობა და სხვადასხვა სხმულების დამზადება.
შპს „ჯეო ენტერპრაიზმა“ 2022 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა სამინისტროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა 2022 წლის 3 მაისს, რომელსაც დაესწრო სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ და გავაჟღერეთ ჩვენი შენიშვნები და კომენტარები. 2022 წლის 23 მაისს კი სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით.
2022 წლის 6 ივლისს შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
ეს ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:
1. სამინისტროს მიერ N21/1919 23/05/2022 წერილით გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხი;
2. სამოქალაქო მოძრაობის, „გავიგუდეთ“, შეკითხვებზე პასუხი;
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ახალი);
4. მიწისქვეშა წყლის მოპოვების ლიცენზია;
5. რუსთავის მერიის წერილი ტრანსპორტირების სვლა-გეზისა და ტრანსპორტირების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე;
6. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წერილი სანიაღვრე ჩამდინარე წყლების გატარების თაობაზე;
7. ფილტრების ტექნიკური მახასიათებლები (ორიგინალი);
8. კვამლგამწოვის პასპორტი (ნათარგმნი).
მისასალმებელია, რომ საწარმოდან, როგორც საააგენტომ, ასევე ჩვენ გონივრულ ვადაში მივიღეთ პასუხები ჩვენ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე (ჩვენი კითხვები და კომენტარები დეტალურად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე). გარდა ამისა, მისასალმებელია ისიც, რომ სააგენტომ თავის კითხვებში გაითვალისწინა და ასახა ჩვენ მიერ დასმული საკითხები, შესაბამისად, სააგენტოსა და „გავიგუდეთ“-ის გარკვეული კითხვები ერთმანეთს ემთხვევა. გთავაზობთ ამ კითხვებს.
|
„გავიგუდეთ“ კითხვები |
სააგენტოს კითხვები |
|
გზშ-ს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს წარმოებისთვის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დასაბუთებას, რაც წარმდგენილია ღუმელის შემთხვევაში, თუმცა ბუნდოვანია, რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა საწარმოსთვის რუსული წარმოების ფილტრი და რა უპირატესობით ხასიათდება ის სხვა ალტერნატივებთან შედარებით. |
გზშ-ს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს წარმოებისთვის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დასაბუთებას, რაც წარმდგენილია ღუმელის შემთხვევაში, თუმცა გაურკვეველია და დაზუსტებას საჭიროებს, რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა საწარმოსთვის რუსული წარმოების ფილტრი და რა უპირატესობით ხასიათდება ის სხვა ალტერნატივებთან შედარებით. |
|
დოკუმენტში ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან მოხდება საწარმოს მომარაგება ჯართით და რა წილი იქნება მასში იმპორტირებული რადგან ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია, რომ საწარმო იმუშავებს იმპორტირებულ ნედლეულზეც. ასევე, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია თუ ვინ მოამარაგებს საწარმოს წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით იქნება ეს ჯართი, ბენტონიტი თუ კვარცის ქვიშა. |
გზშ ანგარიშის მიხედვით, საწარმოში ნედლეულის (ჯართის), მათ შორის კვარცის ქვიშის, ბენტონიტისა და ფეროშენადნობის შემოტანა მოხდება სათანადო მომწოდებლისგან ხელშეკრულების საფუძველზე. დაზუსტებას საჭიროებს საწარმოში ნედლეულის შემოტანის საკითხი, მათ შორის დაგეგმილია თუ არა მათი იმპორტი სხვა ქვეყნებიდან. |
|
გზშ დოკუმენტში წარმოდგენილი საჭიროების დასაბუთება რეალურად არ წარმოადგენს საჭიროების დასაბუთებას. შემოთავაზებული ქვეთავი არ იძლევა ნათელ სურათს, რადგან შემოიფარგლება მხოლოდ ზედაპირული შეფასებებით, მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას რომ საჭიროების დასაბუთება წარმოადგენს მხატვრულად შესრულებულ თავს და არაფერი აქვს საერთო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ხელშეწყობასთან. საჭიროების დასაბუთებითვის წარმოდგენილი ინფორმაცია ზედაპირული და სუბიექტურია, არ ეყრდნობა მონაცემებსა და მიკვლევად კვლევებს. ნახსენებია ბაზრის კვლევა, თუმცა არ გვხდება ისეთი დამატებითი დეტალებიც კი როგორიცაა თუნდაც კვლევის განხორციელების პერიოდი ან კვლევისას გამოვლენილი შედეგები. შესაბამისად, გზშ-ში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრნობით საწარმოს საქმიანობის დასაბუთება შეუძლებელია. |
გზშ ანგარიშის თავში 4. „პროექტის საჭიროების დასაბუთება“ აღნიშნულია, რომ განხორციელდა ადგილობრივი ბაზრის წინასწარი კვლევა რის საფუძველზეც მოხდა საქმიანობის დაგეგმვა, თუმცა დოკუმენტში არ არის მოცემული ინფორმაცია აღნიშნული კვლევის შესახებ (მეთოდოლოგია, განხორციელების პერიოდი, კვლევის შედეგები და სხვა), რაც საჭიროებს დაზუსტებას. |
|
დოკუმენტში, ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებებში ვკითხულობთ “არახელსაყრელი მეტეოპირობების დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, შედგენილი იქნება სათანადო მოქმედებათა გეგმა.” – აღნიშნული ჩანაწერი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, კერძოდ: რა იგულისხმება არახელსაყრელ მეტეოპირობებში, ვინ განსაზღვრავს ან რა პარამეტრებზე დაყრდნობით მოხდება არახელსაყრელი მეტეოპირობების განსაზღვრა, რას გულისხმობს, რა კონკრეტულ შემარბილებელ ღონისძიებებს მოიცავს სათანადო მოქმედებათა გეგმა და ვინ იქნება აღნიშნული გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი? |
გზშ-ის ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებებში აღნიშნულია, რომ „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით შედგენილი იქნება სათანადო მოქმედებათა გეგმა.“ აღნიშნული ჩანაწერი საჭიროებს დაზუსტებას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით. |
პასუხები ჩვენს კითხვებზე
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რჩება გარკვეული საკითხები, რომელზეც სათანადო პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდა, მიმოვიხილოთ პასუხები ჩვენს იმ კითხვებზე, რომელთა შესახებაც საპასუხო არგუმენტი არადამაკმაყოფილებელია.
– ჩვენს კომენტარზე იმის შესახებ, რომ პროექტის საჭიროების დასაბუთება ნათელ სურათს არ იძლევა და მონაცემებსა და მიკვლევად კვლევებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, ასევე მოცემული არაა დეტალები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით (პერიოდი, შედეგები…); საწარმოს წარმომადგენლები გვპასუხობენ, რომ „საქმიანობის სუბიექტს არ აქვს ვალდებულება, დაეყრდნოს მონაცემებსა და მიკვლევად კვლევებს. ბაზრის კვლევა ტარდება ბიზნესის ხელშეწყობისთვის. მას შეუძლია, დაეყრდნოს არსებულ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ან/და თვითონ შეაგროვოს საჭირო მონაცემები.“
ვფიქრობთ, ეს არგუმენტი ამომწურავად არ პასუხობს ჩვენს კომენტარს, ვინაიდან საჭიროების დასაბუთებაში ისე უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის საჭიროება, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს, ნათლად დაინახოს ის მონაცემები, რაც ადასტურებს და ამყარებს პროექტის განხორციელების საჭიროებას; და აღწერილობითი ნაწილი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტებითა და ფაქტებით. ასევე, პასუხგაუცემელია ჩვენი კომენტარი ბაზრის კვლევის პერიოდსა თუ შედეგებთან დაკავშირებით.
– შერჩეულ ფილტრთან დაკავშირებით ტექნიკური მახასიათებლები და ის დეტალები, რაც მის უპირატესობას დაამტკიცებს კვლავ არ არის წარმოდგენილი. აქ საუბარი არ არის მწარმოებელ ქვეყანაზე, არამედ ნათელი უნდა იყოს ის ტექნიკური შესაძლებლობები, რის მიხედვითაც შეირჩა კონკრეტული დანადგარი (ამ შემთხვევაში ფილტრი).
– ჩვენს გუნდს კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ გზშ ანგარიშში აღწერილია მხოლოდ ექსპლუატაციის დროს მოსალოდნელი ზემოქმედება. ამ კომენტარზე პასუხში წარმოდგენილი ინფორმაცია არ პასუხობს რეალურ სიტუაციას. თავადაც პასუხში ის უწერიათ, რაზეც შენიშვნა გვქონდა – „რადგან საწარმო უკვე მოწყობილია, გზშ-ს ანგარიში მომზადებულია ექსპლუატაციის ეტაპისთვის“. პრობლემა პრობლემად რჩება, რაც გულისხმობს ფაქტს, რომ გზშ ანგარიშის შედგენის დროს საწარმოს მოწყობა დასრულებულია და მოცემულ ანგარიშში შეფასებულია მხოლოდ საწარმოს ექსპლუატაციის დროს მოსალოდნელი ზემოქმედება და არ მოიცავს მოწყობის ეტაპზე ზემოქმედების შეფასებას რაც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დარღვევაა.
არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ ჩვენს კითხვას მხოლოდ ნაწილობრივ გაეცა პასუხი. კერძოდ, განმარტებულია არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები და მოოყვანილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N8 დადგენილებით დამტკიცებული „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს კომპანიამ. თუმცა, ტექნიკური რეგლამენტიდან ირკვევა, რომ არახელსაყრელი მეტეოროლიური პირობების დროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზრდის გაფრთხილების ღონისძიებების შექმნის ვალდებულება აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შემდეგ ამ ღონისძიებებს უნდა უგზავნიდეს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სტაციონარული წყაროების მფლობელებს, ხოლო აღნიშნულის შესრულების მონიტორინგი კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ევალება.
ჩვენ მივწერეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ვკითხეთ, სრულდება თუ არა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით არსებული დადგენილება. როგორც მათი პასუხიდან ირკვევა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტო ვერ ახორციელებს არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების (ამპ) პროგნოზირებას და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზრდის შესახებ გაფრთხილების შედგენას მოსალოდნელი ამპ-სთვის, ვინაიდან აღნიშნული სახის პროგნოზირებისა და შემდგომ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზრდის შესახებ გაფრთხილებების შესადგენად აუცილებელია ატმოსფეროს მაღალ ფენებში არსებული მეტეოროლოგიური პირობების ცოდნა, რაც ატმოსფეროს ვერტიკალურ ზონდირებას, ე.წ. აეროლოგიურ დაკვირვებებს საჭიროებს. საქართველოში აეროლოგიური დაკვირვებები შეწყვეტილია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. სააგენტოში იმედს გამოთქვამენ, რომ აეროლოგიური დაკვირვებები აღდგება 2023-2024 წლებში.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით
