დღეს, 3 მაისს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ მეტალურგიული საწარმოს შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაზე იმყოფებოდა, შეხვედრის შემდეგ კი საწარმოო ტერიტორია ადგილზე მოვინახულეთ.
შპს „ჯეო ენტერპრაიზი“ გეგმავს რკინის ჯართის (ფოლადი და თუჯი) გამოდნობასა და სხვადასხვა სხმულების დამზადებას.
საწარმო იმუშავებს წელიწადში 250 დღე, კვირაში 5 დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. საწარმოს საათურიწარმადობა შეადგენს 1ტ/სთ. ექსპლუატაციის ეტაპზე კი სულ დასაქმდება 25 ადამიანი.
როგორც ანგარიშიდან, ისე ტერიტორიის დათვალიერებიდან ირკვევა, რომ საქმიანობის განმახორციელებელს ტერიტორიაზე დასრულებული აქვს საწარმოს მოწყობა, დამარაგებული აქვს ნედლეული – ჯართი, რაც, ერთი მხრივ,აზრს უკარგავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის უხეშ დარღვევას. გზშ პროცედურის დროს უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ექსპლუატაციის დროს მოსალოდნელი ზემოქმედება, არამედ საწარმოს მოწყობის დროს არსებული ზემოქმედებაც. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოქმედება სრულად არაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, მსგავსი პრაქტიკა ზრდის გადაწყვეტილების მიღებისას მიკერძოებისა და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ალბათობას. აღნიშნული შენიშვნა სხვა დასაბუთებულ კომენტარებსა და რეკომენდაციებთან ერთად მომზადდდა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში და სამინისტროს წერილობით გადაეგზავნა. გარდა ამისა, ჩვენი მოსაზრებები გავაჟღერეთ საჯარო განხილვაზეც და საზოგადოებასაც უცვლელად ვთავაზობთ:
– გზშ დოკუმენტში წარმოდგენილი საჭიროების დასაბუთება რეალურად არ წარმოადგენს საჭიროების დასაბუთებას. შემოთავაზებული ქვეთავი არ იძლევა ნათელ სურათს, რადგან შემოიფარგლება მხოლოდ ზედაპირული შეფასებებით, მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას რომ საჭიროების დასაბუთება წარმოადგენს მხატვრულად შესრულებულ თავს და არაფერი აქვს საერთო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ხელშეწყობასთან. საჭიროების დასაბუთებითვის წარმოდგენილი ინფორმაცია ზედაპირული და სუბიექტურია, არ ეყრდნობა მონაცემებსა და მიკვლევად კვლევებს. ნახსენებია ბაზრის კვლევა, თუმცა არ გვხდება ისეთი დამატებითი დეტალებიც კი როგორიცაა თუნდაც კვლევის განხორციელების პერიოდი ან კვლევისას გამოვლენილი შედეგები. შესაბამისად, გზშ-ში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრნობით საწარმოს საქმიანობის დასაბუთება შეუძლებელია.
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ხედვით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (გზშ) უნდა მოიცავდეს პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს და შესაბამისად, საწარმოს ფუნქციონირებისგან მიღებული სარგებლის დასაბუთებას. წარმოდგენილი გზშ ანგარიში კი მსგავს ჩანაწერს არ მოიცავს და საწარმოს აუცილებლობა მხოლოდ სუბიექტური შეფასებებითაა დასაბუთებული, რაც არ იძლევა სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
– დოკუმენტში ასევე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ საიდან მოხდება საწარმოს მომარაგება ჯართით და რა წილი იქნება მასში იმპორტირებული, რადგან ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია, რომ საწარმო იმუშავებს იმპორტირებულ ნედლეულზეც. ასევე, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია თუ ვინ მოამარაგებს საწარმოს წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით იქნება ეს ჯართი, ბენტონიტი თუ კვარცის ქვიშა.
– 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულოა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სუბიექტისთვის, რომელიც ახორციელებს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართით განსაზღვრულ საქმიანობას. დანართით განსაზღვრულ საქმიანობათა ჩამონათვალში შესულია თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით, რაც მოიცავს შპს“ ჯეოენტრპრაიზ“-ის მიერ რუსთავში დაგეგმილ საქმიანობას – ფოლადისა და თუჯის სხმულების დამზადებას. ამგვარად, საწარმო ვალდებულია ოპერირებისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვროს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა. თუმცა, დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქვეთავში (11.1) ვხვდებით შემდეგ ჩანაწერს – „როგორც ცხრილი 11.2-ში ჩანს, მოქმედი ნორმატიული აქტებითა და საპროექტო პარამეტრების შესაბამისად, ინდუქციური ღუმელების ექსპლუატაციის პირობებში საწარმოდან გაფრქვეულ აირნარევში დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაცია მცირეა და არ ექვემდებარება უწყვეტ ინსტრუმენტალურ კონტროლს“. თუმცა, აღნიშნული მტკიცებისას არ აქვს მოყვანილი ის კონკრეტული ნორმატიულ აქტი ან აქტები, რომლებიც საქმიანობას უწყვეტი თვითმონიტორინგისგან ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
– გზშ დოკუმენტი მოიცავს ალტერნატივების ანალიზს, მათ შორის არაქმედების ალტერნატივასაც. არაქმედების ალტერატივის ნაწილში ვხვდებით შემდეგი სახის არგუმენტაციას: “საქმიანობის არ განხორციელების ალტენატივად, თუ განვიხილავთ არსებული შენობა ნაგებობის უფუნქციოდ ყოფნას, რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია იგივე სურათის მიღება, რაც მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზეა.” – საქმიანობის განმახორციელებელი საუბრობს შენობის გარდაუვალ ნგრევაზე და მანიპულირებს ამ ფაქტით, მაშინ, როდესაც სრულიად შესაძლებელია შენობაში სამომავლოდ ისეთი ტიპის საწარმოს განთავსება, რომელიც ექსპლუატაციის ფაზაზეც არ შეიტანს წვლილს ჰაერის დაბინძურებაში. გარდა ამისა, დასკვნის სახით წარმოდგენილი ჩანაწერიც ბუნდოვანია და სუბიექტურია და არ ასაბუთების საწარმოს მოწყობის გარდაუვალ საჭიროებას – “ობიექტის ექსპლუატაციის დროს დაცული იქნება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მთხოვნები, ამ პირობებში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება იქნება დაბალი, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი კი მნიშვნელოვანი.”
– გზშ დოკუმენტში წარმოდგენილი ალტერნატივების განხილვა, რეალურად არ წარმოადგენს ალტერნატივების ანალიზს. დოკუმენტში წარმოდგენილი 4 ალტერნატივიდან 3 განთავსებულია ერთსა და იმავე ზონაში რამდენიმე მეტრიანი დაშორებით, ხოლო მე-4 ალტერნატივა თბილისში, მჭიდროდ დასახლებული უბნის მახლობლად, რაც თავისთავად გამორიცხავს მე-4 ალტერნატივას. დარჩენილი 3 ალტერნატივის შეფასება აზრს კარგავს ალტერნატივების შეფასების გარემოსდაცვით ნაწილს, რადგან დარჩენილი 3 ადგილიდან რომელ კონკრეტულზე გაკეთდებოდა არჩევანი, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მათ მიერ გამოზე ზემოქმედება გავრცელდებოდა ერთსა და იმავე პერიმეტრზე.
– გზშ-ს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს წარმოებისთვის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დასაბუთებას, რაც წარმდგენილია ღუმელის შემთხვევაში, თუმცა ბუნდოვანია, რა კრიტერიუმით მიხედვით შეირჩა საწარმოსთვის რუსული წარმოების ფილტრი და რა უპირატესობით ხასიათდება ის სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
– სკოპინგის დასკვნაში კომპანიას მოთხოვნილი აქვს წარმოადგინოს საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროცესისთვის შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებები, თუმცა, გზშ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ ექსპლუატაციის ეტაპს აფასებს, რადგან საწარმოს მოწყობა დასრულდა გზშ პროცედურამდე, რაც წარმოადგენს კანონდარღვევას.
– დოკუმენტში, ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებებში ვკითხულობთ “არახელსაყრელი მეტეოპირობების დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, შედგენილი იქნება სათანადო მოქმედებათა გეგმა.” – აღნიშნული ჩანაწერი საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, კერძოდ: რა იგულისხმება არახელსაყრელ მეტეოპირობებში, ვინ განსაზღვრავს ან რა პარამეტრებზე დაყრდნობით მოხდება არახელსაყრელი მეტეოპირობების განსაზღვრა, რას გულისხმობს, რა კონკრეტულ შემარბილებელ ღონისძიებებს მოიცავს სათანადო მოქმედებათა გეგმა და ვინ იქნება აღნიშნული გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი?
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება„დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით
