დღეს, 4 ნოემბერს რუსთავის მერიაში სს „რუსთავის აზოტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დავესწარით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის სამინისტროსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
„რუსთავის აზოტი“ გეგმავს ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას. დაგეგმილი პროექტით სხვა ცვლილებებთან ერთად, რაც მოიცავს წარმადობის გაზრდას და გადაიარაღებას, კომპაია გეგმავს ახალი პროდუქტის – შარდოვანას (500 000 ტ/წელ) წარმოების დაწყებას.
ახალი მმართველი კომპანია „Indorama” გეგმავს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას, რაც ითვალისწინებს წელიწადში 206 250 ტონა დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოო ხაზის პროექტის განხორციელება.
სკოპინგის ანგარიშში განხილულია მოდერნიზაციის პროექტის გათვალისწინებული შემდეგი ცვლილებები:
– 500, 000 ტ/წელ შარდოვანას (კარბამიდი) საამქროს მოწყობა;
– ამიაკის N2 საამქროს რეკონსტრუქცია წარმადობით 258.75 ტ/წელ;
– 5 000 ტ ტევადობის ამიაკის შესანახი რეზერვუარის მოწყობა;
– ამიაკის სინთეზის საამქრისთან 2.03 მგვტ დადგმული სიმძლავრის ორთქლის ტურბინის მოწყობა;
– ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი/აღმდგენი ნაგებობის მოწყობა;
– ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა;
– 20 მგვტ დადგმული სიძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა (32.330 გვტ/სთ ლე.ენერგიის გამომუშავებით);
– ნატრიუმის ციანიდის საამქროს მოდერნიზაცია/გადაიარაღება და წარმადობის 20 000 ტ/წლით გაზრდა;
მოდერნიზაციის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ატმოსფერულ ჰაერში აზოტის ოქსიდების შემცირების სისტემის მოწყობა.
გიზიარებთ ჩვენ მიერ საჯარო განხილვაზე გაჟღერებულ კითხვებს/კომენტარებს:
– საწარმოს მიერ მაღალი ეფექტურობის მტვერდამჭერი სისტემის დანერგვა მისასალმებელია, თუმცა სასურველია, დოკუმენტში უფრო დეტალურად იყოს მოცემული, როგორ იგეგმება ამ პარამეტრების მიღწევა და კონკრეტულად რომელი დამაბიძურებლები იწმინდება.
საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელის თქმიტ, ეს დეტალები (რა მოცულობა სევა გამწმენდში და რა მოცულობა გამოვა) გზშ-ში იქნება მოცემული.
– უწყვეტი მონიტორინგის სისტემა: წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომ პროექტი ითვალისწინებს აზოტმჟავას საამქროში, N2O-ს და NOx-ის ემისიის შემცირების სისტემის და უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მოწყობას; გზშ-ში მნიშვნელოვანია მოცემული იყოს უფრო მეტი დეტალი ამ მოწყობილობის შესახებ. ასევე, საინტერესოა, მხოლოდ ამ ერთი საამქროსთვის არის თვითმონიტორინგის სისტემის ქონა სავალდებულო?
როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა განმარტეს, დღეის მდგომარეობით 7 დანადგარზეა მოწყობილი ეს სისტემა და სამომავლოდ, ყველა დანადგარზე, რომელსაც ეს ეკუთვნის, დამონტაჟდება.
– CO₂-ის ემისია და ენერგოეფექტურობა: მიუხედავად იმისა, რომ CO₂-ის ემისიის შემცირება დადებითი მხარეა, დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ზოგადი სარგებელი და ის, რომ შესაძლებელი იქნება CO2-ის ემისიების შემცირება წელიწადში დაახლოებით 2.703 ტონით. სასურველია უფრო დეტალური განმარტება, როგორია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პროცენტული შემცირების მაჩვენებლები და მისი გავლენა საწარმოს ჯამურ ემისიებზე.
– სახიფათო ნარჩენების შეგროვება და შენახვა: ნარჩენების დროებითი შენახვისა და მათი შემდგომი განკარგვის პროცესზე ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა. განკარგვის სტრატეგიის არარსებობა ქმნის დაბინძურების რისკებს, განსაკუთრებით ისეთ ქიმიურ ნარჩენებთან, რომლებიც სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. გზშ ანგარიშში რეკომენდებულია ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ზუსტი გეგმა, რომელიც დაიცავს უსაფრთხოების სტანდარტებს.
ასევე, ყურადღება გავამახვილეთ საწარმოო ნარჩენი წყლების გაწმენდასა და ვაგონების რეცხვის შედეგად წარმოქმნილ წყალზე, რომელიც მომწამვლელია და ნიადაგზე დაღვრა არ შეიძლება.
წარმოამდგენელმა განამრტა, რომ დაგეგმილია 2 გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთი – საწარმოო წყლებისთვის, ხოლო მეორე – საყოფაცხოვრებო წყლებისთვის და კანალიზაციის სისტემა დაკავშირებული იქნება ამ გამწმენდ დანადგართან, ვაგონების ნარეცხი წყალიც თავს მოიყრის გამწმენდში.
– სკოპინგის ანგარიშში მოცემულია 20 მგვტ სიმძლავრის მზის ენერგიის ელექტროსადგურის მოწყობა. რა პროცენტულ წილს დაიკავებს მზის ენერგია საწარმოს საერთო ენერგომოხმარებაში? ასევე, როგორ მოხდება ამ სადგურის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების (თავად ექსპულატაციიდან გამოსული პანელების) მართვა?
– ასევე გვაინტერესებდა როგორ არის თუ არა და როგორ მუშაობს სწრაფი რეაგირებს სისტემა.
საწარმოს პერსონალმა გნამარტა, რომ სენსორები დამონტაჟდება და და კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაირთვება. ახლა 2 საამქროშია და ეს სისტემები და კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, სხვა საამქროებზეც იგეგმება დამონტაჟება.
– ჩვენ ასევე კითხვა დავსვით თვითმონიოტინგის სისტემიდან დაფიქსირებული გადაჭარბებების მიზეზების შესახებ, რომელიც სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინსპექტირების მასალებზე დაყრდნობით, იანვრიდან-მარტამდე მთელს პერიოდში ასევე სხვა თვეეების კონკრეტულ დღეებში ფიქსირდებოდა.
საწარმოს წარმოამდგენლების თქმით, ასეთი ფაქტები ფიქსირდება, როცა არის გარკვეული ტექნოლოგიური დარღვევები და აღიარებენ რომ ამ მხრივ სათანადოდ გამართული მდგომარეობა ჯერ არ არის საწარმოში, თუმცა დროთა განმავლობაში გააუმჯობესებენ სიტუაციას.
გვინდა აღვნიშნოთ ფაქტი, რომ საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებს საწარმოს ტერიტორიაზე ვიზიტის შესაძლებლობა არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ ამისთვის 1 დღით ადრე არის საჭირო ნებართვის აღებაა, რაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ახსნეს.
შეგახსენებთ, რომ ყოველი საჯარო განხილვის შემდეგ სამინსიტროს წარმომადგენლები ადგილზე ვიზიტისას ეცნობიან წარმოებას და დაგეგმილ ცვლილებებს. მათთან ერთად ჩვენც უამრავი საწარმოს ტერიტორია დაგვითვალიერებია.