დღეს, 13 დეკემბერს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ. რუსთავის მერიაში ცემენტის საწარმოს – შპს „სტანდარტ ცემენტის“ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
კომპანია აწარმოებს, როგორც წვრილ საკედლე ბლოკს, ასევე ცემენტს. ცემენტს აწარმოებს თაბაშირისა და დანამატის დაფქვის საშუალებით, რისთვისაც კომპანია იყენებს ორ ერთეულ ჩინური წარმოების წისქვილს.
საწარმო აწარმოებს სამი მარკის – 300, 400, 500 – ევროპული სტანდარტების შესაბამის ცემენტს.
წარმოდგენილი გზშ ანგარიში ეხება ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, კერძოდ, დაგეგმილია ცემენტის ახალი წისქვილის მოწყობა, ნედლეულის საწყობის გაფართოება და დამატებით 4 ერთეული 120 მ3 ტევადობის ცემენტის სილოსების დამონტაჟება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ორი, საერთო წარმადობით 84 000 ტ/წელ, წისქვილის ექსპლუატაციის შეწყვეტა და მათ ნაცვლად ერთი, ახალი, 160 000 ტ/წელ წარმადობის წისქვილის დამონტაჟება.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით, ჩვენმა გუნდმა გზშ ანგარიში სამუშო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრისას ჩვენ მიერ მომზადებული კომენტარები საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ და გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გავუგზავნეთ.
საჯარო შეხვედრაზე, ასევე, დავაზუსტეთ თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის საკითხი, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სისტემა შეკვეთილია გერმანულ მწარმოებელთან, ტრანსპორტირების ეტაპზეა და კომპანია მას მიიღებს არაუგვიანეს 18 დეკემბრისა.
გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომ ემისიების განსაზღვრა საანგარიშო მეთოდით ვერ ასახავს გაფრქვევების კუთხით საწარმოებში არსებულ რეალობას. შესაბამისად, კუმულაციური ზემოქმედების განსასაზღვრად სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების (ვგულისხმობთ მოსაზღვრე საწარმოების ემისიებს) გამოყენებაც ვერ იქნება ზუსტი.
ჩვენს კომენტარებს, თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– გზშ-ის ანგარიშის ალტერნატივების თავში, განხილული არ არის როგორც დანადგარის, ისე გამწმენდი ფილტრების ტექნოლოგიური ალტერნატივა და შერჩეულის უპირატესობები;
– კომპანია მოცემულ თავში, თავად აღნიშნავს, რომ 2019 წლის გადაწყვეტილებით ფუნქციონირებადი დანადგარი არ არის უსაფრთხო გარემოსთვის. მისი ჩანაცვლება მხოლოდ წარმადობის გაზრდის მოტივით დადგა დღის წესრიგში. ამასთან, საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მოძველებული დანადგარი კვლავ რჩება სარეზერვოდ, რაც გარემოზე ზემოქმედების რისკ ფაქტორად შეიძლება იქნას განხილული;
– გზშ-ის ანგარიშის არქმედების ალტერნატიული ვარიანტის თავში აღნიშნულია, რომ „საწარმოს ამოქმედება მცირედ მაგრამ პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქ. რუსთავის და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესების საქმეში, რაც გამოიხატება ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო შემოსავლების გარკვეულწილად ზრდაში“. შესაბამისად, საჭიროა დაზუსტდეს, რა ეკონომიკურ სარგებელზეა საუბარი და რამდენად აბალანსებს ეს სარგებელი იმ გარემოზე მიყენებულ ზიანს, რასაც ადგილი ექნება საწარმოს ფუნქციონირებისას;
– გზშ-ის ანგარიშში, საწარმოს განთავსების ალტერნატიული ვარიანტების თავში, აღნიშნულია, რომ დანადგარის განთავსება გარდა არსებული ტერიტორიისა, განიხილებოდა აგრეთვე 02.05.03.783 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, რომელიც დოკუმენტის მიხედვით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მოსახლეობიდან დაცილებულია 240 მეტრით. აღნიშნული კოდის ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოცემული ნაკვეთი წარმოადგენს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებას და უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დაცილებულია დაახლოებით 690 მეტრით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. ამასთან, შერჩეული და ალტერნატიული ტერიტორიაც მდებარეობს ერთსა და იმავე ზონაში და მათ შორის დაცილება დაახლოებით 190 მეტრს შეადგენს, რაც გარემოს კუთხით არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა, რომ მოსახლეობიდან ალტერნატიული ტერიტორია, არსებული ინფორმაციით, მეტად დაცილებულია. მისაღები იქნებოდა, რომ კომპანიას დოკუმენტში განეხილა რეალური ალტერნატიული ტერიტორია, რომლის უარყოფასაც დაასაბუთებდა არა ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, არამედ გარემოსდაცვითი მიმართულებით;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ცემენტის წარმოების ერთ-ერთი ძველი ხაზი საწარმოს ტერიტორიაზე დარჩება და მისი გამოყენება მოხდება სარეზერვოდ, იმ შემთხვევაში თუ არ იმუშავებს ახალი წისქვილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ხაზი ტექნოლოგიურად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იარსებებს, რა გარანტია არსებობს, რომ ორივე მათგანი არ იქნება პერიოდულად ჩართული?
– რა ტიპისა და ტექნიკური მახასიათებლების ფილტრი ფუნქციონირებს ცემენტის ძველ დანადგარზე?
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცემენტის წისქვილის გარდა ტექნოლოგიური პროცესში საჭირო სხვა დანარჩენი მოწყობილობები შეძენილი ჰქონდა სპეცშეკვეთით, შესაბამისად მათი საპასპორტო მონაცემები უცნობია. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას, რადგან სპეცშეკვეთით დამზადებული პროდუქციის მახასიათებლები ცნობილი უნდა იყოს კომპანიისთვის;
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ კომპანია საქმიანობაში ერთ-ერთ ნედლეულად იყენებს წიდას, რომელიც უმეტესად განთავსებულია შპს „რუსთავის ფოლადის“ წიდასაყარზე. ამავე დოკუმენტაციაში იკვეთება, რომ საწარმო მიღებულ ნედლეულს საკუთარ ლაბორატორიაში უკეთებს შესაბამის ანალიზებს. უკეთდება თუ არა მიღებულ წიდას ანალიზები და ემსახურება თუ არა ეს კვლევები მისი სახიფათოობის დადგენის მიზანს? ინახება თუ არა ლაბორატორიული ანალიზების შედეგები საწარმოში?;
– გზშ-ის ანგარიშიდან იკვეთება, რომ პროდუქციის შესანახად გამოიყენება ფარდულის ტიპის შენობა. რას გულისხმობს ფარდულის ტიპის შენობა და რამდენად არის დაცული იქ განთავსებული პროდუქცია ქარისგან, რათა არ მოხდეს მტვრის წარმოქმნა; ანალოგიური კითხვა შესაძლებელია დაისვას ნედლეულის გადახურულ საწყობებზეც;
– გზშ-ის ანგარიშის გვ.30-ზე წერია, რომ ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, უნდა გატარდეს შემდეგი შემარბილებელი ღონისძიებები, თუმცა მოცემული არ არის დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი;
– გზშ-ის ანგარიშში ნარჩენების განთავსების და სეპარირების საკითხი ბუნდოვანია და იკითხება როგორც სამომავლოდ განსახორციელებელი საქმიანობა, მაშინ როდესაც კომპანიას უკვე შეთანხმებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა. შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებს, ნარჩენების განთავსების უბანზე ინფორმაცია. ამასთან სასურველია, ნარჩენების განთავსების უბანი დატანილ იქნას საწარმოს გენ.გეგმაზე, როგორც ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი. მსგავსი არაკონკრეტული ჩანაწერი სამომავლოდ ართულებს საწარმოების ინსპექტირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მიერ;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, კომპანია გეგმავს ტერიტორიის გამწვანებას. რა სახის მცენარეების დარგვა განხორციელდება, რა რაოდენობით და როდის?;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემულ გენ-გეგმაზე დატანილი არ არის ხმაურისა და გაფრქვევის წყაროები;
– მოცემულ დოკუმენტში, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ანგარიშში, რიგ გაფრქვევის წყაროებზე (როგორიცაა მაგ. ნედეულის საწყობები), გაფრქვევა გაანგარიშებულია დაყრის პროცესიდან. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წერტილები მხოლოდ გადახურულია და არ არის ჰერმეტულად დაცული, არსებობს ქარის შემთხვევაში დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკების გავრცელების რისკები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შემარბილებელ ღონისძიებებში;
– მოცემული დოკუმენტაციის ხმაურის გავრცელების შემარბილებელ ღონისძიებებში წერია რომ საწარმოში სამუშაოები უნდა განხორციელდეს დღის საათებში, მაშინ როცა საწარმომ 20 საათი უნდა იმუშაოს მთელი დღის განმავლობაში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 6.3.29 (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიში) მოცემულია იმ მიმდებარე საწარმოების ჩამონათვალი, რომელთა გაფრქვევებიც ფონის სახით გათვალისწინებულია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კომპიუტრულ მოდელირებაში მტვრის გავრცელების კუთხით. თუმცა ამავე ანგარიშის თავში 6.11 (კუმულაციური ზემოქმედება) აღნიშნულია, რომ როგორც აუდიტის პროცესში დადგინდა შპს „სტანდარტ ცემენტი“-ს მიმდებარე 500 მ-იანი ნორმირებული ზონის ფარგლებში არსებულ საწარმოებში მტვრის გავრცელების სტაციონარული წყაროები წარმოდგენილი არ არის. გზშ-ის ანგარიშში მოცემული ინფორმაციები ურთიერთგამომრიცხავია და საჭიროებს დაზუსტებას; ამასთან, არატექნიკურ რეზიუმეში ფონურ წყაროდ ნახსენები არ არის შპს „ნიკა 2004“, მაშინ როდესაც აღნიშნული საწარმო განხილულია ფონურ წყაროდ გზშ-ის დოკუმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეცნობა არატექნიკურ რეზიუმეს, საჭიროა პროექტთან წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი იყოს ურთიერთთანხვედრაში;
– კუმულაციური ზემოქმედების თავში, ხმაურის გავრცელების ნაწილში განხილულია მხოლოდ საწარმოს საზღვრებში არსებული დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაური, მაშინ როდესაც დანადგარი განთავსებულია საწარმოო ზონაში და 500 მეტრიან რადიუსში ესაზღვრება სხვა ობიექტებიც;
– გარემოსდაცვით მონიტორინგის გეგმაში მოცემულია მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების საკონტროლო წერტილების Gps კოორდინატები. სასურველია გეგმაში მოცემული იყოს აგრეთვე ხმაურის გავრცელების საკონტროლო წერტილების GPS კოორდინატებიც;
– დაზუსტდეს გეგმის მიხედვით, რა პერიოდულობით შეიცვლება ფილტრები.
– მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გადაწყვეტილება ჯერ არ აუღია, უკვე დაწყებული აქვს საწარმოს განთავსებისთვის საჭირო მიწის სამუშაოები, რაც უკვე არაერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საწარმოები არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ მათზე ნებართვა არ გაიცემა. ამასთან, ადასტურებს იმ მოცემულობასაც, რომ სააგენტოს არ გააჩნია სათანადო ბერკეტი ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც საქმიანობისთვის მზადებას ან/და საქმიანობას იწყებენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე; სასურველია, სააგენტომ დაიწყოს ზრუნვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის მიზნით, რათა დარეგულირდეს მეწარმეების მხრიდან ამგვარი თვითნებური საქმიანობების აღკვეთა;
– ბოლო პერიოდში, ქ. რუსთავის არეალში არსებული საწარმოები აქტიურად ზრდიან წარმოებას, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკვე არსებულ გარემოს მდგომარეობაზე. განიხილავს თუ არა შესაბამისი უწყება საწარმოებით ისეთ დატვირთულ ქალაქში, როგორიც რუსთავია ქალაქის დატვირთვის ნორმის დაწესებას, რათა შემცირდეს ზემოქმედება როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე?
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
