18 აგვისტოს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ. რუსთავის მერიაში ფეროშენადნობთა საწარმოს – შპს „ეი ემ ბი ალოის“-ის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამჟამად საწარმოს ტექნოლოგიური ხაზი უზრუნველყოფს ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას. საწარმო ორიენტირებულია წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვაზე – პროდუქციის თითქმის 100% გადის ექსპორტზე. საწარმო მუშაობს სრული დატვირთვით.
კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალი ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპლუატაცია, კერძოდ, კომპანია გეგმავს 75%-იანი ფეროსილიციუმის (FeSi) ახალი ტექნოლოგიური ხაზის მოწყობას და ექსპლუატაციას.
გარდა ამისა, წინამდებარე დოკუმენტში განხილულია არსებულ საწარმოში შეტანილი ცვლილებები, რაც გულისხმობს შემდეგს:
– შეიცვალა ფეროშენადნობის სადნობი ღუმელის ერთიანი გამწოვი მილის პარამეტრები (სიმაღლე და დიამეტრი);
– შეიცვალა წარმოების პროცესში წარმოქმნილი მეორადი პროდუქტის (წიდა) განთავსების პირობები, კერძოდ მისი დასაწყობების ადგილმდებარეობა;
– მცირედით შეიცვალა საწარმოს გენ-გეგმა, ანუ საწარმოო უბნების ურთიერთგანლაგება;
– ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სატრანსფორმატოროი ზეთების რეგენერაციის და აღდგენის დანადგარის გამოყენება, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით;
ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრე წყლების მართვის მდგომარეობის გაუმჯობესება.
16 აგვისტოს ანგარიშზე შენიშვნების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით გაიმართა სამუშო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოწვეულ ტრენერთან ერთად ჩვენმა გუნდის წევრებმა განიხილეს აღნიშნული ანგარიში.
შეხვედრაზე მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია კომპანიის სახელზე, 2019 წლის 21 თებერვლის №2-179 ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების თაობაზე;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ იქნას ახალი საწარმოს ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;
– ჩვენთვის საინტერესოა, რომელ კვლევებზე დაყრდნობით არის მომზადებული სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი ზოგადი ინფორმაცია ქარის გავრცელების თაობაზე. ვფიქრობთ, გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კონკრეტულად საპროექტო ტერიტორიაზე/აღნიშნულ საწარმოო ზონაში გაბატონებული ქარების მიმართულების შესახებ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ქარის მიერ გავრცელებული მტვრით დაბინძურების პრობლემა ქალაქისთვის საკმაოდ მწვავეა, სასურველია გზშ-ის ანგარიშში აისახოს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენი დღე ქრის ქარი აღნიშნული საწარმოო ზონიდან დასახლებული პუნქტის მიმართულებით წელიწადში;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს კომპანიები, ვისგანაც საწარმო შეიძენს კოქსსა და ფოლადის ბურბუშელას. ამასთან, მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ინტენსივობით და რა პირობების დაცვით შემოვა ტერიტორიაზე საჭირო ნედლეული;
– 2018 წლის გზშ-ს ანგარიშის მიხედვით არსებული საწარმოს სადნობი ღუმელის ერთიანი გამწოვი მილის (გ-1) საპროექტო სიმაღლე (მიწის ზედაპირიდან) შეადგენდა 23,0 მ-ს, ხოლო დიამეტრი – 0,50 მ-ს. ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, აღნიშნული მილის სიმაღლე შეადგენს 15,0 მ-ს, ხოლო დიამეტრი – 0,96 მ. რა გახდა აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზეზი?
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ციკლონისა და მშრალი გამწმენდის ეფექტურობის პროცენტულ მაჩვენებელზე;
– სკოპინგის ანგარიშით ირკვევა, რომ საწარმოს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, დასაწყობებული აქვს ამ დროისთვის 45000 ტონამდე წიდა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად აღნიშნულ ტერიტორიაზე წიდის დასაწყობება შესაძლებელი იქნება კიდევ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავის ტერიტორიაზე წიდის მართვის საკითხები და მასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას, აუცილებელია სამინისტრომ ყურადღება გაამახვილოს საწარმოში წარმოქნილი წიდის განთავსების პირობებზე. ამასთან, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს წიდის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და შედეგების ასახვა შესაბამის დოკუმენტაციაში, რათა არსებობდეს ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია წიდის ნაწილობრივ გამოყენებას გეგმავს წარმოებაში, ხოლო ნაწილს უკეთებს რეალიზაციას, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნული ნედლეული გააქვს სამშენებლო მასალების წარმოების მიზნით ან სხვა საწარმოო დანიშნულებით;
– დოკუმენტის თანახმად, საწარმოს წიდასაყარის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია წელიწადში დაახლოებით 15 000 ტონა წიდის განთავსება, თუმცა კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დასაწყობებული აქვს 45 000 ტონა წიდა. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ საწარმო ფუნქციონირებს დაახლოებით წელიწადნახევარია. ამ ვადის გათვალისწინებით, წიდასაყარზე დაგროვილი წიდის რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წელიწადში გათვალისწინებული რაოდენობა. აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესაბამის განმარტებას;
– გზშ-ის ანგარიშში ასევე დაზუსტებას საჭიროებს რა მეთოდით ხდება წიდის მოშორება (გრანულირება თუ სხვ.);
– ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით ძირითად საწარმოო შენობაში განთავსებულია სატრანსფორმატორო ზეთების რეგენერაციის და აღდგენის დანადგარი, რომელიც ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მეორე დანართის მე-10 პუნქტის 10.3 ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, რაც გულისხმობს ნარჩენების აღდგენას. გზშ-ის ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ნარჩენების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებითაც. ამასთან ასახული უნდა იყოს ზეთის რგენერაციის დანადგარის ტექნოლოგიური ციკლი;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, მოქმედი საწარმოს ფარგლებში მოწყობილია სათანადო სანიაღვრე წყლების არინების სისტემა, რომლის საშუალებითაც სანიაღვრე წყლები დაერთებულია ქალაქის სანიაღვრე წყლების არინების ქსელთან. ახალი ტექნოლოგიური ხაზისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მიმღები ჭები და მიწისქვეშა მილსადენები, რომლის საშუალებითაც აქ მოდენილი წყლები ჩაერთვება ქალაქის სანიაღვრე სისტემაში. ქ. რუსთავის საწარმოების ყველა გარემოსდაცვით დოკუმენტაციაში აღნიშნულია იდენტური ინფორმაცია და სანიაღვრე წყლების მართვის საკითხები გადაჭრილია მისი ჩაშვებით ქალაქის კანალიზაციის ქსელში, თუმცა ხშირად, ჩატარებულ საჯარო განხილვებზე კომპანიები ამბობენ, რომ სანიაღვრე წყლების მართვა საწარმოებისთვის რთულია, რადგან ქ. რუსთავს არ გააჩნია სანიაღვრე ქსელი. შესაბამისად, შპს „ეი-ემ-ბი ალოის“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას და სამინისტროს მხრიდან სათანადო კონტროლს;
– სკოპინგის ანგარიშში, შესაბამის ფოტოებში ჩანს, რომ წიდა განთავსებულია ღია ცის ქვეშ, გრუნტის ზედაპირზე და არ არის დაცული ატმოსფერული ნალექებისგან. ამასთან, დოკუმენტში არ არის შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც ამტკიცებენ წიდის არასახიფათოობას. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებული ან შესაბამისად დასაბუთებული უნდა იყოს გზშ-ის ანგარიშში, სანიაღვრე წყლების დაბინძურების მიმართულებით;
– გზშ-ის ანგარიშში უნდა დაზუსტდეს იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ კომპანიის მიერ, წარმოების პროცესში წარმოქმნილი თითოეული ნარჩენის მართვაზე;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პირობებში თავსდება შესაბამის კონტეინერებში განთავსებული ნარჩენები იქამდე, სანამ შესაბამის კომპანიებს გადაეცემათ მართვის მიზნით;
– სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი ნარჩენების მართვის გეგმაში, წიდა განხილულია როგორც არასახიფათო ნარჩენი. გზშ-ის ანგარიშში უნდა დაზუსტდეს, რა პრინციპით მიენიჭა აღნიშნულ ნარჩენს არასახიფათო სტატუსი;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს შეუქცევადი ზემოქმედების შეფასების შესახებ ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება გარკვეული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, ამასთან, აღნიშნული პროექტით განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა, რომელიც აჩვენებს კონკრეტული ციფრებით იმ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც საქმიანობა მოუტანს უშუალოდ ქ. რუსთავს და რამდენად აბალანსებს ეს სარგებელი გარემოსდაცვითი კუთხით მიყენებულ ზიანს;
– გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე საწარმოში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის დანერგვისა და განხორციელების საკითხი. მათ შორის, გაფრქვევის წყაროების, მონიტორინგს დაქვემდებარებული კომპონენტების, თვითმონიტორინგისთვის შერჩეული მეთოდის/ხელსაწყოს და სტანდარტის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, კომპანია გეგმავდა თვითმონიტორინგის სისტემის შეძენასა და მონტაჟს. რა ეტაპზეა ამჟამად აღნიშნული სისტემის მონტაჟი?
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ საწარმოო ობიექტის გენერალური გეგმაზე დატანილი უნდა იყოს გაფქვევისა და ხმაურის წარმომქმნელი წყაროები;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კომპანიის მიერ წარმოებული სატრანსპორტო ოპერაციების რაოდენობაზე, სატრანსპორტო ოპერაციების პირობებზე და მარშრუტზე, რომელიც შეთანხმებული იქნება მერიასთან.
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, კომპანია აპირებს რომ პერიოდულად ფუნქციონირებაში გაუშვას ზეთის რეგენერაციის დანადგარი, თუმცა აღნიშნული დანადგარი განხილული არ არის გაფრქვევის წყაროდ. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
– გზშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ღია ღუმელებში ნედლეულის ჩატვირთვისას წარმოქმნილი მტვრის გავრცელების საკითხები, მის აღმოსაფხვრელად გატარებულ შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად;
– სკოპინგის ანგარიშში ვკითულობთ – „რაც შეეხება არაორგანიზებულ გამონაფრქვევებს, კერძოდ სასაწყობო მოედნის საზღვრებში, აღნიშნული გამონაფრქვევების რეგულირება დამოკიდებულია არა მარტო საკაზმე მასალების ხარისხსა და ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებზე, არამედ იმ ზემოაღნიშნულ მარტივ ღონისძიებებზე, რომელიც ჩადებულია ტექნოლოგიურ რეგლამენტში“. რა მარტივი ღონისძიებები იგულისხმება აღნიშნულ ჩანაწერში? საუბარია მხოლოდ ფილტრებზე, თუ რაიმე დამატებითი საშუალებებიცაა გათვალისწინებული არაორგანიზებული წყაროებიდან მტვრის გავრცელების გასაკონტროლებლად?
– ტექნოლოგიურ ალტერნატივებში აღნიშნულია – მიუხედავად იმისა, რომ ღია ან ნახევრად დახურული ტიპის ღუმელში, დნობის პროცესში წარმოქმნილი ნახშირბადის მონოოქსიდი ჰაერთან შეხებით გარდაიქმნება ნახშირბადის დიოქსიდად, ასეთი ღუმელის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არ ხდება საშიში აირების დაგროვება და აფეთქების რისკები გაცილებით დაბალია. ალტერნატივების თავში დაზუსტებას საჭიროებს თუ რომელი ღუმელის (ღია/ნახევრად ღია თუ დახურული) ფუნქციონირების შედეგად გამოიყოფა მეტი ნახშირბადის დიოქსიდი. ამასთან, რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ დააყენოს დახურული ტიპის ღუმელი, სანაცვლოდ კი მიიღოს შესაბამის უსაფრთხოების ნორმები, რომელიც შეამცირებს აფეთქების რისკებს?
– სკოპინგის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს გამწვანებით სამუშაოებს. კონკრეტულად რა ღონისძიებები იგეგმება, რა ტიპის მცენარე დაირგვება და რამდენი?
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი გამოგვეგზავნოს ჩვენც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადებულია „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ვითხოვთ უფლებას სუფთა ჰაერზე“ ფარგლებში
