სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აგრძელებს რუსთავში მდებარე მსხვილი საწარმოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას შესაბამისი უწყებებიდან და საზოგადოებისთვის საწარმოების მხრიდან კანონის მოთხოვნების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
გთავაზობთ ინფორმაციას შპს „ჯეოსთილი“-ზე (ს/კ 216425919), რომლის საქმიანობის სფეროებია: მეტალურგიული წარმოება, შავი მეტალურგია, შავ ლითონთა წარმოება; ლითონთა გლინვა. შპს,,ჯეოსთილი’’ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში. ისარის JSW Steel Netherlands (წილი 10%) და Georgian Steel Group Holdings Limited (წილი 90%) ერთობლივისაწარმო.
“ჯეოსთილის“ შესახებ ანგარიში უკვე გამოვაქვეყნეთ (იხ.ბმული), თუმცა, წინამდებარე მასალაში, გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ სამინისტროდან.
2021 წლის 14 ივნისის N10356 განცხადებით სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
2018-2021 წლებში შპს „ჯეოსთილთან“ დაკავშირებული ყველა საჯარო დოკუმენტი: მათი ადმინისტრაციული მიწერილობები; წერილები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების შესახებ ოქმები და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მივიღეთ 2021 წლის 5 ივლისს N 6919/01 პასუხით.
პასუხის მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტის №DES11800000057 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 22 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, შემოწმდა შპს „ჯეოსთილი“-ზე (ს/კ 216425919) გაცემული გარემოზე ზემოქმედების №00084 ნებართვით გათვალისწინებული პირობების და ნორმების შესრულების ხარისხი.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს “ჯეოსთილი”-ს მიერ დარღვეულია კანონით განსაზღვრული გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობები, ასევე ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ დარღვეული იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობები, ასევე საწარმოს მიერ არ სრულდებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშსა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 5 ივლისს N 6919/01 პასუხზე და მის თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩვენ 2021 წლის 2 აგვისტოს №13657 წერილით, დამატებითი კითხვებით მივმართეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა დაგვეზუსტებინა შემდეგი საკითხები:
– ვინაიდან, შპს „ჯეოსთილი“-ს მიერ დარღვეულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობები, ასევე ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და შპს „ჯეოსთილი“-ს მიერ დღემდე არ არის შეთანხმებული ნარჩენების მართვის კოდექსთან შესაბამისი გეგმა სამინისტროსგან გვსურდა გაგვეგო, თუ რა ქმედითი ღონისძიებების გატარებას გეგმავენ, რათა აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა. ერთჯერადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა არ არის საკითხის გადაწყვეტის გზა, ვინაიდან ადგილი აქვს დროში უწყვეტ სამართალდარღვევას და ყოველდღიური შემოწმების შემთხვევაში ყოველდღე უნდა შედგეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნულ კითხვაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მივიღეთ შემდეგი პასუხი:
შპს “ჯეოსთილი”-ს მიმართ შემუშავდა 2021 წლის 30 ივნისის №001761 ადმინისტრაციული მიწერილობა, მათ ასევე დაევალათ ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა. შპს “ჯეოსთილი”-მა ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 15 ივლისი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროში წარადგინა ნარჩენების მართვის გეგმა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამინისტროში მიმდინარეობს ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი წარმოება.
– ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა რომ კომპანიის მიერ დარღვეული იყო გარემოზე ზემოქმედების №00084 ნებართვით (ეკოლოგიური ექსპერტიზის 2007 წლის 14 აგვისტოს №24 დასკვნა) გათვალისწინებული პირობები, ასევე საწარმოს მიერ არ სრულდებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 2021 წლის 20 აგვისტოს №DES 7 21 00051431 წერილით გვეცნობა, შპს „ჯეოსთილმა“ 2020 წლის 6 ნოემბერს №172/20 წერილით განმეორებით წარადგინა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, თუმცა ინსპექტირების მომენტისათვის შპს „ჯეოსთილი“-ს არ გააჩნდა სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და საქმიანობას ახორციელებდა ზემოაღნიშნული ნორმების პროექტის გარეშე.
ამასთან დადგინდა, რომ შპს „ჯეოსთილი“-ს მიერ შემუშავებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას.
სამინისტროს ვთხოვეთ, ჩვენთვის მოეწოდებიან ინფორმაცია, რა ქმედითი ღონისძიებების გატარებას გეგმავდნენ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან შპს „ჯეოსთილი“, მუშაობას აგრძელებს უწყვეტ რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უკუუბრუნებელ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 23 მარტის №2801/01 წერილის შესაბამისად, სამინისტროსთან 2021 წლის 21 მარტს შეთანხმდა, ცვლილებების გათვალისწინებით, განახლებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების ნორმების პროექტი.
2021 წლის 29 ივნისს დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, განხორციელდა შპს “ჯეოსთილი”-ს კუთვნილი მეტალურგიული საწარმოს შესწავლა/დათვალიერება და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შედგა 8 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. აღნიშნული ოქმი, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაიგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ, ოქმის განხილვის შედეგად შპს “ჯეოსთილი” სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. დღეს არსებული მდგომარეობით, სასამართლოს დადგენილება დეპარტამენტში შემოსული არ არის.
– თანდართული მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ონიანმა ადმინისტრაციული წარმოება 2021 წლის 29 აპრილს მხოლოდ იმიტომ შეწყვიტა შპს „ჯეოსთილი“-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე და 798-ე მუხლებით, რომ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პირმა დაარღვია კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა.
სამინისტროს ვთხოვეთ, ჩვენთვის ეცნობებინა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღეს თუ არა რაიმე სახის ზომები სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის მიმართ და დადებით შემთხვევაში რა სახის.
ამასთან, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ რიგ შემთხვევაში ოქმები შედგენილია კანონის ნორმების დაუცველად, სამინისტროს ვთხოვეთ, ჩვენთვის ეცნობებინა, ტარდება თუ არა თანამშრომლებისთვის ტრენინგები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ოქმის არასწორი შედგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 2021 წლის 20 აგვისტოს NDES 7 21 00051431 წერილით გვაცნობეს, რომ სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილებაში მოცემული განმარტება, რომ დარღვეულია ასკ 38-ე მუხლის[1] მოთხოვნები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და ოქმის შემდგენის მიერ არ არის დარღვეული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადები. ამასთან, სასამართლოს დადგენილება დეპარტამენტს ჩაბარდა 2021 წლის 24 ივნისს და აღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა №4-71-21 დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №058912 ოქმის შეწყვეტის ნაწილში.
თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით მივიღეთ შემდეგი პასუხი:
ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისათვის ჩატარდა ტრენინგი ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების შესახებ, მათ შორის ინსპექტირების პროცედურების, კანონაღსრულებისა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების/პროცედურების შესახებ და მომავალში, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია პერიოდული ტრენინგების ჩატარება.
დღევანდელი დღის მდგომარეობით შპს „ჯეოსთილი“ განაგრძობს საწარმოო პროცესს კანონის მოთხოვნათა დარღვევით:
– სახეზეა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა(ანალოგიური პრობლემაა რუსთავის თითქმის ყველა საწარმოში).
– სახეზეა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობა ან უქონლობა.
– სახეზეა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა.
კანონთან შეუსაბამო სააწარმოო პროცესი საფრთხეს უქმნის, როგორც საწარმოში დასაქმებული პერსონალის, ისე ქ. რუსთავში მცხოვრები მოსახელობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საინფორმაციო მასალა მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
[1]. მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.