შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავის სამრეწველო ზონაში. ამ ეტაპზე, შპს „ჯეოსთილის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფოლადის გამოდნობა არასრული მეტალურგიული ციკლით და ლითონის ნაწარმის დამზადება, რასაც ახორციელებს 2007 წლის 14 აგვისტოს გაცემული N00084 გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე. საბაზისო პროექტის მიხედვით, საწარმოში ფოლადის გამოდნობა ხდებოდა ერთი ელექტრორკალური ღუმელის საშუალებით. ფოლადის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წელს საწარმომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) წარუდგინა სკრინინგის განაცხადი დამატებით ინდუქციური ღუმელის მოწყობასთან დაკავშირებით. მინისტრის 2018 წლის 30 აგვისტოს N2-724 სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე, საწარმოში განთავსდა მეორე ფოლადსადნობი ღუმელიც (ინდუქციური), მაგრამ არსებული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, ღუმელების ერთდროულად მუშაობა არ არის შესაძლებელი. მათი ოპერირება ხდება მონაცვლეობით (ერთ-ერთის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში). შპს „ჯეოსთილი“-ს მეტალურგიული ქარხნის წლიური წარმადობა ამ ეტაპზე არის 175 000 ტ/წელ არმატურა, დიამეტრით 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 25, 28, 32 მმ.[1]
გარდა აღნიშნულისა, შპს „ჯეოსთილმა“ სამინისტროს 2019 წელსაც მიმართა მის დაქვემდებარებაში არსებული, მეტალურგიული საწარმოს ტერიტორიაზე სილიკომანგანუმის სადნობი საამქროს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტით.[2] პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება საწარმოს წლიური წარმადობის გაზრდა 175 000 ტონიდან 300 000 ტონამდე.
სამინისტრომ ანგარიშში გამოავლინა რიგი ხარვეზები. მათ შორის:
– ,,სკოპინგის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საწარმოში არსებული თითოეული ობიექტის/საამქროს შესახებ;
– სკოპინგის დოკუმენტში არ არის მოცემული ინფორმაცია საწარმოს და საპროექტო ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლების მართვის შესახებ;
– წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, არაქმედების ალტერნატივის თავში (4.3) პროექტის განხორციელების პოზიტიურ შედეგად განხილულია მანგანუმის მადნის სამთომოპოვებითი საქმიანობის გააქტიურება და შესაბამისად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. აღნიშნული ვერ განიხილება დასაბუთებულ არაქმედების ალტერნატივად და საჭიროებს კორექტირებას;
– წარმოდგენილ დოკუმენტაციაში განხილული არ არის წარმოქმნილი წიდის რაოდენობის და მართვის საკითხები, როგორც არსებული, ისე დაგეგმილი საწარმოსთვის.“
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება სკოპინგის ეტაპზე. წერილის თანახმად,[3] სამინისტრო წარმოებას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც შპს „ჯეოსთილი“ უზრუნველყოფს გადამუშავებული სკოპინგის დოკუმენტაციის წარდგენას ყველა შენიშვნის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს შპს ,,ჯეოსთილმა“ კვლავ წარუდგინა სამინისტროს განახლებული დოკუმენტი.[4] რომელზეც, სამინისტრომ 2020 წლის 29 მაისს გამოსცა სკოპინგის დასკვნა #48. დასკვნის მიხედვით, განისაზღვრა ის საკითხები, რომლებიც საწარმომ გზშ-ს ეტაპზე უნდა წარმოადგინოს. ასევე, ხაზი გაესვა, რომ კომპანიის ინსპექტირებისას გამოვლინდა დარღვევები.
სანამ უშუალოდ ინსპექტირების შედეგებს მიმოვიხილავთ, გვსურს ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა თუნდაც მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამნისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკვით. მაგალითად, 2019 წლის მაისი-ივნისის თვეებში შპს „ჯეოსთილის“ ინსპექტირება განხორციელდა სწორედ ცხელ ხაზზე შესული სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე. აღნიშნული ინსპექტირების შედეგად შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი #048669-ის დანართში ვკითხულობთ, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯეოსთილის” მიერ დარღვეულია ნარჩენების მართვის კოდექსის დადგენილი შემდეგი ვალდებულებები:
– შპს ,,ჯეოსთილი“-ს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, არ აქვს შემუშავებული ,,კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა’’, ასევე მათ მიერ შედგენილი ,,ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი’’ არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ, ამასთან კომპანია ნარჩენების მართვის ელექტრონულ ბაზაში (www.waste.gov.ge) სრულყოფილად არ აწარმოებს საწარმოში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმას.
– ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, შპს ,,ჯეოსთილი“-ს სრულყოფილად არ აქვს დანერგილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა. მაგალითად, აირმტვერდამჭერი განმწმენდი ნაგებობის მიერ დაჭერილი მტვერი-ნარჩენები არ არის ეტიკეტირებული და განთვსების ადგილზე არ არის მაფრთხილებელი ნიშნები. მტვერდამჭერი დანადგარის რემონტის შედეგად გამოცვლილი სახელოებიანი ფილტრები, რომლებიც დასაწყობებულია მტვერდამჭერ დანადგარის საოპერატორო შენობაში, არ იყო ეტიკეტირებული და განთვსების ადგილზე არ იყო მაფრთხილებელი ნიშნები (რომლებიც მიუთითებენ სახიფათო ნარჩენებზე (კატეგორია, სახეობა).
ასევე, 2019 წლის 2 აგვისტოს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი #053001-ის დანართში ვკითხულობთ, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
– ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გაფრქვევის მინიმიზაციის მიზნით არ ხდება საწარმოს კუთვნილი ტერიტორიის მორწყვა, მათ შორის იმ ტერიტორიების, სადაც ძირითადად მოძრაობს მძიმე ავტოტექნიკა.
– სამინისტროსთან 2019 წლის 8 თებერვალს შეთანხმებული ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში’’ წარმოდგენილი გამოყოფისა და გაფრქვევის წყაროების რაოდენობა არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ რაოდენობას.
– საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისას წარმოქმნილია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის არაორგანიზებული წყაროები, მათ შორის:
1. ცხელი წიდის ბუნებრივი გაცივების პროცესი, რომელიც თავსდება სადნობი საამქროს მიმდებარედ.
2. ჯართის დამუშავების უბანზე დაფიქსირებული 6 ერთეული ჯართის დასამუშავებლი დანადგარებიდან ნორმების პროექტში იდენტიფიცირებულია მხოლოდ ერთი, დანარჩენი დანადგარი (5 ერთეული) წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული გამოყოფის დამატებით წყაროს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად, კომპანია არ აწარმოებს ატმოსფერული ჰაერის ყოველკვარტალურ მონიტორინგს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმების შესაბამისად, კერძოდ არ ხორციელდება თვითმონიტორინგი ხმაურის დონის და ვიბრაციასთან დაკავშირებით, ასევე ატმოსფერულ ჰაერში ემისიების პერიოდული გაზომვები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და დასახლებული ზონასთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ 2019 წლის 30 ივნისს წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც არასრულყოფილია. კერძოდ:
– ცხრილში არ არის ასახული დღე-ღამის რომელ პერიოდშია ჩატარებული გაზომვები, ვინაიდან არ არსებობს სხვადასხვა დადგენილი ნორმები. ასევე არ არის მოცემული ვიბრაციის გაზომვები.
– ელექტრო რკალური ღუმელის და ციცხვ ღუმელს შორის დაფიქსირდა 2 დანადგარი, რომლებსაც იყენებენ ნედლეულის მიმწოდებელ ლითონის ურიკების-ციცხვების გასაცხელებლად. აღნიშნული დანადგარი არ არის ასახული გზშ-ს ანაგრიშში, თუმცა გათვალისწინებულია 2019 წლის 8 თებერვლის სამინისტროსთან შეთანხმებულ ნორმების პროექტში. ამასთან, გახურების პროცესში წარმოქმნილი აირები არაორგანიზებულად ხვდება გარემოში.
– ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული გაფრქვევა, რომელიც გამოიყოფებოდა ძირითადი შენობის ღიობებიდან.
– კომპანია ვალდებულია შეიმუშაოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შემცირების ღონისძიებები, სადაც გათვალისწინებული იქნება, პირველ რიგში, რომელ გაფრქვევის წყაროებზე უნდა შემცირდეს გაფრქვევები, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე უკეთესი ეფექტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საწარმოს არ აქვს შემუშავებული არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შემცირების ღონისძიებების გეგმა.’’
როდესაც „გავიგუდეთ“ ესწრება სხვადასხვა საწარმოს სკოპინგისა თუ გზშ ანგარიშების განხილვას, მუდმივად აღნიშნავს, რომ შესაძლოა დოკუმენტებში ყველაფერი იდეალურად იყოს აღწერილი, თუმცა, რეალობა არ შეესაბამება იქ მოცემულ ინფორმაციას. აღნიშნულს ადასტურებს ინსპექტირების ოქმიც, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს მიერ სამინისტროსთვის წარგენილ „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში“ მოყვანილი გაანგარიშების შედეგების ანალიზის შესაბამისად:
– ,,საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში მიმდებარე ტერიტორიების ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, როგორც 500 მ-ნი ნორმირებული ზონის მიმართ, აგრეთვე უახლოესი დასახლებული ზონის მიმართ, აგრეთვე უახლოესი დასახლებული ზონის მიმართ ფონის გათვალისწინებით არ გადააჭარბებს კანონდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, ხოლო საწარმოს ფუნქციონირება საშტატო რეჟიმში არ გამოწვევს ჰაერის ხარისხის გაუარესებას. ჩატარებული გაზომვების შედეგებიდან გამომდინარე დაფიქსირდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი ნივთიერების კონცენტრაცია, აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას, თუმცა ვერ დგინდება, რომ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის გადამეტება პირდაპირ უკავშირდება შპს ,,ჯეოსთილი“-ს საქმიანობას და ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს სხვა საწარმოები, რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, საჭიროა განხორციელდეს დამატებითი კვლევა.
– ასევე დადგინდა, რომ სამინისტროსთნ 2019 წლის 8 თებერვალს შეთანხმებული ნორმების პროქტში მოყვანილი ინფორმაცია უახლოეს დასახლებულ ზონასთან დაკავშირებით არასწორია და როგორც ინსპექტირებით დადგინდა, უახლოესი მოსახლე საწარმოდან დაშორებულია 300-350 მეტრით.’’
აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდა მას შემდეგ, რაც მოძრაობამ „გავიგუდეთ“ სამინისტროსთან შეხვედრების დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ დასახლებული პუნქტიდან დაშორება საწარმოს არასწორად ჰქონდა მითითებული.
– ,,აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, სამინისტროსთან 2019 წლის 8 თებერვალს შეთანხმებული ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში’’ ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ნორმების პროექტში არ არის ასახული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა წყარო. შესაბამისად, შესამუშავებელია ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი’’. რომელშიც გათვალისწინებული იქნება გაფრქვევის ყველა წყარო.
ინსპექტირების შედეგად, ასევე გამოვლინდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით და მოქმედი კანონდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევები. კერძოდ:
– ჯართის განთავსების უბანზე ჯართის წინასწარი დახარისხება არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, კაზმისთვის მომზადებულ ჯართს მოყვებოდა ზედმეტი მინარევები (პლასტმასი, წიდა, რეზინის, ტომრების და სხვა ნარჩენები).
– გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, საწარმოში ნედლეულის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ რადიაციული უსაფრთხოებისა და აფეთქება უსაფრთხოების დამადასტურებელი თანმხლები დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში (გზშ – გვ 10) მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა აფეთქება უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.
აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია სათანადოდ არ ითვალისწინებს იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.
ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ლევან დავითაშვილის მიწერილობაში ვკითხულობთ, რომ ,,გზშ ანგარიშში არ არის განხილული საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლების მართვისა და მათი სათანადო კონტროლის საკითხები.“
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, საწარმოს უნდა შეემუშავებინა ,,ნავთობის დაღვრის ავარიული შემთხვევებზე რეაგირების გეგმა’’ (გზშ – გვ 70) აღნიშნული გეგმა კომპანიას არ აქვს შემუშავებული.
ზემოთ აღნიშნულ ორივე ოქმზე კომპანიის პასუხი არის, რომ ნაწილობრივ არ ეთანხმება სამინისტროს მიერ შედგენილ ოქმს და პოზიციას წარმოადგენს სასამართლო პროცესზე. ამასთან, აღნიშნული ოქმები თანდართული მასალებით სამინისტრომ განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
– ,,სასამართლომ, 2019 წლის 13 სექტემრის N4-361-19 დადგენილებით შპს ‘’ჯეოსთილი“ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსის 792 მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე მუხლით და 45-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი-ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
– კომპანიამ გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს არსებული მდგომარეობით დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში.’’
2019 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ შპს „ჯეოსთილს“ სამინისტროს მიერ განესაზღვრა გონივრული ვადა. კომპანიას 2020 წლის 5 მაისის ადმინისტრაციული მიწერილობები ჩაბარდა 2020 წლის 11 და 13 მაისს. ამასთან, 2020 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება. ინსპექტირების მომენტისათვის შპს „ჯეოსთილი“-ს არ გააჩნდა სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და საქმიანობას ახორციელებდა ზემოაღნიშნული ნორმების პროექტის გარეშე. თუმცა, მას ეს პროექტი ინსპექტირების პერიოდისთვის წარდგენილი ჰქონდა სამინისტროში შესათანხმებლად. მიუხედავად ამისა, დადგინდა, რომ შპს „ჯეოსთილის“ მიერ შემუშავებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას. ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (გზდ) მიერ 2021 წელს შემუშავებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „ჯეოსთილი“-ს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი დღეს არსებული მდგომარეობითაც არ არის შეთანხმებული სამინისტროსთან“.
ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა დეპარტამენტის 2020 წლის 5 მაისის №001577 ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები, რაზედაც შპს “ჯეოსთილის“ მიმართ, 2021 წლის 26 თებერვალს და 5 მარტს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილის და 798-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №058912 ოქმი, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის 41 ნაწილის და 43-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №058911 ოქმი. მასალები განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის 41 ნაწილით და 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ დეპარტამენტი კომპანიას წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 5 მაისით დათარიღებულ ადმინისტრაციულ მიწერილობა #001579-ში ვკითხულობთ, რომ შპს „ჯეოსთილს“ 2018 წლის 9 იანვრის #2-11 ბრძანების შესაბამისად, 2018 წელს წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად უნდა წარედგინა სამინისტროში 2019 წლის 1 მარტამდე. სამწუხაროა, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული მიწერილობა #001579 ამ ვადის გასვლიდან წელიწადზე მეტი დროის შემდეგ გაუგზავნა კომპანიას და 5 დღე მისცა აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად. მაშინ, როდესაც 2019 წლის მარტშივე შეეძლო ჰქონოდა შესაბამისი რეაგირება – გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა. სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს “ჯეოსთილმა” აღნიშნული ინფორმაცია დეპარტამენტში წარმოადგინა 2020 წლის 19 მაისს (დეპარტამენტში რეგისტრაციის ნომერი №DES 6 20 00027870). ამასთან, შპს „ჯეოსთილს“ ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში არ წარმოუდგენია ნარჩენების აღრიცხვა/ანგარიშგების 2018 წლის ფორმები.
გარდა აღნიშნულისა, გზდ-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში „ჯეოსთილს“ უნდა უზრუნველეყო საწარმოო ტერიტორიის მორწყვის პერიოდულობის გრაფიკის (პერიოდულობის განსაზღვრის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა საწარმოს მიერ გარემოს მტვრით დაბინძურების შემცირების მიზნით. საწარმოს მორწყვა უნდა უზრუნველეყო სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. თუმცა, შესრულების მდგომარეობის მიმოხილვისას ნათქვამია, რომ შპს „ჯეოსთილმა“ ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში არ უზრუნველყო საწარმოო ტერიტორიის მორწყვის პერიოდულობის გრაფიკის, შესაბამისი დასაბუთებით (მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული) სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა საწარმოს მიერ გარემოს მტვრით დაბინძურების შემცირების მიზნით.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საწარმოს ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო და შემდგომ ყოველკვარტალურად უზრუნველეყო აირების დაგროვებისა და გამწმენდი სისტემის ეფექტურობის შემოწმების შედეგების სამინისტროში განსახილველად წარდგენა. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების რისკის მინიმუმამდე შემცირების შემდგომი ღონისძიებები. თუმცა, დადგინდა, რომ შპს „ჯეოსთილმა“ არ უზრუნველყო ყოველკვარტალურად აირების დაგროვებისა და გამწმენდი სისტემის ეფექტურობის შემოწმების შედეგების სამინისტროში განსახილველად სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების რისკის მინიმუმამდე შემცირების შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრა. კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი აირმტვერდამჭერი სისტემის ეფექტურობის შესახებ მონაცემები აირჰაერმტვერნარევის მოცულობითი სიჩქარის, მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციისა და გაწმენდის ეფექტურობასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს, ასევე, აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურას და ინფორმაციას გაზომვების მომენტში საწარმოს დატვირთვის რეჟიმის თაობაზე.
თუმცა, იყო გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შპს „ჯეოსთილმა“ შეასრულა. მათ შორის:
1. კომპანიას უნდა დაეწყო და შემდეგ მუდმივად უზრუნველეყო ჯართის განთავსების უბანზე ჯართის წინასწარი დახარისხება/განცალკევება გზშ-ის ანგარიშის შესაბამისად. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საწაროს ტერიტორიაზე არც ნავთობპროდუქტების დაღვრის კვალი არ დაფიქსირებულა და უბანზეც ჯართიდან გამოცალკევებული პლასტმასების, რეზინისა და სხვა მინარევების განსათავსებლად დადგმულ კონტეინერს, აქვს შესაბამისი სტიკერები ეტიკეტირებითა და კოდის მითითებით, დადგინდა, რომ აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია.
2. შპს ,,ჯეოსთილს“ უნდა შეესრულებინა ხმაურის დონის და ვიბრაციის (ყოველკვარტალური ინსტრუმენტული) მონიტორინგი (ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და უახლოეს მოსახლესთან) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად. ინსპექტირებისას, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა განხორციელებული მონიტორინგის 2020 წლის I, II და III კვარტლის შედეგები. ხმაურის და ვიბრაციის მონიტორინგი განახორციელა შპს „ბუნებამ“. მონიტორინგი ჩატარდა ქარხნის ცენტრალურ შესასვლელთან, საჯართზე ეზოს მხრიდან შესასვლელთან და დევნილთა დასახლებულ პუნქტთან. ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, დადგენილ ნორმებთან მიმართებით გადაჭარბება არ ფიქსირდება. შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია.
3. კომპანიამ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ სატვირთო მანქანებით მიწოდებული ჯართი არ შეიცავს რადიაციულად დაბინძურებულ ნივთიერებებს, აფეთქებად, ზეთოვან და აალებად მასალებს. შესაბამისად, დგინდება რომ კომპანია ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას.
შპს ,ჯეოსთილმა“ გარკვეული ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა. მაგალითად, კომპანიას ექვსი თვის ვადაში სრულად უნდა აღეკვეთა საწარმოში დანადგარების გაუმართაობით გამოწვეული არაორგანიზებული გაფრქვევები. ინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ შპს „ჯეოსთილმა“ განახორციელა ძველი გამწოვი ვენტილატორის ახალი გამწოვი ვენტილატორით შეცვლა, ასევე, კომპანიის 2020 წლის 10 დეკემბრის №189/20 წერილის შესაბამისად, იცვლება მექანიკური გამაგრილებელი ოპერირებისა და მომსახურების გამარტივების მიზნით. თუმცა, ადგილზე განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მექანიკური გამაგრილებელი სისტემის შეცვლა ჯერ არ განხორციელებულა. ინსპექტირებისას საწარმო ფუნქციონირებდა არასრული დატვირთვით. ფოლადსადნობი საამქროს შენობაზე არსებული ღიობები სრულად იყო დახურული. დათვალიერებისას არ დაფიქსირდა საწარმოში დანადგარების გაუმართაობით გამოწვეული არაორგანიზებული გაფრქვევები. ასევე, დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელდა გამწოვი ვენტილატორის გამოცვლა.
თუმცა, ინსპექტირების შემდგომაც მოქალაქეებს არაერთხელ დაგვიფიქსირებია შენობის ღიობებიდან არაორგანიზებული გაფრქვევა. მართალია, არა ისეთი ხარისხის და სიხშირის, როგორც წლების განმავლობაში იყო, მაგრამ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული ჯერ კიდევ არ არის.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ შპს „ჯეოსთილი“ წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა არაერთი დარღვევით. 2021 წლის გაზაფხულზე საწარმოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გვითხრეს, რომ საწარმოს მნიშვნელოვანი გადაიარაღება ჰქონდათ დაწყებული, რათა ახალ რეგულაციებს მორგებოდნენ. თუმცა, რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომაც არაერთხელ დაფიქსირდა მათი მხრიდან დარღვევა. ამ, ისე როგორც რუსთავში არსებული სხვა საწარმოების მიერ მუდმივ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ კონკრეტულ საწარმოებს, არამედ სახელმწიფო უწყებებს, რომელთაც შესაბამისად ვერ უზრუნველყვეს კანონების აღსრულება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. სახელმწიფო უწყებები, განსაკუთრებით კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა უზრუველყოფილი იყოს 2021 წლის 1 ივნისს ძალაში შესული კანონმდებლობის აღსრულება.
[1]წყარო: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31439 – შპს „ჯეოსთილი“, სკრინინგის ანგარიში, (29/01/2021)
[2]წყარო: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17171 – შპს ,,ჯეოსთილი“, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სილიკომანგანუმის სადნობი საამქროს მოწყობა და ექსპლუატაცია)სკოპინგის ანგარიში (02/12/2019)
[3]წყარო: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17197 – სამინისტროს წერილი N 12132/01 (10/12/2019)
[4]წყარო: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25579 -შპს „ჯეოსთილი“ ,,მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (სილიკომანგანუმის სადნობი საამქროს მოწყობა და ექსპლუატაცია)“ (16/04/2020)
ანგარიში მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.