
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (დღეისთვის შპს “რუსთავის ფოლადი”) ,,ფუნქციონირებს 1948 წლიდან და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მასში ფოლადის წარმოება მიმდინარეობდა სრული მეტალურგიული ციკლით. ქარხანა აწარმოებდა ფოლადს, ცხლადნაგლინ უნაკერო მილებს, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციებს.[1] აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემიდან (2009 წელი) 2019 წლამდე, ქარხნის საქმიანობაში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. კერძოდ, ,,გაიზარდა ფოლადის წარმოება წარმადობით 200-220 ათასი ტონამდე წელიწადში, ფეროშენადნობების წარმოება წარმადობით 10 ტონა დღე-ღამეში, შესაბამისად გაიზადა ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. 2019 წლისთვის ქარხანში ფუნქციონირებდა 4 ინდუქციური და 2 ელექტრო რკალური ფოლად სადნობი ღუმელი, მაშინ როდესაც 2009-2012 წლებში წარმოებული ფოლადის რაოდენობა იყო 8000 ტ/წელ.’’[2]
აღნიშნულ საწარმოს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა, ჩვენ მხოლოდ იმ პერიოდს მიმოვიხილავთ, რომელიც ჩვენი მოძრაობის არსებობას ემთხვევა.
2018-2021 წლების განმავლობაში, აღნიშნულ საწარმოში პერიოდულად მიმდინარეობდა ინსპექტირების და სხვადასხვა პროცესებზე ნებართვების მოპოვების პროცესი.
გაგაცნობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოთხოვილ რამდენიმე დოკუმენტს.
2018 წლის 10 დეკემბრის ადმინისტრაციულ მიწერილობა #001125-ში ვკითხულობთ, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე 5 126 300 მ3 მიწისქვეშა მტკნარი წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით მოხდა გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება. აღნიშნულმა გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 128 357,5 ლარი შეადგინა.
2020 წლის 12 მარტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმ #053008-ში ვკითხულობთ, რომ ,,შპს ,,რუსთავის ფოლადი’’-ს მიერ საქმიანობისას წარმოქმნილი ნარჩენების მართვა არ ხდება კომპანიის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად. კერძოდ,
1. შპს ,,რუსთავის ფოლადი’’ -ს საწარმოში არ არის დანერგილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა და ნარჩენების მართვა არ ხდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად;
2. ჰორიზონტალური სალექარების მიმდებარედ დაფიქსირდა ამოღებული ლექი (შლამი) სხვადასხვა, ერთმანეთში არეული ნარჩენები და მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია;
3. ინპექტირებით დადგინდა, რომ მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით, როგორც საწარმო ასევე სახიფათო ნარჩენებით. ტერიტორიაზე არ არის განლაგებული სახიფათო ნარჩენებისათვის სპეციალური ურნები, შესაბამისი მარკირებით;
4. კანონის თანახმად წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სამინისტროს. რაც შპს ,,რუსთავის ფოლადი’’-ს არ განუხორციელებია. ინსპექტირებისას საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც არ იყო ასახული კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმაში.
2020 წლის 12 მარტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის #053009 დანართში ვკითხულობთ, რომ ,,შპს ,,რუსთავის ფოლადი’’-ს შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითიმონიტორინგის/თვითმონიტორინგის გეგმა, თუმცა დღემდე აღნიშნული გეგმა არ არის შეთანხმებული სამინისტროსთან. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ:
1. არის ნარჩენების მართვის პრობლემა, მიღებულ ჯართში შერეულია თხევადი აირის ბალონები, ყველანაირი ჭურჭელი (კასრები, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით და სხვ.);
2. არ არის განლაგებული სახიფათო ნარჩენებისათვის სპეციალური ურნები, შესაბამისი მარკირებით;
3. არ ტარდება საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის ქიმიური ანალიზი;
4. საწარმოში არსებული არცერთი ტექნოლოგიური დანადგარი, საიდანაც გამოიყოფა, მავნე ნივთიერებები, არ არის აღჭურვილი აირმტვერდამჭერი, გამწმენდი და ასპირაციული მოწყობილობების სისტემებით. აქედან გამომდინარე, საწარმოში არსებული ღუმელებიდან გამოყოფილი ყველა მავნე ნივთიერება გაიფრქვევა ჰაერში ყოველგვარი გაწმენდის გარეშე;
5. შემკეთებელ-მექანიკური საამქროს ღუმელები მოიხმარს ბუნებრივ აირს. თუმცა, არ არის შეერთებული ერთიან გამწოვ სისტემაში და ფუნქციონირებისას გამოყოფილი აირები (NOX, COX) გაიტყორცნება პირდაპირ ატმოსფეროში. საშემდუღებლო სამუშაოებისას კი გაიფრქვევა საშემდუღებლო აეროზოლი და მანგანუმის (IV) ოქსიდი.
6. ინსპექტირებისას ასევე დაფიქსირდა, რომ ყველა არსებულ შენობა-ნაგებობებში მომუშავე საამქროებში განთავსებული შემწოვი და გამწოვი სისტემები მწყობრიდან გამოსულია და არ მუშაობს, ან არ არის დამონტაჟებული;
7. ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა შპს ,,რუსთავის ფოლადი’’-ს კუთვნილი მეტალურგიული საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში არაორგანიზებული გაფრქვევების ფაქტები. კერძოდ,
– საწარმოში არსებული ყველა აირული ჭრის სამუშაოები მიმდინარეობს,ღია ცის ქვეშ არაორგანიზებულად, რის შედეგადაც ხდება მავნე ნივთიერებების არაორგანიზებულად გაფრქვევა ატმოსფეროში.
– ფოლადსადნობი საამქროს ელექტრორკალურ ღუმელში ფოლადის ნადნობის მასის ჩამოსხმის დროს ღუმელიდან და მილგაყვანილობებიდან დიდი რაოდენობის არაორგანიზებული მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ფაქტი, რის გამოც ფოლადსადნობი საამქროს კორპუსის ღიობებიდან ხდებოდა დაბინძურებული აირის არაორგანიზებული გაფრქვევა ატმოსფეროში.
– წიდასაყარზე დაფქვა-დახარისხების სამუშაოები მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ, წარმოიქმნება დიდი რაოდენობის მტვერი, რომელიც დაფენილია მთელ ტერიტორიაზე და გაიფრქვევა ატმოსფეროში. ასევე მტვრის წარმოქმნა დაფიქსირდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე ავტოტექნიკის მოძრაობის დროს. შესაბამისად, ცხადია, რომ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში (ქარიან ამინდში) ადგილი ექნება მტვრის მასების გავრცელებას.
– ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ზეთებით დაბინძურებული დაშლილი ძრავების გამოწვა, კამერული თერმული ღუმელის ნაცვლად ხდებოდა ღიად-კასრში არაორგანიზებულად. შესაბამისად, საამქროში აღინიშნებოდა არასასიამოვნო ნამწვი, ზეთების სუნი და ზეთის აეროზული გამოყოფა და ამ პერიოდში საამქროში იმყოფებოდნენ მუშა-მოსამსახურეები.
– ფოლადსადნობი საამქროს ტერიტორიის იატაკზე და მის მიმდებარედ დაფიქსირდა ტექნოლოგიური პროცესებიდან გამოყოფილი დიდი რაოდენობის მტვრის ფენა.
8. აღსანიშნავია, ისიც რომ შპს ,,რუსთავის ფოლადი’’ არ ახორციელებს ჩამდინარე წყლებში მძიმე მეტალების განსაღვრას;
9. კომპანიას შემუშავებული და შეთანხმებული არ აქვს ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების ნორმების პროექტი’’;
10. კოპანია არ აწარმოებს ხმაურის დონის, ვიბრაციისა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების პერიოდულ მონიტორინგს, საწარმო ტერიტორიების მიმდებარედ და უახლოეს მოსახლესთან;
11. საწარმოში ვინაიდან არ არსებობს გამწმენდი სისტემები და მოწყობილობები, შესაბამისად არ ხდება მათი მუშაობის რეჟიმისა და გამწმენდის ეფექტურობის განსაღვრა;
12. ინსპექტირების შედეგად ასევე დადგინდა, რომ გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა არ შეესაბამება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახულ გაფრქვევის წყაროთა რაოდენობას, კერძოდ, საწარმოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი მილის საშუალებით ორგანიზებული გაფრქვევის წყარო;
13. ასევე, არ სრულდება ისეთი სავალდებულო პირობები, რომლებიც ითვალისწინებს ატმოსფერული გაფრქვევის, წყალმომარაგების, წყალჩაშვების, ხანძარსაწინააღმდეგო პირობების დაცვას და უსაფრთხოების ღონისძიებების პერიოდულ ჩატარებას.
14. საწარმოში მთელ რიგ უბნებზე, ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობებზე დარღვეულია ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე დანადგარების, მილგაყვანილობების, ბინკერების და მილტუჩა შეერთებების ჰერმეტულობა;
15. საწარმოს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად დნობის პროცესის ხანგრძლივობა გამოშვებიდან-გამოშვებამდე საშუალოდ უნდა შეადგენდეს 75წთ-ს. თუმცა, როგორც ინსპექტირებით დადგინდა, ერთი დნობის პროცესის ციკლის ხანგრძლივობაა 100-105 წუთი; ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ საწარმოებს ხშირად გზშ-ში ყველაფერი რიგზე აქვთ, რეალურად კი საწარმოო პროცესები დოკუმენტში აღნიშნული ინსტრუქციების შესაბამისად არ მიმდინარეობს.
16. საყურადღებოა, ისიც რომ არ ხდება ლითონის ჯართის ფეთქებად-საშიშროებაზე შემოწმება, რომელმაც უნდა განიცადოს პაკეტირება-ბრიკეტირება; საწარმოში მუშა-მოსამსახურეები აღჭურვილნი არ არიან სპეც-ტანსაცმლით და საჭიროების შემთხვევაში მტვრისა და ხმაურის ინდივიდუალური დაცვის საშუალებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ადამიანები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ.
17. ნედლეული განთავსებულია არა მარტო სპეციალურ ადგილებში, არამედ საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც, ღია ცის ქვეშ და შესაბამისად ნედლეული წარმოადგენს დამატებით არაორგანიზებული გაფრქვევების წყაროს, სადაც წარმოიქმნება დამატებითი მავნე ნივთიერებების (მტვერი) გაფრქვევის წყარო, რომელიც ხვდება ატმოსფეროში და იყრება მიწის ზედაპირზე, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე;
18. წიდა გასაციებლად ღია არხის მეშვეობით ჩაედინება სპეციალურად ამ პროცესისთვის გათვალისწინებულ წყლიან ორმოში, ხოლო წყალში მოხვედრისას ხდება წიდის გრანულირების პროცესი. ამ პროცესის დროს წარმოიქმნება არაორგანიზებული გაფრქვევის წყარო, რომელსაც ახასიათებს სპეციალური გოგირდის მძაფრი სუნი. აღნიშნულ სუნს რუსთავის მოსახლეობა არც თუ ისე იშვიათად ვგრძნობთ ხოლმე.
19. საწარმოში არ განხორციელებულა მეტალურგიული საამქროების ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
ინსპექტირებისას, ასევე გამოვლინდა, რომ არ არის შესრულებული ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა:
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) შესაბამისად, კომპანიას ევალებოდა ჩაეტარებინა მონიტორინგი საწარმო ტერიტორიის მიმდებარედ და ახლო მოსახლესთან, ხმაურის დონის, ვიბრაციისა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების გაზომვების პერიოდული ჩატარება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ ვერ წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია. ასევე, არ ხდება ემისიების მონიტორინგი და ატმოსფერული ჰაერის პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად3) წარმოება.
2. საწარმოს მიერ წარმოებულ და გატანილ პროდუქციაზე რადიაციული გამოსხივების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიამ ვერ წარმოადგინა;
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად, საწარმოს უნდა შეემუშავებინა ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში რეაგირების გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი კომპანიამ ვერ წარადგინა;
4. შპს ,,რუსთავის ფოლადი’’ არ ახორციელებს გარემოსდაცვით მონიტორინგს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესაბამისად.
5. ინსპექტირების ოქმშიც ვკითხულობთ, რომ გზშ-სთან მიმართებაში ბევრი საკითხი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და არ შეესაბამება მასში მოცემულ ინფორმაციას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ფოლადის საამქროში დაფიქსირებული სტაციონარული გაფრქვევის 2 წყარო;
6. საწარმოში ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ში მოცემულ ინფორმაციას.
7. ფოლადსადნობი საამქრო და იქ მიმდებარე ტექნოლოგიური პროცესები არ არის განხილული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, მათ შორის უბანზე არსებული დანადგარები და ელ.რკალური ღუმელები.
8. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დამონტაჟებულია ელ.რკალური ღუმელი 3 ტონა მოცულობის. აღნიშნული 3 ტონიანი ღუმელი კი არ არის განხილული გზშ-ს ანგარიშში. ასევე, არ არის განხილული ანგარიშში მადანაღმდგენელი ელექტრორკალური ღუმელი (15 ტ წარმადობის დღე-ღამეში).
2020 წლის 12 მარტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმ #053010-შივკითხულობთ, რომ:
1. წიდასაყარზე ნარჩენები განთავსებულია შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდება სხვა კომპანიების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების (წიდის) განთავსება;
2. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ შპს ,,რუსთავის ფოლადი“ წიდასაყარზე ახორციელებს განადგურებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სითხეების და სხვა სახიფათო კომპონენტების (სახიფათო ნარჩენები) ამოღებას. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება წარმოადგენს სკრინინგის გადაწყვეტილებას დაქვემდებარულ საქმიანობას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს ,,რუსთავის ფოლადის’’-ს არ მიუმართავს სამინისტროსთვის შესაბამისი პროცედურის გასავლელად.
გარდა ისპექტირებებისა, კომპანია სხვა სავალდებულო პროცედურებშიც იყო ჩართული. ერთ-ერთი ასეთი იყო არასახიფათო ნარჩენების აღდგენის მიზნით სამინისტროსთვის მიმართვა, რაც გულისხმობს რომ ,,რუსთავის ფოლადის’’ მეტალურგიულ და სხვა მეწარმე სუბიექტების საწარმოებში უნდა მომხდარიყო არასახიფათო მეტალურგიული და სამშენებლო ნარჩენების მიღება-დამუშავება. თუმცა, გზშ-ს დოკუმენტში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზის გამო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 13 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.[3] ,,სამინისტრო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს აღნიშნული შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის შემდგომ.’’
მართალია, გამართული გზშ დოკუმენტი უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ დავესწროთ მსგავსი დოკუმენტების საჯარო განხილვებს და ჩვენი შენიშვნები გავუზიაროთ სამინისტროს, მაგრამ მხოლოდ „რუსთავის ფოლადის“ შემთხვევაც კი ადასტურებს, რომ გზშ-ში შესაძლოა ყველაფერი ისე იყოს გაწერილი, რომ მოსახლეობას კითხვები არ გაუჩნდეს, თუმცა, რეალობა სრულიად სხვაგვარია. ირღვევა გზშ-ში გაწერილი ვალდებულებები და ხშირად ზოგიერთი აუცილებელი ღონისძიება არც კი არის აღნიშნულ დოკუმენტში ნახსენები. შესაბამისად, აუცილებელია, სამინისტრო იყოს ბევრად უფრო კრიტიკული და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატაროს უფრო მეტი ინსპექტირება, რათა ყველა დარღვევა დროულად გამოვლინდეს და აღმოიფხვრას. აღნიშნულს კი მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ მოსახლეობა იაქტიურებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „რუსთავის ფოლადი“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა რეგულაციებისა და ნორმების დარღვევით და არ უფრთხილდებოდა არც იქ დასაქმებული ადამიანების, არც რუსთავის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დროულად დაემორჩილოს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს და ასევე, აიღოს სათანადო სოციალური პასუხისმგებლობა რუსთავის მოსახლეობის მიმართ.
გარდა ამ მასალაში მოცემული ინფორმაციისა, არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და დარღვევები, რომელთა შესახებ საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას უახლოეს მომავალში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, საწარმოში მიდის გადაიარაღების პროცესი და ამის შესახებაც შევეცდებით დეტალური ინფორმაციის მოძიებას.
[1]წყარო: ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის ცვლილება’’, სკოპინგის ანგარიში, (2019წ. გვ.5) https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/16933
[2]წყარო: ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის ცვლილება’’, სკოპინგის ანგარიში, (2019წ. გვ.17) https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/16933
[3] წყარო: წერილი N254/01, https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30404
ანგარიში მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
