მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს N1431 განკარგულებით დამტკიცდა „ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა“. გეგმის შესრულების სათანადო მეთვალყურეობის მიზნით, ქვეყნდება წლიური და 6 თვის შემაჯამებელი მონიტორინგის ანგარიშები.
„გავიგუდეთ“ სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრია. შესაბამისად, მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარებს/რეკომენდაციებს ვუზიარებთ ხოლმე.
2023 წლის მონიტორინგის ანგარიშში რუსთავთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებსა და ჩვენს რეკომენდაციებს წინამდებარე მასალაში მოკლედ გიზიარებთ:
1) საანგარიშო პერიოდში რუსთავში არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 1 ავტომატური სადგური უწყვეტ რეჟიმში ზომავდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა, მათ შორის, მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციას. სადგურის მიხედვით, PM10-ის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა 41 მკგ/მ3, ხოლო PM2.5-ისამ – 24 მკგ/მ3. აღნიშნული მაჩვენებლები აჭარბებს PM10-ის ზღვრულად დასაშვებ ნორმას (40 მკგ/მ3) 2.5%-ით, ხოლო PM2.5-ის ნორმას (20 მკგ/მ3) – 20%-ით. თუმცა, წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 2022 წლის საბაზისო მონაცემებთან (PM10 – 55 მკგ/მ3, PM2.5 – 27 მკგ/მ3) შედარებით. შესაბამისად, 2023 წლის მონაცემები 25% და 11%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი – 35%-ით და 25%-ით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნორმებს (35 დღე) აღემატება PM10-ის დღიური კონცენტრაციის გადაჭარბების შემთხვევები, რომელმაც ჯამში 2023 წელს 97 დღე შეადგინა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაუმჯობესებული საშუალოწლიური ხარისხობრივი მაჩვენებლები, სავარაუდოდ, განპირობებულია მსხვილი სამრეწველო ობიექტების მხრიდან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების უკეთესი აღსრულებით.
თუმცა, სამინისტროს ვთხოვეთ ანგარიშში ჩაემატებინათ, რომ გაუმჯობესება დაკავშირებულია იმ ფაქტთანაც, რომ საერთაშორისო ბაზარზე დაეცა ფეროშენადნობების ფასი და რუსთავში მდებარე ფეროშენადნობების საწარმოების უმრავლესობამ დროებით შეაჩერა წარმოება. სამინისტრომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა და შესაბამისად ასახა ანგარიშის საბოლოო ვერსიაში.
2) რუსთავში NO2-ის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 2023 წელს გადააჭარბა ნორმას (40 მკგ/მ3) მონიტორინგის ორ პუნქტზე (კლდიაშვილის ქ. და კოსტავას ქ. N19) და შეადგინა 54 მკგ/მ3 და 48 მკგ/მ3.
იმისთვის, რომ აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია გადაიჭრას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პრობლემა, რათა რუსთაველებმა ამ პრობლემის გამო არ შეიძინონ კერძო ავტომობილები და დამატებით არ დააბინძურონ გარემო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსთავს 20 ახალი ავტობუსი დაემატა.
გარდა ტრანსპორტისა, მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ქაოსური ურბანული განაშენიანება და მისი თანმხლები საცობები, რაც დამატებით დააბინძურებს ჰაერს.
3) ცენტრალურ ზონაში განთავსებულ მონიტორინგის პუნქტებზე დაფიქსირებული SO2-ის, CO-ს, O3-ის, Pb-ის, Cd-ის, As-ის, Niის, C6H6 -ის და C20H12-ის საშუალო კონცენტრაცია არ აჭარბებს ნორმას
4) 2023 წელს ცენტრალურ ზონაში განხორციელდა 374 ობიექტის 475 ინსპექტირება, მათ შორის, 28 გეგმიური და არაგეგმური შემოწმება. მათგან განხორციელდა ქ. რუსთავში განთავსებული ობიექტების 69 ინსპექტირება.
5) 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქ. რუსთავში ხორციელდება ავტოტრანსპორტიდან ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი, რომლის ფარგლებში გამოწერილია 430 საჯარიმო ქვითარი.
6) სამინისტროს ვთხოვეთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაესვათ ხაზი ამტვერებადი მასალის მშრალი წესით დამუშავების ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მნიშვნელობაზე, რადგან თავად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროსაც კი, მთელ ქალაქში ამტვერებად მასალებს მშრალი წესით ამუშავებდნენ. ეს დამატებით აბინძურებს ჰაერს ქალაქში. სამინისტრომ ეს რეკომენდაციაც გაითვალისწინა და ანგარიშში დამატებით გაუსვა ხაზი ამტვრევადი მასალის დამუშავების საკითხს. თუმცა, ამ რეკომენდაციის შესრულება ქ.რუსთავის მერიის ვალდებულებაა. თუ მერია თავად არ მოსთხოვს საკუთარ კონტრაქტორებს კანონის დაცვას, მაშინ აზრს კარგავს მათ მიერ ჩატარებული ინსპექტირებები და რამდენიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმება.
7) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ ჩატარდა ქ. რუსთავში ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების საპილოტე კვლევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტის – AirQ+ გამოყენებით. როგორც კი კვლევის შედეგები გასაჯაროვდება, ჩვენი გუნდი აუცილებლად გაგიზიარებთ ინფორმაციას.
8) სამწუხაროდ, სამინისტროს კვლავ არ აქვს ინფორმაცია რუსთავის მე-20 სკოლის ეზოში მდებარე სადგურის მონაცემები როდის აისახება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე (www.air.gov.ge). მნიშვნელოვანია, ეს საკითხი დროულად გადაიჭრას, რათა მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეს ინფორმაცია მათ დასახლებაში ჰაერის ხარისხის შესახებ.
9) ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს ჰაერში გაფრქვევების ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (ასკ მუხლი 761) ცენტრალურ ზონაში 8 სამრეწველო ობიექტი დაჯარიმდა. აგრეთვე, 12 საწარმო დაჯარიმდა ან მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება უწყვეტ თვითმონიტორინგის ფარგლებში მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტების გამო.
რუსთავში საწარმოების უმრავლესობას (რომელთაც აქვთ ვალდებულება) დამონტაჟებული აქვთ თვითმონიტორინგის სისტემა. თუმცა, ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას, „რუსთავის ფოლადის“ გარდა კიდევ რომელი საწარმო რჩება კანონდამრღვევად და დაჯარიმებულ 12 საწარმოს შორის არის თუ არა რუსთავში მდებარე რომელიმე საწარმო.
თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი წარმოადგენს შესაბამის საწარმოებში აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამართვის წინაპირობას.
* * *
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ხაზგასმულია ის გამოწვევები, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ხარისხის სათანადო გაუმჯობესებას. ამ გამოწვევებიდან აღსანიშნავია:
– არასაკმარისი საზედამხედველო საქმიანობა დაბინძურების პრევენციისთვის არა მხოლოდ მყარი ნაწილაკების, არამედ დაბინძურების სხვა წყაროების მიმართულებითაც;
– აზოტის დიოქსიდის დაბინძურების შესამცირებლად გეგმაში არსებული აქტივობების განხორციელებასთან ერთად, დამატებითი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საჭიროება ეროვნულ დონეზე;
– გამოწვევები ქუჩების სველი წესით დასუფთავების მიმართულებით;
– ამტვერებადი მასალების დამუშავების, განთავსებისა და ტრანსპორტირების ეფექტური ზედამხედველობის ნაკლებობა, რამაც მხოლოდ ინფორმირება/გაფრთხილების შემთხვევაში შესაძლოა, არ შეასრულოს სათანადო როლი დაბინძურების პრევენციისთვის;
– ხარვეზები მსხვილი საწარმოების მიერ დაწესებული რეგულაციების დროული აღსრულებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების კუთხით;
– გამოწვევები თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის მიმართულებით;
– სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებების განსაზღვრის აუცილებლობა, მცირე საწარმოებისთვის / გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის, რომლებიც მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. საჭიროა, დროულად განისაზღვროს აღნიშნული ქმედებები, რათა მათი განხორციელება საქმიანობის სუბიექტებმა მოასწრონ 2025 წლის ბოლომდე.
სამინისტროს ასევე ვეთანხმებით იმ მოსაზრებაში, რომ საჭიროა თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში უკვე ჩართული საწარმოების მიერ მოწოდებული მონაცემების პროაქტიული მონიტორინგი, რაშიც მთავარი როლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს.
ასევე, მოხარულები ვართ, რომ ანგარიშში ასახულია წინა სამუშაო შეხვედრებზე გაჟღერებული ჩვენი რეკომენდაცია, რომ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით აუცილებელია ინსპექტირების ძირითადი შედეგების გასაჯაროება.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები არ დარჩეს მხოლოდ რეკომენდაციებად, მხოლოდ ფორმალურად არ შესრულდეს სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობები და მათ მიღმა, დამატებით, ყოველდღიურ ქმედებებში შევეცადოთ ჰაერის ხარისხის დაცვასა და გაუმჯობესებას.
2023 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშს სრული სახით შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mepa.gov.ge/Ge/Reports .