2023 წლის 26 იანვარს რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს – შპს „სერპენსის“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ირკვევა, შპს „სერპენსი“ სს „რუსთავოილის“ რებრენდინგის საფუძველზე ფუნქციონირებს.
საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს მივწერეთ. როგორც მათი პასუხიდან ირკვევა, კომპანია ,,სერპენსის“ საქმიანობაზე არ არის გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა / გარემოზე ზემოქმედების ნებართვა / გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება / სკოპინგის დასკვნა/სკრინინგის გადაწყვეტილება.
შესაბამისად, ჩვენთვის კვლავ არ არის ცხადი, კონკრეტულად რა იურიდიულ საფუძველზე ფუნქციონირებს შპს „სერპენსი“. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ აღნიშნული საწარმო ყოფილი „რუსთავოილია“, საინტერესოა, ავტომატურად გადაეცა თუ არა შპს „სერპენსს“ სს „რუსთავოილზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება; ვინაიდან წერილში არც ნასყიდობის ან სხვა რელევანტური ხელშეკრულებით საქმიანობის გადაცემაზეა ინფორმაცია მოცემული.
რაც შეეხება, სს „რუსთავოილს“, ფუნქციონირებს 2020 წლის მაისის თვიდან; საწარმოზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 ნოემბრის №2-949 ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სარეზერვუარო პარკით ნავთობპროდუქტების გადამამუშვებელი საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე; და, როგორც სამინისტროს მიერ 2023 წლის 1 მარტს გამოგზავნილ წერილში იკვეთება, აღნიშნული ბრძანებით გაცემული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს სს „რუსთავოილი“.
სს „რუსთავოილში“ ხორციელდება მაზუთის (ნავთობის პირველადი გადამუშვების პროდუქტი) გადამუშავება, საგზაო ბიტუმისა და საბაზო ზეთების მიღება. საწარმო საგზაო ბიტუმის წარმოებისათვის გამოიყენებს უკრაინული წარმოების, მსოფლიოში აპრობირებულ დანადგარს. საწარმოს სიმძლავრედ კი განსაზღვრულია წელიწადში 180 000 ტონა.
საწარმოს ექსპლუატაციისას ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვევა შემდეგი მავნე ნივთიერებები: ნაჯერი ნახშირწყალბადები (C12-C19), გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი, მანგანუმი და მისი ნაერთები, რკინის ოქსიდი, ძნელად ხსნადი ფტორიდები, შეწონილი ნაწილაკები.
მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის თანახმად, საწარმოს ექსპლუატაციის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არცერთი ზემოაღნიშნული მავნე ნივთიერების კონცენტრაცია არ აჭარბებს ნორმით დადგენილ დასაშვებ მნიშვნელობას მისგან უახლოეს დასახლებულ პუნქტთან მიმართებით (350 მ).
გარდა ამისა, გვინდა გაგიზიაროთ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სს „რუსთავოილზე“ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ:
2021 წლის 13-20 ივლისს განხორციელდა სს „რუსთავოილზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების მდგომარეობის გეგმიური შემოწმება.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით შესრულებული პირობები, კერძოდ:
– სს „რუსთავოილმა“ ვერ უზრუნველყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორონგის გეგმის შემუშავება და სამინისტროში განსახილველად წარდგენა.
– სს „რუსთავოილმა“ ვერ შეიმუშავა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა და ვერ შეათანხმა სამინისტროსთან.
– სს „რუსთავოილმა“ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია ჩამდინარე წყლების კანალიზაციაში ჩაშვების საკითხის კანალიზაციის მფლობელთან შეთანხმების შესახებ.
– სს „რუსთავოილმა“ ვერ წარმოადგინა სამინისტროში შესათანხმებლად ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების დეტალური გეგმა.
– სს „რუსთავოილმა“ სამინისტროს არ მიაწოდა ინფორმაცია საწარმოს სამუშოების დაწყებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ.
შემოწმებისას ასევე, დადგინდა, რომ „რუსთავოილის“ კუთვნილ ნავთობპროდუქტების გადამამუშვებელ საწარმოში არ არის დანერგილი ნარჩენების შეგროვებისა და სეპარირების სისტემა.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით 2021 წლის 30 აგვისტოს კომპანიის წინააღმდეგ შედგა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. საწარმოს მხრიდან ახსნა-განმარტებით ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია აქტში, ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა ვერ მოხერხდა დოკუმენტაციის წარდგენა.
2022 წლის 11 აპრილის ადმინისტრაციული მიწერილობით, კი, საწარმოს განესაზღვრა ვადები ზემოთაღნიშნული დარღვევების აღმოფხვრისათვის.
როგორც სამინისტროს 2023 წლის 1 მარტის წერილიდან ირკვევა, სს “რუსთავოილის” მიერ შესრულებულია დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებები. კერძოდ:
– სს “რუსთავოილს” მიერ მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში შემუშავებული და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში განსახილველად წარდგენილი იქნა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის გეგმა;
– სს “რუსთავოილის” მიერ მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში შემუშავებული და სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენილი იქნა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული გეგმა შეთანხმდა სამინისტროს მიერ 2022 წლის 20 ივნისის №6306/01 წერილით;
– სს “რუსთავოილის” მიერ მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყო კანალიზაციაში ჩაშვების კანალიზაციის მფლობელთან შეთანხმება და შესაბამისი დოკუმენტის სამინისტროში წარმოდგენა (2022 წლის 4 მაისი);
– სს “რუსთავოილის” მიერ მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში შემუშავებული და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი იქნა ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა.
