დღეს, 1 აგვისტოს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ.რუსთავის მერიაში მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის – შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიას დაგეგმილი აქვს ფეროსილიკომანგანუმის წარმოება, რისთვისაც სურს აგლომერაციის საწარმოს მოწყობა. საპროექტო ცვლილებების შესაბამისად, აგლომერაციის წარმოების მაქსიმალური საპროექტო სიმძლარე შეადგენს დღეში 135, ხოლო წელიწადში 44550 ტონას, რომლის წარმოებისთვისაც მოწყობილი იქნება 15 შეცხობის 15 თეფში.
29 ივლისს ანგარიშზე შენიშვნების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოწვეულ ტრენერთან ერთად ჩვენმა გუნდის წევრებმა აღნიშნული ანგარიში განიხილეს.
შეხვედრაზე მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– გზშ-ის ანგარიშის თავში N2 (საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა) მოცემული არ არის ინფორმაცია საწარმოს 500 მეტრიან საზღვარში მდებარე შპს „რუსთავის ფოლადზე“, რომელიც აგრეთვე არ არის გათვალისწინებული ფონურ დამბინძურებლად და ასახული არ არის კუმულაციურ ზემოქმედებაში. ამასთან, ტერიტორიის აღწერილობით ნაწილში უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტად განხილულია მდ. მტკვარი (2740 მეტრის მანძილზე), მაშინ როდესაც საწარმო მარის არხი ობიექტიდან დაცილებულია დაახლოებით 67 მ-ით;
– აღნიშნული პროექტის არატექნიკურ რეზიუმეში, გვ. N9-ზე წერია, რომ წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. ეს მოცემულობა არ შეესაბამება სიმართლეს, კომპანიას უკვე გავლილი აქვს სკოპინგის პროცედურა და ახლა გადის გზშ-ის ეტაპს, მოცემული დოკუმენტი კი წარმოადგენს გზშ-ის ანგარიშის დანართს;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ხმაურის თავში (N2.13.1) მოცემული მონაცემები ზოგადი სახისაა და წარმოადგენს კანონებსა და ტექნიკურ რეგლამენტებში არსებული ინფორმაციის დუბლირებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ საწარმოს გენ.გეგმაზე დატანილი არ არის ხმაურ წარმომქმნელი დანადგარები.
– გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საწარმო აგლომერაციის ხაზის გარეშე უკვე ფუნქციონირებს შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით, საინტერესოა ჩატარებული აქვს თუ არა კომპანიას ხმაურის მონიტორინგი უახლოეს მოსახლესთან და რა შედეგები იქნა მიღებული;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული არ არის სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, საწარმოსთვის ნედლეულის მომწოდებელი კონკრეტული კომპანიების შესახებ (ვისგან შემოდის, რა ინტენსივობით და რა პირობების დაცვით);
– როგორც გზშ-ის ანგარიშიდან ირკვევა, კირქვისა და კირის საფქვავი ხაზის დემონტაჟი განხორციელდა 2019 წელს. თუმცა, დოკუმენტაციაში აქტიურად ვხვდებით აღნიშნული ხაზის ტექნოლოგიური პროცესის, მტვერდამჭერი სისტემების, მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსის შესახებ ანალიზს, რაც არარელევანტურია და დოკუმენტში ართულებს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის ამოკითხვას;
– გზშ-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საწარმოში არ მოხდება ფეროსილიციუმის და ფეროქრომიდს წარმოება, რომელის ნებართვა გააჩნდა საწარმოს, მოხდება მხოლოდ ფეროსილიკომანგანუმის წარმოება. მიმართა თუ არა კომპანიამ სამინისტროს ფეროსილიციუმისა და ფეროქრომიდის წარმოებაზე გაცემული ნებართვის გაუქმების თაობაზე?
– გზშ-ის ანგარიშის თავში 3.3.1 (დაბინძურების წყაროები) ვკითხულობთ – „საწარმოს ფუნქციონირების ანალიზის საფუძველზე დადგინდა გარემოს უმთავრესი დამაბინძურებელი წყაროები: მომზადებისას დაზუსტდება“. გაუგებარია რის დაზუსტებაზეა საუბარი ან რის მომზადებისას დაზუსტდება, შესაბამისად გაურკვეველია წარმოდგენილი ინფორმაცია საბოლოოა თუ არა;
– გზშ-ის ანგარიშის თავში 4.1.1. ვკითხულობთ- „რაც შეეხება შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ცემენტის ქარხანას, საწარმოდან 500 მეტრიან რადიუსის ზონაში არ ხვდება შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს ცემენტის ქარხნიდან გაფრქვევის წყაროების წერტილები, 500 მეტრიან ზონაში ხვდება ქარხნის ის ტერიტორია, რომელშიც არ ფიქსირდება გაფრქვევის წყაროები“. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მონაცემების ელექტრონული გადამოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ციფრულ რუკაზეც კი ჩანს რომ საწარმოს ტერიტორიის საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 420 მეტრში, ხოლო შენობიდან დაახლოებით 480 მეტრში ხვდება შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული საწარმოს გაფრქვევის წყარო. რუკაზე ნათლად ჩანს, საწარმოდან გაფრქვეული მტვერი, რომელიც ქარის მიმართულების გათვალისწინებით პირდაპირ ვრცელდება შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ საკუთრებაში არსებული საწარმოსკენ. აღნიშნული საკითხი გზშ-ის ანგარიშში საჭიროებს კორექტირებას. ამასთან, ეს საკითხი გათვალისწინებული უნდა იყოს კუმულაციური ზემოქმედების ნაწილში, ფონურ გაფრქვევის წყაროდ.
– საგულისხმოა, რომ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ანგარიშში, ზდკ-ს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და არის ზღვართან ახლოს. ის ფაქტი, რომ კომპანიას გათვალისწინებული არ აქვს შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საწარმო როგორც კუმულაცია, ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სპეციალურად, რათა საწარმოს გაფრქვევები ჩამჯდარიყო ნორმაში და კუმულაციური ზემოქმედების თვალსაზრისით ადგილი არ ჰქონოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბებას; კონკრეტულად ეს ნაწილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და შესწავლას;
– გზშ-ის ანგარიშში სათანადო ყურადღება არ ეთმობა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე გაბატონებული ქარების მიმართულებას. როგორც ზემოთ წარმოდგენილი ორთოფოტოდან ჩანს, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საწარმოში წარმოქმნილი მტვერი პირდაპირ მოემართება შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ საწარმოსკენ და ვრცელდება სამხრეთით არსებული დასახლებული ზონისკენ. საგულისხმოა, რომ იმავე საწარმოო ზონაში აგრეთვე განთავსებულია შპს „რუსელოისის“ და სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ საწარმოები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხვდება საწარმოს 500 მეტრიანი ზონის გარეთ, ქარის მიმართულების გათვალისწინებით შესაძლოა განხილული იყოს როგორც დამატებით კუმულაციური ეფექტი;
– გზშ-ის ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება განხილულია როგორს „საშუალო“. რის საფუძველზე არის აღნიშნული შეფასება მოცემული? მაშინ როდესაც ზდკ-ს მაჩვენებელი ზღვართან საკმაოდ ახლოსაა და კუმულაციური საკითხებიც საჭიროებს კორექტირებას, კომპანიის მხრიდან ზემოქმედების ამგვარი შეფასება არარელევანტურია;
– გზშ-ის დოკუმენტაციიდან არ ირკვევა, მოწყობილია თუ არა საწარმოს ეზოში სანიაღვრე არხები; თუ არ არის მოწყობილი, რამდენად უსაფრთხოა ტერიტორიის მორეცხვის შედეგად წარმოქმნილი ნარეცხი წყლის გრუნტში გაშვება;
– გზშ-ის ანგარიშში არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, მოხდება თუ არა საწარმოს ტერიტორიის დატოვებამდე პროდუქციით დატვირთული ავტოტრანსპორტის ზედმეტი მტვრისგან გაწმენდა, რათა ტრანსპორტირების ეტაპზე შემცირდეს მტვრის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება;
– გზშ-ის დოკუმენტაციას თან არ ახლავს სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ ქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმების/კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ნარჩენების მართვის გეგმაში, წიდა განხილულია როგორც არასახიფათო ნარჩენი, თუმცა, წარმოდგენილი არ არის აღნიშნული წიდის ლაბორატორიულიკვლევის შედეგები;
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია განახორციელებს ნარჩენი წიდის რეალიზაციას სამშენებლო მიზნებისთვის საჭირო პროდუქციის დასამზადებლად. წიდის განთავსების და მართვის პრობლემა ყოველთვის აქტიურად იდგა, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ბევრი საწარმო აღნიშნავს, რომ უჭირთ მისი მართვა ან რეალიზაცია შესაბამისად საჭიროა შპს „ფერო ელოის ფროდაქშენმა“ გზშ-ის ეტაპზე წარმოადგინოს იმ მეწარმეების თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც აღნიშნულ წიდას შეიძენენ როგორც პროდუქტს და გამოიყენებენ საკუთარ წარმოებაში;
– გზშ-ის ანგარიშში ნარჩენების მართვის მნიშვნელოვნება შეფასებულია როგორც „საშუალო“. აღნიშნული ჩანაწერი გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ წიდის, როგორც ნარჩენის მართვა წარმოადგენს საწარმოების უმეტესობის უმთავრეს გამოწვევას;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული არ არის საწარმოს (კირქვისა (ფილერი) და კლინკერის დაფქვის წისქვილი) დემონტაჟის ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენების საკითხები, ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სკოპინგის დასკვნითაც იყო მოთხოვნილი.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ალტერნატივები არ არის სათანადოდ დასაბუთებული გარემოსდაცვითი მიმართულებით. ალტერნატივების განხილვის ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური სარგებელი, მაშინ როდესაც დიდი ნაწილი უნდა ეთმობოდეს იმას, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს საქმიანობა, კონკრეტულად შერჩეულ ტერიტორიაზე გარემოსთვისა და უახლოესი მაცხოვრებლებისთვის უკეთესი. ამასთან, არაქმედების ალტერნატივის პირველი აბზაცი ფაქტობრივად არ იკითხება. გაუგებარია რა კავშირი აქვს ნულოვან ალტერნატივას იმასთან, რომ ქვეყანაში მიღებული ნორმატივების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიმართ დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილება დაკავშირებულია ისეთი ტექნიკური დანადგარებისა და საშუალებების შეძენასთან, რომელთა ღირებულება და ექსპლუატაციის პირობებში მათი განახლება-პროფილაქტიკა საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
– გზშ-ის ანგარიშის მე-14 თავში აღნიშნულია, რომ „ამ ღონისძიებებმა ძირითადად გამოავლინა მოსახლეობის დაინტერესება შესაძლებელი დასაქმების თვალსაზრისით, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობისათვის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გარემოსდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა“ – რას ეყრდნობა ეს ჩანაწერი? ჩაატარა თუ არა კომპანიამ შესაბამისი გამოკითხვა ქ. რუსთავის მოსახლეობასთან ან შეხვდა თუ არა უახლოესი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს, ვისთან კომუნიკაციის შედეგადაც გამოიკვეთა აღნიშნული დამოკიდებულება პროექტის მიმართ?;
– გზშ-ის ანგარიშის მე-14 თავში, სადაც მოცემული უნდა იყოს სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებზე რეაგირების საკითხი, იკითხება ზოგადი და გაურკვეველი ინფორმაცია. დოკუმენტში არ არის ასახული საჯარო განხილვის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნების მონახაზი და მათზე გაცემული პასუხები;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი არ არის შეუქცევი ზემოქმედების შეფასება და მისი აუცილებლობის დასაბუთება;
– გეგმავს თუ არა კომპანია ქალაქისთვის რაიმე გარემოსდაცვით ღონისძიების ჩატარებას, მაგ. გამწვანებას?
– გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს უკვე გააჩნია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ფუნქციონირებს, აუცილებელია შემოწმდეს ის თუ რამდენად შეასრულა კომპანიამ სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები და მხოლოდ შემდგომ გაიცეს ახალი გადაწყვეტილება. ამის აუცილებლობა არსებობს, რადგან ქ. რუსთავის პროექტებზე ძალიან ხშირია, როდესაც დოკუმენტურად (გზშ-ის და ზდგ-ის ანგარიშებში) გაფრქვევების ნაწილში ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა რეალობა სხვაგვარია. არსებული საწარმოები ინტენსიურად არღვევენ სწორი ექსპლუატაციის პირობებს, არ იყენებენ სათანადო ფილტრებს და შესაბამისად ქალაქში ჰაერი მუდმივად დაბინძურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო დღეს ენდობა კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, კარგი იქნება ქ. რუსთავში, უკვე არსებული, ფუნქციური საწარმოების (რომლებიც ცვლიან ექსპლუატაციის პირობებს) გაფრქვევების გადასამოწმებლად ადგილზე გამოაგზავნით შესაბამისი კომპეტენციის ჯგუფი, რომელიც საკუთარი ხელსაწყოებით და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს და გადაამოწმებს საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებებს. ამით არამხოლოდ შესაძლებელი გახდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება, არამედ გარკვეულწილად შესაძლებელი გახდება შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ასახული იქნება შესაბამისი მონაცემები ქალაქის მსხვილი და შედარებით მცირე დამბინძურებლების შესახებ.
– აღსანიშნავია, რომ მოცემული გზშ-ის ანგარიში შესრულებული არ არის ხარისხიანად და წარმოადგენს უპატივცემულობას იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ ანგარიშს უნდა გაეცნონ და გაიაზრონ მისი შინაარსი. დოკუმენტაცია სრულიად გაუმართავი, როგორც ტექნიკურად, ისე გრამატიკულად, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მკითხველისთვის პროექტთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის აღქმას, მაგ. საწარმოსთვის გათვალისწინებული ფილტრების საკითხების ნათლად გაგებას. დოკუმენტში სხვადასხვა არარელევანტური ინფორმაციის ასახვა მიანიშნებს, რომ მომამზადებელი ცდილობს გაზარდოს გზშ-ის დოკუმენტის მოცულობა. კონსულტანტსა და კომპანიას უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტული და მარტივად გასაგები ინფორმაცია და დეტალები პროექტზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ არატექნიკურ რეზუმეზე. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარდგენა განსახილველად, აგრეთვე აფასებს კომპანიის დამოკიდებულებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.
– როგორც გზშ-ის ანგარიშის თავფურცელიდან ირკვევა, დოკუმენტი მოამზადა ფ/პ-მა გიული დარციმელიამ. ჩვენი ინფორმაციით, ბატონი გიული არის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, იმავე უწყების, რომელშიც ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი. ჩვენი მოძრაობის აზრით, ის ფაქტი, რომ უწყების თანამშრომელი ამზადებს გარემოსდაცვით სანებართვო დოკუმენტაციას და ნებართვის გასაცემად ამ დოკუმენტს იგივე უწყება იხილავს, წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტს და ბადებს კორუფციის საშიშროებას. ამასთან, აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია იყოს მიზეზი იმისა, რომ შესაბამისი დეპარტამენტი ითანხმებს მსგავსი ხარისხის დოკუმენტაციას. სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ თხოვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი ხარისხის დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით.
– სასურველია, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი შენიშვნები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი გამოგვეგზავნოს ჩვენც ან გვეცნობოს ამ ფაქტის შესახებ. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადებულია „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ვითხოვთ უფლებას სუფთა ჰაერზე“ ფარგლებში.
