18 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო შპს “აგლომერატის” ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების ქარხნის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვა, კომენტარებისა და შენიშვნების მომზადება.
შპს “აგლომერატი” გეგმავს, ქალაქ რუსთავში, ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების ქარხნის მოწყობა-ექსპლუატაციას, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს 66000 ტ/წელ აგლომერატს 7920 საათის განმავლობაში. ამ მიზნით, საწარმოო ტერიტორიაზე განთავსდება 8 შეცხობის 8 თეფში. აგლომერაციის პროცესში წარმოქმნილი აირმტვერნარევების გაწმენდისათვის ქარხანა ითვალისწინებს ორსაფეხურიანი მტვერდამჭერი სისტემის მოწყობას, რომლის ეფექტურობა შეადგენს 98%-ს. საწარმოს ფუნქციონირებისას გაიფრქვევა: არაორგანული მტვერი, მანგანუმის ორჟანგი, აზოტის დიოქსიდი, NO2, გოგირდის დიოქსიდი, SO2, ნახშირჟანგი, CO, ქრომი(Cr+6), თუთიის ოქსიდი, ტყვია და მისი ნაერთები, ნიკელი მეტალური, კადმიუმის სულფატი, დარიშხანი, სპილენძის ოქსიდი, ვერცხლისწყალი, სელენი, Se, რომლებიც წარმოადგენენ ჰაერის ძირითად დამაბინძურებელ ნივთიერებებს.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა დისტანციურად და მას უძღვებოდა სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” მიერ მოწვეული ტრენერი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ “გავიგუდეთ”-ის აქტივისტები, მოხალისეები, მოძრაობის მიერ უკვე განხორციელებული ტრენინგის მონაწილეები.
ტრენერმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა სკოპინგის ანგარიში, ხოლო შეხვედრის შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” დასაბუთებული შენიშვნები და კომენტარები გადაუგზავნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
უცვლელად გიზიარებთ შპს “აგლომერატის” სკოპინგის ანგარიშის შესახებ მოძრაობის “გავიგუდეთ” მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ კომენტარებსა და შენიშვნებს.
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების ქარხნის მოწყობა-ექსპლუატაცია დაგეგმილია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 02.05.03.420, რომელიც წარმოადგენს სს „საქმშენინდუსტრიას“ საკუთრებას. მონაცემების ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ტერიტორია წარმოადგენს შპს „აგლომერატის“ საკუთრებას (აღნიშნული აგრეთვე ნახსენებია, ტერიტორიის ალტერნატივების თავშიც, რაც არ შეესბამება სიმართლეს);
– სკოპინგის დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ზონიდან მანძილი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი) 2380 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიიდან დაახლოებით 490 მ-ში მდებარეობს სამგორის ტბა, რომელიც წარმოადგენს შპს „რუსთავის წყლის“ საკუთრებას;
– თავი 3.1 -ში (საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა), მოცემულია საკადასტრო კოდი 02.05.03.351 (მესაკუთრე სს „საქმშენინდუსტრია“), რომელიც არ ემთხვევა სკოპინგის შესავალ ნაწილში მოცემულ საკადასტრო კოდს. ამასთან, აღნიშნულ თავში მოცემული GPS კოორდინატები არ ემთხვევა შესავალ ნაწილში მოცემულ კოორდინატებს, რაც გაუგებარია;
– საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობის თავში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ფართობით 4944 მ2, ამასთან უახლოესი მოსახლე საწარმოს ტერიტორიიდან დაცილებულია 200 მეტრით, ხოლო მდ. მტკვარი 2800 მეტრით. სკოპინგის ანგარიშში მოცემულ სიტუაციურ გეგმაზე მანძილები დატანილია ს/კ 02.05.03.420-დან და ემთხვევა სკოპინგის შესავალ თავში წარმოდგენილ მანძილებს, შესაბამისად გაუგებარია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე მიდის მსჯელობა.
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო ტერიტორიიდან შპს „ა.ე. ტექსტილი“ 02.05.03.354 მდებარეობს დაახლოებით 170 მეტრში. ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მანძილი დაახლოებით 135 მეტრია. ამასთან, სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ს/კ 02.05.03.356-ის მქონე მიწის ნაკვეთი აგრეთვე წარმოადგენს შპს „ა.ე. ტექსტილის’’ საკუთრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ნაკვეთი არის შპს „რუსთავი ტექსტილის“ საკუთრება და დაგეგმილი საწარმოსა და აღნიშნულ ტერიტორიას შორის მანძილი დაახლოებით 150 მეტრია (აღნიშნული მანძილები შენიშვნისთვის გადაზომილია საკადასტრო კოდიდან – 02.05.03.420, რადგან სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილ სიტუაციურ გეგმაზე სწორედ აღნიშნული ნაკვეთია მანძილების საორიენტაციოდ გამოყენებული);
– სკოპინგის დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოო ტერიტორიიდან 360 მეტრში დასავლეთის მხრიდან მდებარეობს შპს „კონსტრუქციას“ ლითონის კონსტრუქციების წარმოების საწარმო, თუმცა ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მანძილი დაახლოებით 100 მეტრს შეადგენს;
– დოკუმენტის თანახმად, საწარმოო ტერიტორიიდან 420 მეტრში ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მდებარეობს შპს “Construction Service“-ს ლითონის კონსტრუქციების წარმოების საწარმო. ელექტრონული გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს მანძილი რეალურად 76 მეტრს შეადგენს;
– აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიიდან დაახლოებით 88 მეტრში მდებარეობს სს „გრდემლისა“ და შპს „რუსთავი გრდემლი მამიას“ (02.05.03.489), დაახლოებით 300 მეტრში შპს “EGE-ს (02.05.03.475), ხოლო დაახლოებით 290 მეტრში შპს „ნალან ჩამაშირ” (02.05.03.069) საკუთრებაში არსებული ობიექტი რაც საერთოდ არ არის ნახსენები სკოპინგის დოკუმენტში. ამასთან საგულისხმოა, რომ კუმულაციური ზემოქმედების სწორად შეფასებისთვის მოცემული უნდა იყოს აღნიშნული ობიექტების სპეციფიკა;
– სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის და დაზუსტებას საჭიროებს საწარმოში ინსტრუმენტული გაზომვის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის (ე.წ. თვითმოზომების) დაყენების და მათი ექსპლუატაციის საკითხები;
– ტექნოლოგიურ ალტერნატივებში აღნიშნულია, რომ მტვერდამჭერი სისტემის ჯამური ეფექტურობა არანაკლებ 99%-ის ტოლი იქნება, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური პროცესის აღწერასა და მტვერდამჭერი სისტემის ალტერნატიულ ვარიანტებში ორსაფეხურიანი მტვერდამჭერი სისტემის ჯამური ეფექტურობად სახელდება 98%;
– დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მტვერდამჭერი სისტემის შერჩევა უფრო მეტად მოხდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც მიუღებელია. წარმოებაში გამოყენებული მტვერდამჭერი სისტემები პირველ რიგში შერჩეული უნდა იყოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. შესაბამისად, მტვერდამჭერი სისტემის ალტერნატიული ვარიანტების განსახილველ თავში მოცემული უნდა იყოს თითოეული სახის მტვერდამჭერი სისტემის მახასიათებლები, მათი ხარისხი, ეფექტურობის, გამძლეობის მაჩვენებელი და ის თუ რამდენად ამცირებს გარემოსათვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს მისი გამართული ფუნქციონირება;
– ტექნოლოგიური ალტერნატივების ნაწილში არ არის განხილული კონკრეტულად რა ტექნოლოგიის/დანადგარების გამოყენება არის შესაძლებელი მსგავსი ტიპის საწარმოებში, გარდა იმისა, რასაც უკვე გეგმავს კომპანია;
– ტერიტორიის ალტერნატივებში მოცემულ ვარიანტზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მოსახლეობის სიახლოვე. საინტერესოა ახალი ტერიტორიის ათვისების გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარებული იყო თუ არა შესაბამისი საპროგნოზო გათვლები ატმოსფერული ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ადგილი ექნებოდა დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებას.
– ტერიტორიის შერჩევის ალტერნატივების თავში აღნიშნულია, სამომავლოდ იგეგმება შერჩეული საწაროო ტერიტორიის შპს „აგლომერატზე“ გადაცემა, თუმცა პირველ ეტაპზე დაიდება საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული საკითხი საჭიროებს კორექტირებას, რადგან ტერიტორია უკვე წარმოადგენს შპს „აგლომერატის“ საკუთრებას;
– ხმაურის გავრცელების შეფასება ზოგადია, რადგან მოცემული არ არის კონკრეტულად რომელი დანადგარებია ხმაურწარმომქნელი საწარმოში და გათვლებისთვის აღებულ წერტილში რამდენია ხმაურის დონე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმო გეგმავს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა გამახვილდეს სათანადო ყურადღება;
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები ჩავა ქ. რუსთავის სანიაღვრე სისტემაში, თუმცა სკოპინგის ანგარიშიდან არ ირკვევა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილია თუ არა სანიაღვრე სისტემა ან სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოქმნილი წყლის ტრანსპორტირებას.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოსადგენ ნარჩენების მართვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს ის კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული ნარჩენის მართვას საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში.
– გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტში სათანადოდ არ არის შეფასებული დაგეგმილი საწარმოს სიახლოევეს არსებული ობიექტები და მათი დანიშნულება, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებისა და კუმულაციური ზემოქმედების შეფასების თავში წარმოდგენილი ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა და შესაძლოა საჭიროებდეს კორექტირებას;
– დოკუმენტში განხილული არ არის სატრანსპორტო მოძრაობის გრაფიკი და მარშრუტი. უცნობია რა ინტენსივობით მოხდება დასახლებულ პუნქტებზე გავლით საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის ტრანსპორტირება და რომელ საათებში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ უნდა იმუშაოს 24 საათი, 330 დღე, დამატებით შეფასებას საჭიროებს ნედლეულისა და პროდუქციის აქტიური ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული პერიოდი;
– სკოპინგის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საწარმო იმუშავებს წელიწადში 330 დღე. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის კონტროლი თუ რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ კომპანიები ამ რეჟიმს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოება მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში), დოკუმენტაციაში განხილული უნდა იყოს დარჩენილი 35 დღე რა მიზნით იქნება გამოყენებული, კერძოდ იქნება ეს სარემონტო სამუშაოებისთვის საწარმოს გაჩერება თუ გათვალისწინებულია დასვენების დღეები;
– აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ. რუსთავის პროექტებზე ძალიან ხშირია, რომ დოკუმენტურად (გზშ-ის და ზდგ-ის ანგარიშებში) გაფრქვევების ნაწილში ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა რეალობა სხვაგვარია. არსებული საწარმოები ინტენსიურად არღვევენ სწორი ექსპლუატაციის პირობებს, არ იყენებენ სათანადო ფილტრებს და შესაბამისად ქალაქში ჰაერი მუდმივად დაბინძურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო დღეს ენდობა კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, კარგი იქნება ქ. რუსთავში თითოეული საწარმოს გაფრქვევების გადასამოწმებლად ადგილზე გამოაგზავნით შესაბამისი კომპეტენციის ჯგუფი, რომელიც საკუთარი ხელსაწყოებით და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს და გადაამოწმებს საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებებს. ამით არამხოლოდ შესაძლებელი გახდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება, არამედ გარკვეულწილად შესაძლებელი გახდება შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ასახული იქნება შესაბამისი მონაცემები ქალაქის მსხვილი და შედარებით მცირე დამბინძურებლების შესახებ.
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
პროექტი „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.
