ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ საწარმოო ზონაში ალბათ თვალში მოგხვდებოდათ სატრანსპორტო გზა, რომელიც იმდენად დაზიანებულია, რომ არათუ მძიმე სატრანსპორტო საშუალებების, ფეხით გავლის დროსაც კი მტვერდება.
როგორ შეიძლება გზა, რომელიც ერთი შეხედვით ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენდეს გავლენას? – დაზიანებული გზა, ისევე როგორც გაუმართავი საწარმოო პროცესი, მყარი ნაწილაკებით დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. ყოველდღიურად ამ გზაზე ათეულობით სატრანსპორტო საშუალება დადის, რომელთა ყოველი გავლა ამტვერების და შესაბამისად – უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების ჰაერში გაბნევის მიზეზია.
ამ მიმართულებით, დამატებით პრობლემას წარმოადგენს ქარიც.
მართალია, გარკვეული ტიპის საწარმოებს კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შერბილების მიზნით, მათგან გამომავალი სატრანსპორტო საშუალებების საბურავები უნდა გაიწმინდოს, თუმცა რა აზრი აქვს აღნიშნულ ქმედებას, თუ გზა, რომელზეც ტრანსპორტი გამოდის დაბინძურების ბევრად უფრო სერიოზული წყარო შეიძლება იყოს ვიდრე კონკრეტული საწარმოები?
ამ თემაზე რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. გამონაკლისი არც წინა საანგარიშო პერიოდის (2022 წლის ინვარი-ივნისი) პროგრესანგარიში იყო.
საინტერესოა, რომ სამოქმედო გეგმის აქტივობა 1.3.4 გულისხმობს მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირების მიზნით ქ. რუსთავში გზის საფარის გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე, გზის საფარის გაუმჯობესების მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს, თუმცა ამ მაჩვენებელში არ შედის რუსთავის საწარმოო გზის ის მონაკვეთი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 2022 წლის 19 აგვისტოს სამინისტროსაც კიდევ ერთხელ მივწერეთ, რომ „რუსთავში მტვრის მყარი ნაწილაკების გავრცელების უდიდეს წყაროს კვლავ წარმოადგენს საწარმოო ზონაში არსებული გზა, რომელიც მსუბუქი მანქანის გავლის დროსაც კი მტვერდება და ამძიმებს ქალაქში არსებულ მდგომარეობას. ვფიქრობთ, ეს გზა არის აუცილებლად მოსაწესრიგებელი.“ რეალურად ეს იქნებოდა ზიანის ერთ-ერთი პრევენცია, რადგან უკვე დამდგარი ზიანის შემარბილებელი მექანიზმები ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება. ამასთან, ამ გზასთან ძალიან ახლოს არის სოფელი თაზაქენდი და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მუდმივად ადგებათ ზიანი.
გზა მიეკუთვნება რუსთავის მუნიციპალიტეტს, შესაბამისად, აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთოს ქალაქის მუნიციპალიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ შესაძლებელი იქნება, ჩართოს იქ მდებარე საწარმოებიც.
სამინისტრომ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია: „ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან „გვაცნობეს, რომ ცენტრალური გზა საწარმოო ზონაში არის ასფალტირებული და მოწესრიგებული, შიდა გზები, უშუალოდ საწარმოებში მისასვლელი, ზოგი რეაბილიტირებულია ზოგის რეაბილიტაცია კი იგეგმება ეტაპობრივად.“
ეს პასუხი ჩვენთვის გასაკვირი იყო, რადგან 2022 წლის 10 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტს გავუგზავნეთ შემდეგი წერილი:
„გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ვის დაქვემდებარებაში შედის ქ.რუსთავის საწარმოო ზონაში არსებული სამანქანო გზა და შესაბამისად, სათანადო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, ვის ეკისრება აღნიშნული გზების კეთილმოწყობა.
ვგულისხმობთ ორ კონკრეტულ მონაკვეთს:
1) გზა შემდეგ საკადასტრო კოდებს შორის: 02.07.02.910 – 02.07.03.032
2) გზა მარის არხის გასწვრივ.“
წერილს თან დავურთეთ ფოტოც, თუ კონკრეტულად რომელ გზას ვგულიხმობდით.
ამ წერილზე რუსთავის მერიის პასუხიდან (15 აგვისტო) გავარკვიეთ, აღნიშნული მონაკვეთი მიეკუთვნება ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტს და გზის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
როგორც ხედავთ, ეს ორი ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ 3 სექტემბერს კვლავ მივწერეთ რუსთავის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება და როდის?
ასევე, რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვისას თუ იყო/არის გათვალისწინებული თანამშრომლობა საწარმოებთან, რათა სურვილის შემთხვევაში და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაინაწილონ გზების რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯები (ერთ-ერთი საწარმოს მეპატრონემ ჩვენ პირადად დაგვიდასტურა მზაობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ გზის მოწესრიგებაში).
მიუხედავად იმისა, რომ წერილის რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაგვიდასტურეს, რეგისტრაციიდან თვეზე მეტის შემდგომ (10 ოქტომბრის მდგომარეობით) მერიისგან პასუხი არ მიგვიღია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.
საინფორმაციო მასალა მომზადდა „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში.
