როგორც იცით, გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ხშირად ვუკავშირდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ვატყობინებთ დარღვევის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2022 წლის 5 ოქტომბერს, შპს „რუსთავის ფოლადიდან“ დაფიქსირდა, შესაბამისად, ამის შესახებ რამდენიმე მოქალაქისგან ეცნობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ჩვენ კი, ტრადიციისამებრ, დეპარტამენტის მხრიდან რეაგირების შესახებ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და თქვენც გიზიარებთ.
როგორც ირკვევა, ინსპექტირების დროს, ფოლადსადნობ საამქროში მიმდინარეობდა ფოლადის დნობის პროცესი, მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა 15 ტონა წარმადობის ორი ერთეული ელექტრორკალური ღუმელი, რომელთა ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი მავნე აირების ნაწილი გაიფრქვეოდა შენობის ღიობებიდან – არაორგანიზებულად, ხოლო ნაწილი, ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, პირდაპირი გაწოვით გაიფრქვეოდა ჰაერში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “რუსთავის ფოლადი”-ს მიმართ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმი, რომელიც განსახილველად გადაიგზავნა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში. დღეს არსებული მდგომარეობით, საქმე განხილული არ არის.
გარდა ამისა, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს „რუსთავის ფოლადს“ ისევ არ აქვს შესრულებული დეპარტამენტის 2022 წლის 26 ივლისის ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი რიგი ვალდებულებები:
– კომპანიამ 2022 წლის 26 ივლისის ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში არ უზრუნველყო ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროსთვის წარდგენა;
– ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან დაუყოვნებლივ არ დაუწყია საქმინაობის განხორციელებისას წარმოქმნილი ნარჩენების აღრიცხვა, დროებით უსაფრთხო განთავსება და გადაცემის კონტროლი. კერძოდ: კომპანიამ არ უზრუნველყო საწარმოო ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება; დაფიქსირდა სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ერთმანეთში შერევის ფაქტები; კომპანიას კუთვნილ ტერიტორიაზე არ განუთავსებია შესაბამისი ფერისა და მარკირების კონტეინერები.
კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან არათუ ერთი თვის ვადაში, 13 ოქტომბრის მდგომარეობითაც არ მიუმართავს სამინისტროსთვის საქმიანობის რეგისტრაციის მიზნით, 2-დან 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობასთან დაკავშირებით;
– საწარმოში მთელ რიგ უბნებზე, ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობებზე დარღვეულია ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე დანადგარების, მილგაყვანილობების, ბუნკერებისა და მილტუჩა შეერთებების ჰერმეტულობა, კერძოდ, ფოლადსადნობ საამქროში ციცხვ ღუმელზე და უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარზე ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაორგანიზებული გაფრქვევის ფაქტები.
2022 წლის 5 ოქტომბერს შესული ზარის საფუძველზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფოლადსადნობ საამქროში მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა ორი ფოლადსადნობი ღუმელი, რომლებიც არ იყო აღჭურვილი აირმტვერდამჭერი სისტემით და მავნე ნივთიერებების შემცველი აირები ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, პირდაპირი გაწოვით, გაიფრქვეოდა ატმოსფეროში.
– კომპანია არ უზრუნველყოფს ლითონის ჯართის შემოწმებას ფეთქებად-საშიშროებაზე; შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი ფეთქებად-საშისროებაზე ლითონის ჯართის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ჯართი განთავსებულია არა მხოლოდ სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილებზე, არამედ საწარმოო ტერიტორიის სხვადასხვა უბნებზე.
– კომპანია არ უზრუნველყოფს საწარმოში მუშა-მოსამსახურეების სპეც-ტანსაცმლით და მტვრისა და ხმაურის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვას. ინსპექტირებისას საწარმოში მუშა-მოსამსახურეების ნაწილი მუშობდა სპეც-ტანსაცმლის გარეშე.
როგორც ვხედავთ, შპს „რუსთავის ფოლადი“ არის არამხოლოდ მსხვილი დამაბინძურებელი, არამედ უპასუხიმგებლო საწარმო, რომელიც არ ასრულებს კანონით დადგენილ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნებს და საკუთარი პერსონალის უსაფრთხოებაზეც კი არ ზრუნავს.
შეგახსენებთ, რომ საწარმოში ახალი, 35 ტ/სთ წარმადობის ღუმელი ერთ წელზე მეტია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ფუნქციონირებს, კომპანიის წარმომადგენლობა კი ამ ფაქტს ‘სატესტო რეჟიმში’ ფუნქციონირების არგუმენტით ნიღბავს და არ ამუშავებს შესაბამის ფილტრებს, რადგან რატომღაც მხოლოდ ფილტრების ამოქმედებაზე ელოდება სამინისტროსგან გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.
