დღეს, 7 ივნისს, რუსთავის მერიაში სს „რუსთავოილის“ 100 მ3 ზე მეტი მოცულობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, თხევადი აირის მიწისზედა საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის შესახებ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას მერიაში ჩვენი გუნდის გარდა ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს (გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, მოხარულები ვართ, რომ განხილვას ჩვენთან ერთად დაესწრო და აქტიურად ჩაერთო მოქალაქე, რომელმაც საჯარო განხილვის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო. საჯარო განხილვის შესახებ ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად, წინასწარ აცნობა მოსახლეობას.
საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის მიზანს წარმოადგენს ბიტუმის მიღება მაზუთიდან და გუდრონიდან.
დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს მაზუთის გადამუშავების ხაზზე დამატებითი რეზერვუარების და სხვა ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაციაში მიღებას, ასევე ორი ახალი ტექნოლოგიური ხაზის ექსპლუატაციაში შეყვანას, კერძოდ: ნათელი ნავთობპროდუქტების საცავის, საერთო მოცულობით 10000 მ3 და თხევადი გაზის საცავის, საერთო მოცულობით – 4600მ3. დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალტერნატიულ საწვავად ნამუშევარი ზეთის გამოყენებას.
გადასამუშავებელი მაზუთის წლიური რაოდენობა ტოლი იქნება 960000 ტონის, ხოლო გუდრონის რაოდენობა – 480000 ტონის.
– ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე
საწარმოს ფუნქციონირების პროცესში ადგილი აქვს საწარმოს უბნებზე მავნე ნივთიერებათა წარმოქმნას და გაფრქვევას ატმოსფეროში.
გაფრქვევის წყაროებს წარმოადგენენ:
ბენზინის უბანი – რეკუპერაციის დანადგარი (ბენზინის მიღება/გაცემის ოპერაციების წარმოებისას);
დიზელის უბანი – რეზერვუარები, დიზელის ავტოცისტერნებზე გაცემის უბანი, დიზელის ვაგონცისტერნებზე გაცემის უბანი.
მაზუთის, ზეთების და ბიტუმის უბანი – ნავთობპროდუქტების მიღება/შენახვა/გაცემის უბნები, საქვაბე დანადგარები, ბიტუმის და ზეთების გასაცემი სვეტები.
თხევადი გაზის უბანი – ვაგონცისტერნებიდან თხევადი აირის გასაცემი ადგილი, გათხევადებული აირის საცავიდან ავტოცისტერნებში ჩატვირთვის ადგილები.
გთავაზობთ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის მიერ საჯარო განხილვაზე გაჟღერებულ კითხვებსა და საკითხებს:
– პირველ რიგში, ჩვენს გუნდს აინტერესებდა შპს „სერპენსისა“ და სს „რუსთავოილის“ საქმიანობებსი განაწილების საკითხი, ვინაიდან 2023 წლის 26 იანვარს გაიმართა შპს „სერპენსის“ პრეზენტაცია და როგორც მაშინ გახდა ცნობილი, სერპენსმა დაიწყო რუსთავოილის რებრენდინგის საფუძველზე ფუნქციონირება. ამასთან დაკავშირებით, გასულ წელს სამინისტროსთან დავაზუსტეთ იყო თი არა რაიმე გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ნებართვა საქმიანობის „რუსთავოილიდან“ „სერპენსზე“ გადაცემის შესახებ. როგორც სამინისტროს პასუხიდან გაირკვა „სერპენსზე“ არ იყო არანაირი გადაწყვეტილება გაცემული, ხოლო რუსთავოილს რაც შეეხება, მანამდე არსებული (N2-949) ბრძანებით გაცემული გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებდა რუსთავოილი.
ეს საკითხი დავაზუსტეთ დღეს „რუსთავოილის“ წარმომადგენლებთან და გაირკვა, რომ გასულ წელს კომპანიის წილში შემოსვლას გეგმავდა ახალი მეწილე და ამ მიზეზით გადაერქვა კომპანიას „სერპენსი“; თუმცა მეწილის შემოსვლის საკითხი მალევე შეჩერდა და საწარმო, ძველებურად, „რუსთავოილის“ სახელითა და საქმიანობით განაგრძობს ფუნქციონირებას.
– ასევე, დავაზუსტეთ ეხება თუ არა საწარმოს თვითმონიტორინგის ვალდებულების შესრულება.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ვალდებულება დაგეგმილ საქმიანობას შეეხება, თუმცა ამ საკითხს კომპანია გზშ ეტაპზე დააზუსტებს.
– გავარკვიეთ შლამსაცავიდან ამოღებული შლამის შემოწმების საკითხი, კერძოდ, რამდენად საკმარისია ვიზუალური დათვალიერება, როგორც ეს სკოპინგის ანგარიშში იყო ნახსენები.
როგორც განგვიმარტეს, ვიზუალური დათვალიერება მხოლოდ შლამის რაოდენობრივ მახასიათებელს ეხება; თუმცა ხარისხობრივ მახასიათებელზე მითითებული არ ყოფილა.
საჯარო განხილვის შემდეგ ჩვენი გუნდი საწარმოს ტერიტორიაზეც იმყოფებოდა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის დეტალებს.
იხილეთ საწარმოს ფოტოები დღევანდელი ვიზიტიდან: