დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტზე გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
განხილვა რუსთავის მერიაში გაიმართა და ჩვენი გუნდის გარდა ესწრებოდნენ, საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
შპს „ჯეოენტერპრაიზ“-ს დაგეგმილი აქვს არსებულ მეტალურგიულ საწარმოში, ტიტანის ჯართისაგან აწარმოოს ფეროტიტანის შენადნობი. ასევე ფეროქრომის, ფეროვანადიუმის და ფეროტიტანის წარმოება ციცხვიღუმელში, ალუმინოთერმიის მეთოდით.
ალუმინოთერმიით მისაღები ფეროშენადნობების წარმოების ხაზის განთავსება დაგეგმილია არსებული საწარმოს სამხრეთ-დასავლეთით, არსებულ სასაწყობე შენობაში, რომლის მშენებლობა განხორციელდა კომპანიის მიერ.
სასაწყობე ფართში დამონტაჟდება ერთი სადნობი განყოფილება, სადაც დნობა განხორციელდება ციცხვი ღუმელში.
ამ მეთოდით საწარმო გეგმავს 3 სხადასხვა ფეროშენადნობის მიღებას: ფეროქრომი, ფეროვანადიუმი და ფეროტიტანი, რომელთა წარმოება გათვალისწინებულია ერთიდაიმავე ტექნოლოგიურ ხაზზე (ერთ-ერთი რომელიმე), მოთხოვნის შესაბამისად.
ექსპლუატაციის პირობების შეცვლის შემდეგ არსებული საწარმოს ტერიტორიაზე დაემატება ალუმინის ფხვნილის მიღების დანადგარი და ნადნობისაგან (თუჯი/ფოლადი) ცილპეფსის ბურთების ჩამოსხმის დანადგარი.
გზშ ანგარიშზე კითხვებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა დოკუმენტი გუშინ, 3 დეკემბერს, მოწვეულ ტრენერთად ერთად განიხილა. ეს კომენტარები გავუგზავნეთ სამინისტროსაც და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– როგორც სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, ჯართის ჭრა მიმდინარეობს ღია სივრცეში, შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც აღნიშნული პროცესის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილ არაორგანიზებულ გაფრქვევის მახასიათებლებზე, ისე ხმაურის გავრცელების კუთხითაც; ამასთან, აღსანიშნავია, რომ გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ ფოტოზე, ჯართის დამუშავების უბანი საკმაოდ მოუწესრიგებელია;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 5.4. (ტექნოლოგიური პროცესის აღწერა) აღნიშნულია, რომ საწარმოში შესაძლებელია დაინერგოს ჯართის პლაზმური ჭრის მეთოდიც, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ პრესმაკრატელი და აირული ჭრის დანადგარი მოეწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯართის ჭრა მიმდინარეობს ღია სირვცეში, რის შედეგადაც ზიანი ადგება გარემოს სხვადასხვა რეცეპტორს, სასურველი იქნებოდა გზშ-ის ანგარიშში უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო მოცემული პლაზმური ჭრის მეთოდის შესახებ და განხილული ყოფილიყო როგორც ერთ-ერთი ტექნოლოგიური ალტერნატივა;
– გზშ-ის ანგარიშში თავი 5.8 (ნარჩენები) აღნიშნულია, რომ წიდის შემადგენლობის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტალურგიული პროცესებიდან მიღებული წიდა არ შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს, მისი შემადგენლობით წარმოადგენს ცემენტის წარმოებისათვის სასარგებლო დანამატს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიის მიერ წიდა არ განიხილება როგორც ნარჩენი, მისი რეალიზაცია ხდება ცემენტის მწარმოებლებზე. თუმცა ამავე დოკუმენტის 6.7 თავში, ისევე როგორც შესაბამის ცხრილში მითითებულია, რომ მეტალურგიული წარმოების შედეგად მიღებული წიდა გადაეცემა შპს „სანიტარს“, შესაბამისად აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას;
როგორც საჯარო განხილვაზე დაზუსტდა, ეს ეხება ფილტრის მტვერს. ამიტომ სამინისტროსთან გასაგზავნს ვერსიაში ეს კომენტარი ამოვიღეთ.
– დოკუმენტის 6.6.2 თავში აღნიშნულია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები ჩაშვებული იქნება რუსთავის სანიაღვრე წყლების კოლექტორში. ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე დაფიქსირდა, რომ ქ. რუსთავს მსგავსი სანიაღვრე სისტემა არ გააჩნია შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან სასურველია დაზუსტდეს რეალური მდგომარეობა;
– დოკუმენტში მოცემული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თავში ინდიკატორად აღებულია 2021 წელს ქ. რუსთავში ჩატარებული არმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები. სასურველი იქნებოდა აღებულიყო უფრო ახალი მონაცემები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ატმ. ჰაერში ტყვიის საშუალო კონცენტრაციის მაჩვენებლის სადემონსტრაციოდ;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ნულოვანი (არაქმედების) ალტერნატივა დასაბუთებული არ არის გარემოსდაცვითი კუთხით. ძირითადი დასაბუთება ეთმობა ეკონომიკურ სარგებელს, ამასთან ალტერნატივების თავში ნახსენებია ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რომელიც უნდა ასახავდეს როგორც დანაკარგის, ისე სარგებლის კონკრეტულ ციფრებს, რაც დოკუმნეტში მოცემული არ არის;
– გზშ-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს ხეების დარგვას დასახლებული პუნქტის მიმართულებით. სასურველია აღნიშნული საკითხი დაფიქსირდეს გადაწყვეტილებაში პირობის სახით;
– კუმულაციური ზემოქმედების თავში აღნიშნულია, რომ საწარმოს მიმდებარედ არსებული შპს „ბაზალტ ფაიბერის“ გარემოსაცვითი დოკუმენტაციის მოძიება ვერ მოხდა, შესაბამისად ეს კონკრეტული ობიექტი გათვალისწინებული არ იქნა კუმულაციური გათვლებში. სასურველია გაირკვეს ამ კომპანიის საქმიანობის სახე, მოძიებულ იქნას თუნდაც ინვენტარიზაციის ანგარიში და გათვალისწინებულ იქნას მონაცემები კომპანიის მიერ ჩატარებულ გათვლებში;
როგორც საჯარო განხილვაზე საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელმა ახსენა, სამინისტროსაც არ აქვს ამ საწარმოს დოკუმენტაცია, რადგან არაფერი აქვთ სამინისტროსთან შეთანხმებული.
შესაბამისად, განხილვაზე ვთხოვეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაეზუსტებინა ნამდვილად ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ფუნქციონირებს თუ არა ეს საწარმო. მსგავსი ფაქტი არის დაუშვებელი და კუმულაციური ზემოქმედებაც შესაბამისად არასწორად გამოთვლილი გამოდის.
– გზშ-ის ანგარიშში, სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზის თავში, წარმოდგენილი არ არის საჯარო განხილვაზე წამოდგენილი შენიშვნებისა და კითხვების შეფასება;
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გზდ-ის ინსპექტირების შდეგად საწარმოში დარღვევები გამოვლენილი არ ყოფილა. სასურველი იქნებოდა, რომ გზშ-ის ანგარიშში მოცემული ყოფილიყო ინსპექტირების დოკუმენტი დანართის სახით, რათა დაინტერებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონოდა ამ ინფორმაციის ნახვის;
– სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებში არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზების დუბლირება.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის მოსაზრებებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც მითითებულ მეილზე: gavigudet@gmail.com
იხილეთ საწარმოს ფოტოები:
