29 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ.რუსთავის მერიაში კირის საწარმოს – შპს „ელბა ექსპორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის, რუსთავის მერიისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი)
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კირისა და კომბინირებული სასუქის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს ორი ერთეული შენობის მშენებლობას დამხმარე ინფრასტრუქტურით.
საწარმოო პროცესი დაგეგმილია წელიწადში 300 დღე 24 სთ სამუშაო გრაფიკით, სადაც დასაქმებული იქნება 150 მუშა მოსამსახურე. წელიწადში დაგეგმილია 86400 ტ კომბინირებული სასუქის და 45000 ტ კირის წარმოება.
ქარხანაში მოხდება სხვადასხვა სახის კომბინირებული სასუქის წარმოება და ეს იქნება დამოკიდებული წლის კონკრეტულ პერიოდში, რომელი სასუქი არის მოთხოვნადი.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა განიხილა აღნიშნული ანგარიში, ჩვენი მოსაზრებები, საჯარო განხილვაზე გაჟღერების შემდეგ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– ანგარიშში წარმოდგენილი არქმედების ალტერნატივა არ არის სათანადოდ დასაბუთებული გარემოსდაცვითი მიმართულებით. ალტერნატივების განხილვის ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური სარგებელი, მაშინ როდესაც დიდი ნაწილი უნდა ეთმობოდეს იმას, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს საქმიანობა, კონკრეტულად შერჩეულ ტერიტორიაზე გარემოსთვისა და უახლოესი მაცხოვრებლებისთვის უკეთესი.
– ტექნოლოგიურ ალტერნატივაში ნახსენებია, რომ კირის გადამუშავება განიხილება მხოლოდ ნახშირ-ანტრაციით, მაშინ როდესაც, ცნობილია, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ბუნებრივი აირის გამოყენება ბევრად უფრო მიზანშეწონილია. სასურველია ანგარიშში წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია იმისშესახებ, თუ რა გარდაუვალობით შეიძლება იყოს გამოწვეული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არაუპირატესი მეთოდის გამოყენება. ასევე, რა პრევენციული ღონისძიებები იგეგმება, უარყოფითი გავლენის შესამცირებლად?
– სასურველია, გზშ ანგარიშში დაზუსტდეს ტრანსპორტირების გეგმა-გრაფიკი, დღის რომელ მონაკვეთში/რომელ საათებში მოხდება ნედლეულის შემოტანა და პროდუქციის გატანა?
– დოკუმენტში, ზოგადი მიმოხილვის თავში მითითებულია, რომ წელიწადში დაგეგმილია 86400 ტ კომბინირებული სასუქის წარმოება, ხოლო თავი 2.2.2-ში (კომბინირებული სასუქის წარმოება) მითითებულია, რომ „საპროექტო მონაცემებზე დაყრდნობით წლის მანძილზე დაგეგმილია 87600 ტონა (NPK) კომბინირებული სასუქის წარმოება“ – შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებს წარმოებული პროდუქციის ზუსტი რაოდენობა.
– ვფიქრობთ, რომ დოკუმენტში ბევრი, ანგარიშისთვის არარელევანტური ინფორმაციაა მოცემული, რაც სცდება დოკუმენტის ფოკუსს მაგალითად, ანსამბლ „რუსთავის“ ან პირველი ბიბლიოთეკის შექმნის თარიღი ან რუსთავის მუზეუმში განთავსებული ექსპონატების შესახებ ინფორმაცია.
– დოკუმენტში არაა მოცემული ინფორმაცია ოფისისა და ავტოსადგომის მოწყობის / მშენებლობის სამუშოების შესახებ.
– საინტერესოა საწარმო თუ გააჩნია მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და მისი მართვის შესაბამისი ნებართვა?
– სასურველია, გზშ დოკუმენტში დეტალურად იყოს აღწერილი ექსკავირებული ფუჭი ქანების მართვის საკითხები – სად/რა პირობებში განთავსდება? ჩატარდება თუ არა ლაბორატორიული კვლევა ამ ქანებში სახიფათო ნივთიერებების არსებობის დასადგენად? არის თუ არა გათვალისწინებული, რომ აღნიშნული ნარჩენი გადაეცეს შესაბამისი ნებართვის მქონე კოპანიას?
– გზშ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სახიფათო ნარჩენების დროებითი დასაწყობების ობიექტი.
– სასურველია, გზშ ანგარიშში დაზუსტდეს, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდება საწარმოში, რომ ნედლეულის მიმღები ღია ტიპის ბუნკერიდან არ მოხდეს ამტვერება და ნედლეულის გარემოში გაფანტვა?
საწარმოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გზშ ეტაპზე დაზუსტება პრევენციული ღონისძიებების ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაცია მანქანიდან ნედლეულის ბუნკერში გადმოყრის სიმაღლისა და სიჩქარის შესახებ.
– მითითებული არაა მეზობლად არსებული საწარმოები (შპს „ჯეო ლიდერი“, შპს „ავტომატიკა“, შპს „პოლივიმი“, შპს „თემა“, შპს „ქიმბოჩკო“) რა მანძილებითაა დაშორებული შპს „ელბა ექსპორტიდან“. კუმულაციურ ზემოქმედებაში აღნიშნულია, რომ „უშუალოდ საპროექტო საწარმოს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის წყაროებიდან მიმდებარე 500 მ-იანი ნორმირებული ზონის ფარგლებში არ მდებარეობს სხვა საწარმოების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის წყაროები“ – თუმცა ამის ამსახველი დამადასტურებელი მონაცემები მოცემული არაა.
– დოკუმენტში არაა მოცემული ნარჩენების მართვის გეგმა, ასევე არაა მოწოდებული ინფორმაცია ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების შესახებ.
– ვინაიდან რუსთავში მასშტაბურად იზრდება წარმოებების რაოდენობა, ქალაქში დატვირთვის ნორმის დადგენამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, ახალი საწარმოს დამატება, ვინაიდან, ვთვლით, რომ ქალაქში ძალიან იზრდება კუმულაციური ზემოქმედება. ასევე, ვფიქრობთ, შესწავლილი უნდა იყოს რამდენად არის დაშვებული ქალაქთან ასე ახლოს სასუქების წარმოება.
– საწარმოო პროცესში განხილულია გოგირდმჟავას შესხურება, რაც, ვფიქრობთ, მძაფრი უსიამოვნო სუნის გარცელებას გამოიწვევს დასახლებულ არეალში.
კომპანიის წარმომადგენლების პასუხიდან ირკვევა, რომ წამში გაიფრქვევა გოგირდმჟავას ძალიან მცირე დოზა (დაახ. 0.00092), ამიტომ სუნის გავრცელების საფრთხე არ არის.
– დოკუმენტში, აღწერილია გრანულირებული სასუქის გაცხელება-გაცივების პროცესი, ამ პროცესისას ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილ ორთქლს თან გამოჰყვება მავნე ნივთიერებებიც. სასურველია, დაზუსტდეს ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ამ მავნე ნაერთების გავრცელებას შეუშლის ხელს.
როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, ორივე (კირის და კომბინირებული სასუქის) საწარმოზე დამონტაჟდება მაღალი ეფექტურობის ასპირაციული სისტემები. ასევე, არსებობს არაორგანიზებული გაფრქვევის წყაროები, თუმცა იგეგმება მათი ციკლონის (აირმტვერდამჭერი მოწყობილობა) ქვეშ გაერთიანება; ეს დეტალები კი დაზუსტდება გზშ ეტაპზე.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით
