19 დეკემბერს დასრულდა ჩვენი სამწლიანი ბრძოლა სასამართლოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ. მათ უმოქმედობისთვის ვუჩივლეთ.
11 რუსთაველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, კერძოდ კი, მოსამართლე დავით წერეთელმა.
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდეც, ამ ბრძოლამ სასარგებლო შედეგები მოიტანა, რადგან სხდომებს შორის პერიოდში მოპასუხე მხარე, იმის წარმოჩენის მიზნით, რომ უმოქმედოდ არ იყო, ცდილობდა, რომ გარკვეული ვალდებულებები უკეთ შეესრულებინა, რაც საბოლოოდ, ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მიზანი იყო.
სარჩელი 2022 წლის იანვარში შევიტანეთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვუჩივლეთ უმოქმედობისთვის და დაზუსტებული სახით ჩვენი მოთხოვნები ასე გამოიყურება:
1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეკისროთ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელეებისთვის უმოქმედობით ჯანმრთელობისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც განისაზღვროს თითოეულისთვის 3000 (სამი ათასი) ლარით.
2) ამ უწყებებს დაევალოთ უზრუნველყონ ქ. რუსთავში მდებარე საწარმოების კანონის მოთხოვნათა ფარგლებში ფუნქციონირება, კერძოდ: ყველა ის საწარმო, რომელსაც კანონი ავალდებულებს აირმტვერმჭერი და მავნე ნივთიერებათა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემით ფუნქციონირებას, ფუნქციონირებდეს აირმტვერდამჭერი და ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემით.
3) ამ უწყებებს დაევალოთ უზრუნველყონ ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაბამისობა კანონით დადგენილ სტანდარტებთან. ამ მიზნით:
სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობით 14 დღის ვადაში ჩაგვბარდება და უფრო მეტ და დაზუსტებულ დეტალს ამის შემდგომ გაგიზიარებთ, თუმცა, ამ ეტაპზე გეტყვით, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა მეორე და მესამე მოთხოვნები.
მოსამართლემ განმარტა, რომ ჯანმრთელი გარემოს უფლება დაცულია როგორც კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტებით, რაც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უზრუნველყოს ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამისათვის განახორციელოს შესაბამისი ქმედითი, ეფექტური ღონისძიებები. რუსთავში ჰაერის ხარისხის კუთხით მძიმე მდგომარეობაა, თუმცა წლების განმავლობაში გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარებული ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნები დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, სასამართლომ ვერ დაადგინა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და მოსარჩელეების ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. მოსამართლის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ფსიქიატრის დასკვნა შფოთვის შესახებ, არ იყო საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეებს მიადგათ კონკრეტული ზიანი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთი ზიანი უნდა იყოს ხელშესახები და აღწევდეს ინტენსივობის გარკვეულ დონეს, რაც ამ შემთხვევაში არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, ზიანის ნაწილში, სასამართლო არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნები მოიცავს შემდეგს:
დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ 11 მოსარჩელეს, რომელთაც გაიაზრეს სუფთა ჰაერისთვის ბრძოლის მნიშვნელობა და ჩაერთნენ ამ პროცესში; მადლობა სახალხო დამცველის ოფისს – მათ 2022 წელს, ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, მოამზადეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს სასარჩელო მოთხოვნების სამართლიანობა. უდიდესი მადლობა ჩვენს იურისტს, ციალა რატიანს და ყველა ჩართულ მხარეს.
ამ დროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ეს ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების და დასავლური ფონდების დახმარების გარეშე. სამართლებრივი ბრძოლა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და სხვა მხარდაჭერაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ მიმართულებითაც დაგვეხმარნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი სამოქალაქო სექტორი უწყობს ხელს ჩვენი უფლებების რეალიზებას როგორც გარემოსდაცვითი, ისე სხვა მიმართულებით. და ისიც სულ გვახსოვდეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი!
