19 აგვისტოს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ.რუსთავის მერიაში ცემენტის საწარმოს – შპს „გია 2019“-ის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
გზშ ანგარიში ეხება საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, კერძოდ, კომპანია გეგმავს დამატებით ახალი 15 ტ/სთ წარმადობის სეპარაციული წისქვილის მონტაჟს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს წელიწადში 340 დღის განმავლობაში და, შესაბამისად, დამატებით მიიღება 122, 400 ტონა ცემენტი.
ასევე, ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შემდეგ საწარმოში დამატებით ხუთი ცალი სილოსი მოეწყობა, რომელთაგან თითოეულის ტევადობა იქნება 120 ტონა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა განიხილა აღნიშნული ანგარიში, ჩვენი მოსაზრებები, საჯარო განხილვაზე გაჟღერების შემდეგ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ. ჩვენს ზოგიერთ კითხვაზე კი პასუხი საჯარო განხილვისასვე დაზუსტდა.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
გთავაზობთ ჩვენ მიერ შეხვედრაზე დასმულ და გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ კომენტარებს:
– საწარმოში უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გზშ ანგარიშში მოწოდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საწარმოს 1 აგვისტომდე უნდა მიეღო მონიტორინგის სისტემა. საინტერესოა, რა ეტაპზეა ახლა ამ სისტემის მონტაჟი?
როგორც საწარმოს წარმოამდგენლების წასუხიდან ირკვევა თვითმონიტორინგის სისტემა უკვე ჩამოსულია და თვის ბოლომდე დამონტაჟდება.
– საწარმოს გენ-გეგმაზე დატანილი არაა სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი ხმაურის წყაროები და კანალიზაციის სქემა. ასევე, ხმაურის გავრცელების შეფასება ზოგადია და მოცემული არაა კონკრეტულად რომელი დანადგარებია საწარმოში ხმაურწარმომქმნელი.
– გზშ-ში წარმოდგენილი არქმედების ალტერნატივა ძირითადად ემსახურება ეკონომიკური სარგებლის წარმოჩენას და სათანადოდ არაა დასაბუთებული გარემოსდაცვითი მიმართულებით. ასევე, ანგარიშიდან არ ირკვევა, წარმადობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარებული იყო თუ არა შესაბამისი საპროგნოზო გათვლები ატმოსფერული ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ადგილი ექნებოდა ან არ ექნებოდა დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებას. ალტერნატივების მოცემული მეთოდებით განხილვა, დოკუმენტაციაში არ იძლევა რაიმე სახის ინფორმაციას.
– ავტომობილების მოძრაობის მარშრუტზე ქ. რუსთავის მერიასთან შეთანხმების წერილში მითითებულია, რომ „ღერძზე დატვირთვა უნდა იყოს არაუმეტეს 10 ტონისა“, თუმცა პარაგრაფი 4.10-ში (ზემოქმედება ნედლეულის/პროდუქციის ტრანსპორტირებისას) ნახსენებია, რომ საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის რაოდენობა შეადგენს 480 ტონას დღეში, ხოლო ნედლეულის მისაღებად განხორციელდება 14-15 გადაზიდვა. ცალსახაა, რომ გადაზიდვების ეს რაოდენობა არღვევს მერიის წერილში მითითებულ მაქსიმალურ დასაშვებ დატვირთვას.
როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, ანგარიშში მითითებული 480 ტონა წარმოადგენს საჭირო ნედლეულის მაქსიმალურ რაოდენობას, თანაც ღერძის დატვირთვა არ გულისხმობს თავად ავტოტრანსპორტის დატვირთვას – შესაძლოა, გადასაზიდად გამოყენებული ტრანსპორტი იყოს 3 ღერძიანი და თითოეულის ტევადობა წარმოადგენდეს 10 ტონას.
– დაზუსტებას საჭიროებს მყარი/სახიფათო ნარჩენების გატანის ინტენსივობა და პირობები; ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიები; ასევე ამ ნარჩენების შემდგომი მართვის პირობები.
– გზშ პარაგრაფი 3.1-ში (ტექნოლოგიური სქემა და რეგლამენტი) აღნიშნულია, რომ „საწარმოს სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ გაიზრდება მხოლოდ ნედლეულის შემოტანის ინტენსივობა (რაოდენობა)“, თუმცა დაკონკრეტებული არაა ეს რაოდენობა, რაც ასევე უნდა აისახოს კუმულაციურ ზემოქმედებაშიც.
– საპროექტო ტერიტორიაზე გაბატონებულ ქარებთან დაკავშირებით გზშ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „საწარმო ტერიტორიიდან გაბატონებული ქარები ფიქსირდება ჩრდილოდასავლეთის მხრიდან, რომელიც არ წარმოაგენს უახლოესი დასახლებული ტერიტორიის მიმართულებას“, თუმცა გაურკვეველია რა პერიოდულობით, მეთოდით განხორციელდა დაკვირვება, რასაც ეს ჩანაწერი ეყრდნობა.
– მოცემულ ანგარიშში ფონურ დამბინძურებლად გათვალისწინებული არაა შპს „მეგა ცემენტი“. ასევე, აღწერილი კუმულაციური ზემოქმედება ზოგადია და საჭიროებს დეტალიზაციას კონკრეტულ მაჩვენებლებსა და მონაცემებზე დაყრდნობით.
– გზშ-ის ანგარიშის მე-14 თავში აღნიშნულია, რომ „ამ ღონისძიებებმა ძირითადად გამოავლინა მოსახლეობის დაინტერესება შესაძლებელი დასაქმების თვალსაზრისით, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობისათვის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გარემოსდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა“ – არ ჩანს, რას ეყრდნობა ეს ჩანაწერი – ჩაატარა თუ არა კომპანიამ შესაბამისი გამოკითხვა ქ. რუსთავის მოსახლეობასთან ან შეხვდა თუ არა უახლოესი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს, ვისთან კომუნიკაციის შედეგადაც გამოიკვეთა აღნიშნული დამოკიდებულება პროექტის მიმართ?
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადდა “ეკო ცენტრის” მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “ეკო ცენტრი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
