*სტატიაში, ტერმინის „შეზღუდული შესაზლებლობის მქონე (შშმ)“ ნაცვლად გამოვიყენებთ ტერმინს „განსაკუთრებული საჭიროების მქონე (გსმ)“.
კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კატასტროფების რაოდენობა მხოლოდ აზიაში ოთხჯერ გაიზარდა. ამავე პერიოდში, კატასტროფების მიერ დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი კი წელიწადში 174 მილიონიდან 254 მილიონამდე გაიზარდა.[1]
მსგავს მოვლენებს ძალიან დიდი გავლენა აქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, რადგან მათი უმეტესობა კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული კატასტროფების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.
დაახლოებით ერთ მილიარდ ადამიანს (მსოფლიო მოსახლეობის 15%) რაიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობა/განსაკუთრებული საჭიროება აქვს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა 80% დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. მაგალითად, ავღანეთის მოსახლეობის 54,3%-ს და სირიის მოსახლეობის 27%-ს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები შეადგენენ.[2]
კლიმატის ცვლილების პირობებში მოსალოდნელია გსმ პირების „ცხოვრების ხარისხის“ გაუარესება.[3] ძირითადი საკითხები, რომლებიც მათ კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს, არის:
– სურსათის უვნებლობის შემცირება და არასათანადო კვება
– სუფთა წყალზე წვდომის შემცირება
– ჰიგიენის ნორმების არარსებობა
– ევაკუირების რისკების ზრდა
კლიმატის ცვლილება ზრდის ისეთი ბუნებრივი კატასტროფის სიხშირესა და ინტენსივობას, როგორიცაა: სიცხე, წყალდიდობა, გვალვა, ხანძრები. მაღალი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან. მათ სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებისა და სიკვდილიანობის მაღალი რისკი აქვთ. კლიმატის ცვლილება მათ ყოველდღიურობასაც ცვლის – სხვების დახმარებაზე უფრო დამოკიდებულს ხდის და უზღუდავს მათ გადაადგილების შესაძლებლობასა და ტრანსპორტირებაზე წვდომას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გსმ პირებს ბუნებრივი კატასტროფების დროს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. ისინი აწყდებიან დამატებით ბარიერებს რადგანაც იძულებით გადაადგილების დროს აქვთ კონკრეტული, დამატებითი საჭიროებები.
სამწუხაროდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად, ეს საჭიროებები გათვალისწინებული არ არის. ქარიშხალი „კატრინას“ დროს გარდაცვლილების თითქმის ნახევარი 75 წელს გადაცილებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენდნენ. სიკვდილიანობის 10%-ზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოხუცთა თავშესაფრებში, მათ უმრავლესობას კი განსაკუთრებული საჭიროებები ან განსაკუთრებული სამედიცინო ჩვენებები ჰქონდა.[4]
თუ მოვლენა ევაკუაციას მოითხოვს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ბარიერები კიდევ უფრო იმატებს. ხშირად, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმები ყოველთვის არ არის მოწოდებული ისე, რომ გსმ პირებისთვის აღსაქმელი იყოს. მაგალითად, ხშირად ევაკუაციის შესახებ მოსახლეობას სპეციალური განგაშის სირენით ატყობინებენ, რაც თავისთავად გამორიცხავს სმენადაქვეითებული ადამიანების ინფორმაციაზე წვდომას.
ევაკუაციასთან დაკავშრებით, გსმ პირებს დამატებითი ფიზიკური გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ, რამაც შესაძლოა გააუარესოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქარშხალ „კატრინას“ მაგალითზე გამოჩნდა, რომ აუცილებელია თავშესაფრების, შესაბამისად გადამზადებული პერსონალის და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება. ქარიშხალმა გამოიწვია ელექტრო ენერგიის გათიშვა, რამაც შეუძლებელი გახადა ზოგიერთ სამედიცინო აპარატსა თუ ლიფტებზე წვდომა და არა მხოლოდ გსმ პირების ევაკუირების, არამედ მათი მკურნალობის შესაძლებლობაც შეზღუდა.[5]
მართალია, ბუნებრივი კატასტროფების დროს ყველა ადამიანი დგება საფრთხის ქვეშ, თუმცა, სამწუხაროდ, გსმ პირებთან დაკავშირებით ეს საფრთხე არაპროპორციულია. ამის მთავარი მიზეზი კი კლიმატის ცვლილებების ადაპტაციის გეგმების დისკრიმინაციულობაა. წესით, ადაპტაციის პოლიტიკა არის ის, რაც ცვალებად კლიმატურ პირობებში, ადამიანთა ადაპტაციას ისახავს მიზნად. მისი მთავარი ამოცანა ადამიანის მოწყვლადობის შემცირებაა. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ამ პოლიტიკის მიღმა რჩება გსმ პირების უფლებები. რაც განსაკუთრებით ცხადად ჩანს ევაკუაციის საჭიროებისას. მაგალითად, ქარშხალი „სენდის“ დროს გსმ პირები რამდენიმე დღის განმავლობაში ნიუ იორკში მაღალსართულიან კორპუსებში იყვნენ გამომწყვდეულნი. ქარიშხალი „ირმას“ დროს კი, ფლორიდაში მოხუცებულთა თავშესაფარში, მობილობაშეზღუდული ადამიანები უკიდურესი სიცხისგან გარდაიცვალნენ, რადგანაც დაწესებულებამ ქარიშხლისგან ევაკუაცია ვერ უზრუნველყო. ქარიშხალ „კატრინას“ დროს კი, ნიუ ორლეანში ეტლით მოსარგებლე ადამიანი (Benilda Caixeta) დაიხრჩო, რადგანაც ადაპტირებული ტრანსპორტი დროზე არ მოვიდა. გსმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან სტრუქტურულ ბარიერებს – იქნება ეს მათთვის მიუწვდომელი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი სისტემა თუ სიღარიბე, თუმცა ეს ყოველივე ბუნებრივი კატასტროფებისა და ევაკუაციის დროს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხდება.[6]
მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კლიმატის ადაპტაციისა და მისი გავლენის შერბილების პოლიტიკაზე მსჯელობისას გსმ პირები სრულად ჩამოშორებულნი არიან დისკუსიებს. ამის ნათელი მაგალითია პლასტმასის ერთჯერადი საწრუპების აკრძალვის პოლიტიკა. პლასტმასის ნარჩენები თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა, მაგრამ გსმ პირებისთვის პლასტმასის საწრუპების გამოყენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სანამ პლასტმასის საწრუპები საყოველთაო პოპულარობას მოიპოვებდა, ისინი საავადმყოფოში იყიდებოდა და სწორედ გსმ პირებისთვის ცხოვრების გამარტივებას ისახავდა მიზნად.
მართალია, ჩვენთვის ძალიან ადვილია პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის, შუშის ან მეტალის საწრუპების გამოყენება, მაგრამ ამგვარი შემცვლელები ხშირად გსმ პირების საჭიროებებს ვერ ერგება. მაგალითად, შუშის საწრუპების გამოყენებისას ადამიანს, ვისაც სახის უნებლიე მოძრაობები ახასიათებს, შეიძლება საწრუპი გაუტყდეს და ნატეხებით თავი დაიზიანოს. მეტალის საწრუპები ისეთივე მოქნილი არ არის და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არაკომფორტულია, ხოლო რაც შეეხება ქაღალდის საწრუპებს, მათი დეფორმირებისა და დაშლის რისკი გაცილებით დიდია. მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის საწრუპების გაწმენდა კი რთულია და ადვილად შეიძლება იქცეს ბაქტერიების კერად. ასე რომ, მაშინ როდესაც ჩვენთვის საწრუპის ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლით არაფერი იცვლება, გსმ პირებისთვის პლასტმასის საწრუპების აკრძალვის პოლიტიკა კიდევ ერთი დამატებითი ბარიერია ყოველდღიურ ცხოვრებაში.[7]
ამ პოლიტიკას გსმ პირებისგან და სამოქალაქო აქტივისტებისგან ცხადია დიდი პროტესტი მოყვა და დღესდღეობით, პლასტმასის საწრუპები კაფეებსა თუ სხვა საკვებ ობიექტებში სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა. როდესაც ასეთი აკრძალვების მავნე გავლენაზე საუბრობენ, პოლიტიკის მომხრეები ხშირად გსმ ადამიანებს ზარმაცობაში ანაც ეგოისტობაში ადანაშაულებენ, თითქოს გსმ პირები ნაკლებად ზრუნავენ გარემოზე. ცხადია ამგვარი რიტორიკა აზიანებს საზოგადოების ერთიანობას. გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი გსმ პირებისთვის, რომლებიც გაცილებით მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. პლანეტის ნარჩენების შემცირება ყველას ინტერესში შედის, უბრალოდ ეს უკანასკნელი გსმ პირებისთვის ბარიერების დამატების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.[8]
პლასტმასის საწრუპების აკრძალვა ერთადერთი ეკოლოგიური ინიციატივა არ არის რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე უარყოფითად აისახება. მზა შეფუთული საკვების, ერთჯერადი ხელსახოცების და სხვა საგნების აკრძალვით, გსმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთვის უმნიშვნელოვანეს დახმარებაზე კარგავენ წვდომას.
როდესაც მსგავს აკრძალვებზე გსმ პირები და სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს გამოთქვამენ, მათ ხშირად კლიმატის ცვლილების მიზეზად ასახელებენ ხოლმე.
მაგალითად, სტატიაში სათაურით ”ასთმის ნახშირბადის ნაკვალევი ისეთივეა, როგორიც ხორცის ჭამის“, ვკითხულობთ, რომ ”ზოგიერთი ინჰალატორი ათავისუფლებს სასათბურე აირებს, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან“. სტატიიდან ისე ჩანს, თითქოს ასთმის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან დამნაშავეები კლიმატის ცვლილებაში, ვიდრე სხვა დანარჩენი.[9]
მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კანონმდებლობაში გსმ პირთა ჩართულობა ფურცელზე გაწერილია, როგორც წესი, პრაქტიკაში არ ხორციელდება ხოლმე. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების კონვენციაში ცხადადაა გათვალისწინებული კლიმატის ადაპტაციის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი.[10] თუმცა, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებიდან მხოლოდ 39 ქვეყანა ამახვილებს ყურადღებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, 9 ქვეყანა მათ განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე (special medical condition) კატეგორიაში აერთიანებს, ხოლო დანარჩენი ქვეყნების სამოქმედო გეგმაში გსმ პირები საერთოდ არ არიან ცალკე გამოყოფილნი.
ამ დროს კონვენციის მე-4 მუხლი ცხადად აყალიბებს სახელმწიფოების ვალდებულებებს ჩართონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც მათ ინტერესებსა და უფლებებს ეხება.
„ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებულ იქნეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“.
„კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და აქტიურად ჩართავენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონეგანსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საშუალებით“
მე-11 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას დაიცვან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სიცოცხლის უფლება სარისკო სიტუაციებში, რაც თავისთავად მოიცავს კლიმატის ცვლილებებისგან გამოწვეულ კატასტროფებს.
„მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით“.
ხოლო კონვენციის 32-ე მუხლი ქვეყნებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ გსმ პირების უფლებების დაცვას არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე და განავითარონ ქვეყანათაშორისი თანამშრომლობა.
„წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისთვის ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი სტიმულირების მნიშვნელობას. აღნიშნულთან მიმართებით იღებენ შესაბამის და ეფექტურ ზომებს ქვეყნებს შორის, საჭიროების შემთხვევაში კი საერთაშორისო და რეგიონალური სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ასეთი ზომები უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის განვითარების საერთაშორისო პროგრამების ინკლუზიურ ხასიათს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მისაწვდომობას“.
ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების ინკლუზიური სამოქმედო გეგმის შექმნისთვის სულ სამი ნაბიჯის გათვალისწინებაა საჭირო: ცნობიერების ამაღლება, ჩართულობის გაზრდა და ზუსტი მონაცემების შეგროვება.
– ცნობიერების ამაღლება: აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გსმ პირების უფლებებსა და ინკლუზიურობასთან დაკავშირებით.
– ჩართულობა: გსმ პირების ჩართვა სამოქმედო გეგმის შექმნაში უმნიშვნელოვანესი იარაღია. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები ყველაზე უკეთ იცნობენ საკუთარ საჭიროებებს. გსმ პირები უნდა ჩაერთონ სტიქიური უბედურებების რისკების დაგეგმვასა და შეფასებაში, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმასა და იძულებით გადაადგილების რისკების შეფასებაში.
– ზუსტი მონაცემების შეგროვება: სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს ზუსტი მონაცემები არც გსმ ადამიანების რაოდენობისა, არც მათი მახასიათებლებისა თუ ადგილმდებარეობისა. იმისთვის, რომ უკეთ განისაზღვროს მათი საჭიროებები, გამოიყოს რესურსები, აუცილებელია შესაძლებლობების ფარგლებში ზუსტი მონაცემების შეგროვება.
კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმაში ყველა ჯგუფის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი თითოეულის საჭიროებებს უნდა მოერგოს.
გადაწყვეტილების მიმღები პირები და ინსტიტუციები ინიციატივის დანერგვამდე უნდა დაფიქრდნენ, ერთი ჯგუფისთვის სასარგებლო ინიციატივა, მეორესთვის ზიანის მომტანი ხომ არაა? უნდა გვახსოვდეს, რომ გსმ პირების შესაძლებლობები თავისთავად, მოცემულობით შეზღუდული არაა. ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები იმ ბარიერებისა და ინკლუზიურობის ნაკლებობის გამო ხდებიან, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების მხრიდან აწყდებიან.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით.
წყარო [1]https://www.cbm.org/fileadmin/user_upload/Publications/Disability_and_Climate_Change.pdf
წყარო [3] https://www.cbm.org/fileadmin/user_upload/Publications/Disability_and_Climate_Change.pdf
წყარო [4] https://www.cmu.edu/steinbrenner/EPA%20Factsheets/disabilities-health-climate-change.pdf
წყარო [5] https://www.cmu.edu/steinbrenner/EPA%20Factsheets/disabilities-health-climate-change.pdf
წყარო [6] https://kennedyinstitute.georgetown.edu/showcase/wp-content/uploads/2020/04/Exploring-Discrimination-in-Climate-Change-policies.pdf
წყარო [7] https://kennedyinstitute.georgetown.edu/showcase/wp-content/uploads/2020/04/Exploring-Discrimination-in-Climate-Change-policies.pdf
წყარო [8] https://kennedyinstitute.georgetown.edu/showcase/wp-content/uploads/2020/04/Exploring-Discrimination-in-Climate-Change-policies.pdf
წყარო [9] https://kennedyinstitute.georgetown.edu/showcase/wp-content/uploads/2020/04/Exploring-Discrimination-in-Climate-Change-policies.pdf
წყარო [10] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0
