სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ხოლმე მიმდინარე პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ჩვენი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს მოსახლეობის წვლილს და ყველა წარმატებას მათთან იზიარებს. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობის ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საორგანიზაციო ჯგუფი ცვლილებებს ვერ მოახდენს. სამწუხაროდ, ხშირად მოქალაქეებს ავიწყდებათ, რომ „ზღვა წვეთობით ივსება“ და ფიქრობენ, რომ ისინი ინდივიდუალურად ვერაფერს შეცვლიან. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ყველა ჩვენგანი სამოქალაქო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩაერთვება, რეალურად დავინახავთ, რომ ამ ინდივიდების ერთიანობით დიდი ძალა ფორმირდება, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სასიკეთო ცვლილებების მოტანა.
ფოტო: LOUI BREZZELL
შთაგონებისა და მოტივაციისთვის კი, დღეს ჩვენი გუნდი მოგიყვებათ 14 წლის მარი კოპენის (Mari Copeny) შესახებ, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმის კაშკაშა მაგალითია. იგი მხოლოდ რვა წლის იყო, როცა თავისი ქალაქისთვის სუფთა სასმელი წყლის მოსაპოვებლად ბრძოლაში ჩაერთო.
მარი კოპენი „პატარა მის ფლინტის“ სახელითაცაა ცნობილი, იგი ახალგაზრდა აქტივისტია მიჩიგანის ყველაზე დიდი ქალაქიდან, ფლინტიდან (Flint). 2014 წლის აპრილში, ფლინტის სასმელი წყლის მიწოდების წყარო შეიცვალა. მცხოვრებლები გამუდმებით აღნიშნავდნენ ცვლილებას წყლის ფერში, სუნსა და გემოში, 2015 წელს კი გარემოსდაცვითი სააგენტოს და ვირჯინიის ტექნოლოგიური ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ წყალში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინა. მიჩიგანის ადგილობრივმა მთავრობამ მილების დაყენების დროს, არ მიიღო კოროზიის შემაფერხებელი ზომები, შესაბამისად, დაძველებული მილებიდან გამოჟონილი ტყვია სასმელ წყალში აღმოჩნდა. პრობლემამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ 2016 წლის 5 იანვარს მიჩიგანის მმართველმა რიკ სნაიდერმა (Rick Snyder) ფლინტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 16 იანვარს კი მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ – ფედერალური საგანგებო მდგომარეობა.
წყლის კრიზისის დროს, კოპენი რვა წლის იყო, მან პრეზიდენტ ობამას წერილი მიწერა, სადაც ჰკითხა, შეძლებდა თუ არა პრეზიდენტი მასთან და ქალაქის სხვა მცხოვრებლებთან შეხვედრას, როდესაც ისინი ვაშინგტონში, ფლინტის შემთხვევის კონგრესის მოსმენის სანახავად ჩამოვიდოდნენ. ობამამ კი უპასუხა, რომ ის თავად ესტუმრებოდა ფლინტს. პრეზიდენტის ვიზიტმა ქალაქის პრობლემას მთელი ამერიკის ყურადღება მიაპყრო, ამ შეხვედრის შემდეგ კი ბარაკ ობამამ ასი მილიონი აშშ დოლარი გამოყო ბიუჯეტიდან, რათა ფლინტის სასმელი წყლის სისტემა გამოესწორებინა.
„მარის ვუთხარი, შენ არაფერს გიპასუხებენ, ის (ობამა) ყოველდღიურად მილიონობით წერილს იღებს“ იხსენებდა მარის დედა, ლუი ბრეზელი (Loui Brezzell) ერთ-ერთ ინტერვიუში. „მან მიპასუხა, ვიცი, მაგრამ ცდით არაფერი დაშავდება“
მარის დედა თვლის, რომ პრეზიდენტის პასუხმა მისი შვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა: „მარი ყოველთვის ისეთი ბავშვი იყო, რომ როცა რაიმე არასწორს დაინახავდა უნდოდა რამე გაეკეთებინა, მაგრამ ეს იყო მომენტი, როცა მან იცოდა, რომ მის ხმას ძალა ჰქონდა, მომენტი, როცა პრეზიდენტმა მას უპასუხა“.
მარი ახლა უკვე 14 წლისაა და ცდილობს ხალხმა არ დაივიწყოს ფლინტი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი გაზეთების სათაურებიდან გაქრა, წყლის კრიზისი სამწუხაროდ არ დასრულებულა. მილები შეიცვალა და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წყალი უსაფრთხოა, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასე არ ფიქრობს. მაგალითად, კოპენის ოჯახი დღემდე მხოლოდ ბოთლის წყალს სვამს.
კოპენი დღეს უკვე აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას რათა ქალაქის პრობლემები ყველას გააგებინოს და ფლინტის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. მარი ახლა უკვე მხოლოდ საკუთარი ქალაქზე კი არ ზრუნავს, ის არის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი ქალების მარშში, კლიმატის მარშის ახალგაზრდა ელჩი და „თანასწორობა მისთვის“ (Equality for Her) ახალგაზრდა ელჩი.
2016 და 2017 წლებში კოპენმა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „ჩაალაგე შენი ჩანთა“ (Pack Your Back) ითანამშრომლა, რათა შეეძინა ზუგრჩანთები და სხვა სასკოლო საჭირო ნივთები ბავშვებისთვის. მარიმ ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა და 16 000 ზურგჩანთაზე მეტი გასცა. 2018 წელს, მას შემდეგ რაც მიჩიგანის შტატის ხელისუფლებამ შეწყვიტა მოსახლეობისთვის ბოთლის წყლის მიწოდება, კოპენმა ააგროვა 280 000 აშშ დოლარზე მეტი და მილიონზე მეტი ბოთლი წყალი დაურიგა მცხოვრებლებს. თუმცა, გაიაზრა რა ნარჩენების პრობლემა, რასაც ყოველდღიურად ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება ქმნის, 2019 წელს პარტნიორობა გააფორმა წყლის გამფილტრავ კომპანიასთან, შეაგროვა 400 000 აშშ დოლარზე მეტი და მოსახლეობისთვის დაიწყო წყლის ფილტრების დარგება. მარიმ ფილტრების საშუალებით შეძლო ფლინტის მოსახლეობას სუფთა სასმელ წყალზე ეკო-მეგობრული გზით ჰქონოდა წვდომა.
მარი თავის მშობლიურ ქალაქში აორგანიზებს ყოველწლიურ საშობაო წვეულებებს, სადაც ბავშვებს სათამაშოებს ახვედრებს, აქვს სააღდგომო კალათების გაცემის ტრადიცია, აწყობს ფილმების ჩვენებებსა და სხვა აქტივობებს, რომლებიც ფლინტის ახალგაზრდების გაძლიერებისკენაა მიმართული. გარდა ამისა, მას აქვს პროექტი, სადაც ფერადკანიანი ავტორების წიგნებს აცნობს ადგილობრივ ბავშვებს. მისმა განხორციელებულმა წერილების პროექტმა „ძვირფასო ფლინტის ბავშვებო“ მიიღო მხარდაჭერის გამომხატველი ათასობით წერილი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.
2018 წელს მარი „Social Good Summit”-ზე სიტყვით გამოვიდა, მისი სიტყვიდან ჩვენთვის ყველაზე შთამაგონებელ ნაწილს აქვე გაგიზიარებთ, ხოლო, ვისაც მთლიანი გამოსვლის ნახვა და მოსმენა გსურთ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
„მე მართალია მხოლოდ 8 წლის ვიყავი როდესაც მომწამლავი წყლის ამბავი საბოლოოდ გამოაშკარავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. მე ვიცოდი, რომ მინდოდა საზოგადოებას დავხმარებოდი. მე ვიცოდი, რომ მინდოდა გამომეყენებინა ჩემი ხმა, რათა მელაპარაკა ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებსაც საუბარი არ შეეძლოთ და მებრძოლა მათთვის.
ზუსტად ეს გავაკეთე. დედაჩემის დარწმუნება, იმისთვის რომ პროტესტზე გავსულიყავით მაშინ როცა ციოდა და მუხლამდე თოვლი იდო, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რისი გაკეთებაც მჭირდებოდა.
არავინ ჩანდა ვინც ზრდასრულებს უსმენდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დრო დადგებოდა და მე მომისმენდნენ. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ხალხს რეალურად მოესმინა ჩემთვის და ჩემი სერიოზულად აღქმა დაეწყო. ამ ყველაფრის შემდეგ, ბევრი ზრდასრული ფიქრობდა, რომ ბავშვები საკუთარ ადგილას უნდა დარჩნენ და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი შეხედულებები გაგვაჩნდეს. მაგრამ მე არასდროს მიმიცია უფლება არაფერი ნეგატიურისათვის, რომ წინ გადამდგომოდა და ფლინტის და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის ბრძოლა შემეწყვიტა.
სუფთა წყალზე წვდომა ერთ-ერთი საკითხია, რომლის მოგვარებასაც ვცდილობ, თუმცა, არა ერთადერთი. მე მინდა დავრწმუნდე, რომ ბავშვებს ექნებათ ყველა საშუალება იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებულები იყვნენ, დაწყებული სუფთა წყლიდან, წიგნებითა და ველოსიპედებით, ზურგჩანთებით დასრულებული.
მე მინდა დავრწმუნდე, რომ არც ერთი ბავშვი იგრძნობს თავს უსუსურად და უიმედოდ. მე მინდა დავრწმუნდე, რომ ფლინტის ბავშვებს იგივე შანსები აქვთ ცხოვრებაში, რაც სხვა, მაღალ და საშუალო კლასის ბავშვებს ჩვენი ქვეყნიდან. მე მინდა ვასწავლო ბავშვებს, რომ ინტერნეტის გამოყენება მათ საკუთარი ხმის გავრცელებაში ეხმარებათ. მე მინდა დავეხმარო მათ, იპოვონ ისეთი ზრდასრულები, რომლებიც მათ ხმების ამაღლებაში დაეხმარებათ. მე მსურს ისეთი თაობა შევქმნათ, სადაც ბავშვებმა იციან, რომ ისინი არ უნდა ელოდონ მსოფლიოში ცვლილებას, მსოფლიო ჩვენია და ჩვენზეა დამოკიდებული მისი გადარჩენა.
მე ვისწავლე რომ ერთ პატარა გოგონასაც შეუძლია რეალურ ცვლილებებზე გავლენის მოხდენა. მე ვისწავლე, რომ როცა მაგიდასთან შენთვის ადგილი არაა, სკამი მაინც უნდა გამოწიო, მასზე დადგე და გამოიყენო მეგაფონი მანამ, სანამ ისინი ადგილს არ მოგცემენ. მე ვისწავლე, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია და შემიძლია მისი გამოყენება იმისთვის, რომ მსოფლიოში რაღაცები გამოვასწორო.“
მარი 2044 წელს პრეზიდენტობასაც გეგმავს, იმ დროისთვის უკვე 36 წლის იქნება და ალბათ კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს საკუთარი სიმამაცითა და შეუპოვრობით. მანამდე კი, იმედია 8 წლის გოგონას ისტორიით ჩვენს საზოგადოებაში არსებული უიმედო დამოკიდებულება ცოტა მაინც შევარბილეთ და ერთ ადამიანს მაინც გავუჩინეთ იმედი, რომ ხანდახან სწორედ ინდივიდები არიან ცვლილებების საწყისები. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს თითოეულ ქმედებას ძალა აქვს და როგორც მარიმ აღნიშნა, ცვლილებებს კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ თავად გავხადოთ ეს ქალაქი და ქვეყანა ისეთი, როგორიც გვსურს რომ იყოს.
მასალა მომზადდა Today-ის სტატიაზე დაყრდნობით.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით.