2021 წლის 28 მაისს სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ ელ-ფოსტის მეშვეობით წერილი გაუგზავნა 20-მდე საწარმოს. წერილში საწარმოებს ვახსენებდით, რომ 1 ივნისიდან ძალაში შევიდოდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”, “გარემოს დაცვის შესახებ”, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”. ახალი რეგულაციებისთვის მზაობასთან დაკავშირებით კი გვქონდა გარკვეული კითხვები. კერძოდ კი:
1. შეძლებთ თუ არა პირველი ივნისისთვის შეასრულოთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები?
2. ამ დროისთვის რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები თქვენს საწარმოში?
3. შეძენილი გაქვთ თუ არა ე.წ. თვითმზომები?
4. მოაწყვეთ თუ არა სათანადო ფილტრაციის სისტემა?
5. თუ ვერ ასწრებთ 1 ივნისისთვის აღნიშნული რეგულაციებისთვის მომზადებას, რა არის ამის მიზეზი? და თქვენს შემთხვევაში, რა გონივრული ვადაა იმისთვის საჭირო, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულოთ.
წერილობითი პასუხი ელ-ფოსტაზე მხოლოდ ორმა საწარმომ გამოგვიგზავნა. ეს სწარმოებია შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და შპს „რუსელოისი“.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ ჩვენს კითხვებზე 10 ივნისს ასე გვიპასუხა:
„კომპანია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება და მაქსიმალურად ზრუნავს კანონის მოთხოვნების ოპერატიულად შესრულებაზე.
ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები ჩვენს ქარხნებში დამონტაჟებული იყო და ფუნქციონირებდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის ამოქმედებამდეც.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება მოხდა დაგვიანებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული უწყვეტი მონიტორინგის ვალდებულების შესრულება 1 ივნისისთვის ვერ ხერხდება.
საქმე იმაშია, რომ განახლებული რეგლამენტი უნდა გამოქვეყნებულიყო 2021 წლის 1 იანვარს და ძალაში შესულიყო 1 ივნისს, მაგრამ დოკუმენტის გამოქვეყნება მხოლოდ 27 აპრილს მოხერხდა (ცვლილები შევიდა 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში). გარდა ამისა, კანონქვემდებარე აქტის საბოლოო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდება პირვანდელი ვერსიისგან; საბოლოო ტექსტში შეცვლილია ის ტექნიკური პარამეტრები, რომლის საფუძველზეც უნდა შევადგინოთ შესაბამისი ტექნიკური დავალება. აქედან გამომდინარე, რეგლამენტი გამოქვეყნებამდე ტექნიკური დავალების შედგენა და მომწოდებლებისთვის გაგზავნა შეუძლებელი იყო.
უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქცია გამოქვეყნდა 24 მაისს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-740), რომელიც განსაზღვრავს მონაცემების ჩაწერის და სამინისტროსთვის გადაცემის მოთხოვნებს.
კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებისთანავე, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ დაიწყო მომწოდებლის შერჩევა. უკვე შერჩეული გვყავს ორი კომპანია, რომლებთანაც ვაზუსტებთ ტექნიკურ დეტალებს. სწორედ ამის შემდეგ მოხდება თვითმზომების შეძენა. მენეჯმენტის მხრიდან უკვე დამტკიცებულია ხელსაწყოების შესაძენად საჭირო ბიუჯეტიც.
კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულების გონივრულ ვადას კი, 2021 წლის ოქტომბერი წარმოადგენს.“
კომპანიას 21 ივნისს დამატებით მივწერეთ წერილი და ვკითხეთ, ე.წ. თვითმზომები აღნიშნული თარიღისთვის შეკვეთილი ხომ არ ჰქონდათ. კომპანიამ გვიპასუხა, რომ, ამ ეტაპზე, შერჩეული ჰყავთ უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოების მომწოდებელი, გერმანული კომპანია Dr. Födisch Umweltmesstechnik AG და მიმდინარეობს მოლაპარაკება.
მეორე საწარმო, რომელმაც ელ-ფოსტაზე გვიპასუხა არის შპს „რუსელოისი“. მათი პასუხი ასეთი იყო:
„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებისა და „საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება #192-ის შესაბამისად, შპს „რუსელოისი“ უკვე დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს დადგენილი მავნე ნივთიერებების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების შეძენა და დამონტაჟება. ამ ეტაპზე შემოთავაზება გვაქვს მიღებული შემდეგი კომპანიებისგან: SICK (თურქეთი) და DMT (ინდოეთის წარმომადგენლობა), რომლებთანაც მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ვართ. იმის გამო, რომ აღნიშნული ვალდებულება ტექნიკურად საკმაოდ რთული-კომპლექსური და ძვირადღირებული სისტემების დანერგვას გულისხმობს, მათი შეძენა-მონტაჟი გარკვეული პერიოდით გაგვიხანგრძლივდა. კერძოდ, ე.წ. თვითმზომების ყველა მწარმოებელი ითხოვს შეკვეთიდან 16-24 კვირამდე პერიოდს, რასაც შემდგომ ემატება ტრანსპორტირება და მონტაჟის ვადები.
გარდა ამისა გაცნობებთ, რომ შპს „რუსელოისი“ ასევე საერთაშორისო კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს არსებული ასპირაციული ფილტრების გაუმჯობესების მიმართულებით.
დიდი მადლობა აღნიშნულ საკითხებში აქტიური ჩართულობისთვის, ჩვენი კომპანია მუდამ მზადაა გარემოს დაცვის მიმართულებით ღია, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.“
21 ივნისს შპს „რუსელოისს“-საც მივწერეთ დამაზუსტებელი შეკითხვები – წერილის მიწერის დორისთვის უკვე შეკვეთილი ხომ არ ჰქონდათ თვითმზომები, რაიმე სიახლე ხომ არ აქვთ ფილტრების დაყენება/გაუმჯობესების მიმართულებით და ახალი რეგულაციებისთვის მზად როდის იქნებიან. ამ ეტაპზე (25 ივნისი) კომპანიისგან პასუხი არ მიგვიღია. თუმცა, როგორც კი მოგვწერენ, პასუხს საზოგადოებასაც გავუზიარებთ.
მართალია, წერილობითი პასუხი მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ გაგვცა, თუმცა, რამდენიმე საწარმოსთან პირისპირ/სატელოფონო კომუნიკაციაც გვქონდა. მათ შორის არის:
შპს „ჯეოსთილი“, რომლის წარმომადგენლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანია მზადების პროცესშია, მათ უკვე აქვთ ფილტრაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა. თვითმზომების საკითხს სამინისტროსთან აზუსტებენ და თანხომბის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში შეძლებენ შეძენას და შემდეგ ინსტალაციას. საწარმოს ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი, რომ ნებისმიერ დროს დაგვათვალიერებინებს საწარმოს და სამუშაო პროცესს.
შპს „რუსთავის ფოლადი“ კომპანიის წარმომადგენელს მაისში ტელეფონით დავუკავშირდით, მან განაცხადა, რომ 1 ივნისამდე ყველაფერი მზად ექნება, თუმცა, დღეს 25 ივნისია და რუსთავის ფოლადი კვლავ განაგრძობს კანონდარღვევით მუშაობას.
შპს „ჯეო ფერო მეტალის“ წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ დაწყებული აქვთ მუშაობა და ორი-სამი თვის ვადაში კანონით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებენ.
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“ (ყოფილი შპს „ნიკა 2004“) – 17 ივნისს „გავიგუდეთ“ აღნიშნული ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და აგლომერაციის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო. შეხვედრის დროს საწარმოს წარმომადგენლება გვითხრეს, რომ 10 დღის განმავლობაში დასრულდება ფილტრების მონტაჟი, ხოლო თვითმზომის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და თვის ბოლოს გეგმავენ ამ მოწყობილობის შეკვეთას.
შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“ – მათთან კომუნიკაცია გვქონდა 3 ივნისს, მათი საწარმოს გზშ-ს საჯარო განხილვაზე. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მათ აქვთ ფილტრაციის სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმზეა და მხოლოდ მაშინ ითიშება, როდესაც საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს. მათ ასევე გვითხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან თვითმზომის შესყიდვასთან დაკავშირებით, ერთი თვის ვადაში შესყიდვის პროცედურები დასრულებული უნდა იყოს და შემდგომ უკვე ტრანსპორტირებისთვის იქნება დრო საჭირო. ამ დროისთვის თვითმზომის არ ქონის მიზეზად, საქართველოს ბაზარზე აღნიშნული მოწყობილობის არარსებობა დასახელდა. კომპანიას ასევე დავუკავშირდით 23 ივნისსაც და ვიკითხეთ რა ეტაპზე იყოს თვითმზომის შეძენის პროცესი. კომპანიის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ ორ – კანადურ და ფრანგულ კომპანიასთან აქვთ მოლაპარაკება და როგორც კი საბოლოო დეტალები დაზუსტდება, ე.წ. თვითმზომის საქართველოში ჩამოტანის ვადებიც ცნობილი იქნება. ეს კომპანიებია https://www.nova-gas.com/ და https://www.fujielectric.fr/.
მაისში რამდენიმე სხვა საწარმოსთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ყველა აცხადებდა, რომ 1 ივნისს ახალ რეგულაციებს მზად ვერ შეხვდებოდნენ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საწარმოების დიდი ნაწილი ჩართულია უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში და ცდილობს ე.წ. თვითმზომების შეძენას, საწარმოთა იმ ნაწილს, კი, რომელთაც ფილტრაციის სისტემაც გაუმართავი ჰქონდა, უფრო დიდი შრომა ელის წინ და ახლა ზრუნავენ აღნიშნული სისტემის მოწესრიგებაზე.
„გავიგუდეთ“ გააგრძელებს სტატიაში განხილული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სიახლეებს აუცილებლად გაუზიარებს საზოგადოებას.
მასალა მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგადამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზეპასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისშეხედულებებს.
