27 აპრილს სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წერილით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. წერილში ვითხოვდით, რომ სამინისტროს ჩვენთვის ეცნობებინა ამჟამად მუშაობდა თუ არა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ეკო ოილი“ და მოეწოდებინა სასამართლო დადგენილება აღნიშნული საწარმოს დარღვევებზე.
შპს „ეკო ოილის“ აშენების წინააღმდეგ 2019 წლის 8 დეკემბერს ჩვენმა მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა, ვინაიდან მარნეულში, 2017 წელს იგივე პროფილის საწარმო აფეთქდა და ცეცხლი 150 მეტრის რადიუსში გავრცელდა. შესაბამისად დასახლებული პუნქტიდან 200-300 მეტრის რადიუსში მსგავსი საწარმოს აშენება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნდა, რადგან არსებობდა რისკი, იგივე განმეორებულიყო რუსთავშიც. ამის მიუხედავად, საწარმო მაინც აშენდა და 2021 წლის ინსპექტირების ოქმებზე დაყრდნობით გამოვლინდა უამრავი დარღვევა, თუმცა სამინისტროს პასუხიდან არ ირკვევა, ამჟამად მუშაობს თუ არა შპს „ეკო ოილი“.
ზემოთ აღნიშნული სასამართლო დადგენილებიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწარმოში 2021 წლის 5 ნოემბერს ჩაატარა გეგმიური შემოწმება, რომელზეც 29 დეკემბერს შედგა ინსპექტირების ოქმი. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, რომელიც გზშ-ს ანგარიშში არაა ასახული და გარემოსდაცვითი კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა.“ საერთო ჯამში გეგმიურმა შემოწმებამ საწარმოში რამდენიმე ათეული დარღვევის ფაქტი გამოავლინა, რომელსაც სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, კომპანიის წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა.
შპს “ეკო ოილში“ გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა:
– ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით სამუშაო ტერიტორიის პერიმეტრზე შესაბამის ადგილებზე არ არის მოწყობილი გამაფრთხილებელი ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნები.
– საწარმოო ტერიტორიის არც ერთი უბანი არ არის აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით.
– სახიფათო ნარჩენებისთვის ტერიტორიაზე არ არის გამოყოფილი გადახურული და შესაბამისად მოწყობილი უბნები, საწარმოს არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მესამე მხარესთან, ვინც პასუხისმგებელი იქნებოდა ნარჩენების გატანაზე. ტერიტორიაზე დაფიქსირდა სხვადასხვა სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ღია ცის ქვეშ ქაოტურად განთავსების ფაქტებიც, მათ შორის: ნავთობროდუქტებით დაბინძურებული ქვიშა, ხრეში, პლასტმასის ნაწარმი და ა.შ
– საწარმო არ ახორციელებს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონტროლს.
– კომპანიას არ განუხორციელებია საწარმოს საზღვარზე ხმაურის გავრცელების დონეების ინსტრუმენტული გაზომვა.
– კომპანია საწარმოს საზღვრის პერიმეტრზე, საცხოვრებელი ზონების მიმართულებით არ ახორციელებს გამფრქვევ მილში ინსტრუმენტულ გაზომვებს, ატმოსფერულ ჰაერში წვის პროდუქტების გავრცელების მონიტორინგის მიზნით
– კომპანიამ ვერ უზრუნველყო ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის გეგმის ხელახლა შემუშავება საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპისათვის და საწარმოს მოწყოიბამდე სამინისტროში წარდგენა, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ უნდა განეხორციელებინა ატმოსფერულ ჰაერზე მონიტორინგი.
– კომპანია არ უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ ციკლში ჩართული დანადგარების ტექნიკურ კონტროლს.
– არ აქვს შემუშავებული ნარჩენების მართვის გეგმა.
– კომპანიამ სამუშაოების დაწყების, დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ არ აცნობა სამინისტროს.
ამ და სხვა მრავალი დარღვევის საფუძველზე, სასამართლომ ჯამში კომპანიას დააკისრა 19 500 ლარი, რომლის გადახდის ვადადაც სასამართლომ განსაზღვრა 7 დღე. სამწუხაროდ, პასუხიდან არ ირკვევა „ეკო ოილმა“ გადაიხადა თუ არა ჯარიმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მსგავსი საწარმოს აფეთქების შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საწარმოში არ არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა, არ არის დაცული იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება და საწარმოო პროცესი სრულიად აცდენილია დღევანდელ სტანდარტებს. როცა საქმე ეხება ისეთი პროფილის საწარმოს, სადაც აფეთქებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების შანსები არსებობს, ვფიქრობთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროცესის მაქსიმალურად გამართვას და შემარბილებელი ღონისძიებები პრაქტიკაში ისე უნდა ხორციელდებოდეს, რომ მინიმუმადე იქნას დაყვანილი ზემოთ მოყვანილი საფრთხეები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე მივწერეთ დამაზუსტებელი წერილი იმასთან დაკავშირებით, მუშაობს თუ არა საწარმო დღეის მდგომარეობით და გადახდილია თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით