როდესაც სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ გუნდი საუბრობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე, ძირითად ყურადღებას ვამახვილებთ PM2.5-სა და PM10-ზე.
რატომ? – რუსთავისთვის სწორედ უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM) არის ყველაზე პრობლემური დამბინძურებელი, რაც უმთავრესად, გამოწვეულია რუსთავის სამრეწველო ზონაში განთავსებული ობიექტების საქმიანობით. აღნიშნულ ობიექტთა მიერ გაფრქვეულმა მყარმა ნივთიერებებმა (დიდწილად მტვრის ნაწილაკებმა) 2019 წელს 14 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 14 ათასი ტონიდან 97% უმსხვილესი დამბინძურებლის გაფრქვევებზე მოდის.[1]
ამასთან, PM-ები უფრო მეტ ადამიანზე მოქმედებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი დამბინძურებელი.[2] ჰაერის PM-ებით დაბინძურება იწვევს თვალის გაღიზიანებას, ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის დაზიანებას, სიმსივნეს, მძიმე ლითონებით მოწამვლას და უარყოფითად ზემოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.[3] ასევე, PM-ები გავლენას ახდენს შემეცნებითი უნარის დაქვეითებასა და ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე.[4]
რა არის PM? – ეს არის უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები (Particulate Matter – PM). ტერმინი აღნიშავს ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკებისა და უმცირესი ზომის წვეთების ნარევს. ზოგიერთი ნაწილაკი, როგორიცაა მტვერი, ჭუჭყი, ჭვარტლი ან კვამლი, საკმარისად დიდი ან მუქია და მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვაც შესაძლებელია. ზოგიერთი ნაწილაკი კი იმდენად მცირეა, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით არის შესაძლებელი.[5]
ზომის მიხედვით, მყარი ნაწილაკების რამდენიმე ტიპი არსებობს, თუმცა, საქართველოში არსებული ფონური ავტომატური სტაციონარული სადგურები ზომავს PM2.5-სა და PM10-ს. ჩვენც სწორედ ამ ნაწილაკებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. მათ შეუძლიათ შეაღწიონ და ღრმად ჩარჩნენ ფილტვებში. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3 (რაც აღნიშნავს ნაწილაკების კონცენტრაციას მიკროგრამის მიხედვით კუბურ მეტრ ჰაერის მოცულობაზე). ამ მონაცემის ყოველი 50 მკგ/მ³-ით ზრდა 15%-ით ზრდის ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელს. რუსთავში PM10-ის კონცენტრაციის დონე 300 მკგ/მ³-ამდეც კი ასულა, რაც 6-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას.
PM2.5 – მისი მცირე ზომიდან გამომდინარე (2.5 მიკრონი ან ნაკლები), აღნიშნული ნაწილაკები კიდევ უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. საქართველოში PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3 არის.
რამდენად მცირეა 2.5 მიკრონი? – ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე 30-ჯერ პატარაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რუსთავში 2019 წელს ავტომატური მონიტორინგით მიღებული (ამ ეტაპზე არავალიდირებული) მონაცემების თანახმად, უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკის PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია 1,6-ჯერ აღემატებოდა ნორმას, PM2,5-ისა კი 1,3-ჯერ. PM10-ის დღიური საშუალო კონცენტრაცია ზღვარს აჭარბებდა 175 დღის განმავლობაში (დასაშვები გადაჭარბების რაოდენობა წლის განმავლობაში არის 35).
მაშინაც კი, როდესაც უმცირესი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში საკმაოდ დაბალია, მას მაინც აქვს უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. რუსთავის შემთხვევაში კი, აღნიშნული კონცენტრაცია ძალიან მაღალია. შესაბამისად, აუცილებელია მაქსიმალურად სწრაფად შემცირდეს PM-ების შემცველობა ჰაერში, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობა აღარ იყოს საფრთხის ქვეშ. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. თუ მათ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი დაავიწყდებათ, შეხსენებაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
[1] წყარო: ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022
[2] https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/ambient-(outdoor)-air-quality-and-health
[3] წყარო: ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022
[4] https://www.apa.org/monitor/2012/07-08/smog
[5] https://www.epa.gov/pm-pollution/particulate-matter-pm-basics