თანამედროვე სამყაროში კლიმატის ცვლილებისა და ზოგადად, ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერება ჩვენი ცხოვრების სტილისა და საზოგადოების მოწყობის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც ძალიან რთული ამოცანაა. თუმცა, ამ მხრივ პროგრესი პატარ-პატარა ცვლილებებითაც მიიღწევა. ერთ-ერთი მარტივი, ლამაზი და სასარგებლო გამოსავალია – მწვანე სივრცეები. ქალაქების ხეებით, პარკებითა და სახურავების ბაღებით გამწვანებით შეგვიძლია, შევინარჩუნოთ სიგრილე ტემპერატურის მატების პირობებშიც.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ურბანული სივრცეების გამწვანება აუმჯობესებს ქალაქის მიკროკლიმატს. სატრანსპორტო სისტემებითა და ინდუსტრიული აქტივობებით გამოწვეული სიცხის გამო, საქალაქო ტიპის დასახლებებში ტემპერატურა ხშირად უფრო მაღალია ვიდრე არაურბანულ გარემოში. იმისთვის, რომ ასეთ ქალაქებში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდეს, იზრდება კონდინციონერებზე მოთხოვნა, რაც თავის მხრივ ზრდის ელ.ენერგიის გამოყენებასა და აუარესებს „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტს[1].
„ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტი ტემპერატურული ანომალიაა რომელიც თავს ქალაქებში იჩენს. ქალაქებში ჰაერი უფრო თბილი ხდება მოკირწყლული და ამრეკლავი ზედაპირის, პოპულაციის სიჭარბის გამო. „სითბოს კუნძულის“ ეფექტის გამო, ქალაქის ტიპის დასახლებაში ტემპერატურა 1 დან 6 გრადუსამდე უფრო მეტია ვიდრე სხვა გარემოში[2].
გაზრდილი ტემპერატურა საზოგადოებაზე მრავალი აპსექტით ახდენს გავლენას: იზრდება ელ-ენერგიაზე მოთხოვნა, გაგრილების ხარჯები, იმატებს ჰაერის დაბინძურების დონე და სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვი. მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, უფრო ცხელი ჰაერი გავლენას ახდენს ქარსა და ნალექზე.
საბედნიეროდ, ქალაქებში მწვანე სივრცეები ამცირებს ცხელი ტემპერატურის მავნე ეფექტებს. მცენარეები ქალაქის ტემპერატურის დაწევას ორი მთავარი გზით ახერხებენ. პირველი წყლის ატმოსფეროში აორთქლების მეთოდია, ხოლო მეორე ისეთი ზედაპირების დაჩრდილვა, რომლებიც სხვა შემთხვევაში შთანთქავდნენ სიცხეს[3]. კვლევამ აჩვენა, რომ მზიან დღებში ერთ ჯანმრთელ ხეს გაგრილების უფრო მეტი უნარი აქვს, ვიდრე ჯამში ათ კონდინციონერს[4].
ქარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ასპექტია „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტისა. ქალაქები ბევრად უფრო სწრაფად თბება და აღწევს მაღალ ტემპერატურას ვიდრე სხვა ტიპის დასახლებები. იმის გამო, რომ თბილი ჰაერი უფრო მსუბუქია ვიდრე ცივი, იგი ზემოთ ადის და ქმნის შედარებით დაბალ ატმოსფერულ წნევას ურბანულ ადგილებზე. როცა თბილი ჰაერი ზემოთ ადის და ვრცელდება, ცივი ჰაერის მასა კიდევ უფრო მძიმდება და აწვება არაურბანულ ადგილებს, ქმნის რა უფრო მაღალ ატმოსფერულ წნევას. წნევის სხვაობა ქმნის ქარს, რომელიც უბერავს სასოფლო დასახლებებიდან საქალაქოსკენ. ქარს შედარებით ცივი ჰაერი მოაქვს ურბანული არისკენ, რათა შეიცვალოს თბილი საქალაქო ჰაერი. ამას ურბანული ნიავის ციკლი ეწოდება („urban breeze cycle”)[5]
პარკები ამ შემთხვევაში ქალაქის შიგნით, მცირემასშტაბიან „არაურბანულ კუნძულებად“ შეგვიძლია მოვიაზროთ, რომლებიც ქმნიან მცირე ცირკულაციას, რაც პარკის ნიავის („park breeze“) სახელითაა ცნობილი.
ქალაქებს, როგორც ატმოსფერული ჰაერის დაბინურების, ისე უფრო ფართო – კლიმატის ცვლილების საქმეში, სერიოზული წვლილი შეაქვთ სასათბურე აირების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ნახშირორჟანი. ურბანული ჰაერის დაბინძურების საშიში ეფექტები შეიძლება გამოიხატებოდეს რესპირატორულ პრობლემებში, მჟავურ წვიმებში, მზის რადიაციის დედამიწის ზედაპირზე ჭარბად შემოღწევაში. საბედნიეროდ, დასტურდება, რომ გამწვანება დადებით ეფექტს ახდენს დამაბინძურებლების შთანთქმაზე.
ერთი წლის განმავლობაში, ერთ აკრზე (დაახ. 4050 მ2) გაშენებულ ხეებს იმდენივე ნახშირორჟანგის შთანთქმა შეუძლიათ, რამდენსაც მანქანა გამოიმუშავებს 11 000 მილის (დაახ. 17702 კმ) გავლის შემთხვევაში. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ ისინი არა მხოლოდ შთანთქავენ ნახშირორჟანგს, არამედ გამოყოფენ კიდეც ჟანგბადს. 50 კვადრატულ ფუტზე (დაახ. 4.6 მ2) გაშენებულ მცენარეებს შეუძლიათ იმდენი ჟანგბადი გამოიმუშავონ, რამდენიც ოთხ წევრიანი ოჯახის საჭიროებებს გასწვდება.
ნახშირორჟანგთან ერთად, კვლევებმა აჩვენა, რომ ხეებს შეუძლიათ სხვადასხვა დამბინძურებლებთან ბრძოლა. 212 000 აკრზე (დაახ. 858 კმ2) გაშენებულ პარკში, დღიურად, ხეებს 48 ფუნტი (დაახ. 22 კგ) მყარი ნაწილაკების, 9 ფუნტი (დაახ. 4 კგ) აზოტის დიოქსიდის, ექვსი ფუნტი (დაახ. 2.7 კგ) გოგირდის დიოქსიდის, ორი ფუნტი (დაახ. 0.9 კგ) ნახშირორჟანგის მონოქსიდისა და 100 ფუნტი (დაახ. 45 კგ) ნახშირორჟანგის განეიტრალება შეუძლიათ. ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სერვისების ინფორმაციით, ხე თავისი 50 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში, 31 250 დოლარის ღირებულების ჟანგბადს გამოიმუშავებს და 62 000 დოლარის ჰაერის დაბინძურების კონტროლს უზრუნველყოფს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწვანე სივრცეების ზრდა გვეხმარება ატმოსფეროში დამაბინძურებლების კონცენტრაციის შემცირებაში. მცენარეების მიერ მყარი ნაწილაკების შთანთქმის პროცესს „მშრალი ნალექი“ (dry deposition) ეწოდება. მყარი ნაწილაკები ფოთლებზე მოხვედრის შემდეგ მის ცვილში ეხვევა და შეიწოვება[6]. სწორედ ამიტომ, მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული რუსთავის შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სათანადო გამწვანებას და გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობას.
მასიური გამწვანების პროცესი აბსტრაქტული და შორეული პერსპექტივა სულაც არაა. მაგალითად, ლონდონის მერი, სადიქ ხანი (sadiq khan) იმედოვნებს, რომ ლონდონი გახდება მსოფლიოში პირველი „ეროვნული პარკი-ქალაქი“. იგი ამის მიღწევას 12 მილიონი ფუნტის ღირებულების პროექტით – მასიური გამწვანებითა და პარკებისა და უკვე არსებული მწვანე სივრცეების აღდგენითა და გაუმჯობესებით ცდილობს. 2050 წლისთვის ლონდონს დაგეგმილი აქვს დედაქალაქის ნახევარზე მეტის გამწვანება.[7]
ასევე, სინგაპური შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნება შენობებსა და ქალაქის დიზაინში შემოვიდეს. მის ქუჩებში ხშირად შეხვდებით გამწვანებულ ტერასებსა და სახურავის ბაღებს, სადაც ადგილობრივი მწერები და ჩიტები ბინადრობენ.
რა თქმა უნდა, ურბანული გამწვანება ცალკე ვერ გადაჭრის კლიმატის ცვლილების პრობლემას, თუმცა, ქალაქებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა, ვფიქრობთ, ამ პრობლემის მოგვარების შესანიშნავი დასაწყისია.
ურბანული გამწვანება მხოლოდ კლიმატის ცვლილების ეფექტების მინიმიზაციასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში როდი დაგვეხმარება. კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე გარემოს ადამიანის სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაერთი დადებითი გავლენა აქვს. მათ შორისაა, სტრესისა და შფოთვების შემცირება, გაუმჯობესებული კოგნიტური ფუნქცია, დეპრესიის დაბალი რისკი და საერთო ჯამში, უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.[8]
აღსანიშნავია ისიც, რომ მასობრივმა გამწვანებამ შეიძლება შეამციროს დაბინძურება და მომავალში თავიდან აგვაცილოს ძალიან ცხელი ზაფხულები. ზემოაღნიშნულის შემცირება გვეხმარება კლიმატის ცვლილების მართვაში, კონკრეტულად, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაში.
სტატია მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი ქმედებების“ ფარგლებში.
[1] წყარო: https://apolitical.co/en/solution_article/is-urban-greening-the-green-transformation-cities-need-to-fight-climate-change
[2] წყარო: https://climatechange.lta.org/wp-content/uploads/cct/2019/12/Parks-for-Climate-Change.pdf
[3] წყარო: https://theconversation.com/can-trees-really-cool-our-cities-down-44099
[4] წყარო: https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0921344911001303
[5] წყარო: https://climatechange.lta.org/wp-content/uploads/cct/2019/12/Parks-for-Climate-Change.pdf
[6] წყარო: https://thought-leadership-production.s3.amazonaws.com/2016/10/28/17/17/50/0615788b-8eaf-4b4f-a02a-8819c68278ef/20160825_PHA_Report_FINAL.pdf
[7] წყარო: https://www.london.gov.uk/what-we-do/environment/parks-green-spaces-and-biodiversity/greener-city-fund
