ევროპის გარემოს სააგენტოს უახლესი კვლევის მიხედვით, ყოველ წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროკავშირში 400 000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს. [1]
ამ შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების შედეგებთან საბრძოლველად, 2019 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წამოაყენა „მწვანე შეთანხმების“ ინიციატივა, რომელსაც მხარი პოლონეთის გარდა 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა. [2]
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა (Ursula von der Leyen) მას „ევროპის ადამიანი მთვარეზე მომენტი“ უწოდა (Europe’s man on the moon moment). [3] აქამდე მსგავსი მასშტაბური ინიციატივის მცდელობაც კი არ ყოფილა, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ადამიანის პროგრესის მოდელი ფაქტობრივად არ შეცვლილა და იგი არა გარემოზე, არამედ მის უმოწყალო ექსპლუატაციაზე იყო დაფუძნებული, რაც ატმოსფეროს ნახშირორჟანგით, ზღვებს კი პლასტმასით ავსებდა.
„მწვანე შეთანხმების“ მთავარი მიზანია სასათბურე აირების ემისიების შემცირება 2050 წლისთვის, რათა ტემპერატურამ 1.5-2°C-ით დაიწიოს. შეთანხმების მიზნები საზოგადოებისა და ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის „ცირკულარულ/წრიულ“ ეკონომიკაზე გადასვლას, რაც გადამუშავებასა და ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად. [4] მიზნებს შორისაა ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყეების გაჩეხვის შემცირება, ტრანსპორტის ელექტროფიკაცია.
ევროპული „მწვანე შეთანხმება“ მაღალბიუჯეტიანი პროექტია, რომელიც ათ წელიწადში 1 ტრილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს. ამ თანხის ნახევარი ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ემისიების ვაჭრობის (emissions-trading) სქემიდან გამოიყოფა. დანარჩენი კი კერძო ინვესტიციების მობილიზებას ემყარება. ევროკომისიის შეფასებით, წელიწადში 260 მილიარდი ევროა საჭირო, რომ 2030 წლისთვის დასახული შუალედური მიზნები მიიღწეს. იმ შემთხვევაშიც თუ მსგავსი თანხები შეიკრიბა, წევრი სახელმწიფოებისთვის კიდევ ერთი დილემა წარმოიშობა: ისინი უნდა შეთანხმდნენ როგორ დახარჯონ აღნიშნული თანხა. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ, რომ ინვესტიცია ტექნოლოგიებში ჩადონ, როგორიცაა ელემენტები და ელექტრო ქსელები. შედარებით დაბალშემოსავლიანი სამხრეთის და აღმოსავლეთის ქვეყნები კი იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ ეს თანხა ისე, რომ „ცირკულარულ/წრიულ“ ეკონომიკაზე გადასვლა მათთვის შედარებით უმტკივნეულო იყოს. პოლონეთმა კი უკვე გამოაცხადა, რომ 2050 წლისთვის იგი აღნიშნულ მიზანს ვერ მიაღწევს. [5]
„მწვანე შეთანხმებას“ რამდენიმე მთავარი ელემენტი აქვს, [6] ესენია:
– კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება
– სუფთა ენერგია
– მდგრადი მრეწველობა
– მშენებლობა და განახლება
– მდგრადი მოძრაობა
– ბიომრავალფეროვნების დაცვა
– „ფერმიდან ჩანგლამდე“
– დაბინძურების შემცირება
– კვლევა და განვითარება
– არასამართლიანი კონკურენციის თავიდან აცილება
კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება
1990 წლიდან 2018 წლამდე ევროკავშირში სასათბურე აირების ემისიები 23%-ით შემცირდა. „მწვანე შეთანხმების“ ძირითადი მიზანია 2050 წლისთვის ევროპა „კლიმატურად ნეიტრალური“ (climate neutral) გახდეს, რაშიც ნულოვანი გამონაბოლქვიც იგულისხმება. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაგზე ევროკავშირმა შუალედურ მიზნად 2030 წლისთვის სასათბურე აირების ემისიების 55%-ით შემცირება დაისახა.
სუფთა ენერგია
ევროკავშირის სასათბურე აირების ემისიების ძირითად წყაროს ენერგიის წარმოება და გამოყენება წარმოადგენს, რასაც მთლიანი წილის 75% უკავია. „სუფთა ენერგიის“ პოლიტიკა მიზნად ისახავს შეამციროს აღნიშნული მაჩვენებელი და განახლებადი წყაროების განვითარების გზით გააუმჯობესოს ენერგეტიკული სექტორის მუშაობა. [7]
მდგრადი მრეწველობა
ამჟამად, მრეწველობა ევროკავშირის სასათბურე აირების ემისიების მთლიანი წილის მეხუთედს შეადგენს. შესაბამისად, ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ნახშირბადისგან თავისუფალი წარმოება (დეკარბონიზაცია). [8]
მშენებლობა და განახლება
შენობა-ნაგებობები და ზოგადად, მშენებლობის სექტორი ევროკავშირის მოხმარებული ენერგიის მთლიანი წილის 40%-ზე, ხოლო სასათბურე აირების ემისიების 36%-ზეა პასუხისმგებელი. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ მიზანია უფრო სუფთა სამშენებლო სექტორის განვითარება. „განახლების ტალღა“ წარმოადგენს სტრატეგიას, რის მიხედვითაც შენობების გარემონტება ისე უნდა მოხდეს, რომ გაიზარდოს მათი ენერგოეფექტურობა. [9] გეგმის მთავარი პრიორიტეტია გათბობისა და გაგრილების სისტემების დეკარბონიზაცია, საჯარო საკუთრებაში მყოფი შენობების – სკოლებისა და საავადმყოფოების განახლება.
მდგრადი მოძრაობა
მდგრადი მოძრაობის/მობილობის პოლიტიკა მოიცავს ინიციატივებს სატრანსპორტო გამონაბოლქვის შესამცირებლად, რაც ევროკავშირის სასათბურე აირების ემისიების მთლიანი წილის 25%-ს შეადგენს. მიღებული სტრატეგია „მდგრადი და ჭკვიანი მოძრაობისთვის“ მიზნად ისახავს ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის გარდაქმნას, 2050 წლისთვის გამონაბოლქვის 90%-ით შემცირებას, რაც ჭკვიან, კონკურენტუნარიან, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სატრანსპორტო სისტემაზე იქნება დაფუნძებული. [10] სტრატეგიას რამდენიმე შუალედური მიზანი აქვს 2030 წლისთვის. მათ შორის:
– 2030 წლისთვის სულ მცირე 30 მილიონი „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მქონე მანქანა ივლის ევროპის გზებზე
– ასი ევროპული ქალაქი კლიმატურად ნეიტრალური იქნება (climate neutral)
– ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა ევროპაში გაორმაგდება
– 500 კილომეტრზე ახლოს დაგეგმილი კოლექტიური მგზავრობები უნდა იყოს ნახშირბადის თვალსაზრისით ნეიტრალური
– ავტომატური ტრანსპორტირების სისტემები ფართო მასშტაბებით იქნება ხელმისაწვდომი
– ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე საზღვაო გემები ბაზარზე გასატანად მზად იქნება
დაბინძურების შემცირება
დაბინძურება მრავალი ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. იგი გავლენას არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ბიომრავალფეროვნების დაკარგვაზეც ახდენს. ამიტომ, ევროკომისიამ შეიმუშავა ნულოვანი დაბინძურების გეგმა, რომელიც გვთავაზობს სამ მთავარ აქტივობას, რათა შევამციროთ დაბინძურება. [11]
– „ქიმიური სტრატეგია მდგრადობისათვის“ რათა დავიცვათ გარემო საშიში ქიმიური ნივთიერებებისგან. [12]
– „ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმა წყლის, ჰაერისა და ნიადაგისთვის“ რათა უკეთესად დავაკვირდეთ და თავიდან ავიცილოთ დაბინძურება.
– მესამე აქტოვობა მიზნად ისახავს მსხვილი სამრეწველო დანადგარებიდან დაბინძურების აღმოფხვრის მიზნით არსებული ღონისძიებების გადახედვასა და გაუმჯობესებას, რათა ისინი აღნიშნული შეთანხმების მიზნებს მიესადაგებოდნენ. ასევე გათვალისწინებულია რეგულაციების გადახედვა იმ ნივთიერებების შესახებ, რომლებიც აზიანებს ოზონის შრეს. [13]
„ფერმიდან ჩანგლამდე“
საკვები სისტემები სასათბურე აირების გლობალური ემისიების მთლიანი წილის 21-37%-ს შეადგენენ და ამასთანავე, იყენებენ უდიდესი რაოდენობის ბუნებრივ რესურსებს. „ფერმიდან ჩანგლამდე“ სტრატეგიის მიზანია შეამციროს საკვები ნარჩენები და გარდაქმნას საკვების წარმოების, გადამუშავების, საცალო ვაჭრობის, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ფორმები. ეს ყოველივე გახადოს უფრო ეკო მეგობრული. [14]
ბიომრავალფეროვნების დაცვა
ბოლო 40 წლის განმავლობაში, ადამიანის საქმიანობის გამო გარეული ჯიშების პოპულაცია 60%-ით შემცირდა. ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიაში განისაზღვრა ბიომრავალფეროვნებისთვის საზიანო ძირითადი ფაქტორები: კლიმატის ცვლილება, მიწებისა და ზღვის ზედმეტი დამუშავება და გამოყენება, დაბინძურება. ბიომრავალფეროვნების შემცირება და კლიმატის ცვლილება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, შესაბამისად ბუნებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პოლიტიკაში. ევროკომისიის თანახმად, ბიომრავალფერონებაზე ძალიან არის დამოკიდებული მშენებლობის, აგრარული და საკვები სექტორები. ბიომრავალფეროვნების სტრატეგია „ფერმიდან ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან ერთად ითანამშრომლებს ტყეების განაშენიანებისა და ქალაქებში მწვანე სივრცეების განვითარების საკითხში. [15]
კვლევა და განვითარება
კვლევა და განვითარება ერთდროულად მწვანე შეთანხმების ყველა ელემენტს მოიცავს, ვინაიდან, შეთანხმების მრავალი ინიციატივა მოითხოვს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ფინანსური მოდელების გარდაქმნას. ევროკავშირი ყურადღებას გაამახვილებს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების კვლევაზე, როგორიცაა: ელემენტები, სუფთა წყალბადი, დაბალნახშირბადოვანი ფოლადი, ბიომრავალფეროვნება.
არასამართლიანი კონკურენციის თავიდან აცილება
ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ ბლოკის ეკონომიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს, რომელიც დაბალნახშირბადოვანი მოდელისკენ იქნება მიმართული. ამას თან ახლავს არასამართლიანი კონკურენციის რისკი. როგორც ევროკომისიამ დაადგინა, შეიძლება წარმოება ევროკავშირიდან ისეთ ქვეყნებში გადავიდეს, რომლებსაც ემისიების შემცირების ნაკლები ამბიცია აქვთ, ან ევროკავშირის პროდუქტები უფრო „ნახშირბად ინტენსიური“ იმპორტირებული პროდუქტებით ჩანაცვლდეს. ევროკომისია გვთავაზობს ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასი შედარებით ზუსტად ასახავდეს პროდუქტში ნახშირბადის შემცველობას. [16]
მიაღწევს თუ არა ევროკავშირი თავისივე დადგენილ მიზნებს?
2020 წლის სტატისტიკიდან გამომდინარე, პროგნოზი საიმედოა. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტები, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ემისიების კლებასა და 2020 ემისიების შემცირების შუალედური მიზნის მიღწევაში. მაგალითად, გერმანია, ემისიების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა ევროკავშირში, კოვიდ-19-ით გამოწვეული ემისიების შემცირების გარეშე, ევროკავშირის დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა.[17] იმის გამო, რომ აღნიშნული გამონაბოლქვის შემცირება პანდემიითაა გამოწვეული და არა სტრუქტურული ცვლილებებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროკავშირის გამონაბოლქვის დონეზე აღნიშნულმა რაიმე დადებითი, გრძელვადიანი შედეგი იქონიოს. საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა დაჩქარდეს ემისიების შემცირების ტემპი და რეალური გახდეს კიდევ ერთი შუალედური მიზნის მიღწევა – 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55%-ით შემცირება.
სტატია მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი ქმედებების“ ფარგლებში.
[1] წყარო: https://www.eea.europa.eu/publications/healthy-environment-healthy-lives
[2] წყარო: https://www.economist.com/the-economist-explains/2021/06/01/what-is-the-european-green-deal
[4] წყარო: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?qid=1583933814386&uri=COM:2020:98:FIN
[5] წყარო: https://www.economist.com/the-economist-explains/2021/06/01/what-is-the-european-green-deal
[8] წყარო: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A52020DC0102&qid=1612808800281
[9] წყარო: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A52020DC0662&qid=1612868776440
[10] https://ec.europa.eu/transport/themes/mobilitystrategy_en
[11] წყარო: https://ec.europa.eu/environment/strategy/zero-pollution-action-plan_en
[12] წყარო: https://ec.europa.eu/environment/strategy/chemicals-strategy_en
[13] წყარო: https://ec.europa.eu/clima/policies/ozone/regulation_en
[14] წყარო: https://ec.europa.eu/food/horizontal-topics/farm-fork-strategy_en
[17] წყარო: https://www.reuters.com/article/uk-climate-change-eu-germany-idUKKCN25F27F?edition-redirect=uk
