ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება სავარაუდოდ გაზრდის ოზონის მაჩვენებლებს 2050 წლისთვის. ამან შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ის მრავალ ნაწილში ჰაერის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის დარღვევა და საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ზრდა.
ოზონი რეაქტიული აირია, რომელიც შედგება ჟანგბადის 3 ატომისგან. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოქმნა ბუნებრივად ხდება, ხშირად წარმოიქმნება აქროლადი ორგანული ნაერთების (VOCs) და აზოტის ოქსიდების (NOx) ურთიერთქმედების შედეგად – რომლებიც ჰაერის დამაბინძურებელია.
„კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ოზონის ფორმირებაზე რთული ფაქტორებით, მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია ოზონის მატებასთან დაბინძურებულ ადგილებში“, ამბობს ჯეიმს ისტი, დოქტორანტი ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე აღინიშნება (VOCs და NOx), სავარაუდოდ გაიზრდება ოზონის დონეც საშუალო ტემპერატურების ზრდასთან ერთად. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება გაზრდის ბუნებრივად წარმოქმნილი VOCs-ის გამოყოფას აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას.”
ოზონის მატება საყურადღებოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ფილტვების ფუნქციის დაქვეითება და სასუნთქი გზების ანთება, რაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს.
”დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება გაზრდის ოზონით დაბინძურებას, მაგრამ იყო უზარმაზარი გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ზრდა”, – ამბობს ფერნანდო გარსია მენენდესი, გარემოს ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი. ”ჩვენი მიზანი ამ ნამუშევრით იყო რაოდენობრივი შედეგების დიაპაზონისა და მკაფიო სურათის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ოზონით დაბინძურებაზე აშშ-ში.”
„ატმოსფერული ქიმია რთული და კომპლექსურია, კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ქიმიური რეაქციების სიჩქარეზე, ოზონის წინამორბედების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ოზონი გარემოში,” – ამბობს გარსია მენენდესი. „ჩვენ ვეყრდნობოდით უკვე არსებულ მრავალფეროვან მოდელს და გამოვიყენეთ სტატისტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ ცვლადების ეს ფართო სპექტრი, რათა შევისწავლოთ ოზონით დაბინძურება მომდევნო წლებში.”
კონკრეტულად, მკვლევარებმა შეისწავლეს რამდენად ხშირად აჭარბებს ოზონის დონეები ჰაერის ხარისხის სტანდარტებს, რომლებიც შექმნილია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, რამდენად აჭარბებს ოზონის დონე სტანდარტებს და როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს 2050 წლისთვის.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია დიაპაზონის სახით, რადგან კლიმატის მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, თუ რამდენად მგრძნობიარეა კლიმატი სათბურის გაზების კონცენტრაციის ცვლილებების მიმართ.
საუკეთესო სცენარი არის ის, რომ კლიმატს აქვს შედარებით დაბალი მგრძნობელობა ნახშირორჟანგის მიმართ. ახალი კვლევა ადგენს, რომ ოზონის გაზომვების მაღალი ზღვარი საშუალოდ გაიზრდება 0.3 ნაწილაკზე ნაკლებით – მილიარდზე, ხოლო ეს მაღალი რაოდენობა ბევრი ადგილისთვის შესაძლოა იყოს არსებული ჰაერის ხარისხის სტანდარტებზე დაბალი.
„თუმცა, ამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, აღმოჩნდა, რომ ოზონის დონის უფრო მეტი ცვალებადობაა პროგნოზირებული 2050 წლისთვის – რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც უნდა ველოდოთ იმ დღეების რაოდენობის ზრდას, სადაც არის ოზონის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი, რაც არღვევს ჰაერის ხარისხის სტანდარტს“, – ამბობს ისტი.
ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ კლიმატი ძალიან მგრძნობიარეა ნახშირორჟანგის მიმართ. ამ შემთხვევაში, კვლევაზე დაყრდნობით, ოზონის დონე საშუალოდ გაიზრდება 2.3 ნაწილაკზე მეტით – მილიარდზე. ცვალებადობის ზრდასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდ ნაწილში გაიზრდება დღეების რიცხვი, როდესაც ოზონის დონე აღემატება ჰაერის ხარისხის სტანდარტებს.
„პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის დამატებით 5-დან 13 მილიონამდე ადამიანი დაექვემდებარება ოზონის საშიშად მაღალ დონეებს,” – ამბობს ისტი.
„ამჟამად სახელმწიფო და ფედერალური მთავრობები ცდილობენ ოზონის დონეების მართვას ჰაერის დამაბინძურებლების ემისიების შემცირებით,” – ამბობს გარსია მენენდესი. „ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ემისიების შემცირების არსებული ძალისხმევა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ოზონის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ქვეყნის ბევრ ნაწილში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც უკვე უჭირთ ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება.”
„ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო,” – ამბობს ისტი. „პირველ რიგში, ის ხელს გვიწყობს, გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილება ჰაერის ხარისხზე და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ხელს უწყობს კლიმატის რეგულაციებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს. მეორე, ოზონზე კლიმატის ზემოქმედების დიაპაზონის გარკვევით, ჩვენ ვაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე – როგორიცაა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიმდინარე მიმოხილვა ჰაერის ხარისხის სტანდარტის შესახებ, ოზონთან დაკავშირებით.”
გამოყენებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.