კოლუმბიის დედამიწის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აფრიკაში ნაადრევი სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად ჰაერის დაბინძურება იქცა, მან აივ ინფექციით გამოწვეულ სიკვდილიანობის რიცხვსაც კი გადააჭარბა.
აფრიკაში მსოფლიოში აივ ინფექციით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყოველწლიურად კონტინენტზე აივ ინფექციით დაახლოებით 470,000-მდე ადამიანი იღუპება[1], რაც მსოფლიოში აივ ინფექციით გარდაცვლილთა სრული რაოდენობის 68% შეადგენს (2019 წელს მსოფლიოში 690,000 ადამიანი გარდაიცვალა აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებებით)[2].
მიუხედავად მსგავსი საგანგაშო მაჩვენებლისა, აივ ინფექცია აფრიკაში სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებში წამყვან ადგილს აღარ იკავებს და ის ჰაერის დაბინძურებამ შეცვალა. კონტინენტზე ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 780,000 შემთხვევას შეადგენს. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით რეგიონში არ არსებობს ხელმოსაჭიდი მასალები. სწორედ ამიტომ, კოლუმბიის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის გუნდმა კინშასასა (Kinshasa) და ბრაზავილში (Brazzaville), კონგოს რესპუბლიკაში დაბალბიუჯეტური ჰაერის ხარისხის სენსორები დააყენა და მიღებული მასალა ამინდის ცვლილებისა და ადამიანების აქტივობის ცვლილების გათვალისწინებით შეისწავლა. აღნიშნული კვლევა კი სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იგი პირველი, გრძელვადიანი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კვლევაა, რომელიც აგროვებდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემატურ მონაცემებს სუბსაჰარულ აფრიკაში.
კვლევის პროცესში, რომელიც 2018 წლის მარტში დაიწყო, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მყარი ნაწილაკებით (PM2.5) გამოწვეული დაბინძურება პიკს მშრალი სეზონის – ივნისი, ივლისი და აგვისტოს დროს აღწევდა. ამ დროს მყარი ნაწილაკების დონე ხუთჯერ აღემატებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს, ხოლო დანარჩენ სეზონებზე – ოთხჯერ.
დენიელ ვესტერველტმა (Daniel Westervelt), კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა და კვლევის მთავარმა ავტორმა განაცხადა, რომ ორივე ქალაქში, PM2.5ის კონცენტრაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო ნიშნულზეა, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს კარდიოპულმონარულ პრობლემებსა და ნაადრევ სიკვდილს.
აღნიშნულ კვლევაში ვკითხულობთ: „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთავარი კრიზისია მსოფლიო ჯანდაცვისათვის, რომელიც მსოფლიოს გარშემო წელიწადში დაახლოებით 4.9 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ჰაერის დაბინძურება მეხუთე ადგილს იკავებს სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებში და საშუალოდ 20 თვით ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, რითაც უახლოვდება თამბაქოს მავნე გავლენას. ჰაერის დაბინძურება ისეთ დაავადებებს იწვევს, რომლებიც მწვავდება მუდმივად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრების დროს. ასეთი დაავადებებია ასთმა, ფილტვის სიმსივნე და ფილტვის სხვა ქრონიკული დაავადებები. თუმცა, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სიმცირიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ზუსტად შეფასდეს მისი გავლენა აქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე.“
ასევე, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ თანასწორობისგან ისეთ საკითხშიც კი, როგორიც ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგია. გაეროს მიხედვით, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ბევრ რეგიონს არ აქვს ყოვლისმომცველი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროგრამები, რაც დაბინძურებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
კვლევის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი PM2.5-ია, ანუ მყარი ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრომეტრზე (მიკრონზე) ნაკლებს წარმოადგენს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის საშუალო მაჩვენებელი PM2.5-სთვის იყო 46.1 მკგ/მ3 (შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებული წლიური ზღვარი არის 10 მკგ/მ3), რაც ორ ქალაქში მკვეთრად გაუარესებულ ჰაერის ხარისხზე მიუთითებს. PM2.5ის მაჩვენებელი თავის პიკს მშრალ სეზონებზე აღწევს – ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, შედარებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა წვიმიან სეზონებზე. 2018-2020 წლებში მონიტორინგის დროს დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 5-10 მკგ/მ3-ს შეადგენდა.
კვლევის შედეგებმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონებში. ამის გარეშე შეუძლებელია იმის დათვლა, თუ რა საფრთხე აქვს და რად გვიჯდება ჰაერის დაბინძურება. ასევე, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობისთვის იმის ახსნა თუ რა საჭიროა სუფთა ჰაერისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება და ახალი პროგრამების განხორციელება.
[1] წყარო: https://www.afro.who.int/health-topics/hivaids
[2] წყარო: https://www.unaids.org/en/resources/fact-sheet
საინფორმაციო მასალა მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
