სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ხშირად უსვამს ხოლმე ხაზს ადვოკატირების მნიშვნელობას. სწორედ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ადვოკატირების კამპანიის შედეგია ის, რომ რუსთავში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო ჰაერის დაბინძურების შესახებ, ადამიანები გააქტიურდნენ სუფთა ჰერისთვის ბრძოლაში და „გავიგუდეთ“ის ჩართულობით შემუშავდა “2020-2022 წლების ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა“ და ცვლილება შევიდა ისეთ კანონებში, როგორიცაა: კანონი “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”, კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“. დღეს კი გვინდა ქალაქისა და ქვეყნის ფარგლებს გავცდეთ და ამჯერად კანადაში, ბრიტანულ კოლუმბიაში არსებული ტენიანი ტყის გადარჩენის წარმატებული შემთხვევა გაგიზიაროთ.
2016 წლის თებერვალში საბოლოო შეთანხმება გამოცხადდა „Great Bear”-ის („დიდი დათვი“) ტენიანი ტყის დაცვაზე. ამის მიღწევას ოცწლიანი, მრავალმხრივი ბრძოლა დასჭირდა, შესაბამისად, ეს ფაქტი გარემოსდაცვითი აქტვისტების მთავარ გამარჯვებად შეფასდა. ამ ბრძოლის შედეგად, ვრცელი ტენიანი ტყის 85%-ზე აიკრძალა ინდუსტრიული საქმიანობა, ხოლო მკვიდრი მოსახლეობის, როგორც ამ მიწებზე გადაწყვეტილებების მიმღებთა უფლებები კანონში გაიწერა.
დღეს თქვენთვის გასაზიარებლად ეს კონკრეტული შემთხვევა იმიტომ ავარჩიეთ, რომ მისი შედეგები კანადის ფარგლებს სცდება. „Great Bear“-ის ტენიანი ტყის შემთხვევამ ტყეების ფართომასშტაბიანი შენარჩუნების მსოფლიო პრეცენდენტი შექმნა. ნიკოლ რაიქროფთის (Nicole Rycroft) თქმით, რომელიც ვანკუვერში გარემოსდაცვითი ჯგუფის კანოპის (Canopy) აღმასრულებელი დირექტორია, „ის ფაქტი, რომ დიდი ლანდშაფტის შენარჩუნებასთან ერთად ადამიანის კეთილდღეობაცაა დაცული, ნიშნავს იმას, რომ ეს მაგალითი შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად ლეუსერის (Leuser) ეკოსისტემა ინდონეზიაში, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და დამოკიდებულია ამ მიწაზე.“ ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრა არის მარტორქების, ვეფხვების, ორანგუტანგებისა და სპილოების სახლი, სადაც დღითიდღე იზრდება ბრაკონიერობა. არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული ამ ეკოსისტემის გადარჩენაში და იმედი გვაქვს, მალე მისი წარმატებული ისტორიის გაზიარებასაც შევძლებთ.
3.6 მილიონი ჰექტრით, Great Bear-ის ტენიანი ტყე, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადის პროვინციაში მდებარეობს, მსოფლიოში დარჩენილი ხელუხლებელი ტენიანი ტყეების მთლიანი წილის მეოთხედს წარმოადგენს. 1990-იანი წლებიდან იგი ეკო-აქტივისტებსა და სატყეო ინდუსტრიას შორის მწვავე ბრძოლის ადგილად იქცა. ერთი მხრივ, გარემოსდამცველებს აშფოთებდათ ტყეების ასეთი დაუნდობელი განადგურება, ხოლო ინდუსტრია მოგების მიზნით მაინც არ წყვეტდა ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეების გაჩანაგებას. იმდროინდელმა გაზეთებმა ამ ბრძოლას „ომი ტყეებში“ უწოდეს. მხოლოდ 1993 წელს 900 ადამიანზე მეტი დააკავეს იმის გამო, რომ მათ ტყის ჩეხვის შეჩერება ფიზიკურად სცადეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ადგილზე ტყის ჩეხვას, აწყობდნენ საპროტესტო აქციებსა თუ ბლოკადებს, ეს ყოველივე ხის მჭრელების მუშაობას მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას აფერხებდა და სამაგიეროდ, მანამ სანამ აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთ ტერიტორიას იცავდა, ისინი მიწასთან სხვა ხეობას ასწორებდნენ. ტყის ასეთი ფრაგმენტაცია არა მხოლოდ იმ კონკრეტულ არეალს ანადგურებდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა მთლიანი ეკოსისტემის სიჯანსაღეს.
ამიტომაც, 1997 წელს „გრინფისმა“ (Greenpeace), „ტენიანი ტყეების სამოქმედო ქსელმა“ (Rainforest Action Network), „სიერა კლუბმა“ (the Sierra Club) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ახალი გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია, რომლის მიზანიც გახლდათ ამ პრობლემისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნა ფუნდამენტური ცვლილებების გატარებით და იმის შეცვლით, თუ როგორ უნდა ეფუნქციონირა სატყეო ინდუსტრიას ბრიტანეთის კოლუმბიაში.
ასეთი ადვოკატირების კამპანიები ახლა ძალიან გავრცელებულია და მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. მათი საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობენ ზემოქმედებას სამიზნეზე – როგორც წესი, კორპორაციაზე, მთავრობაზე ან მთავრობის რომელიმე შტოზე, რათა მიიღონ ან შეცვალონ უკვე არსებული კანონი თუ კურსი და ამ გზით მიაღწიონ დასახულ გარემოსდაცვით მიზნებს. ადვოკატირების კამპანიებს ერთი, ჩამოყალიბებული სახე არ აქვს, რადგანაც ყველა ჯგუფს საკუთარი, უნიკალური ტაქტიკა აქვს და სხვადასხვა ხერხით ცდილობს მიიღოს სამიზნისგან ის, რაც სურს.
Great Bear-ის ტენიანი ტყის შემთხვევაში, არასამთავრობოებმა გადაწყვიტეს „ბაზარზე დაფუძნებული მიდგომა“ აერჩიათ, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ტენიანი ტყეებიდან წამოსული ნედლეულის მთავარი მომხმარებლები, ეძებნათ ალტერნატივები და დაეხარჯათ საკუთარი ფული სადმე სხვაგან. გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა საკუთარი მესიჯი ბაზარზე არსებულ საერთაშორისო მყიდველებამდეც კი მიიტანეს.
ზემოთ აღნიშნული ჯგუფები დაუკავშირდნენ დიდ კორპორაციებს როგორიცააა „ჰოუმ დეპო“ (Home Depot), „სთეიფლს“ (Staples), „იკეა“ (Ikea) და, საერთო ჯამში, 500-ზე მეტ კომპანიას და აჩვენეს თუ რა ფინანსდებოდა მათი შესყიდვებით – ხეების გაჩანაგება.
ზოგიერთმა მყიდველმა მაშინვე გააუქმა კონტრაქტები სატყეო კომპანიებთან, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილი იყო. ინვესტორების უმეტესობა ამ საკითხით არ დაინტერესებულა და, ამ მიმართულებით, არაფერი შეუცვლია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ქმედებას კიდევ უფრო მასშტაბურად უპასუხეს, მათ შორის, აწყობდნენ აქციებს მაღაზიებში, უცხადებდნენ ბოიკოტს კომპანიებს, მიმართავდნენ კომპანიის წილის მფლობელებს პეტიციებით და ათავსებდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და მასალას (ბრენდის იმიჯის დამაზიანებელს) პოპულარულ მედია-საშუალებებში. სატყეო კომპანიებმა ეს უკანასკნელი ყურადღების გარეშე ვეღარ დატოვეს, რადგანაც თუ აქამდე მხოლოდ კომპანიის იმიჯი ზიანდებოდა, ახლა პრობლემა უფრო მასშტაბური იყო: ისინი კარგავდნენ ძველ კლიენტებს და არავის სურდა მათთან ახალი კავშირების დამყარება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიყვებოდნენ დაგეგმილ და თანმიმდევრულ პოლიტიკას ყველა აქტივობის დროს. იქნებოდა ეს რომელიმე ტყის ჩეხვის ხელის შეშლის მიზნით ტერიტორიის გადაკეტვა, დემონსტრაციები კორპორაციის ევროპის შტაბ-ბინაში თუ სტატია „ნიუ იორკ თაიმსში“, მესიჯი ერთი და იგივე იყო: „მსოფლიოში ტყეები უჩინარდება და დროა დავიცვათ ის, რაც დარჩენილია.“
2000 წელს, ბოლოს და ბოლოს, სატყეო ინდუსტრია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა. აქტივისტები მზად იყვნენ შეეწყვიტათ კამპანიები, რომელთა სამიზნეც სატყეო ინდუსტრიის მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ კომპანიას უნდა შეეწყვიტა ხეების ჭრა 100 წინასწარ განსაზღვრულ, ხელშეუხებელ ადგილას. 2004 წელს მოლაპარაკებებმა უფრო ოფიციალური სახე მიიღო და მასში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ და პროტესტის ოცი წლის თავზე, 2016 წელს საბოლოო შეთანხმება ძალაში შევიდა.
ეს კამპანია იმითაა გამორჩეული, რომ ქაოტური, ფიზიკური დაპირისპირებებიდან გადაიქცა გრძელვადიან, კარგად დაგეგმილ ადვოკატირების კამპანიად, რომელმაც რეალურად შეძლო სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალა. შემთხვევითი არ არის, რომ „გავიგუდეთ“ მუდმივად ხაზს უსვამს ასეთ კამპანიებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას. რომ არა ამ პროვინციის მკვიდრი მოსახლეობა და პროცესში მათი აქტიური როლი, მსგავსი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
სამწუხაროდ, ტყეების გაჩეხვის მიმართულებით ეს მაგალითი იშვიათი გამონაკლისია და როგორც წესი, დიდი კორპორაციები არათუ 1990 წელს, დღესაც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა აიღონ და ტყეების გაჩეხვა შეაჩერონ.
Great Bear-ის ტენიანი ტყის მაგალითი ცხადყოფს, რომ ადვოკატირების კამპანიები საუკეთესო გზაა იმისთვის რომ შეიქმნას შესაბამისი პირობები ცვლილებებისათვის. კამპანიის წარმატებაში უდიდესი როლი იმან ითამაშა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უტევდნენ არა მხოლოდ უშუალოდ სატყეო კომპანიებს, არამედ მათ მომხმარებლებსაც. მუდმივი წნეხი საკუთარი მომხმარებლებიდან ალბათ ყველაზე დიდი დისკომფორტი იყო, რამაც სატყეო კომპანიები აიძულა ბოლომდე მიყოლოდნენ მოლაპარაკებების პროცესს. მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებისას, სატყეო კომპანიების პარტნიორები როგორც მთავრობის, ისე მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან იღებდნენ ხოლმე განახლებულ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და რა პროგრესი შეიმჩნეოდა. მართალია ირიბად, მაგრამ ისინი ჩართული იყვნენ პრობლემის გადაწყვეტის საკითხში და მკაცრად აკონტროლებდნენ სატყეო კომპანიის ქმედებებს, რათა მათი კომპანიის იმიჯი არ შელახულიყო.
ამის მიუხედავად, მხარეებმა ვერ შეძლეს, რომ დათქმულ ვადაში (2014 წლის მარტისთვის) შეესრულებინათ შეთანხმებით დადგენილი პირობები. აღნიშნულმა აიძულა არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო დიდი ნაბიჯები გადაედგათ, დაკავშირებოდნენ ამ კომპანიებს და არა ირიბად, არამედ პირდაპირ ჩაერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკვე 2015 წლის ივნისში, მრგვალი მაგიდის მოლაპარაკების ზაფხულის სესიაზე, მათ თავი მოუყარეს სატყეო ინდუსტრიის ყველა კომპანიასა და ინვესტორს რომელთა ღირებულებაც ჯამში 300 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა. სწორედ ამის შემდეგ, მთავრობამ გამოსცა საკანონდებლო პაკეტი, რომელიც ძალაში 2016 წლიდან შევიდა.
საკანონმდებლო პაკეტის წყალობით, დაცულია ტენიანი ტყის 3,1 მილიონი ჰექტარი, მთლიანი მიწის 85%. 15%-ზე კი, რომელიც ჯამში 550 000 ჰექტარს შეადგენს ჭრა დაშვებულია, რათა შენარჩუნდეს ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაო ადგილები და გაძლიერდეს რეგიონის ეკონომიკა. ასევე, შეთანხმებაში საუბარია მკვიდრი მოსახლეობის კულტურულ მემკვიდრეობაზე, სასმელი წყლის ეკოსისტემებსა და ტენიანი ტყის სხვა მცხოვრებლებზე. ტერიტორიის სხვა ბინადრებს შორის არის ისეთი სახეობები როგორიცაა: ჩრდილოური ქორი, გრიზლი, მთის თხა, კუდიანი ბაყაყი და მათ შორის ყველაზე გამორჩეული – კერმოდის დათვი, რომლის რაოდენობაც მსოფლიოში სულ რაღაც 50-დან 150-მდე მერყეობს და მათი ხილვა მხოლოდ აღნიშნულ ტენიანიან ტყეშია შესაძლებელი. თუ ამ ტენიანი ტყის ბინადრებზე მეტის გაგება გსურთ, გირჩევთ „National Geographic”-ის დოკუმენტურ ფილმს, სადაც ტენიანი ტყე და მისი ეკოსისტემა დეტალურადაა აღწერილი. ფილმის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე.
მასალა მომზადდა Mongabay-ის სტატიაზე დაყრდნობით.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით
