დიდი ბრიტანეთის ეროვნული გეგმის მიხედვით, მცენარეების „ცოცხალი კედელი“ ჩრდილოეთ სტაფორდშირის (North Staffordshire) სკოლებში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გაკეთდა.
„მწვანე კედლებს“ ჯერჯერობით მხოლოდ დაწყებითი კლასების სათამაშო მოედნებზე დაამონტაჟებენ ნიუკასლში (Newcastle). მსგავს კედლებს შეუძლიათ ისეთი დამაბინძურებლების განეიტრალება, როგორიცაა აზოტის ოქსიდი და აზოტის დიოქსიდი. აზოტის დიოქსიდის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დაავადებები, მაგალითად ასთმა.
სტაფორდშირის საბჭო და მისი კონტრაქტორი კომპანია „Amey” დიდი ბრიტანეთის წამყვან „ცოცხალი კედლის“ კომპანიასთან, „Biotecture”-სთან ერთად მუშაობენ ნიუკასლში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე.
აღნიშნული ინიციატივა არის პროგრამის „Live Labs SIMULATE“-ის (“ცოცხალი ლაბორატორიების სიმულაცია“) ნაწილი, რომლის მიზანია სხვადასხვა ექსპერიმენტებისა და ინოვაციების დაგეგმვითა და ინტეგრირებით, გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი დიდ ბრიტანეთში.
ჩართული მხარეები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი უფრო მეტ სიცხადეს მოჰფენს თუ როგორ შეუძლია „ცოცხალი კედლის“ ტექნოლოგიას ჰაერის დამაბინძურებლების განეიტრალება და ადგილობრივებისთვის სარგებლის მოტანა.
ექსპერიმენტის ფარგლებში, „ცოცხალი კედლის“ მიერ გაწმენდილი ჰაერი დაგროვდება ახლომდებარე საცხოვრებელ შენობაში, რათა ტექნოლოგიის ეფექტები ზუსტად გაიზომოს.
ერთ-ერთი ბრიტანული „ცოცხალი კედლის“ მწარმოებელი კომპანიის მიხედვით, ცოცხალ კედელს საზოგადოებისთვის არაერთი სარგებელი აქვს.
სათანადო სიმაღლეზე დამონტაჟებულ „მწვანე კედლებს“ შეუძლია ენერგიის ხარჯების 30% -ით შემცირება. იზოლაციის დამატებითი ფენა ზამთარში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ხოლო ზაფხულში მზის სხივების არეკვლის გამო შენობის სიგრილეს ინარჩუნებს.
„მწვანე კედლის“ სისტემები იცავს შენობის ფასადს და უნარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის განმავლობაში. „ცოცხალი კედლები“ ეფექტური ფარია ამინდის შენობაზე ზემოქმედების შესაკავებლად და ასევე იცავს მას ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისაგან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობაა. „ცოცხალი კედლები“ იდეალური სახლი იქნება ბუნების ბინადრებისთვის. ქალაქში ურბანიზაციის მაღალი დონის გამო, სხვადასხვა სახეობას თავშესაფარი არსად აქვს. „ცოცხალ კედლებს“ კი შეუძლია შეიფაროს ჩიტები, ხოჭოები და ფუტკრები, ამის კარგი მაგალითია ლონდონის „drapers garden”-ი.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, „ცოცხალი კედლები“ უფრო სუფთა ჰაერის გარანტია. ურბანულ გარემოში „მწვანე კედლებს“ ნახშიროჟანგის ჟანგბადად გარდაქმნით და მტვრის ნაწილაკებისა და სხვა დამაბინძურებლების „დაჭერით“ შეუძლია გააუმჯობესონ ადგილობრივი ჰაერის ხარისხი.
ხმაურის შემცირება კიდევ ერთი დამატებითი სარგებელია, რასაც „ცოცხალი კედელი“ გვთავაზობს. შენობაზე იზოლაციის კიდევ ერთი ფენის დამატება მწვანე საფარის სახით, შეამცირებს ხმაურს.
რიჩარდ საბინმა (Richard Sabin) „Biotecture”-ის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ბიოლოგიური ფილტრაციის გამოყენება იმისთვის, რომ გაიწმინდოს დაბინძურებული ჰაერი კვლევის ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილია, მოხარულები ვართ, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევაში ვიღებთ მონაწილეობას“.
„მცენარეთა ენერგიისა და ტექნოლოგიების შერწყმას აქვს უდიდესი პოტენციალი, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში. ეს ყოველივე სასარგებლო იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით წლის ბოლოს კვლევის შედეგები საზოგადოებას გავუზიაროთ“
ჯულია ჯესელი (Julia Jessel) სტაფორდშირის საბჭოს წევრი გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში აცხადებს, რომ „ცოცხალმა კედლებმა უნდა შეამცირონ ჰაერის დამაბინძურებლები ბუნებრივი ფილტრაციის სისტემის მეშვეობით, რაც ძალიან კარგი ახალი ამბავია ადგილობრივი საზოგადოებისთვის“.
კომპანია „Amey”-ის ტექნიკური დირექტორის პოლ როუზის (Paul Rose) განცხადებით კი, „მცენარეებს აქვთ უნიკალური თვისება გაანეიტრალონ დამაბინძურებლები ფიტორემედიაციის (phytoremediation) პროცესის საშუალებით. მცენარეების გამოყენება შენობებსა და საჯარო ადგილებში, რომლებიც მაგისტრალებთან, მატარებლის სადგურებთან და მშენებლობის ადგილებთან ახლოსაა, ვიმედოვნებთ, რომ შესამჩნევად გააუმჯობესებს ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას“.
სტრაფორდშირის ეს პროექტი ადგილობრივი საბჭოების ძალისხმევით ხორციელდება, თუმცა ეროვნულ დონეზე, დიდ ბრიტანეთს ჰაერის დაბინძურებასთან საბრძლოლველად დაგეგმილი აქვს დიზელისა და ბენზინზე მომუშავე მანქანების სრულად ამოღება 2040 წლისათვის. გარდა ამისა, ქვეყანა მუშაობს წარმოებიდან ნახშირის სრულად ამოღებაზე, რაც ისტორიულად, ჰაერში მავნე აირების გაფრქვევის მთავარი წყაროა.
ჰაერის დაბინძურება დიდი ბრიტანეთის უდიდესი გარემოსდაცვითი პრობლემაა, მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქვეყანაში წელიწადში 40 000 ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც ეკონომიკას 20 მილიარდ ფუნტზე მეტი უჯდება. მოგეხსენებათ, რომ ჰაერის დაბინძურებას ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს და დაკავშირებულია ისეთი სახის დაავადებების წარმოქმნასა და გამწვავებასთან, როგორიცაა: ასთმა, გულის დაავადებები, ფილტვის სიმსივნე, გულის შეტევა და სხვა.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით
