სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” ეტაპობრივად გაგიზიარებთ იმ მოქალაქეების ფოტოებსა და კომენტარებს, რომლებიც იბრძვიან სუფთა ჰაერისთვის და მხარს უჭერენ ამ ბრძოლას.
პირველი ათეული ასეთია:
“საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას გვაქვს უფლება, ვცხოვრობდეთ ჯანმრთელობისთვისუვნებელ გარემოში, თუმცა, რუსთავის მოსახლეობა დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ეს უფლება ჩვენთვის მხოლოდქაღალდზე არსებობს, საწარმოო ზონიდან გამოსული უცნაური ფერების უხვი კვამლი და დაბინძურებული ჰაერი კიმოცემულობა გახდა.
ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ჩართვა, ყველა რუსთაველისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, სუფთა ჰაერი ის მარტივი აუცილებლობაა, რომელზეც ბრძოლა არავის უნდა გვჭირდებოდეს.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა ქალაქში მოძრაობამ „გავიგუდეთ“ წამოიწყო და მოძრაობის არსებობის სამი წლის თავზე, პირველი ივნისიდან ამოქმედდება კანონი, რომელიც ჯეროვნად აღსრულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს რუსთავში.
ასეთ გარდამტეხ მომენტში, ორგანიზაციის წევრობა ჩემთვის უდიდესი პატივია, რადგანაც მაქვს შანსი, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და თანაქალაქელების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასთან.“
„რუსთავი გამორჩეული ქალაქია თავისი პოტენციალით, თუმცა, ბევრისთვის მხოლოდ გაუმართავი და კანონდარღვევით მოქმედი საწარმოებით არის ცნობილი. ბავშობიდანვე გულს მტკენდა მეგობრებისგან წამოსული ფრაზები ‘’მანდ როგორ სუნთქავთ’’, ‘’მანდ როგორ ცოცხლობთ’’, ‘’ცარიელი უდაბნო ხართ, ერთი ხეც კი არ გაქვთ’’ და ა.შ. ამიტომაც, ყოველთვის მინდოდა ჩემი ქალაქისთვის ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
სამოქალაქო მოძრაობა ,,გავიგუდეთ” სწორედ ის ადგილია, სადაც შესაძლებლობა მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო ამ ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. ადგილი, სადაც შეგიძლია შენს იდეებს განხორციელების საშუალება მისცე. ჩვენ პატარა გუნდი ვართ, დიდი მიზნებით. ერთი მოტივი გვაერთიანებს და გვჯერა, რომ ბრძოლა შედეგს გამოიღებს. გარკვეული დროის შემდეგ კი, იმედია, ვეღარავინ იტყვის, რომ რუსთავი გამწვანებული ქალაქი არაა და აქ ხალხი ჯანმრთელობის ფასად ცხოვრობს.
თუ მეთანხმებით და თქვენც გაწუხებთ ჩვენი ქალაქის მდგომარეობა, გელოდებით. ხმა ავიმაღლოთ, ერთად დიდიძალა გვაქვს!“
„რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ამ ქალაქს უკავშირდება მთელი ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები. რა თქმა უნდა, დიდი ხანია ვიცი, რომ დაბინძურებული ჰაერი ქალაქისთვის პრობლემაა, თუმცა, თითქოს ამ პრობლემასთან შეგუებული დავიბადე და არც არასდროს ჩავძიებივარ მას.
დაახლოებით 1 წლის წინ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათ დამათვალიერებინეს ერთ დიდ ორგანიზმად შეკრული უამრავი გაუმართავი, მოქმედი ქარხანა მომწამლავი გამონაბოლქვით. ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვა და ჩასუნთქვა. ერთ მხარეს ჩემი საყვარელი, ლამაზი ქალაქია, მეორე მხარეს კი დიდი ურჩხული, რომელიც ამ ქალაქს ცოცხლად ჭამს.
მიხარია, რომ ამ პრობლემის შესახებ დღეს ბევრად მეტი ადამიანია ინფორმირებული, რაც უფრო მეტად ზრდის ამ საკითხის მოგვარების შესაძლებლობას და მაძლევს ჯანსაღი მომავლის იმედს“.
“რუსთავში დაწყებულმა მოძრაობამ შექმნა უნიკალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეების ხმა იქცეს ხმაურად და შემდეგ ეს ხმაური საფუძვლად დაედოს საკანონმდებლო ცვლილებას.
პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ღირებულება აქვს ცხოვრების იმ პერიოდს, რომელიც ამ მოძრაობასთან ერთად გავიარე, ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, სიამოვნება და პასუხისმგებლობა ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი და მებრძოლა ჩემთვის გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად ”
“ღრმა ბავშვობიდანვე მესმოდა ხოლმე, რომ რუსთავი ქარხნების ქალაქი იყო, სადაც რუსთავის ჰაერზე ქარხნების ზემოქმედება იმდენად უარყოფითი და მასშტაბური იყო, რომ თოვლიც კი შავი მოდიოდა, მაგრამ ეს არ იწვევდა ჩემსნერვიულობას. ამ საშიშროების მასშტაბი და შინაარსი მთელი სიმძაფრით მოძრაობის “გავიგუდეთ” მეშვეობით აღვიქვი და ამ აღქმის მთავარი ძრავი ჩემი მცირეწლოვანი შვილი იყო და არის.
ბავშვების ჯანმრთელობაზე, დაბინძურებული ჰაერის სარისკო გავლენებმა და ჯანმრთელობაზე ასახულმა შესაძლო მძიმე შედეგებმა, აღმაშფოთებლად დამაფიქრა და ამის მერე უმნიშვნელოვანესად ჩავთვალე, მოძრაობის,,გავიგუდეთ” სასიკეთო აქტიობებში ჩართვა.
მოძრაობამ უკვე დიდ საკანონმდებლო ცვლილებებსაც მიაღწია, რომელიც ჯერ არ აღესრულება, მაგრამ აქტიურობის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ კანონის სრულყოფილ აღსრულებას და ზიანის მინიმუმამდე დაყვანასაც შევძლებთ. ეს საკითხი პირდაპირპროპორციულია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის და მომავლის და ამის გააზრებისმერე აქ დათმობა და უკან დახევა შვილების წინაშე ჩადენილი დაუშვებელი დანაშაულია.
ჩვენ არ ვითხოვთ ქარხნების დახურვას. უბრალოდ, პირობითად, როცა 50 მილიონი გაქვს მოგება, 2 მილიონი უნდა დახარჯო, რომ ქალაქის 130 ათასიან მოსახლეობას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენო, მაგრამ თუ ამ 2 მილიონსაც არაადამიანურად, ემპათიის გარეშე ებღაუჭები, მაშინ სახელმწიფო ვალდებულიცაა, რომ იმ 48 მილიონის საკუთარი ჯიბისთვის გამომუშავებაზეც მკაცრად დაგაფიქროს.”
როდესაც მეგობრებს ვუყვები თუ როგორ მიყვარს ჩემი ქალაქი, მათთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ქალაქი, სადაც წელიწადში უმეტესი დღეების განმავლობაში დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ.
სამწუხაროდ, ხშირად გვიჭირს ხოლმე მომავლის პერსპექტივაში რისკების შეფასება, თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადებების გამომწვევი, როგორიც არის ალცჰაიმერი და პარკინსონი.
შესაბამისად, ჩემთვის როგორც რუსთაველისთვის, მნიშვნელოვანია ჩემმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც მათ და მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ჩემთვის სიყვარული ზრუნვასთან ასოცირდება, მოძრაობის “გავიგუდეთ” წევრები კი ამ სიყვარულს ყოველდღიურად გვიმტკიცებენ და გვეხმარებიან ვიპოვოთ გამოსავალი ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისთვის“
„სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო არის საარსებო მინიმუმი, რაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება. არცერთ ინდივიდს არ აქვს უფლება, რომ საკუთარი დროებითი კომფორტისა და მატერიალური ინტერესების გამო, გარემოსდა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს დავებრძოლოთ მათ, ვინც გარემოს, ჩვენს მომავალს და საკუთარ თავს ანადგურებს.
როდესაც ადამიანი პირად სივრცეს სცდება და იწყებს საკუთარი იდეებისა და სურვილების რეალიზებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საკითხების ძირეულად შემეცნებას: არსებული კლიმატური პირობების შესწავლას, ადგილობრივი მაცხოვრებლების სურვილებისა და იდეების გაზიარებას, არსებულ არქიტექტურულ-კულტურულ სტილთან ადაპტაციას, ფლორა-ფაუნას შესწავლას.
დღეს მსოფლიო და, მათ შორის, ქალაქი რუსთავი, ამ გამოწვევების წინაშე დგას. ადამიანების გაუაზრებელმა ქმედებებამ და გარემოში არასწორად ჩარევამ, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ გარემოზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, ხელი შევუწყოთ მათ, ვინც იყენებს მზისა და ქარის ენერგიას, ნერგავს ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს და მაქსიმუმს აკეთებს არსებული რეალობის გამოსასწორებლად”
„ჰაერის დაბინძურების საკითხი და ეკოლოგია ეხება ყველას, რადგან თანაბრად და ერთნაირად აზიანებს ყველას: მდიდარსაც, ღარიბსაც, პატარასაც, დიდსაც, მთავრობის წევრსაც და ჩვეულებრივ მოქალაქესაც, რა თქმა უნდა, გარდა მწვანე ზონაში “გადახიზნულებისა”, თუმცა, საერთო სივრცეში ყოფნისგან არც ამ ერთეულებს შეუძლიათ თავის არიდება.
ჩემთვის პირადად, მნიშვნელოვანია პრობლემის მორალური და სოციალური კომპონენტი, თუმცა, სრულიად პრაგმატული მიდგომიდან გამომდინარეც, ჰაერის მაჩვენებლები და ეკოლოგიური ცნობიერება, პირდაპირპროპორციულია ეკონომიკის განვითარებისა თუ ჩამორჩენილობის, თუ, რა თქმა უნდა, რეგიონში ეკონომიკურიაქტივობები მიმდინარეა.
იქ სადაც ჰაერი სუფთაა და ეკოლოგიური ცნობიერება მაღალი, მაგ: ავსტრალია, კანადა, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ამერიკის შეერთებული შტატები (მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, მაგ PM2.5 – ის ყველაზე დაბალია, წყარო: https://www.stateofglobalair.org/air) ეკონომიკაც ძლიერია და შრომითი უფლებებიც დაცული.
იქ სადაც ჰაერი დაბინძურებულია და ეკოლოგიური ცნობიერება დაბალი, მაგ: ინდოეთი, ნეპალი, ნიგერია,ბანგლადეში, პაკისტანი (მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, მაგ PM2.5 – ის ყველაზე მაღალია, წყარო: https://www.stateofglobalair.org/air), შრომითი უფლებებიც უგულვებელყოფილია და ეკონომიკაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.
კეთილსინდისიერი მეწარმე დაინტერესებულია საწარმოს განვითარებით და არა მხოლოდ უეცარი მოგებით დაშედეგიც შესაბამისია. პირიქით შემთხვევაში, მეწარმე არაა დაინტერესებული საწარმოს განვითარებით და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებით, თუნდაც როგორიცაა ფილტრების დაყენება.
ასე რომ, ეკოლოგია და ეკონომიკა სრულიად ურთიერთგადაჯაჭვული თემებია.
ამიტომაც ვემხრობი სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” საქმიანობას, რომელიც ემსახურება როგორც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ისე ჩვენ ქალაქში უკეთესი ეკონომიკური გარემოს შექმნას და სოციალური პასუხისმგებლობის გაჩენას.
მესამეც, მოძრაობამ “გავიგუდეთ” პარალელურად ხელი შეუწყო და გაზარდა სამოქალაქო მოძრაობა რუსთავში, ერთმანეთს შეგვახვედრა ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანები, მოგვცა რწმენა, რომ აქტიურობას აზრი ყოველთვის აქვს. სხვადასხვა ასაკის და ინტერესთა ჯგუფების მოზიდვის მიზნით კი გვთავაზობს არა ერთი სახის, არამედ მრავალი ტიპის აქტივობას: ქვიზები, ფილმების ჩვენება, ექსკურსიები საწარმო ზონაში, გამწვანების აქციები, და ა.შ.
მოძრაობის „გავიგუდეთ“ საქმიანობის შედეგად გავიგე თუ რა არის მყარი ნაწილაკები PM10 და PM2.5 და რა არასასურველი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის ამ ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას ჰაერში.
პროცესი გრძელდება და რაც არ უნდა ტრაფარეტული იყოს, ანდა თუნდაც ეგოისტური, პირველ რიგში, ჩემი საყვარელი ბავშვების და მომავალი თაობის გამო, ჰაერის დაბინძურებაზე და ეკოლოგიაზე პრიორიტეტული სფერო არ მეგულება. კიდევ ერთხელ, დაბინძურებული ჰაერი ყველას ჯანმრთელობას აზიანებს და ასე რომ მოძრაობა „გავიგუდეთ“ ყველას გასაკეთებელ საქმეს აკეთებს.”
“მოსახლეობას აქვს საცხოვრებელი გარემოს დაცვის და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ცოდნის მიღებისუფლება.
ხელისუფლებები და საწარმოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ადამიენების ეს უფლება, რომლის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი მედიას აქვს.
ამასთან, ისეთი საკითხები, როგორიცაა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო მართვა, გარემოსდაცვა ქიმიური და რადიაციული დაბინძურებისგან, პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებების პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობასთან, საბოლოოდ კი, დემოკრატიასთან.”
“მეტალურგთა ქალაქი, საწარმოო ზონა, ადამიანები რომლებიც დილით გადიან სამუშაოდ და საღამოს ბრუნდებიან სახლებში. გადაღებული ფილმები და გარომანტიზირებული წარმოება, სადაც ადამიანებმა სამსახურიდან გამომდინარე ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ, ზოგმა ოჯახიც შეიქმნა და ასე აშენდა რუსთავი – ასე ვიცოდი ჩემი ქალაქი ბავშვობაში.
გავიზარდე და გავიგე, რომ აღარც წარმოებაა ქალაქისთვის, რადგან თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში შედის და არა ქალაქის ბიუჯეტში, არც მუშებს აქვთ ადეკვატური ხელფასები და შრომის პირობები და აღარც რუსთავია მეტალურგთა ქალაქი.
ამ საუკუნეში სხვა მოთხოვნებია და როგორც არ უნდა ისაუბრო ქალაქის განვითარებაზე და მრეწველობაზე, მთავარი მაინც ადამიანია და მისი ჯანმრთელობა.
სუფთა ჰაერი არის სიცოცხლის გაგრძელება, ხოლო დაბინძურებული ჰაერი სიკვდილის ტოლფასი. მე მინდა ქალაქი, სადაც სიცოცხლე გაგრძელდება.
P.S. “ინფო რუსთავი” წლებია აღნიშნულ პრობლემას აქტიურად აშუქებს, თუმცა, რომ არა სამოქალაქო აქტივობა და საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, პრობლემის ნათლად დანახვა გაჭირდებოდა. მადლობა “გავიგუდეს” და თითოეულ რუსთაველს, რომელიც ფიქრობს რომ მისი უფლებაა ისუნთქოს სუფთა ჰაერი.”
მასალა მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
