დღეს, 3 თებერვალს, ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. როგორც უკვე იცით, „გავიგუდეთ“ ამ სამუშო ჯგუფის წევრია.
შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ზონებად და აგლომერაციებად. ცენტრალური ზონა 12 მუნიციპალიტეტს აერთიანებს, მათ შორისაა რუსთავიც.
ცენტრალური ზონა ერთ-ერთია, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ცალკეულ ქალაქებში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება. შესაბამისად, აღნიშნული ზონისთვის უნდა შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა.
გეგმის პირველად სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის მონაცემებით ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან სულ გარემოში გაფრქვეული იყო 18,341 ტონა მყარი ნაწილაკები, გაფრქვეული მყარი ნაწილაკების ყველაზე მეტი წილი – 70.7% ქ. რუსთავზე მოდის. შესაბამისად, ცენტრალური ზონისთვის სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები მეტწილად რუსთავის საჭიროებებზეა მორგებული.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის 8 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე ჩვენმა მოძრაობამ რუსთავისთვის პრობლემური არაერთი საკითხი წამოწია, რის მოგვარებასაც აღნიშნული გეგმის ფარგლებში ვისურვებდით. გვიხარია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხების უმრავლესობა ასახულია სამოქმედო გეგმის შესაბამის აქტივობებში.
ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმაში არ ჩადებულა აქტივობები საქალაქთაშორისო (რუსთავი – თბილისი) ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად; თუმცა, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები დაგვპირდნენ, ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაში; მათ შორის, ამ უკანასკნელის შემუშავების პროცესში, საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით, შესაძლოა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენი მოძრაობაც ჩაერთოს.
გარდა ამისა, ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალსიწინებულია ე.წ ჰაერის ხარისხის მოდელირების ინსტრუმენტის შემუშავებაც – ესაა ერთგვარი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მდგომარეობის სრულ სურათს მთელი ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, ყურადღება გამახვილდება ცენტრალურ ზონაზე.
ამასთან, ვიმსჯელეთ ქალაქისთვის დატვირთვის ნორმის დაწესებასთან დაკავშირებით. „გავიგუდეთ“ მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საწარმოების მომრავლებისა და, განსაკუთრებით, მათი წარმადობების გაზრდის პირობებში, მნიშვნელოვანია ქალაქისთვის დაწესდეს დატვირთვის ნორმა; წინააღმდეგ შემთხვევაში ფილტრაციის სისტემების გამართულად მუშაობის შემთხვევაშიც, ქალაქში კუმულაციური ზემოქმედება გაიზრდება და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით კვლავ არასახარბიელო სურათი გვექნება. როგორც ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მოცემული საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მასთან დაკავშირებით სათანადო გამოსავლის ძიება სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დეტალურ მუშაობას მოითხოვს, რისი მზაობაც მათ დაგვიდასტურეს.
სამოქმედო გეგმის დოკუმენტის ჯერ მხოლოდ პირველადი ვერსიაა შემუშავებული და რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად დაზუსტდება, თუმცა არსებული მონაცემებით, გიზიარებთ იმ ამოცანებს, რომლებიც დასახულია ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში:
– ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება;
– ცენტრალურ ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დაბინძურების შემცირება;
– ქ. რუსთავში /ცენტრალურ ზონაში მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; (დასაზუსტებელია)
– ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების სისტემის გაუმჯობესება;
– ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ განაგრძნობს ჰაერის დაბინძურების პრობლემის ადვოკატირებას და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშვების შემდგომ უფრო კონკრეტულად გაგიზიარებთ იმ აქტივობებს, რომლებიც რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
