დღეს, 8 დეკემბერს, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
„გავიგუდეთ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანების (#2-812) შედეგად ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრია.
შეგახსენებთ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 2020 წელს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით საქართველოს ტერიტორია დაიყო ზონებად და აგლომერაციებად. ზონებისა და აგლომერაციის კლასიფიკაცია მოახდინა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს ტერიტორია დაიყო ხუთ ზონად და ერთ, თბილისის, აგლომერაციად.
ზონები კი შემდეგნაირად გადანაწილდა – შავი ზღვის ზონა, დასავლეთ ზონა, ცენტრალური ზონა, აღმოსავლეთ ზონა და მაღალმთიანი ზონა.
ცენტრალური ზონა მოიცავს შიდა ქართლს, ქვემო ქართლსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს; შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ზონის შემადგენლობაშია.
ზონებად და აგლომერაციებად დაყოფის მიზანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა ამ თემის ირგვლივ პრობლემების გამოკვეთას და სამომავლო გეგმებისა და ღონისძიებების ზოგად მიმოხილვას დაეთმო.
რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2020-2022 წლებზე იყო გაწერილი, სამომავლოდ აღარ განახლდება (გეგმის 2022 წლის შუალედური ანგარიშის შედეგები იხილეთ ბმულზე), თუმცა შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ წარმოების მასშტაბიდან გამომდინარე, ცენტრალური ზონის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა, ძირითადად, კვლავ რუსთავზე იქნება ფოკუსირებული.
წარმოგიდგენთ იმ საკითხთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა დანერგვასა და/თუ მოგვარებაზე შესაძლოა იყოს მიმართული ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა:
– სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირება;
– გამწვანებული ზონების გაფართოება/გაუმჯობესება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოვლა;
– საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება;
– ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა;
– ავტოსატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა;
– ელექტროტრანსპორტის განვითარება;
– სამშენებლო სექტორიდან გაფრქვევების შემცირება;
– შინამეურნეობებიდან დაბინძურების შემცირება;
– ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესება;
– ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრაზე ჩვენმა გუნდმა რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელიც, ვფიქრობთ, სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა გეგმამ ეფექტურად იმუშოს და რეალურ შედეგებს მივაღწიოთ:
– გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა გეგმის აღსრულების ეტაპზე – კარგი იქნება თუ საანგარიშო პერიოდში ჩატარდება შუალედური შეხვედრები, რათა პროგრესისა და გამოწვევების შეფასება ანგარიშის წაკითხვამდეც შესაძლებელი იყოს. პერიოდული შეხვედრები დაგვეხმარება როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამინისტროს ცენტრალური აპარატისა, მუნიციპალიტეტის და სხვა უწყებების წარმომადგენლებს, რათა ჩამორჩენის შემთხვევებში დროულად ვიპოვოთ პრობლემის მიზეზი და შევძლოთ მისი აღმოფხვრა.
– დროულად შესრულდეს გეგმით გათვალისწინებული აქტივობები.
– ზიანის შერბილების ნაცვლად გაიზარდოს ფოკუსი მის პრევენციაზე.
– გაიზარდოს არაგეგმიური ინსპექტირებების რიცხვი და დაწესდეს გზდ-ს მიერ საწარმოო ზონის შემოვლის ინტენსივობა
– დაწესდეს დატვირთვის ნორმა ქალაქისათვის
– მოწესრიგდეს საწარმოების შემოგარენში არსებული გზა
– მოგვარდეს საქალაქთაშორისო ტრასპორტის პრობლემა
– ნედლეულის დასაწყობების საკითხი უკეთ დარეგულირდეს, რადგან მტვრის ძალიან დიდ წყაროს წარმოადგენს
– გაუმჯობესდეს წიდის მართვის საკითხი
– NCDC ჩაერთოს ჯანდაცვის მონაცემების უკეთ დამუშავებაში – სულ მცირე რა მონაცემები სჭირდებათ კვლევების ჩასატარებლად მაგის ჩამოყალიებება და შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება/ვალდებულებების გაწერა; კლინიკებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სტატისტიკის წარმოება, რომ რუსთავის პაციენტები თბილისის სტატისტიკაში არ მოხვდნენ
– რუსთავში აზოტის დიოქსიდის მატების საკითხის შესწავლა
– gov.ge-ზე განთავსდეს წლიური კონცენტრაციების მაჩვენებლები/წლიური ანგარიშები; კარგი იქნება, ჩაემატოს ქალაქების მიხედვით ჰაერის დაცვის კუთხით განხორციელებული აქტოვობები;
– ჰაერის მართვის ახალ გეგმაში, ინდიკატორები კონკრეტულად რუსთავისთვის იყოს და არა მხოლოდ ცენტრალური ზონისთვის
– თვითმონიტორინგის შედეგები გახდეს საჯარო და დაემატოს air.gov.ge-ს
გვინდა, ასევე გაცნობოთ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია თაზაქენდში სამრეწველო სადგურის დამონტაჟება. სადგური მოგვაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ კონკრეტულ ზონაში არსებული დამაბინძურებლების შემცველობის შესახებ.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა გაიწერება 3 წლის ვადით. ჩვენი გუნდი მაქსიმალიურად შეეძდება აქტიურად ჩაერთოს გეგმის შემუშვებასა და მისი განხორციელების მონიტორინგში, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
