როგორც იცით, ჩვენი მოძრაობა მუდმივად ადევნებს თვალს, რა მდგომარეობაა საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრის ვალდებულება რეგულირების ობიექტებს 2021 წლის 1 ივნისიდან აქვთ.
როგორც წინა გეგმა გრაფიკიდან (29.10.2022) ირკვეოდა, საწარმოთა უმრავლესობა მონტაჟის დასრულებასა და სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, შესაბამისად, ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციის მისაღებად ჩვენ მიმდინარე წლის იანვარში კვლავ მივწერეთ სამინისტროს და 2023 წლის 23 იანვარს მათგან გეგმა-გრაფიკის განახლებული ცხრილი მივიღეთ.
ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, როგორც ყოველთვის, თქვენც გიზიარებთ.
უახლესი ინფორმაციით ირკვევა, რომ, მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ვადების დარღვევით, თუმცა, საწარმოთა უმრავლესობაში თვითმონიტორინგის სისტემა ან უკვე დამონტაჟებულია ან ადგილზეა და უახლოეს მომავალში იგეგმება დამონტაჟება, რაც ჩვენ გვახარებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროგან მივიღეთ ინფორმაცია 27 საწარმოს შესახებ, რომელთაგან 8 ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს, ესენია: შპს „ლიზო 2020“, შპს „ჯეოფერომეტალი“, შპს „ინდუსტრია კირი“, სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, შპს „გრაალი 2008“, შპს „კომპოზიტი“, შპს „კავ ცემენტი“, შპს „ლევ 2019“.
სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ჩართულია და მონაცემს გადმოსცემს 4 საწარმო: შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“, სს „რუსთავის აზოტი“, შპს „ჯეოსთილი“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“.
ამ საწარმოების რიცხვს მალე შეუერთდება შემდეგი საწარმოები: შპს „მაქს იმპორტი“, შპს „სოლო“ და შპს „გია 2019“, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულნი არიან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში და მიმდინარეობს ვებ-სერვისის გამართვა მონაცემების უწყვეტ რეჟიმში გადმოსაცემად.
ელექტრონულ სისტემაში ჩასართავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა შპს „მშენებელი 2004“-მაც (2022 წლის 30 დეკემებრს) და ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა. ელექტრონულ სისტემაში კომპანიის რეგისტრაცია დამოკიდებულია მის მიერ ექსპლუატაციის ცვლილებასთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურის გავლასა და ზდგ ნორმების განახლებაზე, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე კომპანიას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
ასევე, გთავაზობთ იმ საწარმოების სიას, რომელთაც თვითმონიტორინგის სისტემა ადგილზე აქვთ და, ზოგიერთ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში დამონტაჟდება:
შპს „vivacement“ – საწარმოში თვითმონიტორინგის სისტემა თითქმის სრულად არის დამონტაჟებული. დამატებით საჭირო გახდა ახალი კომპიუტერი თვითმონიტორინგის მონაცემების მისაღებად, რომელიც შეძენილია და მაქსიმუმ 2023 წლის იანვრის ბოლომდე დამონტაჟდება საწარმოში, რის შემდეგაც საწარმო მიმართავს გზდ-ს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე.
შპს „სტანდარტ ცემენტი“ – თვითმონიტორინგის ხელსაწყო ჩამოტანილია და მისი მონტაჟი დაგეგმილია 2023 წლის იანვარში. კომპანია ხელსაწყოს მონტაჟისა და ახალი ზდგ ნორმების შეთანხმების შემდგომ მიმართავს მიმართავს გზდ-ს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე.
შპს „ელბა ექსპორტი“ – კონტრაქტორი კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას თვითმონიტორინგის მონაცემებთან უწყვეტი წვდომა, რის შემდეგაც კომპანია მიმართავს გზდ-ს თვითმონიტორინგის ხელსაწყოს ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე.
შპს „მეგა ცემენტი“ – თვითმონიტორინგის ხელსაწყო საქართველოში უკვე ჩამოტანილია და მისი მონტაჟი იგეგმება აირმტვერდამჭერი სისტემის გამართვის შემდეგ, ხოლო ფილტრაციის სისტემის მონტაჟის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის თებერვლის ბოლო.
შპს „რუსელოისი“ – თვიტმონიტორინგის სისტემა საწარმოს ტერიტორიაზეა დასაწყობებული.
შპს „არესემ კორპი“ – თვიტმონიტორინგის სისტემა საწარმოს ტერიტორიაზეა დასაწყობებული.
შპს „რუსელოისისა“ და შპს „არესემ კორპის“ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ფეროშენადნობ პროდუქტებზე ფასების ვარდნისა და კრიზისის გამო, აღნიშნულ საწარმოებში წარმადობა მინიმუმამდეა შემცირებული; შპს „რუსელოისში“ II ღუმელის მუშობა შეჩერებულია, ხოლო I ღუმელის წარმადობა განახევრდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეფერხდა თვიტმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებაც. შპს „რუსელოისი“ ფეროშენადნობთა წარმოების სრულად აღდგენას 2023 წლის აპრილში გეგმავს; ხოლო შპს „არესემ კორპში“ თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის მარტში.
მსგავსი სიტუაციაა შპს „ფერო ელოის ფროდაქშენშიც“. კომპანიამ კრიზისის გამო 2022 წლის აგვისტოში შეაჩერა I-II ღუმელების მუშაობა, ხოლო 25 დეკემბრიდან III ღუმელის წარმადობა. აღნიშნულიდან გამომდინარე თვითმონიტორინგის სისტემის შეძენა მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება წარმოების აღდგენის შემთხვევაში, რაც დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ რეალობაზე. პირობითად, კომპანია ფეროშენადნობთა წარმოების სრულად აღდგენას 2023 წლის ივლისში გეგმავს.
ამასთან, თვითმონიტორინგის სისტემა ჯერ არ აქვთ – შპს „ეი ემ ბი ალოისს“ და შპს „ერთობა 98“-ს. შპს „ეი ემბი ალოისის“ მომწოდებლის ინფორმაციით სისტემა ჩამოტანილ იქნება მიმდინარე წლის თებერვალში; ხოლო სისტემის გამართვა და ქსელში ჩართვა მოხდება არაუგვიანეს 2022 წლის 31 მარტისა. რაც შეეხება, შპს „ერთობა 98“-ს – 2022 წლის 15 დეკემბრის ინსპექტირების აქტის საფუძველზე, თვითმონიტორინგის ხელსაწყოს გარეშე ფუნქციონირების გამო შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. კომპანიის წარმომადგენელის განმარტებით, კი, თვითმონიტორინგის ხელსაწყო შეძენილია, მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება და უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელსაც არც ერთ ეტაპზე არ მოუწოდებია სამინისტროსთვის ინფორმაცია თვითმონიტორინგის ხელსაწყოსთან დაკავშირებით. სამინისტროს ბოლო წერილიდან (23.01.23) კი ირკვევა, რომ უწყვეტი თვითმონიტორინგის განუხორციელებლობაზე ასკ-ის 761-ე მუხლის პირველი ნაწილით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაიგზავნა ქ. რუსთავის სასამართლოში.
თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება ჰქონდა, ასევე, შპს „ჯორჯიან ელოის გრუპი“-ს, თუმცა მის ნაცვლად საქმიანობს შპს „მნ გრუპი-2021“, რომელიც არ ახორციელებს შპს „ჯორჯიან ელოის გრუპზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქმიანობას და ფუნქციონირებს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის საფუძველზე (საწარმოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
რაც შეეხება აირმტვერდამჭერ სისტემას, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩამონათვალში მოცემული საწარმოების უმრავლესობა ახორციელებს აირმტვერდამჭერი სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. თუმცა, თვითმონიტორინგის სისტემების არქონის და ინსპექტირებების სათანადო რაოდენობის გარეშე, რთულია ვიმსჯელოთ, რამდენად კეთილდსინდისიერად იყენებენ საწარმოები აირმტვერდამჭერ სისტემებს.
საინფორმაციო მასალა მომზადებულია “ეკო ცენტრის” მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “ეკო ცენტრი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
