17 მარტს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ცემენტის საწარმოს, შპს „გია-2019“-ის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო. საწარმო გეგმავს 15 ტ/სთ წარმადობის სეპარაციული წისქვილის მონტაჟს, რომელიც წელიწადში 340 დღე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და დამატებით 122 400 ტონა ცემენტის წარმოებას უზრუნველყოფს. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანიის წარმომადგენლები.
როგორც განხილვისას გახდა ცნობილი, საწარმო ამჟამად მუშაობს, თუმცა არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას. კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ დაწყებული თვითმონიტორინგის სისტემის შეძენის პროცესი, შესაბამისად, სავარაუდოა რომ საწარმო უახლოესი თვეების განმავლობაში, ახალ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ იფუნქციონირებს.
სკოპინგის ანგარიშის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა საპროექტო ტერიტორია ადგილზე მოინახულა.
სკოპინგის ანგარიშის განსახილველად, 10 მარტს, ჩვენი გუნდის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. მოწვეული სპეციალისტის, ჩვენი გუნდისა და მოხალისეების ძალისხმევით მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც სამინისტროს წერილობითი სახით გადაეგზავნება, მათ თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– სკოპინგის დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ზონიდან მანძილი უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტამდე (მდ. მტკვარი) 2000 მეტრს შეადგენს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საწარმოდან „მარის“ არხამდე მანძილი 100 მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმიანობა არ ითვალისწინებს წყალაღებასა და წყალჩაშვებას, გზშ-ის ანგარიშში აღნიშნული არხი განხილული უნდა იყოს ზედაპირული წყლის ობიექტად. ამასთან უნდა დაზუსტდეს მანძილი, ვინაიდან ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მარის არხი საპროექტო ტრიტორიის საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 70 მ-ითაა მოშორებული;
– დოკუმენტის თანახმად, საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან უახლოესი მოსახლე 100 მეტრითაა დიცილებული, ელექტრონული გადამოწმების შედეგად უახლოესი თანასაკუთრება 81.14.02.460 დაცილებულია დაახლოებით 90 მეტრით. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას, რადგან საწარმოო ზონებში მდებარე ობიექტებიდან გაფრქვევებისა და ხმაურის გაანგარიშებებში თითოეული მეტრიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასახლება 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს;
– საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობის თავში, არ არის მოცემული ყველა იმ ობიექტის ჩამონათვალი და სპეციფიკა, რომელიც საწარმოს ტერიტორიის 500 მეტრიან რადიუსში ხვდება;
– იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შესაბამისი გაზომვებისთვის იმ მანძილებს ითვალისწინებს, რაც გაზომილია უშუალოდ საწარმოს გაფრქვევის წყაროებიდან, მაშინ დოკუმენტაციაში მოცემული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიაზე წარმოდგენილი გაფრქვევის წყაროების GPS კოორდინატები, რათა დაინტერესებულ პირებსაც შეეძლოთ მანძილების გადამოწმება;
– სკოპინგის დოკუმენტაციაში გაურკვეველია არსებული საწარმო უკვე ფუნქციონირებს გაცემული გადაწყვეტილების შესაბამისად თუ გაჩერებულია, რადგან დოკუმენტი დაწერილია როგორც წარსულ, ისე აწმყო და მომავალ დროში;
– სკოპინგის დოკუმენტაციის თანახმად, „საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულ 8 ცალ სილოსზე, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან და მათში ცემენტის ჩაყრა მიმდინარეობს მონაცვლეობით 3 რეჟიმში, აღჭურვილნი იქნებიან საერთო სახელოიანი ფილტრით 99,9%-იანი მტვრის გაწმენდის ეფექტურობით. ასევე დაგეგმილი 3 ცალი ცალკე მდგარი სილოსები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან და მათში ცემენტის ჩაყრა მიმდინარეობს მონაცვლეობით რეჟიმში, აღჭურვილნი იქნებიან საერთო სახელოიანი ფილტრით 99,9%-იანი მტვრის გაწმენდის ეფექტურობით“. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ამ ეტაპზე საწარმოში განთავსებულია 6 სილოსი და იგეგმება 5 სილოსის დამატება. გზშ-ის ანგარიშში უნდა დაზუსტდეს რა მონაცმების მქონე სილოსები იქნებიან საერთო სისტემაზე მიმაგრებული. ამასთან დაკონკრეტდეს ორივე დანადგარის მუშაობის შედეგად, რამდენი სილოსი შეივსება ერთდროულად და არსებობს თუ არა რაიმე ტექნოლოგიური შეზღუდვა სილოსების ერთდროულად გავსების კუთხით;
– აღსანიშნავია, რომ არც ერთ ალტერნატივაში წარმოდგენილი არ არის სათანადო დასაბუთება და თითოეული მათგანი ემსახურება მხოლოდ შერჩეული ვარიანტის უპირატესად წარმოდგენას. არ ირკვევა, წარმადობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარებული იყო თუ არა შესაბამისი საპროგნოზო გათვლები ატმოსფერული ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ადგილი ექნებოდა ან არ ექნებოდა დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებას. ალტერნატივების მოცემული მეთოდებით განხილვა, დოკუმენტაციაში არ იძლევა რაიმე სახის ინფორმაციას.
– სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის და დაზუსტებას საჭიროებს საწარმოში ინსტრუმენტული გაზომვის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დაყენების და მათი ექსპლუატაციის საკითხები;
– ხმაურის გავრცელების შეფასება ზოგადია, რადგან მოცემული არ არის კონკრეტულად რომელი დანადგარებია ხმაურწარმომქნელი საწარმოში და გათვლებისთვის აღებულ წერტილში რამდენია ხმაურის დონე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმო გეგმავს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა გამახვილდეს სათანადო ყურადღება; ამასთან, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დანადგარის დახურულ შენობაში განთავსება, მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის გავრცელებას, თუმცა დოკუმენტში წარმოდგენილ ფოტოებზე შეინიშნება, რომ შენობა არ არის კაპიტალური და აქვს ღიობები;
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები ჩავა ქ. რუსთავის სანიაღვრე სისტემაში, თუმცა სკოპინგის ანგარიშიდან არ ირკვევა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილია თუ არა სანიაღვრე სისტემა ან სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოქმნილი წყლის ტრანსპორტირებას.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოსადგენ ნარჩენების მართვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს ის კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული ნარჩენის მართვას საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში, ამასთან დეტალურად უნდა იყოს მოცემული საწარმოში მოსალოდნელი ნარჩენების განთავსების პირობები.
– დოკუმენტში წარმოდგენილი კუმულაციური ინფორმაცია ზოგადია და აღნიშნულია, რომ ეს საკითხი შესწავლილი იქნება გზშ-ის ეტაპზე. აღნიშნული ტიპის ზემოქმედების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არამხოლოდ „ჰაიდელბერგცემენტის“ საწარმო, არამედ ანგარიშში წარმოდგენილი სურათი 3.1.2-ზე დატანილი შპს „მეგა ცემენტის“ საწარმოც;
– სკოპინგის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საწარმო იმუშავებს წელიწადში 340 დღე. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის კონტროლი თუ რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ კომპანიები ამ რეჟიმს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოება მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში), დოკუმენტაციაში განხილული უნდა იყოს დარჩენილი 25 დღე რა მიზნით იქნება გამოყენებული. კერძოდ, იქნება ეს სარემონტო სამუშაოებისთვის საწარმოს გაჩერება თუ გათვალისწინებულია დასვენების დღეები;
– დოკუმენტში არ არის მოცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საიდან იღებს ან ვინ არის კომპანიისთვის ნედლეულის მომწოდებელი;
– დოკუმენტში მოცემული არ არის ინფორმაცია საწარმოს ტერიტორიის დატოვებამდე სატვირთო მანქანების საბურავების მტვრისგან გათავისუფლების, გადახურვის, ასევე, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში საწარმოს ფუნქციონირების შეზღუდვის ღონისძიებები;
– მოცემული არ არის ინფორმაცია ცხელ და მშრალ ამინდებში საპროექტო ტერიტორიისა და მისასვლელი გზების მორწყვის თაობაზე;
– გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს უკვე გააჩნია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და სავარაუდოდ ფუნქციონირებს, აუცილებელია შემოწმდეს ის თუ რამდენად შეასრულა კომპანიამ სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები (მაგ. პირობა N8) და მხოლოდ შემდგომ გაიცეს ახალი გადაწყვეტილება. ამის აუცილებლობა არსებობს, რადგან ქ. რუსთავის პროექტებზე ძალიან ხშირია, როდესაც დოკუმენტურად (გზშ-ის და ზდგ-ის ანგარიშებში) გაფრქვევების ნაწილში ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა რეალობა სხვაგვარია. არსებული საწარმოები ინტენსიურად არღვევენ სწორი ექსპლუატაციის პირობებს, არ იყენებენ სათანადო ფილტრებს და შესაბამისად ქალაქში ჰაერი მუდმივად დაბინძურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო დღეს ენდობა კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, კარგი იქნება ქ. რუსთავში, უკვე არსებული, ფუნქციური საწარმოების (რომლებიც ცვლიან ექსპლუატაციის პირობებს) გაფრქვევების გადასამოწმებლად ადგილზე გამოაგზავნით შესაბამისი კომპეტენციის ჯგუფი, რომელიც საკუთარი ხელსაწყოებით და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს და გადაამოწმებს საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებებს. ამით არამხოლოდ შესაძლებელი გახდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება, არამედ გარკვეულწილად შესაძლებელი გახდება შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ასახული იქნება შესაბამისი მონაცემები ქალაქის მსხვილი და შედარებით მცირე დამბინძურებლების შესახებ.
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ დახარვეზების წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიცხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.
