24 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ. რუსთავში შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და კომპანიის წარმომადგენლები.
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ბმულზე.
შეხვედრის დროს გაჟღერებული კითხვების ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც გავუგზავნეთ წერილობითი სახით.
გთავაზობთ, გაგზავნილ კომენტარებსა და შენიშვნებს, რომელიც 20 ნოემბერს გამართული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ. ასევე, ზოგიერთ კითხვაზე მიღებულ პასუხებსაც გიზიარებთ.
კითხვა 1: სკოპინგის დოკუმენტაციაში მოცემული თავი 3.1 – „საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა“, სრულად არ ასახავს ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ობიექტებს და მათ დანიშნულებას. შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს დაგეგმილი საწარმოს ტერიტორიის მოსაზღვრედ და მის 500 მეტრიან რადიუსში არსებული ყველა საწარმო, დანიშნულების მითითებით (მაგ: შპს „პროგრესი“, შპს „რექუიმი“, სს „მშენმექანიზაცია“, შპს „კანო“, სს „კომპლექტი“, შპს „ევროსტანდარტი“, შპს „გილდია“, შპს „ჯეო-ფილერი“). აღსანიშნავია ისიც, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშში ფონურ მდგომარეობად გათვალისწინებულია მხოლოდ საპროექტო ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებული შპს „ნიკა 2004“-ის ქარხნიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, მაშინ როდესაც ტერიტორიის გარშემო სხვა საწარმო ობიექტებიც არსებობს. შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში უნდა დაზუსტდეს კუმულაციური ზემოქმედების საკითხიც;
პასუხი 1: როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, გაფრქვევები არ აქვს ამ საწარმოებს. ასევე, ნორმები აიღეს ქალაქის მოსახლეობის მიხედვით და გაითვალისწინეს „ნიკა 2004“-ის საწარმოს ზემოქმედებაც, რაც კანონით არ იყო სავალდებულო. მათი თქმით, კუმულაციურ ზემოქმედებაში განიხილება სხვადასხვა საწარმოს ერთი და იგივე ტიპის გაფრქვევები (მე რა ტიპის გაფრქვევებიც მაქვს, იმ სხვა საწარმოებსაც იგივე ტიპის გაფრქვევები უნდა ჰქონდესო).
კითხვა 2: საკადასტრო კოდის ელექტრონული გადამოწმებისას ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული დასაწყობებული მასალა. წარმოადგენს თუ არა ეს მასალები საწარმოსთვის აუცილებელ დანადგარებს ან პროდუქციას? აღნიშნული საკითხი განხილული უნდა იყოს გზშ-ის ანგარიშში;
პასუხი 2: ადგილზე დაგვათვალიერებინეს ტერიტორია და საწარმოს მოწყობისთვის საჭირო მასალებთან ერთად სხვადასხვა მასალა და დანადგარებიც იყო საპროექტო ტერიტორიაზე.
კითხვა 3: საწარმოში დაგეგმილია ჯართის ჭრა, თუმცა არ არის განხილული აღნიშნული პროცესი განხორციელდება ღია თუ დახურულ სივრცეში (და იქნება თუ არა ეს შენობა 4 მხრიდან დახურული); იმ შემთხვევაში თუ ეს ხდება ღია სივრცეში, საჭიროა აღნიშნული გათვალისწინებულ იქნას შესაბამის გათვლებში (გაფრქვევები ატმოსფერულ ჰაერში, ხმაურით ზემოქმედება);
პასუხი 3: როგორც გვითხრეს ანგარის ტიპის დახურულ შენობაში განხორციელდება ჯართის ჭრა.
კითხვა 4: სკოპინგის დოკუმენტაციაში ტერიტორიის ალტერნატივად წარმოდგენილია 02.05.03.351 საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული ტერიტორია, რომელთანაც უახლოესი მოსახლე 100 მეტრით ახლოსაა ვიდრე ამ ეტაპზე შერჩეულ ტერიტორიასთან. მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ ელექტრონული გადამოწმების შედეგად, ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს უფრო ნაკლები საწარმოო ობიექტები აქვს გარშემო, ვიდრე დაგეგმილი პროექტისთვის შერჩეულს, რაც შესაძლოა ამცირებდეს კუმულაციური ზემოქმედების საკითხებს.
პასუხი 4: საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მათ შერჩეულ ტერიტორიაზე გაანგარიშებისას გაითვალისწინეს მაქსიმალური ზემოქმედება. მათი თქმით, რაც უფრო ახლოა მოსახლეობა, უფრო მეტია საწარმოს ზემოქმედება. ასევე, გაითვალისწინეს მორალური საკითხი, დასახლებული პუნქტის გვერდით საწარმო უფრო უარყოფით განწყობას გამოიწვევდა მოსახლეობაშიო.
კითხვა 5: ტერიტორიის ალტერნატივად აგრეთვე განიხილებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 02.07.02.516, სადაც ამ ეტაპზე აგრეთვე დაგეგმილია ფოლადსადნობი ინდუქციური ღუმელის მოწყობა. აღნიშნულ ალტერნატივაზე უარის თქმის მიზეზად დასახელდა მოსახლეობის სიახლოვე და მტვრის მიწისპირა კონცენტრაციის გადაჭარბება. საინტერესოა ახალი ტერიტორიის ათვისების გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარებული იყო თუ არა შესაბამისი საპროგნოზო გათვლები ატმოსფერული ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ადგილი ექნებოდა დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებას.
კითხვა 6: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოში ორი ღუმელის ერთად ფუნქციონირება არ არის მოსალოდნელი. ღუმელები ერთმანეთს ჩაენაცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გამოვა მწყობრიდან. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ნებართვის აღების შემდგომ, ორივე ღუმელი ერთობლივად არ იმუშავებს?
კითხვა 7: სკოპინგის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მტვერდამჭერ სისტემად საწარმოსთვის შერჩეულია ციკლონი, რომლის ეფექტურობა ტოლია 90%-ს. როგორც ჩვენთვის ცნობილია სხვა საწარმოების დოკუმენტაციიდან, არსებობს უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე აირგამწმენდი დანადგარები, შესაბამისად საინტერესოა რატომ გადაწყდა საწარმოში აღნიშნული ეფექტურობის მქონე დანადგარის დამონტაჟება და რატომ არ მონტაჟდება ისეთი მტვერდამჭერი რომლის ეფექტურობა 98-99%-ია;
პასუხი 7: მათი თქმით, რადგან ინდუქციურ ღუმელს აქვს დაბალი გამონაბოლქვი, ციკლონი სრულიად საკმარისია. ხოლო უკვე არსებულ საწარმოზე, სადაც წარმოებისას გამოიყენება რკალური ღუმელები, უფრო მაღალი გამონაბოლქვი აქვთ და დააყენეს 99-%-იანი ფილტრები.
კითხვა 8: სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის და დაზუსტებას საჭიროებს საწარმოში ინსტრუმენტული გაზომვის უწყვეტი მექანიზმის (ე.წ. თვითმზომის) დაყენების და მათი ექსპლუატაციის საკითები;
პასუხი 8: განსახილველ საწარმოს არ სჭირდება მონიტორინგის სისტემა, რადგან ინდუქციურ ღუმელს იყენებენ. ამიტომ ეს კითხვა ამოვიღეთ სამინისტროში გასაგზავნი წერილიდან.
კითხვა 9: დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საწარმოო პროცესში ნარჩენის სახით წარმოიქმნება წიდა, რომელსაც კომპანია დაასაწყობებს საწარმოს ტერიტორიაზე და სამომავლოდ შესაძლოა გადასცეს ცემენტის მწარმოებელ კომპანიებს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავში წიდის განთავსების უკონტროლო პრაქტიკა შეიჩნევა, განსაკუთრებით “რუსთავის ფოლადის” წიდასაყარის მიმდებარე ტერიტორიებზე, აუცილებელია, რომ შეფასდეს კომპანიის მიერ წიდის საწარმოს ტერიტორიაზე დასაწყობების პირობები და მკაცრად განისაზღვროს მისი მართვის საკითხები;
კითხვა 10: გზშ-ის ანგარიშში წარმოსადგენ ნარჩენების მართვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს ის კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული ნარჩენის მართვას საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში.
პასუხი 10: გვითხრეს, რომ წარმოადგენენ ნარჩენების მართვის გეგმას.
კითხვა 11: წიდის განთავსების პირობები აგრეთვე მნიშვნელოვანია სანიაღვრე და გრუნტის წყლების დაბინძურების მიმართულებითაც, რაც აღნიშნულ დოკუმენტში განხილული არ არის; ასევე, გზშ დოკუმენტთან ერთად, კარგი იქნება, თუ კომპანია წარმოადგენს კვლევის შედეგებს, რომლითაც დასტურდება, რომ წარმოქმნილი წიდა არ არის რადიაციული.
პასუხი 11: წიდა არ იხსნება წყალში და შემიძლია შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოგიდგინოთ და სანიაღვრე და გრუნტის წყალზე ვერ მოახდენს გავლენასო. ასევე, გვითხრეს, რომ რადიაციულობაზეც ამოწმებენ, თუმცა პერიოდულობის დაზუსტება რომ ვთხოვეთ, ამაზე ხშირი შემოწმება არ ხდება, რადგან ერთი და იგივე ტექნოლოგია გამოიყენებაო.
კითხვა 12: წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები ჩავა ქ. რუსთავის სანიაღვრე სისტემაში, თუმცა სკოპინგის ანგარიშიდან არ ირკვევა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილია თუ არა სანიაღვრე სისტემა ან სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოქმნილი წყლის ტრანსპორტირებას.
პასუხი 12: როგორც საწარმოს წარმომადგენლებმაც გვითხრეს, საპროექტო საწარმოს ტერიტორიაზე რეალურად სანიაღვრე არ არის და წესით, თვითდინებით უნდა მოხვდეს ქალაქის სანიაღვრე სისტმაში. ასევე, საწარმოს მეპატრონემ აღნიშნა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემთხვევაშიც არის დაერთების პრობლემა, რადგან საწარმოს გარეთაც არ არის სანიაღვრეები.
კითხვა 13: დოკუმენტში განხილული არ არის სატრანსპორტო მოძრაობის გრაფიკი და მარშრუტი. უცნობია რა ინტენსივობით მოხდება დასახლებულ პუნქტებზე გავლით საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის ტრანსპორტირება და რომელ საათებში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ უნდა იმუშაოს დღეში 12 საათი დამატებით შეფასებას საჭიროებს ნედლეულისა და პროდუქციის აქტიური ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული პერიოდი;
პასუხი 13: როგორც გვითხრეს, ტრანსპორტირება მოხდება დღის საათებში, არაუგვიანეს 20:00 საათისა, ხოლო დილით განახლდება 08:00 საათზე.
კითხვა 14: სკოპინგის ანგარიშში ვკითხულობთ – „პროექტის ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.” მოგახსენებთ, რომ რუსთავშიც შესაძლოა არსებობდეს ტრანსასაზღვრო ზემოქმედება, მაგალითად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად მტვრის გავრცელება ქალაქში საკმაოდ ხშირია და შესაძლებელია განხილული იყოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობად.
პასუხი 14: როგორც საკონსულტაციო კომპანიამ გვითხრა, ტრანსასაზღვრო ზემოქმედაბში იგულისხმება, რომ თავად საწარმოს არ ექნება ზემოქმედება სხვა ქვეყნებზე.
კომენტარი 15: აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქ. რუსთავის პროექტებზე ძალიან ხშირია, რომ დოკუმენტურად (გზშ-ის და ზდგ-ის ანგარიშებში) გაფრქვევების ნაწილში ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა რეალობა სხვაგვარია. არსებული საწარმოები ინტენსიურად არღვევენ სწორი ექსპლუატაციის პირობებს, არ იყენებენ სათანადო ფილტრებს და შესაბამისად ქალაქში ჰაერი მუდმივად დაბინძურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო დღეს ენდობა კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, კარგი იქნება ქ. რუსთავში თითოეული საწარმოს გაფრქვევების გადასამოწმებლად ადგილზე გამოაგზავნით შესაბამისი კომპეტენციის ჯგუფი, რომელიც საკუთარი ხელსაწყოებით და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს და გადაამოწმებს საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებებს. ამით არამხოლოდ შესაძლებელი გახდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება, არამედ გარკვეულწილად შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი ბაზა, სადაც ასახული იქნება შესაბამისი მონაცემები ქალაქის მსხვილი და შედარებით მცირე დამბინძურებლების შესახებ.
კომენტარი 16: სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება.
პროექტი „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.
