გუშინ, 21 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ.რუსთავის მერიაში მეტალურგიული ქარხნის – შპს „რუსთავის ფოლადის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის, რუსთავის მერიისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სკოპინგის ანგარიში ეხება საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას. დღეისათვის ქარხნის ელექტროფოლადსადნობ საამქროში ფუნქციონირებს 2 ერთეული 10 ტ/სთ წარმადობის ელექტროფოლადსადნობი ღუმელი; ხოლო ახალი, 35 ტ/სთ წარმადობის ღუმელის დამატებით, ელექტროფოლადსადნობი საამქროს ჯამური წარმადობა იქნება 55 ტ/სთ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტზე სკოპინგის ანგარიში საწარმოს 2019 წელსაც ჰქონდა შეტანილი და სკოპინგის დასკვნის საფუძველზე გზშ ანგარიშიც მოამზადა; ხოლო 2021 წლსი 27 აგვისტოს სამინისტროში განაცხადი წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შემდეგ, ანგარიშში დაფიქსირებული სხვადასხვა ხარვეზების გამო სამინისტრომ შეწყვიტა გარემოსდაცვითი გადაწყეტილების ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2021 წლსი 25 ნოემბერს ამოიწურა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ვადა, შესაბამისად, საჭირო გახდა სკოპინგის პროცედურის თავიდან დაწყება.
14 სექტემბერს ანგარიშზე შენიშვნების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოწვეულ ტრენერთან ერთად ჩვენმა გუნდის წევრებმა აღნიშნული ანგარიში განიხილეს.
შეხვედრაზე მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, შპს „რუსთავის ფოლადის“ საწარმო განთავსებულია 02.07.04.079 საკადასტრო კოდის ფარგლებში. ელექტრონული გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიყო სამ საკადასტრო კოდად (02.07.04.764; 02.07.04.014; 07.02.486), შესაბამისად დოკუმენტში წარმოდგენილი კოდი აღარ არის ვალიდური და საჭიროებს კორექტირებას;
– შპს „რუსთავის ფოლადის“ ტერიტორიის ფარგლებში, ს/კ 02.07.02.950; ს/კ 02.07.04.017; ს/კ 02.07.04.015 ფარგლებში ფიქსირდება შპს „ბულატი“ (ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული საწარმო ფუნქციონირებს შპს „არსემ კორპის“ სახელით) , რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის N 2-527 ბრძანებით აღებული აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ფეროშენადნობების წარმოებაზე (სილიკომანგანუმის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე). აღნიშნული საწარმო ნახსენები არ არის წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშში, რაც საჭიროებს დაზუსტებას. ამასთან, მოცემული საწარმო გათვალისწინებული უნდა იყოს კუმულაციური ზემოქმედების ნაწილშიც, რადგან ისიც არანაკლები დარღვევით ფუნქციონირებს (იხ. ფოტოები):
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული საწარმოს მხრიდან, შპს „რუსთავის ფოლადის“ ტერიტორიის ჩაყოლებაზე არსებული გზა საკმაოდ მოუწესრიგებელია და ხშირად სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებისას ადგილი აქვს ატმოსფერულ ჰაერში დიდი რაოდენობით მტვრის გავრცელებას, რასაც სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს გზშ-ის ანგარიშში;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან დღემდე არ განხორციელებულა ცემენტის წარმოება და ცემენტისთვის განკუთვნილ დანადგარების ნაწილზე, მიმდინარეობს კირის წარმოება. როგორც ცნობილია, კირის წარმოებაზე კომპანიას ცალკე გააჩნია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2019 წელს გადაეცა შპს „ელბა ექსპორტს“. გზშ-ის ანგარიშში დაზუსტებას საჭიროებს ის, თუ რატომ მიმდინარეობს ცემენტისათვის განკუთვნილ დანადგარებზე კირის წარმოება და გათვალისწინებული იყო თუ არა კირის წარმოებაზე გაცემულ დასკვნაში ის, რომ პროდუქციის დამზადება უნდა განხორციელებულიყო ცემენტის წარმოებისთვის განკუთვნილ დანადგარებზე;
– სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ახალი, 35ტ/სთ წარმადობის ფოლადსადნობი ღუმელის სამონტაჟო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში გამოცდის პროცედურები. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამავე პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა დაათვალიერა ტერიტორია. აღნიშნული ღუმელი უკვე დამონტაჟებული იყო და ფუნქციონირებდა, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ფოლადსადნობი ღუმელი სატესტო რეჟიმში ჩართეს. სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ღუმელის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირების თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გაუმართლებელია 1 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით ფუნქციონირებდეს დანადგარი. კომპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დანადგარს ამუშავებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე და ამას უწოდებს სატესტო რეჟიმს, რათა თავიდან აიცილოს უკმაყოფილება და შესაძლო შეზღუდვები. ამასთან, გაცნობებთ, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე ჩვენმა ჯგუფმა აღნიშნული საწარმოდან დააფიქსირა არაერთი დარღვევა, რომლის ამსახველი ფაქტები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულსა და ფოტოებზე:
ფოტო გადაღებულია 2022 წლის 2 სექტემბერს
ფოტოები გადაღებულია 2022 წლის 7 სექტემბერს
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, თითოეული საამქროდან მის გარშემო არსებულ ობიექტებამდე ზუსტი მანძილების დადგენა შეუძლებელია და თითოეულ საამქროს ფართობსაც მხოლოდ პირობითი და ამავე დროს არაზუსტი დატვირთვა ექნება. გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს თითოეული საამქროს GPS კოორდინატი, რათა საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს საშუალება ჰქონდეს თავად გადაამოწმოს მანძილები იმ ობიექტებამდე, რომელიც კომპანიის ტერიტორიის გარშემო მდებარეობს;
– გზშ-ის დოკუმენტში მოცემული უნდა იყოს მანძილი უახლოეს მოსახლემდე;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საწარმოში შემოტანილი ლითონის ჯართი მოწმდება (ხორციელდება ვიზუალური ინსპექტირება) ფეთქებად-საშიშროებაზე და მხოლოდ შემოწმების შემდეგ მიმდინარეობს მისი წინასწარი დამუშავება. აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე მოცემული იყო ამავე პროექტის გზშ-ის დოკუმენტშიც, თუმცა გზდ-ის მიერ განხორციელებული ინსპექტირების ფარგლებში გამოვლინდა, რომ მსგავსი შემოწმება საწარმოს ტერიტორიაზე არ ხდება. აღნიშნული საკითხი გზშ-ის ანგარიშში საჭიროებს დაზუსტებას, ამასთან მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია რას მოიცავს ვიზუალური ინსპექტირება და როგორ შეიძლება ვიზუალური ინსპექტირებით დადგინდეს კონკრეტული ჯართის ფეთქებადობის საშიშროება;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ჯართის ღია უბანზე დამუშავების (ჭრის) დროს, აალების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ამასთან მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჯართის შემდგომი მართვის ღონისძიებებზე;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია 35ტ/სთ წარმადობის ელექტრორკალური ღუმელისთვის განკუთვნილი ახალი ჯართის დამუშავების უბნის, კაზმის მომზადების უბნის და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის შესახებ;
– სკოპინგის დოკუმენტის თანახმად, 35 ტ/სთ წარმადობის ელექტრორკალურ ღუმელს ემსახურება აირმტვერდამჭერი მოწყობილობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გზდ-ის მიერ განხორციელებული ინსპექტირების დროს გამოიკვეთა, რომ ყველა არსებულ შენობა ნაგებობაში – მომუშავე საამქროებში განთავსებული შემწოვი და გამწოვი სისტემები მწყობრიდან გამოსულია და არ მუშაობს ან არ არის დამონტაჟებული. ამასთან, როგორც ინსპექტირების მასალებიდან ირკვევა, საწარმოში არსებული ღუმელების ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების გასაწმენდად არ არის დამონტაჟებული მტვერდამჭერი მოწყობილობები და მავნე ნივთიერებები ყველა ღუმელიდან ყოველგვარი გაწმენდის გარეშე გაიფრქვევა ატმოსფერულ ჰაერში. სკოპინგის ანგარიშის თანახმად, 35 ტ/სთ წარმადობის ელექტრორკალური ღუმელის აირების გაფრქვევა ხდება საწარმოში არსებული, დაახლოებით 104 მ სიმაღლის მილიდან. დღეისათვის 35ტ/სთ წარმადობის ღუმელის აირების გამწმენდი სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დამთავრებულია და მომზადებულია ექსპლუატაციისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ღუმელი უკვე ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, რატომ არ არის გაშვებული ექსპლუატაციაში მისთვის განკუთვნილი აირების გამწმენდი სისტემა ?
როგორც კომპანიის წარმომადგენლების პასუხიდან ირკვევა, ახალ ღუმელზე ფილტრებიც და თვითმონიტორინგის სისტემაც დამონტაჟებულია და სამინისტროს ნებართვას ელოდებიან სისტემაში ჩასართავად.
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, არსებული 2 x 10 ტ/სთ წარმადობის ელექტრორკალურ ღუმელებს აირგამწმენდი სისტემები დღეისათვის არ გააჩნია და წარმოქმნილი აირების გაფრქვევა ხდება გაწმენდის გარეშე ორი, დაახლოებით 30 მ სიმაღლის მილის საშუალებით. დაახლოებით ერთი წლის წინ განხორციელებული გზდ-ის ინსპექტირების შედეგად, დაფიქსირდა მილგაყვანილობებიდან დიდი რაოდენობის არაორგანიზებული მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ფაქტი, რის გამოც ფოლადსადნობი საამქროს კორპუსის ღია ღიობებიდან ხდებოდა დაბინძურებული აირის გაფრქვევა. სკოპინგის დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ ქალაქში არსებული ჰაერის მდგომარეობას, საწარმოში დღემდე ანალოგიური სიტუაციაა. ის, რომ მილგაყვანილობებიდან დიდი რაოდენობის არაორგანიზებული მავნე ნივთიერებები იფრქვევა გაწმენდის გარეშე, ცნობილია შესაბამისი უწყებებისთვის. რა ზომების მიღებას აპირებს სააგენტო შპს „რუსთავის ფოლადის“ მიმართ ფილტრების დაყენებამდე?
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ელექტრორკალურ ღუმელში და ციცხვ – ღუმელში მასალის ჩატვირთვის და დნობის პროცესში წარმოქმნილი კვამლი გროვდება და იწმინდება მტვერდამჭერი სისტემის მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი წლის წინ გზდ-ის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულ ღუმელებზე მტვერდამჭერი სისტემების არსებობა არ გამოვლენილა, საჭიროდ მიგვაჩნია გადაწყვეტილების გაცემამდე კიდევ ერთხელ ჩატარდეს ინსპექტირება რათა გავიგოთ საწარმოში არსებული რეალური ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით;
– გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოდან ადგილი აქვს უამრავი არაორგანიზებული მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევას, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს საწარმოდან არაორგანიზებული გაფრქვევების შემცირების კონკრეტული ღონისძიებები;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „მილსაგლინავ საამქროში წარმოქმნილი ნამწვი აირების გაფრქვევა ხდება 80 მ სიმაღლის საკვამლე მილის საშუალებით. საამქროს ტერიტორია უზრუნველყოფილია სააერაციო „ფანრებით“, ცალკეული უბნები კი აღჭურვილია გამწოვი ვენტილაციის სისტემით“. ანალოგიური ინფორმაცია მოცემული იყო გზშ-ის ანგარიშშიც, თუმცა ინსპექტირების მასალებით დადგინდა, რომ მილსაგლინავ საამქროში არ არის ვენტილაციის სისტემა, საამქროს შენობაში გამოყოფილი მავნე აირების ორგანიზებული აირაციული ფარნებიდან ატმოსფეროში გაფრქვევისათვის. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას;
– სკოპინგის ანგარიშში მოცემულ თავში 2.3.4 „სორტული გლინვის საამქრო“ აღნიშნულია – საამქროში არსებობს 25ტ/სთ წარმადობის ღუმელი. მისი დემონტაჟი არაა გათვალისწინებული, საჭიროების შემთხვევაში (43 ტ/სთ წარმადობის ღუმელის გეგმიური შეკეთება ან დაზიანება) გამოყენებული იქნება სარეზერვოდ. რა გარანტია არსებობს, რომ ორივე ღუმელი ერთდროულად არ იმუშავებს? არსებობს თუ არა რაიმე სახის ტექნოლოგიური შეზღუდვა?
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საფასონო-სამსხმელო საამქროში არსებულ ღუმელებს აირგამწმენდი სისტემები არ გააჩნია (ძველი არსებული სისტემები გამოსულია მწყობრიდან და უმოქმედოა) და შპს „რუსთავის ფოლადი“ გეგმავს ახალი გამწმენდი სისტემების მოწყობას და ექსპლუატაციას. საამქროს გააჩნია ნამწვი აირების გაფრქვევის 15 მ სიმაღლის მილი, რომელიც ამ ეტაპზე უმოქმედო მდგომარეობაშია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები უწყებებისთვის, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სააგენტო აღნიშნულის თაობაზე და იგეგმება თუ არა უწყებამ კომპანიას გააჩერებინოს აღნიშნული ღუმელები გამწმენდი სისტემების მოწყობასა და ამუშავებამდე;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, დამხმარე წარმოებასა და განყოფილებებს მიეკუთვნება აგრეთვე გარემოსდაცვითი განყოფილებაც, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემოსდაცვითი განყოფილება აღნიშნულ საწარმოში სათანადოდ არ ფუნქციონირებს, რადგან საწარმო გარემოსდაცვით სტანდარტს არ აკმაყოფილებს და წლების განმავლობაში არაორგანიზებული გაფრქვევებით აზიანებს ქ. რუსთავის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას. კომპანიამ შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განახორციელა უამრავი ცვლილება და დღესაც თავისუფლად ფუნქციონირებს, რაც წარმოადგენს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დარღვევას და აღნიშნული ინფორმაცია, ვფიქრობთ, ცნობილი უნდა იყოს გარემოსდაცვითი განყოფილებისთვის;
– სკოპინგის დოკუმენტის თანახმად, გარემოსდაცვითი განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით. რა ტექნიკაზეა საუბარი და რა გარემოსდაცვით მიმართულებით ხდება მათი გამოყენება საქმიანობის ფარგლებში?
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია სალექარების პარამეტრების შესახებ. ამასთან, ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როგორ ხდება სალექარებიდან ამოღებული ხენჯის მართვა;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „დღეისათვის, ქარხნის მიმდინარე საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით. ტექნოლოგიური ციკლის ცვლილების მიხედვით, წარმოქმნილი განახლებული ნარჩენების მართვის გეგმა მომზადებული იქნება გზშ-ს პროცესში და დადგენილი წესით შეთანხმდება სამინისტროსთან“. როგორც დოკუმენტიდან და ინსპექტირების მასალებიდან ირკვევა, საწარმოში ცვლილებების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, შესაბამისად კომპანიას სამინისტროსთან უკვე უნდა ჰქონდეს განახლებული ნარჩენების მართვის გეგმა შეთანხმებული. ამასთან, ნარჩენების მართვის გეგმის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ პერიოდში, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს ცვლილებას უკვე შეთანხმებულ ნარჩენების მართვის გეგმაში. საინტერესოა, რატომ შეუძლია კომპანიას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე ცვლილებების განხორციელება და ფუნქციონირება, ხოლო ნარჩენების მართვის გეგმის შესათანხმებლად და ფილტრების დასაყენებლად ელოდება შესაბამისი გადაწყვეტილების აღებას?;
– გზშ-ის ანგარიშში უნდა დაზუსტდეს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების დამონტაჟების და ექსპლუატაციაში გაშვების ვადები. ამასთან სააგენტომ კომპანიას უნდა განუსაზღვროს აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში დაჭერილი მტვერის შემადგენლობაზე ჩატარებული შესაბამისი ანალიზების წარმოდგენის ვადები, რათა დაზუსტდეს მათი სახიფათოობის/არასახიფათოობის სტატუსი და უკვე განისაზღვროს მათი მართვის კონკრეტული მიმართულებები.
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში დაჭერილი მტვერი შეიცავს გარკვეული რაოდენობის მეტალებს და შესაძლებელია მისი ცემენტთან ან სხვა შემკვრელთან (კირი) აგლომერაციით, მოხდეს მისი გარკვეულ ზომებად დაბრიკეტება და ტექნოლოგიურ ციკლში დაბრუნება. დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იქნეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში აღნიშნული პროცესიდანაც;
– სკოპინგის დოკუმენტში წარმოდგენილი ალტერნატივების განხილვა არის ფასადური, პირველ რიგში იმიტომ, რომ ცვლილებების უმეტესობა უკვე განხორციელებულია. მეორე საკითხი არის ის, რომ აღნიშნული ალტერნატივები არ არის შეფასებული გარემოსდაცვითი კუთხით და ნათლად ჩანს, რომ კომპანიას მოცემული ცვლილებები განხორციელებული და დაგეგმილი აქვს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მეტი ეკონომიკური სარგებელის მისაღებად. ამასთან, ალტერნატივების თავში აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი კუთხით ზეგავლენა არ იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გეოლოგიურ გარემოზე, დაცულ ტერიტორიებზე, ვიზუალურ-ლადშაფტურ ცვლილებაზე, წყლის გარემოსა და ნიადაგზე არ არის მოსალოდნელი ზემოქმედება. დოკუმენტის მკითხველს ძალიან კარგად ესმის, რომ საწარმოო ზონაში განთავსებულ ობიექტს, რომელსაც გააჩნია ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემა, ზემოქმედება ვერ ექნება ზედაპირული წყლის ობიექტსა და ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე. საწარმოს მთავარი ზემოქმედების რეცეპტორი არის ატმოსფერული ჰაერი და წარმოების შედეგად მასში არაორგანიზებულად, გაწმენდის გარეშე გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, რომელიც წლების მანძილზე დამოუკიდებლად და კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით აზიანებს მოსახლების ჯანმრთელობას. შესაბამისად, ალტერნატივების ნაწილი მთლიანად საჭიროებს გადამუშავებას და ადეკვატური ინფორმაციის წარმოდგენას;
– სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები სრულდება დახურულ კაპიტალურ შენობებში, რაც გარკვეულად ამცირებს ხმაურის გავრცელების დონეებს. გზდ-ის ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში შენობის სახურავის ღიობებიდან იფრქვეოდა მავნე ნივთიერებები, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საწარმოს შენობების ჰერმეტულად დაცულობისა და „კაპიტალურობის“ საკითხი;
– აქვს თუ არა კომპანიას ტექნიკური წყლის მოხმარებაზე შესაბამისი ნებართვა/შეთანხმება?
– გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს გარშემო განთავსებულია სხვა საწარმოო ობიექტები, სასრუველია გზშ-ის ანგარიშში ტერიტორიის გარშემო არსებული ობიექტები წარმოდგენილი იყოს ცხრილის სახით, შესაბამისი მანძილებისა და დანიშნულების მითითებით;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს შეუქცევადი ზემოქმედების შეფასების შესახებ ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება გარკვეული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, ამასთან, აღნიშნული პროექტით განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა, რომელიც აჩვენებს კონკრეტული ციფრებით იმ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც საქმიანობა მოუტანს უშუალოდ ქ. რუსთავს და რამდენად აბალანსებს ეს სარგებელი გარემოსდაცვითი კუთხით მიყენებულ ზიანს;
– გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე საწარმოში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის დანერგვისა და განხორციელების საკითხი. მათ შორის, გაფრქვევის წყაროების, მონიტორინგს დაქვემდებარებული კომპონენტების, თვითმონიტორინგისთვის შერჩეული მეთოდის/ხელსაწყოს და სტანდარტის შესახებ ინფორმაცია. როდის შეიძენს კომპანია აღნიშნულ სისტემას, როდის მოხდება მისი მონტაჟი და როდის ჩაირთვება იგი სამინისტროს ერთიან სისტემაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია იყო ერთადერთი, რომელმაც სააგენტოს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის მოაწესრიგებდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების საკითხს, დანერგავდა თვითმონიტორინგის სისტემას და ჩაერთვებოდა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, თვითმონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია, თუმცა გეგმა-გრაფიკს და კონკრეტულ თარიღებს ვერ გააჟღერებენ, ვინაიდან სამინისტროსგან ელიან ნებართვას პროექტის განხორციელებაზე; ამის შემდეგ სამინისტროსთან შეათანხმებენ ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტს და მხოლოდ ამის შემდგომ, სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეძლებენ თვითმონიტორინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩართვას.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ საწარმოო ობიექტის გენერალური გეგმაზე დატანილი უნდა იყოს გაფრქვევისა და ხმაურის წარმომქმნელი ყველა წყარო;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კომპანიის მიერ წარმოებული სატრანსპორტო ოპერაციების რაოდენობაზე, სატრანსპორტო ოპერაციების პირობებზე და მარშრუტზე, რომელიც შეთანხმებული იქნება მერიასთან.
– გეგმავს თუ არა კომპანია ქ. რუსთავისთვის განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები?
– როგორც ცნობილია, შპს „რუსთავის ფოლადს“ გააჩნია წიდასაყარი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს უნებართვოდ. ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნულ წიდასაყარზე თავსდება არამხოლოდ შპს „რუსთავის ფოლადის“ ნარჩენი წიდა, არამედ სხვა საწარმოებისაც, რომელთაც წარმოების შედეგად რჩებათ აღნიშნული ნარჩენი. შეგახსენებთ, რომ წიდასაყარის ტერიტორია წარმოადგენს მტკვრის სანაპიროს და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგ ადგილას წიდა განთავსებულია უშუალოდ მდინარის ნაპირზე, არსებობს ზედაპირული წყლის დაბინძურების ფაქტები. ვინაიდან კომპანიამ დღემდე ვერ უზრუნველყო აღნიშნულ ობიექტზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება, დოკუმენტების მწყობრში მოყვანა და შესაბამისი გადაწყვეტილების აღება, საჭიროდ მიგვაჩნია სააგენტომ გააკონტროლოს უნებართვოდ მოწყობილ წიდასაყარზე წიდის განთავსების პირობები;
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება და სკოპინგის ანგარიში. როგორც სააგენტოსთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომპანიას მოცემული ცვლილებები განხორციელებული აქვს მინიმუმ 1 წლის წინ. აღნიშნულ პროექტზე გაცემულ სკოპინგის დასკვნას ერთხელ უკვე გაუვიდა კანონით დადგენილი ვადა და მაშინაც კი, ცვლილებები განხორციელებული იყო და დღემდე ცვლილებით დაგეგმილი ღუმელი ფუნქციონირებს „სატესტო“ რეჟიმში. მეტიც, კომპანია ვეღარ მალავს და შესაბამისმა უწყებებმაც კარგად იციან, რომ საწარმო მუშაობს ფილტრების გარეშე და წლების მანძილზე წამლავს მოსახლეობას, თუმცა ამაზე ქმედითი რეაგირება არ ჩანს. ის რომ განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს სააგენტოს სკრინინგის თუ სკოპინგის დოკუმენტი არის მხოლოდ ჩანაწერი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი დატვირთვა, რადგან შპს „რუსთავის ფოლადი“ სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ერთი ობიექტი, რომელსაც სააგენტოში სანებართვო დოკუმენტაცია ცვლილების განხორციელების შემდგომ შეაქვს. კომპანიებს, განსაკუთრებით კი ისეთ მსხვილ ობიექტებს, როგორიცაა შპს „რუსთავის ფოლადი“ უღირთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა და კანონდარღვევით ფუნქციონირება, რადგან იციან, რომ სააგენტოს განსხვავებული ბერკეტი უკვე მოწყობილი და ფუნქციონირებადი მსხვილი საწარმოების შეზღუდვისთვის არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს კანონით არ აქვს ბერკეტი, რომ ამგვარ უნებართვო წარმოებებს გადაწყვეტილების აღებამდე მოსთხოვოს საწარმოს/დანადგარის დემონტაჟი, საჭიროა შესაბამის ინსტანციაში დააყენოს ამ მიმართულებით კანონის ცვლილების საკითხი, რადგან ასეთი კომპანიების უპასუხისმგებლო ქმედებებს ეწირება არამხოლოდ გარემო, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაც;
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადდა “ეკო ცენტრის” მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “ეკო ცენტრი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.