ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში საცხოვრებლად ისეთ მიწებს ირჩევდნენ, სადაც ტემპერატურა სეზონების მიხედვით რადიკალურად არ იცვლებოდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა საჭირო საკვები მოეყვანათ. დღესდღეობით, მსოფლიო მიწის მხოლოდ ერთი პროცენტია სიცხის გამო საცხოვრებლად გამოუსადეგარი, თუმცა 2070 წლისთვის ნავარაუდებია, რომ ცხელი ზონები დედამიწის 20%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის მესამედი საცხოვრებლად შეუსაბამო პირობებში აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ტემპერატურის თითო გრადუსით მატებისას, ერთი მილიარდი ადამიანის საცხოვრებელი პირობები თანდათანობით გაუარესდება.
კლიმატის ცვლილების გავლენა – ზღვის დონის აწევა, სიცხე, წყალდიდობა, გვალვა და ხანძრები – მოქმედებს ეკოლოგიურ მიგრაციაზეც. ვინ არიან ეკო მიგრანტები?
ეკოლოგიური მიგრანტი არის ადამიანი, რომელმაც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი ადგილობრივი გარემო-პირობების მოულოდნელი ან გრძელვადიანი ცვლილების გამო. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნიდა მის კარგად ყოფნასა და უსაფრთხო ცხოვრებას და მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: გვალვა, გაუდაბნოება, ზღვის დონისა და სეზონური ამინდების მოდელის ცვლილება. ეკო მიგრანტმა შეიძლება თავისივე ქვეყანაში იპოვოს ახალი თავშესაფარი, ან გახდეს სხვა ქვეყნის მკვიდრი.
„ნიუ იორკ თაიმსის“ მიხედვით, 2020 წელს, დიდწილად კლიმატური ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების გამო, 40.5 მილიონ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება[1]. 2018 წლის მსოფლიო ბანკის ანგარიშში გამოთვლილია, რომ 2050 წლისთვის ამ რიცხვმა შეიძლება 200 მილიონსაც კი მიაღწიოს.[2]
კატასტროფების შემთხვევების ზრდას რაც შეეხება, 1986-2005 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 2035 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ქარიშხლების სიხშირე სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში 12%-ით გაიზრდება, ატლანტის ოკეანეში 14%, ხოლო წყნარ ოკეანეში 41%-ით. ზღვის დონის აწევა არა მხოლოდ ადამიანების სახლების დატბორვას გამოიწვევს, არამედ სასმელ და საირიგაციო წყალში მარილიანი წყლის შერევას და მის დაბინძურებას.
სიტუაციას როგორც ჭარბი ნალექი, ისე მისი არარსებობაც ართულებს. 2017 წლიდან, ყოველწლიურად 800 000 ადამიანია იძულებული დატოვოს სახლი გვალვის გამო. მომავალში, მშრალი რეგიონების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი მთელი მსოფლიოს გარშემო, დაზარალებულების მთლიანი წილის 75% კი ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრია. უფრო მეტიც, მეცნიერები ასევე თვლიან, რომ არა მხოლოდ უშუალოდ პროცესი, არამედ არანაკლებ საყურადღებოა ხანძრის შემდგომი, მისი თანმდევი მოვლენები, როგორიცაა: წყალდიდობები და ტალახი. ატალახებულ მიწაზე დიდია ფეხის დაცდენის და სერიოზული დაზიანების მიღების შესაძლებლობა.[3]
ზემოთ ნახსენებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა კონკრეტულად სუბ-საჰარულ აფრიკაზე, სამხრეთ აზიასა და ლათინო-ამერიკაზე. ამ სამი რეგიონის მოსახლეობა განვითარებადი მსოფლიოს მთლიანი წილის 55%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, თუ ჩვენ არ მივიღებთ უფრო მკაცრ ზომებს სასათბურე აირების ემისიების შემცირებისთვის და განვითარებად ქვეყნებს არ დავეხმარებით, აღნიშნული რეგიონებიდან საკუთარ ქვეყანაში 143 მილიონი ადამიანი შეიძლება გახდეს იძულებით გადაადგილებული პირი. მოსალოდნელია, რომ მიგრაცია დაჩქარდება 2050 წლის შემდეგ, როცა კლიმატის ძლიერ გავლენას მოსახლეობის ზრდაც დაემატება.
კარგი ამბავი ისაა, რომ თუ ახლავე დავიწყებთ მოქმედებას კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, ეს რიცხვი შეიძლება 143 მილიონიდან 31-72 მილიონამდე შემცირდეს. შესაბამისი რეაგირების გარეშე, კლიმატის ცვლილების თანმდევი მოვლენები: უკიდურესი სიცხეები, წყლის ხელმისაწვდომობის შემცირება, თოვლის საფარის შემცირება და ზღვის დონის აწევა ხალხს „ცხელი წერტილებიდან“ განდევნის. მაგალითად, როგორიცაა: ზღვის დონესთან ახლოს მდებარე ქალაქები, სანაპირო ზონები და საკმარისი წყლისა და ნოყიერი ნიადაგის არმქონე ადგილები.
მომავალში თუ ანტარქტიდის ყინულის ფენების დნობის სიჩქარე მოიმატებს, 300 მილიონი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, ხოლო 2100 წლისთვის შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა 480 მილიონს მიაღწიოს. სავარაუდოდ, დაზარალებულთა უდიდესი ნაწილი აზიის რვა ქვეყნის ბინადარი იქნება: ჩინეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ტაილანდი, ფილიპინები და იაპონია.
სამწუხაროდ, ზღვის დონის ზრდამ წყნარი ოკეანის რვა კუნძული უკვე დაფარა, რამაც ცხადია მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვია. სავარაუდოა, რომ ამ არეალში კიდევ ორი კუნძული გაქრეს. 2100 წლისთვის კი, როგორც კვლევებმა აჩვენა, საერთო ჯამში 48 კუნძული ჩაიძირება.[4]
ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში სულ უფრო რთულია ცხოვრება გვალვის, წყალდიდობების, ქარიშხლების, ხანძრებისა და ზღვის დონის ცვლილების გამო. „პროპუბლიკისა“ (ProPublica) და „ნიუ იორკ თაიმსის“ (New York Times) ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გარემოს ხარისხის შემცირებას 162 მილიონი ამერიკელი განიცდის და ასეთი ტემპებით, 2070 წლისთვის საკუთარი კომფორტის ზონის გარეთ ოთხი მილიონი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს.[5] ბევრი კალიფორნიელი უკვე აიდაჰოში, ტეხასში, ორეგონსა და ვაშინგტონში გადადის საცხოვრებლად[6], რადგან მათ რეკორდული სიცხეები და მძვინვარე ხანძრები გამოცდილი აქვთ და ხანძრის სეზონის ხანგრძლივობაც ყოველწლიურად იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის მიგრანტების პრობლემა ძალიან რეალურია და წელიწადში მილიონობით ადამიანს ეხება, ამჟამად საკითხის მოგვარების მხრივ არსებული სიტუაცია სავალალოა. პრობლემის ძირითადი გამოწვევი მიზეზი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობაა. უახლეს წარსულშიც კი, გადაადგილების გამომწვევ მიზეზებად მხოლოდ კონფლიქტები ითვლებოდა.
მხოლოდ 1980-იანი წლებიდან დაიწყო ზოგიერთმა მკვლევარმა იძულებით გადაადგილებაში კლიმატის ცვლილების როლის დანახვა და ტერმინის „გარემოს ლტოლვილის“ (environmental refugees) გამოყენება მათთვის, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი ადამიანების მიერ ბუნებაზე ზემოქმედებით გამოწვეული ან ისეთი ბუნებრივი კატასტროფების გამო, როგორიცაა: გაუდაბნოება, ტყეების გაჩეხვა, ნოყიერი მიწის შემცირება, ზღვის დონის მომატება.[7]
ეკოლოგიური მიგრანტები დღესაც არ ითვლებიან „ლტოლვილებად“. გაეროს 1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახ[8] ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს ადამიანს, რომელსაც აქვს „საფუძვლიანი შიში რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.“ შესაბამისად, იმის გამო, რომ ეკო მიგრანტები ამ განმარტებაში ვერ ხვდებიან, ვერ სარგებლობენ იმ უფლებებით, რომლებიც საერთაშორისო სამართალში ლტოლვილებს აქვთ.
პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ არ განასხვავებს მიგრანტებსა და ეკო მიგრანტებს. ამრიგად, ყველა ლტოლვილი ექვემდებარება ერთი და იგივე საკანონმდებლო ჩარჩოს. ქვეყნების უმეტესობის საიმიგრაციო კანონი არ მოიცავს ეკო მიგრანტებს და შესაბამისად არ აქვს ეკოლოგიური კრიტერიუმები მათ მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ეკო მიგრანტები იურიდიულად არ ითვლებიან ლტოლვილებად, უმეტეს შემთხვევებში ისინი ბევრად უფრო მოწყვლადები არიან რესურსების არარსებობის გამო. ეკო მიგრანტები, როგორც ჩანს, უფრო ღარიბები არიან, ვიდრე სხვა ლტოლვილების უმეტესობა. ეს დამატებით ქმნის ეკო მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოძიების ბარიერს, რადგანაც ზოგიერთი ქვეყანა სანამ ლტოლვილებს მიიღებს, იკვლევს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელიც ეკო მიგრაციას გააკონტროლებს, იძულებით გადაადგილებული პირები მიდიან იქ, სადაც შეუძლიათ და არა იქ, სადაც მათი წასვლა უკეთესი იქნებოდა. ეკოლოგიური მიგრაციის ზრდასთან ერთად, სიტუაცია უფრო ქაოტური და მძიმე გახდება, თუ ლტოლვილებისთვის სამართლებრივი და სოციალური ჩარჩოები არ შეიქმნება.[9]
ამ მხრივ, საკანონმდებლო მდგომარეობას ნათლად აღწერს იოანე ტეიტიოტას (Ioane Teitiota) შემთხვევა, რომელიც კუნძულ კირიბატის მცხოვრებია.
ზღვის დონის მატება ართულებს კირიბატის (Kiribati) კუნძულებზე ცხოვრებას. მარილიანი წყალი უკვე ერევა საირიგაციო და სასმელ წყალს და მას გამოყენებისთვის უვარგისს ხდის.
იოანე ტეიტიოტა, 2013 წელს, ახალ ზელანდიაში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა.[10] იგი ქვეყნიდან დაადეპორტეს იმ მიზეზით, რომ მის სიცოცხლეს სამშობლოში საფრთხე არ ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კირიბატი ჯერ კიდევ არ არის წყალქვეშ, იოანე განიცდის სტრესს, რადგან საცხოვრებელი მიწა უფრო და უფრო მცირდება, ხოლო წყლის მარაგები მარილიანი წყლით ბინძურდება.[11]
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ არ დააკმაყოფილა ტეიტიოტას საჩივარი 2020 წელს[12], მაგრამ კომისიამ ასევე დასძინა, რომ მთავრობები შეიძლება არღვევდნენ გაეროს შეთანხმებას თუ ისინი გზავნიან ადამიანებს ისეთ სიტუაციებში, სადაც კლიმატის ცვლილებამ შექმნა სიცოცხლისთვის საშიში რისკები.[13]
საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წელს 164 ქვეყნის მიერ მიღებული „გლობალური შეთანხმება უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციისთვის“ რომელიც ეხმარება ხელმომწერ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების გამო მიგრაციის პრევენციისა და აუცილებელი მიგრაციის დროს ზეგავლენის შერბილებაში.[14] ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა ქვეყნებისათვის ეკოლოგიურ მიგრაციასთან დაკავშირებით. თუმცა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულება სახელმწიფოების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და მას სამართლებრივი აღსრულების ბერკეტი არ გააჩნია.
კლიმატის ცვლილება და სხვა ეკოლოგიური ფაქტორები დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს აიძულებს დატოვოს საკუთარი სახლი, მაგრამ იმის გამო, რომ თანამედროვე სამყაროს არ აქვს მზად შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, ეკო მიგრანტები აწყდებიან არაერთ გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ უკვე დროა ქვეყნებმა შეისწავლონ კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების როლი მიგრაციაში, აღიარონ კლიმატის ცვლილების მიზეზებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და დაიწყონ ამ უფლებების როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა. როგორც არაერთი კვლევა გვიჩვენებს, მომავალში, სამწუხაროდ მიგრანტების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რაც ქვეყნებისგან მყისიერ მოქმედებას მოითხოვს.[15]
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით.
[1] წყარო: https://www.nytimes.com/2021/05/20/climate/storms-floods-wildfires-displacement.html
[2] წყარო: https://www.worldbank.org/en/news/infographic/2018/03/19/groundswell—preparing-for-internal-climate-migration
[3]წყარო: https://news.climate.columbia.edu/2020/05/22/covid-19-need-plan-joint-disasters/
[4]წყარო: https://news.climate.columbia.edu/2021/05/13/climate-migration-an-impending-global-challenge/
[5]წყარო: https://www.propublica.org/article/climate-change-will-force-a-new-american-migration
[6] წყარო: https://news.climate.columbia.edu/2021/05/13/climate-migration-an-impending-global-challenge/
[7]წყარო: https://digitallibrary.un.org/record/121267?ln=en
[8]წყარო: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi11.pdf
[9] წყარო: https://news.climate.columbia.edu/2021/05/13/climate-migration-an-impending-global-challenge/
[10] წყარო: https://www.loc.gov/law/help/climate-change-refugee/new-zealand.php
[11] წყარო: https://www.climate.gov.ki/effects/fresh-water-supply/
[12]წყარო: https://www.ohchr.org/en/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25482&LangID=E
[13]წყარო: https://theconversation.com/as-more-climate-migrants-cross-borders-seeking-refuge-laws-will-need-to-adapt-159673
[14] წყარო: https://www.iom.int/global-compact-migration
[15] წყარო: https://theconversation.com/as-more-climate-migrants-cross-borders-seeking-refuge-laws-will-need-to-adapt-159673
