დღეს, 28 თებერვალს, ქ. რუსთავის მერიაში შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, საწარმოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, როგორც ყოველთვის, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
შპს „ჯეოსთილი“-ს მიმდინარე საქმიანობას წარმოადგენს ფოლადის წარმოება.
დღეისათვის შპს „ჯეოსთილი“-ს მეტალურგიული ქარხნის წლიური წარმადობა არის 175 000 ტ/წელ არმატურა, დიამეტრით 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 25, 28, 32 მმ.
მეტალურგიული საწარმოს ძირითადი ნედლეულია რკინის ჯართი, ასევე გამოიყენება ცხლად ბრიკეტირებული რკინა და/ან სხვა ფერადი ლითონის ნედლეული.
საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია წარმადობის გაზრდა საბაზისო პროექტით გათვალისწინებული 175 000 ტ/წ-დან 300 000 ტ/წ-მდე. საწარმოს წარმადობის გაზრდა საწარმოო სიმძლავრეების შეცვლასთან/გაზრდასთან დაკავშირებული არ იქნება და ზრდა მოხდება მიწოდებული ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდით, რაც შეამცირებს დნობის ხანგრძლივობას და ასევე დნობის რეჟიმის ცვლილებით (ფოლადის დნობა განხორციელდება 24 საათანი რეჟიმით, ნაცვლად დღესათვის მიმდინარე 12 საათიანი რეჟიმისა). შესაბამისად წარმადობის გაზრდა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამასთან დაკავშირებით სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას არ საჭიროებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქარხანაში დღეისათვის უკვე განხორციელებულია აირგამწმენდი სისტემების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების შემდეგი ღონისძიებები:
– საჩამომსხმელო საამქროში არსებული 480 000 მ 3 /სთ წარმადობის ვენტილატორი შეიცვლა 560 000 მ 3 /სთ წარმადობის ახალი ვენტილატორით, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დნობის პროცესში წარმოქმნილი აირების გაწოვის ეფექტურობა და შემცირდა სადნობი საამქროდან არაორგანიზებული გაფრქვევების ინტენსივობა;
– საამქროში დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ნაპერწკალჩამქრობი, რის შედეგადაც სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა ემისიების შემცირების თვალსაზრისით და ასევე გაიზარდა სახელოებიანი ფილტრის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა;
– არსებული მექანიკური გამაგრილებელი სისტემა შეიცვალა იტალიური წარმოების გაუმჯობესებული მახასიათებლების მექანიკური გამაგრილებელი ახალი სისტემით; (აღწერა გვ. 73-ზე)
– დამონტაჟდა დამატებითი შემწოვი ვენტილატორი (სიმძლავრე: 70 000 ნმ3 /სთ), რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა პირველადი შეწოვა და აამაღლა სისტემის ეფექტურობა.
გზშ ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, განიხილა დოკუმენტი. ჩვენ მიერ მომზადებული კომენტარები საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ და გარკვეული საკითხები შეხვედრაზევე დაზუსტდა საწარმოს წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა ჩვენი კომენტარები წერილობითი ფორმით გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გავუგზავნეთ და გვინდა, თქვენც გაგიზიაროთ:
– როგორც დოკუმენტშია აღნიშნული საწარმო გეგმავს წიდის დროებითი განთავსების და დამუშავების საწარმოო უბნის მოწყობას. საინტერესოა, ნაწილობრივ დახურული ან შემოღობილი თუ იქნება ეს უბანი, ვინაიდან მოსახლეობა საკმაოდ ახლოს ცხოვრობს და ქარის დროს წიდის წვრილი ფრაქციების ამტვერების რისკი საკმაოდ მაღალია; ასევე, საინტერესოა, ქარის დროს ფრაქციების ამტვერების წინააღმდეგ რა ღნისძიებებია გათვალისწინებული?
როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წიდასაყარის ტერიტორია შემოსაზღვრულია დამცავი ღობით, ასევე მიმდინარეობს მეორე ღობის მშენებლობაც.
– კითხვა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან/საკრებულოს წარმომადგენელთან – გზშ-ში გვ. 15-ზე ვკითხულობთ, რომ 2014 წლის მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სამრეწველო ზონა 1-ში დაუშვებელია საცხოვრებელი განაშენიანების მოწყობა, 2019 წელს კი საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც 60-70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს მძიმე მრეწველობის პროფილის ისეთი საწარმოები, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ცემენტის ქარხანა, შპს „ჯეოსთილი“-ს მეტალურგიული ქარხანა და სხვა მინიჭებული აქვს „სამრეწველო ზონა 1“-ს სტატუსი. ამასთან, 2011 წელს მთავრობამ საწარმოო ზონაში არსებული შენობა-ნაგებობა (რომელიც ადრე ეკუთვნოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას) გადასცა იძულებით გადაადგილებულ პირებს და შემდეგ დაუკანონდათ მუდმივ საცხოვრებლად.
ამ შემთხვევაში თავად მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ამ საკითხში ფიქსირდება სისტემური ხარვეზი. ამიტომ აუცილებელია ამ საკითხს მიექცეს სათანადო ყურადღება, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში მაინც არ განმეორდეს და საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო საცხოვრებლით შესაბამის საცხოვრებელ ზონაში.
– საწარმოს წარმადობის გაზრდა საწარმოო სიმძლავრეების შეცვლასთან/გაზრდასთან დაკავშირებული არ იქნება და ზრდა მოხდება მიწოდებული ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდით, თუმცა, ასევე ვკითხულობთ, რომ საწარმოს წარმადობა გაიზრდება დაახლოებით 72%-ით, შესაბამისად, საინტერესოა, გაზრდილი წარმადობის შედეგად, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, რამდენად იზრდება გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა.
– როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საწარმოში მოქმედებს ორივე ტიპის ღუმელი – ელ. რკალურიც და ინდუქციურიც და ეს ღუმელები ერთდროულად არასდროს მუშაობენ. მათი მონაცვლეობითი მუშობა რა პრინციპით ხდება – როდესაც რომელიმე ერთი სარემონტო სამუშოებშია თუ რაიმე წარმეობის სპეციფიკიდან გამომდინარე? – რადგან როგორც ცნობილია, ინდუქციური ღუმელიდან მტვრის გამოყოფა 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ელ.რკალური ღუმელიდან – შესაბამისად, საინტერესოა რატომ არ ენიჭება უპირატესობა სრულად ინდუქციური ღუმელის გამოყენებას?
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მართალია, ინდუქციური ღუმელიდან გაფრქვევა ნაკლებია, თუმცა ელექტრო რკალურ ღუმელში დნობის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და გამოდნობილი პროდუქციაც უკეთესი ხარისხისაა. ამასთან, ინდუქციური ღუმელის ექსპლუატაცია უფრო ძვირი ჯდება.
– დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფონური გაფრქვევების მოდელირებისას გამოყენებულია მხოლოდ 2 საწარმოს („რუსთავის ფოლადის“ და „ჯორჯიან ელოის გრუპი“) გაფრქვევები. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ჯორჯიან ელოის გრუპი“ აღარ ფუნქციონირებს და მის ნაცვლად საქმიანობას ეწევა შპს „მნ გრუპი-2021“, სამინისტროს ვთხოვთ, გადაამოწმოს გზშ დოკუმენტის ფონურ გაფრქვევებში ნამდვილად შპს „მნ გრუპი-2021“-ის გარქვევების მონაცემებია თუ არა გამოყენებული?
– საწარმო თანახმაა, რომ უწყვეტი თვითომონიტორინგის სისტემის მონაცემები იყოს საჯარო. ვთხოვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს ამ და სხვა საწარმოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, მაგალითად, air.gov.ge-ის მსგავსი პლატფორმის მეშვეობით.
საწარმოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თანხმობა, რომ მზად არიან მათი მონაცემი მოსახლეობას მიეწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც სამინისტრო შეძლებს გამოქვეყნებას.
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები ელექტრონულად გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: gavigudet@gmail.com გამოგვეგზავნოს ჩვენც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
