გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენჯერმე დახარვეზების შემდეგ, დღეს, 21 თებერვალს, ქ. რუსთავის მერიაში ფეროშენადნობთა საწარმოს – შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობა-ექსპლუატაციის შესახებ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას, გარდა სამოქალაქო მოძრაობისა – „გავიგუდეთ“, ესწრებოდნენ კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, რუსთავის მერიის, საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლები.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“ გეგმავს 2 ინდუქციური ღუმელის მონტაჟს, რომელშიც წლიურად ნაწარმოები იქნება 7200 ტონა ნადნობი 3600 საათის განმავლობაში. აღნიშნული ღუმელები იმუშავებენ მონაცვლეობით რეჟიმში – როცა ერთი თუმელი ფუნქციონირებს, მეორე ღუმელი გადის კაპიტალურ რემონტს.
საწარმო ნედლეულის სახით იყენებს მხოლოდ რკინის ჯართს. გამოშვებული პროდუქციის სახეობა, კი, არის ფოლადის ნადნობი.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა განიხილა გზშ ანგარიში. ჩვენ მიერ მომზადებული კომენტარები საჯარო განხილვაზე გავაჟღერეთ და გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გავუგზავნეთ.
ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენს კომენტარებს თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– გზშ დოკუმენტში არ არის მოწოდებული სრული ინფორმაცია მოსაზღვრე ობიექტების და მათი ფუნქციური დატვირთვის შესახებ, შესაბამისი მანძილების მითითებით. მაგალითად, ნახსენები არაა სს „მშენმექანიაზცია“, რომელიც დაშორებულია 250 მეტრით; შპს „კანო“ – დაშორებულია 160 მეტრით; სს „კომპლექტი“ – მდებარეობს 320 მეტრში; შპს „ჩიორა“ – 200 მეტრში; შპს „სანდო“ – 230 მეტრში; სს „სარინი“ – 460 მეტრში; შპს „ქართული არყის კომპანია“ – 450 მეტრში; შპს „ჯორჯიან ინთერნეიშენალ სერვის“ – 410 მეტრში.
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოში ორი ღუმელის ერთად ფუნქციონირება არ არის მოსალოდნელი. ღუმელები ერთმანეთს ჩაენაცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გამოვა მწყობრიდან. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციით, აღნიშნულის გარანტი არის წლიურად გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა. როგორ აპირებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამის კონტროლს? ექნება თუ არა კავშირი შემოსავლების სამსახურთან შესაბამის უწყებას წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, რათა განსაზღვროს რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობს კონკრეტული საწარმო?
– გზშ ანგარიშის 3.1 თავში – „ტექნოლოგიური სქემა და რეგლამენეტი“ – აღნიშნულია, რომ „ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა იქნება ფარდულის ტიპის შენობა, რომელიც მხოლოდ ზემოდან იქნება გადახურული, ხოლო გვერდებიდან იქნება ღია, აღნიშნული შენობის ფართი იქნება 150 მ2 , ზომებით 25×60 მ“. თუმცა არ იკვეთება კონკრეტულად რა მიზნისთვის იქნება ეს შენობა გამოყენებული – ნედლეულის დასასაწყობებლად, თუ მზა პროდუქციის დასაწყობებისთვის, ან კიდევ სხა მიზნით? როგორც საჯარო განიხლვაზე კომპანიის წარმოამდგენელმა განმარტა, შენობა გამოყენებული იქნება ღუმელების დასამონტაჟებლად და გვერდებიდანაც დახურავენ. კარგი იქნება, ეს საკითხი გზშ ანგარიშშიც გაიწეროს.
– სასურველია, გენ-გეგმაზე მითითებული იყოს ის ტერიტორია, რომლის გამოყენებაც იგეგმება საკაზმე ჯართში აღმოჩენილი ფეთქებადი საგნების (სხვადასხვა დანიშნულების ბალონები, დახურული და ზეთიანი საგნები, ამორტიზატორები, ჯეკოები) უსაფრთხო დასაწყობებისთვის.
– გზშ-ის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წიდის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება უშუალოდ მათ რეალიზაციამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ქ, რუსთავში მწვავედ დგას წიდის მართვის საკითხები, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვთხოვთ, რომ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში პირობის სახით ასახოს კომპანიის მიერ წიდის ლაბორატორიული კვლევებისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის პერიოდული წარდგენა;
– გზშ თავი 4.11-ში – „ნარჩენების წარმოქმნა და მათი მართვის პროცესში ზემოქმედება, ნარჩენების მართვის პირობები“ – ნახსენებია, რომ „მტვერდამჭერ სისტემაში დაჭერილი ლითონის შემცველი მტვერი, დროებით დასაწყოვდება და შემდგომ გადაეცემა აგლომერაციის უფლების მქონე წარმობებს“. სასურველია დოკუმენტში აღწერილი იყოს ამ მტვრის დროებითი დასაწყობების პირობები – შეინახება თუ არა მტვერი ჰერმეტულად დახურულ, ატმოსფერული ნალექებისა და ქარისგან დაცულ პირობებში?
– გზშ-ის ანგარიშში ნარჩენების მართვის მნიშვნელოვნება შეფასებულია როგორც „საშუალო“. აღნიშნული ჩანაწერი გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ წიდის, როგორც ნარჩენის მართვა წარმოადგენს საწარმოების უმეტესობის უმთავრეს გამოწვევას;
– საინტერესოა, რა მდგომარეობაა თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით? როდის ჩაერთვება საწარმო ელექტრონულ სისტემაში?
როგორც საწარმოს დირექტორმა საჯარო განხილვაზე აღნიშნა, მისი ეს კონკრეტული საქმიანობა არ საჭიროებს თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას, ვინაიდან წარმოებას არ აქვს დიდი რაოდენობით გაფრქვევები. სასურველია, სამინისტროსგან არსებობდეს დადასტურებული პასუხი/დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს ექვემდებარება თუ არა აღნიშნული წარმოება გაფრქვევების გაზომვას თვითმონიტორინგის მეთოდით.
– საჯარო განხილვაზე კომპანიის წარმომადგენელმა გააჟღერა, რომ გეგმავს, აირმტვერდამჭერი სისტემა აღჭურვოს სახელოიანი ფილტრებითაც; თუმცა გზშ ანგარიშში მითითებულია, რომ აირმტვერდამჭერი სისტემა აღჭურვილი იქნება მხოლოდ ე.წ. ციკლონით. შესაბამისად, ეს ნაწილი გზშ ანგარიშში საჭიროებს დაზუსტებას, რათა დოკუმენტში ასახული და განხილვაზე გაჟღერებული ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვეოდეს.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი არქმედების ალტერნატივა არ არის სათანადოდ დასაბუთებული გარემოსდაცვითი მიმართულებით. ალტერნატივების განხილვის ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური სარგებელი, მაშინ როდესაც დიდი ნაწილი უნდა ეთმობოდეს იმას, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს საქმიანობა, კონკრეტულად შერჩეულ ტერიტორიაზე გარემოსთვისა და უახლოესი მაცხოვრებლებისთვის უკეთესი.
– გზშ-ის ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება განხილულია როგორც „საშუალო“. მაშინ, როდესაც მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშში (გზშ თავი 4.1.1) იკვეთება, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტთან საკმაოდ მაღალია არაორგანული მტვრის (0.72) და აზოტის დიოქსიდის (0.61) გაფრქვევის მაჩვენებლები.
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები ელექტრონულად გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი ელექტრონულად გამოგვეგზავნოს ჩვენც შემდეგ ელ-ფოსტაზე: gavigudet@gmail.com, ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადდა “ეკო ცენტრის” მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “ეკო ცენტრი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
