დღეს, 23 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ქ.რუსთავის მერიაში კირის საწარმოს – შპს „ელბა ექსპორტის“ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიის, რუსთავის მერიისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა, ტრადიციულად, წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი)
გზშ ანგარიში ეხება საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, კერძოდ, საწარმოში ჩატარებული წარმოების ოპტიმიზაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, შესაძლებელი გახდა შახტური ღუმელების წარმადობის გაზრდა და დღეისათვის თითოეული ღუმელის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 70 ტონას. ხოლო საწარმოს წლიური წარმადობა გახდა 58 400 ტონა, ნაცვლად 26 800 ტონისა. გარდა მაისა, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიზნით, საწარმოში ამოქმედდა არსებული 15 ტ/სთ წარმადობის წისქვილი და დღეისათვის შესაძლებელია როგორც ქვაკირის, ასევე დაფქვილი კირის წარმოება.
შენიშვნებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა განიხილა აღნიშნული ანგარიში, ჩვენი მოსაზრებები, საჯარო განხილვაზე გაჟღერების შემდეგ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– სამინისტროსთვის მიწოდებულ გეგმა-გრაფიკში თვითმონიტორინგის სისტემის მონტაჟის თარიღად კომპანიას მითითებული აქვს ივლისის ბოლო; მოცემულ დოკუმენტში კი ნახსენებია, რომ თვითმონიტორინგის სისტემა დამონტაჟდებოდა აგვისტოს ბოლომდე. რა მდგომარეობაა ამ კუთხით? როდის შეძლებს საწარმო ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩართვას?
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, თვითმონიტორინგის გერმანული წარმოების სისტემა უკვე ერთი კვირაა, რაც ჩამოსულია და ამჟამად მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშოები; სამონტაჟო სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღად კი ოქტომბრის ბოლო დაასახელეს.
– დოკუმენტაციის თანახმად, შპს „ელბა-ექსპორტი“ კირით ამარაგებს რუსთავის ფოლადის მეტალურგიულ საწარმოს. ამავე დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ „დღეისათვის მეტალურგიული ქარხნის ელექტროფოლადსადნობ საამქროში მიმდინარეობს 35 ტ/სთ წარმადობის ფოლადსადნობი ღუმელის სამონტაჟო სამუშაოები, რაც გამოიწვევს ქარხნის მიერ მოხმარებული კირის რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას და შესაბამისად დღის წესრიგში დადგა კირის საწარმოს წარმადობის გაზრდის საჭიროება“. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსთავის ფოლადის მეტალურგიულ საწარმოში აღნიშნული ღუმელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის გარეშე უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს;
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კირის საწარმოს შახტური ღუმელების წარმადობა უკვე გაზრდილია, და შეადგენს 70 ტონა/დღე-ღამეში, რაც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის დარღვევაა და გზშ პროცედურას აზრს უკარგავს.
– დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიზნით, საწარმოში ამოქმედდა არსებული 15 ტ/სთ წარმადობის წისქვილი და დღეისათვის შესაძლებელია როგორც ქვაკირის, ასევე დაფქვილი კირის წარმოება“. ჩანაწერში ბუნდოვანია ეს წისქვილი ცვლილებების დაგეგმვის შემდეგ დამონტაჟდა თუ მანამდეც არსებობდა, ოღონდ უფუნქციოდ, გაჩერებულ მდგომარეობაში? საინტერესოა, როდის განხორციელდა აღნიშნული ცვლილება და შეთანხმებული იყო თუ არა რაიმე ფორმით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან? წარდგენილი იყო თუ არა ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის განახლებული ვერსია?
– დოკუმენტში წყალმომარაგებასა და წყალარინებაზე ნახსენებია მხოლოდ ის, რომ „სასმელ-სამეურნეო და ტექნიკური დანიშნულების წყალმომარაგება, ასევე წყალარინება ხორციელდება მეტალურგიული ქარხნის შესაბამისი სისტემების საშუალებით“. ვფიქრობთ, გზშ დოკუმენტში წყალმომარაგება-წყალარინების ტექნოლოგიური ციკლი დეტალურად უნდა იყოს აღწერილი.
– დოკუმენტში – ინფორმაცია ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის შესახებ – ქვეთავში მოცემულია, რომ „მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ისეთი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები როგორიცაა: გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ოზონი ძირითადად ნორმის ფარგლებშია და არ აღემატება ამ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.” – თუმცა გაურკვეველია ეს ინფორმაცია რა პერიოდის მონაცემებს ასახავს და რაზე დაყრდნობით; ასევე, არ იკვეთება ეს მონაცემები კონკრეტულად აღნიშნული საწარმოსთვისაა მოცემული თუ ზოგადად, ქალაქის ერთიან სურათს ასახავს.
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი გამოგვეგზავნოს ჩვენც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
საინფორმაციო მასალა მომზადდა “ეკო ცენტრის” მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “ეკო ცენტრი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
