8 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მერიაში უნდა გამართულიყო შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც არ ჩატარდა, ვინაიდან კომპანიის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.
საწარმოს დაგეგმილი ჰქონდა 2 ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელის მონტაჟი, რომლებშიც წლიურად ნაწარმოები იქნებოდა – 7200 ტ/წელ ნადნობი ჯამში 3600 საათის განმავლობაში.
განხილვის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა დღეს, 8 აგვისტოს სააგენტოს ვებ გვერდზე. ვფიქრობთ, აუცილებელია მსგავს შემთხვევებში, ყველა დაინტერესებული მხარის წინაწარ გაფრთხილება ელექტრონული ფოსტით, ვინაიდან შეუძლებელია ვებ გვერდის ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმება.
2 აგვისტოს ანგარიშზე კომენტარების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გავმართეთ, სადაც მოწვეულ ტრენერთან ერთად ჩვენი გუნდის წევრებმა აღნიშნული ანგარიში განიხილეს.
შეხვედრაზე მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები საჯარო განხილვის გაუქმების მიუხედავად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გავუზიარეთ და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
– გზშ-ის დოკუმენტში არ არის მოცემული სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი, სრულყოფილი ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიის მოსაზღვრე ტერიტორიების, ასევე ახლომდებარემოქმედი ობიექტების (საწარმოდან 500 მ რადიუსში) და მათი ფუნქციური დატვირთვის შესახებ (მანძილების მითითებით);
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ალტერნატივები არ არის სათანადოდ დასაბუთებული გარემოსდაცვითი მიმართულებით. ალტერნატივების განხილვის ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური სარგებელი, მაშინ როდესაც დიდი ნაწილი უნდა ეთმობოდეს იმას, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს საქმიანობა, კონკრეტულად შერჩეულ ტერიტორიაზე გარემოსთვისა და უახლოესი მაცხოვრებლებისთვის უკეთესი. ამასთან, არაქმედების ალტერნატივის პირველი აბზაცი ფაქტობრივად არ იკითხება. გაუგებარია რა კავშირი აქვს ნულოვან ალტერნატივას იმასთან, რომ “ქვეყანაში მიღებული ნორმატივების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიმართ დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილება დაკავშირებულია ისეთი ტექნიკური დანადგარებისა და საშუალებების შეძენასთან, რომელთა ღირებულება და ექსპლუატაციის პირობებში მათი განახლება-პროფილაქტიკა საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას“;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ ალტერნატივების თავში, გარემოსდაცვითი კუთხით შერჩეული ალტერნატივების დასაბუთება მწირია და ყურადღება გამახვილებულია უფრო მეტად ეკონომიკურ სარგებელზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი იყო დასაბუთება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, განსაკუთრებით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების კუთხით. სკოპინგის ეტაპზე შენიშვნებში ავსახეთ, რომ გვაინტერესებდა ახალი ტერიტორიის ათვისების გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩატარებული იყო თუ არა შესაბამისი საპროგნოზო გათვლები ატმოსფერული ჰაერში გაფრქვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ადგილი ექნებოდა დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებას. აღნიშნული ინფორმაცია მოცემული დოკუმენტის ალტერნატივების თავებშიც არ ფიქსირდება და ზოგადად დოკუმენტაციაშიც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი საბუთი (გაანგარიშების შედეგი) რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მიწისპირა კონცენტრაციები ნორმას აჭარბებდა;
– წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სათანადოდ არ არის შეფასებული საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ხმაურის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება. დოკუმენტაციის შესაბამის თავებში ვხვდებით ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს არა შესაბამის კვლევასა და კონკრეტულ გათვლებს, არამედ კანონიდან ამოკრეფილ ზოგად ინფორმაციას. საგულისხმოა, რომ თავში „ხმაურის მონიტორინგი და მისი განხორციელების გეგმა“, საწარმოს ტერიტორიაზე მონიტორინგის წერტილად აღებულია გამწოვი სისტემები, როგორც განსაკუთრებულად გამორჩეული საწარმოო უბანი, თუმცა საწარმოს ტექნოლოგია ითვალისწინებს ჯართის ჭრასაც, რომელსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ხმაურის წარმოქმნა შეუძლია;
– გზშ-ის ანგარიშის დანართი N1-ში (საწარმოს გენ-გეგმა გაფრქვევის წყაროების ჩვენებით) სკოპინგის დასკვნის შესაბამისად მითითებული არ არის ხმაურის წყაროები;
– სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე, კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯართის ჭრა უნდა განხორციელებულიყო დახურულ შენობაში. გზშ-ის ანგარიშის დანართი N1-ში (საწარმოს გენ-გეგმა გაფრქვევის წყაროების ჩვენებით) ჯართის დამუშავების უბანი, როგორც გაფრქვევის ერთ-ერთი წყარო (გ4) დატანილია საწარმოს შენობის გარეთ, შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებს ჯართის დამუშავების უბნის ჰერმეტულად დაცულობის საკითხი; ამასთან, გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ჯართის დამუშავების უბნის ტიპის შესახებ, ინფორმაცია მოცემული უნდა ყოფილიყო თავში N3.1 „ჯართის მიღების, დახარისხები და დაჭრის უბანი“, თუმცა მოცემულ თავში ინფორმაცია წარმოადგენს ზოგად მიდგომას და არ არის კონკრეტულად მოცემული ინფორმაცია აღნიშნული უბანი დახურული იქნება თუ ჭრა განხორციელდება ღია ცის ქვეშ, ჰერმეტულად დაუცველ პირობებში;
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოში ორი ღუმელის ერთად ფუნქციონირება არ არის მოსალოდნელი. ღუმელები ერთმანეთს ჩაენაცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გამოვა მწყობრიდან. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციით, აღნიშნულის გარანტი არის წლიურად გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა. როგორ აპირებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამის კონტროლს? ექნება თუ არა კავშირი შემოსავლების სამსახურთან შესაბამის უწყებას წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, რათა განსაზღვროს რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობს კონკრეტული საწარმო?
– გზშ-ის ანგარიშის შესაბამის თავებში მოცემული არ არის სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი ინფორმაცია გამწმენდი მოწყობილობების პარამეტრების დაცვის და გამართულად ექსპლუატაციის უზრუნველყოფის შესახებ;
– გზშ-ის ანგარიშს თან არ ერთვის სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტთან სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმების/კომუნიკაციის ამსახველი წერილი. ამასთან არ ირკვევა, არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, მოხდება თუ არა საწარმოს ტერიორიის დატოვებამდე პროდუქციით დატვირთული ავტოტრანსპორტის ზედმეტი მტვრისგან გაწმენდა, რათა შემცირდეს ტრანსპორტირებისას მტვრის გამოყოფით გამოწვეული ზემოქმედება;
– გზშ-ის ანგარიშში ნარჩენების მართვის მნიშვნელოვნება შეფასებულია როგორც „საშუალო“. აღნიშნული ჩანაწერი გაუგებარია იის გათვალისწინებით, რომ წიდის, როგორც ნარჩენის მართვა წარმოადგენს საწარმოების უმეტესობის უმთავრეს გამოწვევას;
– გზშ-ის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წიდის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება უშუალოდ მათ რეალიზაციამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ქ, რუსთავში მწვავედ დგას წიდის მართვის საკითხები, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვთხოვთ, რომ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში პირობის სახით ასახოს კომპანიის მიერ წიდის ლაბორატორიული კვლევებისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის პერიოდული წარდგენა;
– სკოპინგის სააჯარო განხილვის პროცესში, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობოდა სანიაღვრე სისტემა, შეგროვებული წყლების ჩაშვება ქ. რუსთავის სანიაღვრე ქსელში ვერ მოხდებოდა, რადგან მუნიციპალიტეტს საერთოდ არ გააჩინა ასეთი სისტემა. ამის საწინააღმდეგოდ, სკოპინგისა და გზშ-ის ეტაპზეც წარმოდგენილი დოკუმენტაციაში მკაფიოდ წერია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები ჩაეშვება ქ. რუსთავის სანიაღვრე სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ გზშ-ის დოკუმენტაციაში არ ზუსტდება კომპანია სანიაღვრე სისტემას აწყობს თუ არა ტერიტორიაზე, სანიაღვრე არხი მაინც დატანილია გენ. გეგმაზე. საჯარო განხილვის პროცესში კომპანიის მოსაზრება სანიაღვრე წყლების მართვაზე სრულად განსხვავებულია დოკუმენტში ასახული ინფორმაციისგან, რაც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საწარმოების გარემოსდაცვით დოკუმენტაციებში ყველაფერი მოწესრიგებულია, იმისთვის, რომ ნებართვის გამცემ ორგანოს კითხვები არ გაუჩნდეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გზშ-ის დოკუმენტაციაში სანიაღვრე წყლების მართვის საკითხი კვლავ დასაზუსტებელია.
– გზშ-ის ანგარიშში სათანადო ყურადღება არ ეთმობა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე გაბატონებული ქარების მიმართულებას და მოცემულია რაიონის ზოგადი მახასიათებლები. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან საწარმოს 500 მეტრიან საზღვარში განთავსებულია კვების მრეწველობის ობიექტები (სს „ყაზბეგი; შპს „რუსთავხორცი);
– გზშ-ის ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება განხილულია როგორს „საშუალო“. რის საფუძველზე არის აღნიშნული შეფასება მოცემული? მაშინ როდესაც ზდკ-ს მაჩვენებელი ზღვართან საკმაოდ ახლოსაა, განსაკუთრებით უახლოეს კვების მრეწველობის ობიექტთან;
– სკოპინგის დასკვნის თანახმად, გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევესაწარმოში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისუწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის დანერგვისა და განხორციელების საკითხი. მათშორის, გაფრქვევის წყაროების, მონიტორინგს დაქვემდებარებული კომპონენტების, თვითმონიტორინგისთვის შერჩეული მეთოდის/ხელსაწყოს და სტანდარტის შესახებ ინფორმაცია. გზშ-ის ანგარიშში მითითებულ თავში მოცემული ინფორმაცია ძალიან ზოგადიადა არ იკვეთება კონკრეტული გადაწყვეტილება;
– გზშ-ის ანგარიშის მე-14 თავში აღნიშნულია, რომ „ამ ღონისძიებებმა ძირითადად გამოავლინა მოსახლეობის დაინტერესება შესაძლებელი დასაქმების თვალსაზრისით, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობისათვის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გარემოსდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა“ – რას ეყრდნობა ეს ჩანაწერი? ჩაატარა თუ არა კომპანიამ შესაბამისი გამოკითხვა ქ. რუსთავის მოსახლეობასთან ან შეხვდა თუ არა უახლოესი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს, ვისთან კომუნიკაციის შედეგადაც გამოიკვეთა აღნიშნული დამოკიდებულება პროექტის მიმართ?; ამასთან აღსანიშნავია, რომ იდენტური ჩანაწერი მეორდება კომპანიის სხვა გზშ-ის დოკუმენტაციაშიც, კერძოდ აგლომერაციის საწარმოზე წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშში.
– გზშ-ის ანგარიშის მე-14 თავში, სადაც მოცემული უნდა იყოს სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებზე რეაგირების საკითხი, იკითხება ზოგადი და გაურკვეველი ინფორმაცია. დოკუმენტში არ არის ასახული საჯარო განხილვის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნების მონახაზი და მათზე გაცემული პასუხები; ამასთან, დანართ 4-ში აღნიშნულია, რომ საჯარო განხილვაზე პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ფიქსირდება სამინისტროს მიერ გაცემულ სკოპინგის დასკვნაშიც;
– შეუქცევადი ზემოქმედების შეფასების ნაწილში სასურველია წარმოდგენილ იქნას გარკვეული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რომელიც აჩვენებს კონკრეტული ციფრებით იმ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც საქმიანობა მოუტანს უშუალოდ ქ. რუსთავს და რამდენად აბალანსებს ეს სარგებელი გარემოსდაცვითი კუთხით მიყენებულ ზიანს;
– სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
სიახლე მომზადდა „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ვითხოვთ უფლებას სუფთა ჰაერზე“ ფარგლებში.
