დღეს, 8 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ შპს “რუსელოისში” იმყოფებოდა. შეხვედრა საწარმოს წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა და ჩვენთვის საინტერესო არაერთი საკითხი დავაზუსტეთ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი უკვე მეორედ იმყოფებოდა საწარმოში. პირველი ვიზიტისას საწარმოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ 2022 წლის მაისში უკვე ყველა სამუშაო დასრულებული იქნებოდა, მათ შორის, დამონტაჟდებოდა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის მექანიზმი და საწარმოო პროცესი რეგულაციების დაცვით წარიმართებოდა. შესაბამისად, საწარმოსთან ჩვენი კითხვა, პირველ რიგში, ვადების დარღვევას შეეხებოდა. როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, ფილტრებისა და თვითმონიტორინგის სისტემის დროულ დამონტაჟებას ხელი შეუშალა პანდემიამ, უკრაინაში მიმდინარე ომმა და გადაზიდვების შეფერხების პრობლემამ, თუმცა როგორც ადგილზე განგვიმარტეს ფილტრები უკვე ადგილზეა, სულ დამონტაჟდება 1600-ზე მეტი სახელოებიანი ფილტრი, რომელთა ეფექტურობაც 99.9% შეადგენს.
რაც შეეხება თვითმონიტორინგის სისტემას, იგი დამზადებულია და საწარმოში მის ჩამოსვლას ივნისის ბოლოს ელოდებიან. ხოლო ახალი სისტემა სატესტო რეჟიმში სექტემბრის პირველ რიცხვებში გაეშვება.
გარდა ფილტრების სახეობის ცვლილებისა, იცვლება გამწოვი საშუალებების სიმძლავრეც. შესაბამისად, ნახევრად ღია ტიპის ღუმელებიდან არაორგანიზებული გაფრქვევის ფაქტები უნდა აღმოიფხვრას.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფილტრებისა და თვითმონიტორინგის სისტემის დაყენება ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ნედლეულისა და წიდის დასაწყობების პრობლემა. დასაწყობებული ნედლეული დამატებით ამტვერების წყაროს წარმოადგენს და შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტებში გაფრქვევის წყაროდაა შეტანილი. მისი ამტვერების პრევენციად მოიაზრება ცხელ და მშრალ ამინდებში ტერიტორიის მორწყვა. რაც შეეხება წიდას, მიუხედავად იმისა, რომ იგი სამშენებლო სექტორში გამოსადეგია, ამჟამად მისი გადამუშავება არ ხდება.
საწარმოს წარმომადგენლები თავადვე აღიარებენ, რომ იქ არსებული საწარმოო პროცესი გაუმართავია და მას მოწესრიგება ჭირდება. ამისთვის, ამჟამად დაახლოებით 3 მლნ ლარის ინვესტიციაა გაღებული.
შეგახსენებთ, რომ შპს „რუსელოისი“ ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია საქართველოში. კომპანიის კუთვნილი ფეროშენადნობთა ქარხანა აშენდა 2005 წელს და აღჭურვილია ორი 9MVA სიმძლავრის ღია ტიპის ელექტრო რკალური ღუმელით.
საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, რომელიც უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია 800 მეტრის მანძილით.
საწარმოდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ნედლეულის ჩამოცლისა და ბუნკერში ჩაყრის ადგილები და ფეროშენადნობების დნობის ღუმელები. ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი, აზოტის დიოქსიდი, ალუმინის ოქსიდი, კალციუმის ოქსიდი, მაგნიუმის ოქსიდი, მანგანუმის ოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი.
საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება შემდეგი სახის ნარჩენები: ნამუშევარი ზეთები სხვადასხვა მანქანა-დანადგარებიდან, ტექნოლოგიურ პროცესში წარმოქმნილი წიდის ნარჩენები, ჰიდრავლიკური ზეთები, ზეთის ფილტრებიაბსორბენტები, ხმარებიდან გამოსული სპეცტანსაცმელი, ქაღალდი, მინა, მუყაო, ხის შესაფუთი მასალა და პლასტმასის ნარჩენი.
შპს „რუსელოისში“ წლების განმავლობაში არაერთი გეგმიური თუ არაგეგმიური ინსპექტირება განხორციელდა (2016, 1019, 2020, 2021 და 2022 წლებში). ამ ინსპექტირებების განმავლობაში რამდენიმე ძირითადად ერთი და იგივე დარღვევა ვლინდებოდა, რომელიც ეხებოდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რეალური და ფაქტობრივი მდგომარეობის აცდენას ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტით გათვალისწინებულ მონაცემებთან, გაფრქვევის არაორგანიზებული წყაროების რაოდენობას და ამ წყაროებიდან ჰაერის დაბინძურების შემარბილებელი ღონისძიებების არ არსებობას.
