დღეს, 14 დეკემბერს, შპს „რუსელოისის“ წარმომადგენლებს შევხვდით.
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (გზდ) გავუგზავნეთ წერილი რომელსაც თან დავურთეთ ჩვენ მიერ საწარმოო ზონაში მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა. წერილით გზდ-ს ვთხოვდით, რომ წარმოდგენილ ფოტო/ვიდეო მასალებზე დაყრდნობით შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმები იმ ქარხნების მიმართ, რომელთა მიერ მავნე ნივთიერებათა არაორგანიზებული გამოფრქვევა ასახულია ჩვენ მიერ წარმოდგენილ მასალებში (წერილს ერთვოდა შპს „რუსელოისის“ ფოტოებიც).
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით, გზდ-მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და წარადგინა სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის განხილვა შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.
შესაბამისად, საწარმოში ვიზიტი განხორციელდა მოსამართლის რეკომენდაციით, რათა ადგილზე გავცნობოდით საწარმოო პროცესს და დავრწმუნებულიყავით არის თუ არა დარღვევა ფოტოზე ასახულ სიტუაციაში.
საწარმოს წარმომადგენლებმა დაგვათვალიერებინეს საწარმოო პროცესი. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, დავრწმუნებულიყავით, რომ გაფრქვევების ნაწილი არის უბრალოდ ორთქლი და არა არაორგანიზებული გაფრქვევა. ის ფაქტი, რომ გაგრილებისას წარმოიქმნება ორთქლის დიდი მასა ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, ამასთან ორთქლის მასა, შედარებით მარტივი გასარჩევია არაორგანიზებული გაფრქვევისგან. თუმცა, როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, გამონაბოლქვის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ ნედლეულის წვის შედეგად გამოყოფილი გაფრქვევა გვგონია, ისიც ორთქლია. შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს გაფრქვევის ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ფოტოზე არის დაფიქსირებული, რადგან მათი თქმით, ფოტოზე მხოლოდ ორთქლია დაფიქსირებული.
ფაქტი, რომ შპს „რუსელოისის“ ხელმძღვანელობამ საწარმოში ვიზიტი შემოგვთავაზა, ცალსახად მისასალმებელია და, ვფიქრობთ, გამჭვირვალობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი წაადგება პრობლემის მოგვარების და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეს. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში ყველა გამონაბოლქვი, რომელსაც მოთეთრო შეფერილობა აქვს, არის თუ არა ორთქლი, ამის დადგენის კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, აღნიშნული უნდა იკვლიოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
ამ შეხვედრაზე რაც ჩვენთვის ნამდვილად სიახლე იყო არის ის, რომ, როგორც საწარმოში გვითხრეს, მოყავისფრო ფერი არ არის დაბინძურების მაჩვენებელი და ეს ფაქტი ასე განგვიმარტეს (აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოშიც წარადგინეს):
„ფეროსილიკომანგანეცის წარმოებისას მანგანუმის შემცველ ნედლეულად გამოიყენება ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის წარმოების მანგანუმის კონცენტრატი. მადნის გამდიდრება ხდება ფლოტაციის მეთოდით კოაგულანტების გამოყენებით. ამიტომ, მანგანუმის კონცენტრატი ჩვენს ქარხანაში შემოდის 8-11 პროცენტიანი ტენიანობით. კონცენტრატი შედგება სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან, მათ შორის, მანგანუმი, რკინა, სილიციუმი, ალუმინი. ქიმიკატების ურთიერთქმედების შედეგად ნივთიერებები, რომლებიც არიან ოქსიდის სახით, აგრეთვე წარმონაქმნებისა და მარილების სახით წყალთან, წყლის შეღებვა ძირითადად ხდება მოყავისფრო მომწვანო ფერში. სველი კონცენტრატის ღუმელში მოხვედრისას ხდება მისი გახურება ორთქლის გამოყოფით. ვინაიდან წყალს აქვს მოყავისფრო მომწვანო ელფერი, ბუნებრივია, რომ ორთქლსაც მოყავისფრო მწვანე ელფერი გააჩნია. იგივე ხდება 4-5 პროცენტიანი ტენიანობის მქონე დაქუცმაცებული მანგანუმის შემცველი წიდის გამოყენებისას.
ტექნოლოგიური ექსპერტი / კონსულტანტი ფეროშენადნობების სფეროში
იგორ ბუდნიკ / ხელმოწერილია“
როგორც საწარმოში გვითხრეს და ადგილზეც გვაჩვენეს, უკვე ჩამოსულია ახალი ფილტრების ნაწილი, ხოლო ნაწილს ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ მაისში უკვე ყველა სამუშაო დასრულდება, მათ შორის, დამონტაჟებული იქნება უწყვეტი ინსტრუმენტული გაზომვის მექანიზმი (თვითმზომი)და საწარმოო პროცესი რეგულაციების დაცვით წარიმართება. ასევე, ახალი ფილტრების დაყენების შემდგომ მოგვარდება მოყავისფრო შეფერილობის პრობლემა, რადგან მშრალი წესით მოხდება გამონაბოლქვის გაფილტვრა.
ჩვენს კითხვაზე თუ აქამდე რატომ არ არის დამონტაჟებული შესაბამისი ფილტრები და თვითმზომი, საწარმოს წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ რადგან თვითმზომები ინდივიდუალურია ყველა საწარმოსთვის, შესაბამისი პარამეტრების მქონე ხელსაწყოების მოძიება და დამზადება/შეძენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, ეს პროცესი დასრულებულია, მომწოდებელი გერმანული კომპანია შეირჩა, ამ ეტაპზე საწარმოს უკვე გადარიცხული აქვს თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი და ემზადება წარმოების გაუმჯობესებისთვის.
გაცნობებთ, რომ 20 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში „გავიგუდეთ“ დაბარებულია როგორც მოწმე.
დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგიზიარებთ.
