8 ოქტომბერს, რუსთავის მერიაში გაიმართა რუსთავის ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებლის შპს „რუსთავის ფოლადის“ ექსპლუატაციის პირობების ცვლილებასთან დაკავშირებული გზშ დოკუმენტის საჯარო განხილვა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. მას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, შპს „გამა კონსალტინგის“, შპს „რუსთავის ფოლადისა“ და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წარმომადგენლები.
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ბმულზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ამჟამად სამრეწველო სამუშაოები მიმდინარეობს ფილტრაციის გარეშე. მოგეხსენებათ, ფილტრების დაყენება კანონმდებლობით სავალდებულო ჯერ კიდევ 1 ივნისამდეც იყო, თუმცა აღნიშნული საწარმო სისტემატიურად არღვევს კანონს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება ან/და სრული უმოქმედობა. შედეგად ვიღებთ აშკარა შეუსაბამობას ფურცელზე არსებულ ნორმებსა და რეალობას შორის, რაც საფრთხის წინაშე აყენებს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას.
გარდა ამ საკითხის განხილვისა, შეხვედრაზე ბევრი სხვა კრიტიკული შეკითხვა დაისვა „გავიგუდეთის“ წევრების მიერ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ახალ პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვებისა და შენიშვნების ნაწილი ტრადიციულად გადავგზავნეთ სამინისტროში. წერილის შინაარსს უცვლელად გიზიარებთ:
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან საწარმოში დღემდე არ განხორციელებულა ცემენტის წარმოება და ცემენტისთვის განკუთვნილ დანადგარებზე, მიმდინარეობს კირის წარმოება. იყო თუ არა ეს ცვლილება შეთანხმებული სამინისტროსთან და რამდენად მისაღებია ცემენტის წარმოებისთვის განკუთვნილ დანადგარებზე კირის წარმოება?;
– გზშ-ში, ტექსტურ ნაწილში წარმოდგენილი საკადასტრო კოდი 02.07.04.079 შეცვლილია და მისი სისტემაში შეყვანის შედეგად, ტერიტორია არ იდენტიფიცირდება. ნაკვეთს ამჟამად აქვს ორი საკადასტრო კოდი – 02.07.04.764 და 02.07.04.014, რაც დასტურდება გზშ-ის ანგარიშში დანართის სახით წარმოდგენილ ამონაწერებში. ამასთან საგულისხმოა, რომ ეს დანართი თან არ ახლავს არატექნიკურ რეზიუმეს, სადაც მოცემულია მხოლოდ შეცვლილი საკადასტრო კოდი. შესაბამისად, უმჯობესია, განახლებული ინფორმაცია მოცემული იყოს არატექნიკურ რეზიუმეშიც.
– გზშ-ის ანგარიშში ტერიტორიის აღწერილობით ნაწილში არ არის ასახული უშუალოდ შპს „რუსთავის ფოლადის“ საწარმოს საზღვართან არსებული N16 და N17 პენიტენციალური დაწესებულებები.
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილია საწარმოს მიმდებარედ არსებული სს „ე.უ ინვესთმენთის ტერიტორია“ და სიტუაციურ რუკაზე არ არის დატანილი, რომ ამ ტერიტორიაზე საქმიანობს სს „რუსთავის აზოტი“, შესაბამისად საზოგადოებისთვის კარგი იქნებოდა თუ აღინიშნებოდა საქმიანობის განმახორციელებელიც.
– დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საწარმოსა და მდ. მტკვარს შორის მანძილი შეადგენს დაახლოებით 1400-1600 მ-ს. თუმცა, ფიქსირდება გარკვეული მონაკვეთები, სადაც მდ. მტკვრამდე მანძილი 1400 მეტრზე ნაკლებია, ზოგგან დაახლოებით 1300.
– ტერიტორიის საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 50 მეტრში (ს/კ 02.05.07.585) წარმოდგენილია თანასაკუთრება, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსს და არ არის გათვალისწინებული გზშ-ის ანგარიშში. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიში, ისე ხმაურის გავრცელების გაანგარიშება გამოთვლილია უახლოეს მოსახლესთან გათვალისწინებული 80 მ რადიუსის გათვალისწინებით, შესაბამისად გაბნევის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა ჩაითვალოს არასანდოდ;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, საწარმოში არსებულ საურნალე საამქროში წარმოდგენილია ჯართის დასაწყობების ღია უბანი, სადაც მიმდინარეობს ლითონისა და სკრაპის (მეტალის დნობის პროცესში ზედაპირზე წარმოქმნილი მასა) აირული ჭრა, არაგაბარიტული სკრაპის მსხვრევა და სხვა. იგეგმება თუ არა კომპანიის მიერ აღნიშნული უბნის გადახურვა და ჯართის დახურულ სივრცეში დამუშავება?;
– ჯართის დამუშავების უბანი გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით საკმაოდ მოუწესრიგებელია. რამდენად დაცულია მსგავს გარემოში დასაქმებულთა უსაფრთხოების პირობები?
– გზშ-ის დოკუმენტის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში, საწარმო განიხილავს სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელი) მოწყობას და შესაბამისი ნებართვის მოპოვების შემდეგ, აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში დაჭერილი მტვრის სახიფათო ფრაქცია განთავსდება დაგეგმილ ობიექტზე. საორიენტაციოდ, რა ვადა იგულისხმება გრძელვადიან პერსპექტივაში? სად იგეგმება აღნიშნული ნაგავსაყრელის მოწყობა, გარდა აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში დაჭერილი მტვრისა, რა ტიპის სახიფათო ნარჩენის განთავსებას გეგმავს იქ კომპანია და მოემსახურება თუ არა დაგეგმილი ნაგავსაყრელი სხვა კომპანიებსაც?;
– კონკრეტულად როდიდან აპირებს კომპანია თვითმზომების დაყენებას საწარმოში?;
– გზშ-ის ანგარიშში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის მიზნით წარმოდგენილ თავში – 6.2.5 შემარბილებელი ღონისძიებები, ნახსენებია, რომ ტექნოლოგიური ან/და დამხმარე დანადგარების გაუმართაობით და ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში საწარმო, საამქრო ან/და საამქროს კონკრეტული განყოფილება დაექვემდებარება ავარიულ გაჩერებას. გზშ-ში წარმოდგენილი ფოტოებიდანაც კი ჩანს, რომ უშუალოდ საწარმოს შენობაც არ არის გამართული, კედლებზე შეინიშნება ღიობები, საიდანაც სიტემატიურად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების უკონტროლო გავრცელება. რას აპირებს კომპანია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?;
– გზშ-ის ანგარიშში, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების თავში აღნიშნულია, რომ საწარმოში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების რისკები შესაძლებელია უკავშირდებოდეს საამქროებში და სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების აირების არსებობას. ამ ჩანაწერით, მკითხველს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ არსებული მდგომარეობით, საწარმოს საამქროებსა და სამუშაო ზონაში, ჰაერში არ ვრცელდება ისეთი მავნე ნივთიერებები და აირები, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულების ჯანმრთელობას, თუმცა, ფოტოებზეც (ფოტო N4.3.2.1; ფოტო N4.3.2.3.1) ჩანს, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, დღესდღეობით როგორ ზღუდავს ასეთი სახის ზემოქმედებას კომპანია?
– ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გათვალისწინებით, კითხვა გვიჩნდება გზშ-ის ანგარიშის კუმულაციურ ზემოქმედების ნაწილში, ატმოსფერული ჰაერის განხრით რატომ არ არის გათვალისწინებული შპს „რუსელოისი“; შპს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ და სხვა მიმდებარე საწარმოები (500 მეტრიან რადიუსში)? აქვე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კუმულაციურ ზემოქმედების შეფასებაში გათვალისწინებული შპს „ჯეოსთილის“ საწარმო, პერიოდულად ფუნქციონირებს დარღვევით, რაც გამოიხატება ყველა შესაძლო ღიობიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევით, შესაბამისად საეჭვოა დოკუმენტში მოცემული კუმულაციური ზემოქმედების შეფასების სანდოობა. კარგი იქნება თუ სამინისტრო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საწარმოს მიმდებარედ ჰაერის ხარისხს შესაბამისი ხელსაწყოებით გადაამოწმებს საკუთარი სპეციალისტების მეშვეობით, ისე, რომ ეს მონიტორინგი შეთანხმებული არ იყოს შესაბამის საწარმოებთან;
– ნარჩენების გეგმაში წარმოდგენილ ნარჩენში – კოდი 10 02 10 „მეორეული ხენჯი“ იგულისხმება თუ არა სალექარებში დაგროვილი ხენჯები? თუ არა მაშინ სად მიდის სალექარში დაგროვილი ეს მასა?;
– ნარჩენების მართვის შესაბამის თავში აღნიშნულია იმ კონტეინერების რეცხვის საკითხები, სადაც ნარჩენებია განთავსებული. როგორ ხდება ამ კონტეინერების გარეცხვა და რა პირობებში განხორციელდება ეს? სად წავა ნარეცხი წყალი?;
– არატექნიკური რეზიუმეს 3.7 თავი სავარაუდოდ გადმოტანილია სს „რუსთავის აზოტის“ დოკუმენტაციიდან, რადგან რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსთავის ფოლადის საქმიანობას წარმოადგენს მეტალურგია და არა მინერალური სასუქების და სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების წარმოება.
– ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საწარმო იღებს ვალდებულებას, ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შეაჩეროს არსებული 2 x 10 ტ/სთ ელექტრორკალური ღუმელების ექსპლუატაცია მანამ, სანამ მათზე არ მოეწყობა აირმტვერდამჭერი მოწყობილობა“.
– ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებაზე სამინისტროს მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა კონკრეტული გეგმა აქვს საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ძველ ღუმელებზე მონტაჟთან დაკავშირებით?
– დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა ვადაში მოხდება ძველ ღუმელებზე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მონტაჟი?
პროექტი „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.