2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის N2059 განკარგულებით დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა.
“გავიგუდეთ“ ჩართული იყო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და მაქსიმალურად ცდილობდა, აღნიშნული დოკუმენტი რუსთავის ინტერესებზე მორგებული ყოფილიყო.
სამოქმედო გეგმის მიღება დადებითი ფაქტია, თუმცა, მთავარი გამოწვევა მისი სათანადო აღსრულებაა. შესაბამისად, აღსრულების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გარდა მონიტორინგისა, „გავიგუდეთ“ შეეცდება შეიმუშავოს რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას და გახდის მას უფრო ეფექტურს.
რას გულისხმობს სამოქმედო გეგმა?
სამოქმედო გეგმის მიზანია ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად დასახულია 5 ამოცანა და შესაბამისი აქტივობები. ეს ამოცანებია:
1. სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირება;
2. ქ. რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირება;
3. ქ. რუსთავში მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
4. ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესება ;
5. ქ.რუსთავში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების და მასში ჩართული მონაწილეების რაოდენობის გაზრდა.
რა განხორციელდა პირველ საანგარიშო პერიოდში – 2020 წლის 22 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით?
სამოქმედო გეგმის პირველი ამოცანა მოიცავდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელთაც „გავიგუდეთ“ და რუსთავის მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და „გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ უნდა შესულიყო 2020 წლის IV კვარტალში. სამწუხაროდ, აღნიშნული ვადები დაირღვა და საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის 2 მარტს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მყარი ნივთიერებების მასა შემცირდა 12,880 ტონამდე (სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს ეს მაჩვენებელი 14,151 ტონა იყო).
გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პირველი ამოცანის ფარგლებში განხორციელდა საწარმოების ინსპექტირება და მათი დოკუმენტების შესწავლა, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ინფორმაციას დამატებით გაგიზიარებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადამოწმებული ობიექტების დიდი ნაწილი დარღვევებით ფუნქციონირებს.
რაც შეეხება მეორე ამოცანას, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი არ შემცირებულა. 2022 წლის ბოლომდე აზოტის დიოქსიდის წლიური კონცენტრაცია 55 მკგ/მ3-დან 40 მკგ/მ3-მდე უნდა შემცირდეს. ამ მიზნის მისაღწევად, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, მოეწყო ველო-ბილიკები, შემოიყვანეს ახალი მუნიციპალური ავტობუსები. ამ მიმართულებით, „გავიგუდეთ“-ს სამოქმედო გეგმის შემუშავების დროსაც ჰქონდა რეკომენდაცია, რომ დოკუმენტში გაწერილიყო რუსთავ-თბილისის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოგვარების საკითხიც, რადგან უამრავმა რუსთაველმა მხოლოდ იმიტომ შეიძინა კერძო ავტომობილი, რომ ყოველდღიურად თბილისამდე გადაადგილება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა ზრდის ქალაქში ავტომობილების რიცხვს და აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ თბილისშიც.
მესამე ამოცანის მიხედვით, 5 ჰექტრით გაიზარდა მწვანე ზონების ჯამური ფართობი და 990 ჰა შეადგინა. სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს აღნიშნული მაჩვენებელი 985 ჰა იყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, დაირგო ხე-მცენარეები. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ სხვადასხვა სექტორის დახმარებით გაამწვანა 1 ჰა ტერიტორია (მე-20 საჯარო სკოლის ეზო).
მეოთხე ამოცანა გულისხმობს, რომ 2022 წლამდე უნდა გაიზარდოს დაკვირვების პუნქტების/სადგურების და მონიტორინგს დაქვემდებარებული დამბინძურებლების რაოდენობა. ამ მიმართულებით 2020 წელს სიტუაცია არ შეცვლილა.
რაც შეეხება მეხუთე ამოცანას, კორონა ვირუსის გამო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ცნობიერიების ამაღლების კამპანიის ფარგლებში აქტივობების ნაწილი ვერ განახორციელა ან განახორციელა ონლაინ რეჟიმში. ამასთან, მოძრაობამ „გავიგუდეთ“ ქ. რუსთავში დაგეგმილი პროექტების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ცენტრს გადასცა 100-მდე აქტივისტის სია, რომელთაც შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეგზავნებათ. რეკომენდაციის სახით უნდა ითქვას, რომ სასურველი იქნება, აღნიშნულ გამომწერებს ინფორმაცია მიეწოდებოდეთ ცენტრის მიერ განხორციელებულ ჰაერთან დაკავშირებული ყველა აქტივობის, მათ შორის, საჯარო ონლაინ ლექციების შესახებაც.
გარდა ამისა, ცენტრის მიერ განსახორციელებელი აქტივობებიდან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგების ჩატარება ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ შორის ჰაერის დაცვის საკითხებზე, რადგან ინსპექტორების კომპეტენციაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. აღნიშნული აქტივობის განხორციელების ვადად სტატუს ანგარიშში 2021 წლის I კვარტალია მითითებული.
* * *
ამასთან, სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ:
2020 წელს უნდა დაწყებულიყო სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი 24 აქტივობის განხორციელება. საერთო ჯამში განხორციელდა აქტივობების 34%, ასევე, მეტწილად შესრულდა აქტივობათა 50%. კორონავირუსის პანდემიის გამო არ დაწყებულა აქტივობათა 8%-ის განხორციელება. საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმის აქტივობების განხორციელების პროგრესმა შეადგინა 75%.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2019 წელთან შედარებით PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია შემცირდა დაახლოებით 8%-ით და 58 მკგ/მ3 შეადგინა. ასევე, ერთი ერთეულით შემცირდა PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია და 2020 წელს 31 მკგ/მ3 შეადგინა. მაჩვენებლების გაუმჯობესება შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთი მხრივ ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემთხვევების კლებით, ხოლო მეორე მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გამო ადგილობრივი სტაციონარული ობიექტების არასრული ფუნქციონირებით.“ კომენტარის სახით დავამატებდით, რომ აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მეტეოროლოგიური პირობებითაც, რადგან 2019 წელთან შედარებით 2020 წლის შემოდგომას ბევრად უფრო მეტი ნალექი გქვონდა, რაც ასევე გავლენას ახდენს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციაზე.
შეფასების სახით შეიძლება ითქვას, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელება, კორონა ვირუსის გათვალისწინებით, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. დადებითად ვაფასებთ ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან კომუნიკაციის ხარისხს – ისინი უწევდნენ კოორდინირებას მხარეებს შორის კომუნიკაციის პროცესს. თუმცა, ისეთი ფაქტები, როგორიც არის საკანონმდებლო ცლილებების მიღების ვადების დარღვევა, ზიანს აყენებს სახელმწიფო უწყებებისადმი და სტრატეგიული დოკუმენტების მიმართ საზოგადოების ნდობას და აბრკოლებს დოკუმენტის მთავარ მიზანს – ქ.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ სამოქმედო გეგმაში საკანონმდებლო ცვლილელების ნაწილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი და პასუხისმგებელმა უწყებებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ მსგავსი აქტივობების დროულად განხორციელება.
„გავიგუდეთ“ გააგრძელებს სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგს და ამ პროცესში არსებული მიღწევებისა თუ გამოწვევების შესახებ საზოგადოებას მუდმივად მიაწოდებს ინფორმაციას.
პროექტი „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.
