ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ევროკავშირში ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 97% სუნთქავს ჰაერს, რომლის დაბინძურების დონეც საგანგაშოდ მაღალია.[1]
სუფთა ჰაერი ადამიანის უფლებაა – ეს თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისტორიაში პირველად 2022 წლის 28 ივლისს აღიარა საერთაშორისო დონეზე.[2]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციები მუდმივად განახლებადია. ჰაერის დამაბინძურებლების მისაღები დონე ზოგიერთ შემთხვევაში 75%-ით დაეცა. ევროკავშირის ნორმები კი საკმაოდ მოძველებულია; ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები ვერ ახერხებენ მხარი აუბან ამ განახლებას, ხოლო ევროკავშირის დონეზე საერთო ნორმების შეცვლას წლები დასჭირდება.[3]
სწორედ ამ მიზეზისა და სუფთა ჰაერზე საკუთარი უფლების დასაცავად გერმანიის ოთხი უდიდესი ქალაქის – ბერლინის, მიუნხენის, დუსელდორფისა და ფრანკფურტის შვიდმა მოქალაქემ 2022 წლის სექტემბერში მთავრობას სასამართლოში უჩივლა. ეს იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული მსგავსი შინაარსის პირველი შემთხვევა გერმანიის ისტორიაში.
გერმანიაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ჰაერის დაბინძურების დონე ხშირად აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ზემოთაღნიშნულ ოთხ ქალაქში დაბინძურების კონცენტრაცია 4-ჯერ ან 5-ჯერ აღემატება დადგენილ სტანდარტს. სწორედ ამიტომ, ამ ქალაქების მცხოვრებლებმა თავიანთი შვილების დასაცავად თავად გადაწყვიტეს ბრძოლა, ვინაიდან, მათი თქმით, პოლიტიკოსები ამას ვერ ახერხებენ; ხოლო მათი შვილები იტანჯებიან ისეთი დაავადებით, როგორიცაა ასთმა.
გთავაზობთ ციტატებს რამდენიმე მოქალაქის ინტერვიუდან;
უოლკერ ბეკერ-ბატალია, მიუნხენი: „ჰაერის დაბინძურება არის პრობლემა, რომელსაც ვერ ხედავ, თუმცა ის მკვლელია; ჩვენს ქუჩაზე ყოველდღიურად 150,000 ადამიანი მოძრაობს ავტომობილით, ეს საშინელებაა და როცა საშუალება გვაქვს ქალაქიდან ‘გავრბივართ’“.
კონსტანცა, დუსელდორფი: „ბავშვები იმსახურებენ ჯანსაღ გარემოში გაზრდას. ჰაერის დაბინძურების პრობლემის გამო ქალაქში ცხოვრება მათთვის ავად გახდომის პირდაპირი განაჩენი არ უნდა იყოს, ცხოვრების ბოლომდე ამ ტვირთის ზიდვა არ უნდა უწევდეთ“.
გერმანიაში ჰაერის დაბინძურების დონე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს არ აჭარბებს, თუმცა მოქალაქეები კანონის შეცვლას ითხოვენ, რადგან ჰაერის დაბინძურების უარყოფითი გავლენის შესახებ ბოლო პერიოდის მეცნიერული აღმოჩენების და მტკიცებულებების პირობებში, არსებული კანონი მოძველებულია და სტანდარტები გამკაცრებას საჭიროებს.
სწორედ არაერთი კვლევით გამყარებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გაამკაცრა 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციამ 2005 წელს მიღებული მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების რეკომენდირებული დონე.
გერმანიის გარემოს სააგენტოში კი აცხადებენ – „ჯანმოს მიერ დადგენილი სტანდარტი არის რეკომენდაცია, რომელსაც არ გააჩნია იურიდიულად სავალდებულო ხასიათი ევროკავშირის ჰაერის ხარისხის დირექტივით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებზე“.
უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ სიმსივნის 10 შემთხვევიდან 1 ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული.
მოსარჩელეებს სურთ, რომ სასამართლოს ძალით აიძულონ გერმანიის მთავრობა, მიიღოს შესაბამისი ზომები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გარდა ამისა, მათ სურთ, მთავრობამ უზრუნველყოს, ჯანმოს რჩევის შესაბამისად, ხალხის ინფორმირება ჰაერის დაბინძურების უარყოფითი შედეგების შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე მოქალაქეებს მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები – ClientEarth და Deutsche Umwelthilfe.
საქმეს განიხილავს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იცავს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. მოსარჩელეები არ ითხოვენ ზიანის მატერიალურ ანაზღაურებას, მხოლოდ სურთ, რომ მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები.[4]
გერმანელების მსგავსად, საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართეს ბელგიის მოქალაქეებმაც. ბელგიის სამივე რეგიონიდან 9 მოქალაქე გაერთიანდა და ითხოვენ კანონის გამკაცრებას.
Clientearth-ის იურისტის თქმით, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ არ არსებობს ჰაერის დაბინძურების ისეთი დონე, რომლის სუნთქვაც უსაფრთხოა. შესაბამისად, ბელგიის მოსახლეობას სურს, რომ მთავრობამ გაამკაცროს ჰაერდაცვითი კანონები.
მათ სურთ, სასამართლომ დაადგინოს, რომ სუფთა ჰაერი არის განსაკუთრებული უფლება და ამ უფლების მოსაპოვებლად არ უნდა უწევდეთ თავიანთი სიცოცხლის გაწირვა.
ერთ-ერთი ასთმით დაავადებული მოსარჩელე ამბობს – „მე ვიბრძვი, რადგან მინდა, ვიცხოვრო ჩემს ქალაქში და არ მინდა, მიწევდეს საცხოვრებლის შეცვლა ჩემი ჯანმრთელობის დასაცავად. მჯერა, რომ სუფთა ჰაერი ჩემი ფუნდამენტური უფლებაა. მთავრობები აშკარად უმოქმედონი არიან, ამ უმოქმედობის ფასს კი ჩვენ ვიხდით, კოლექტიურად.“
კიდევ ერთი მოსარჩელე ანტვერპიდან – „როგორც მამა, მე ვღლავ ჩემი ოჯახის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ანტვერპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქუჩაზე ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი შვილები სახიფათო დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობენ და ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე აისახება. მინდა, რომ ისინი ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ და არასაკმარისი პოლიტიკური ნების მსხვერპლნი არ გახდნენ. მთავრობა ვალდებულია, დაგვიცვას ჩვენ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები.
ისტორიულად ყოველთვის რთული იყო პირდაპირი კავშირის დადგენა ჰაერის დაბინძურებასა და გარდაცვალებას ან დაავადების გამოწვევას შორის, თუმცა ეს პრაქტიკა 2021 წელს შეიცვალა, როდესაც ბრიტანეთში სასამართლო ექსპერტმა ოფიციალურად დაადგინა კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და 9 წლის გოგონას გარდაცვალებას შორის.
ბელგიაში, სადაც ჰაერის დაბინძურება თითქმის 4-ჯერ აჭარბებს ჯანმოს დადგენილ სტანდარტებს, ადამიანები სამივე რეგიონის მასშტაბით იბრძვიან, რადგან ჰაერის დაბინძურებას ადმინისტრაციული საზღვრები არ აქვს, ეს პრობლემა მხოლოდ ერთობლივი ქმედების შედეგად შეიძლება, შეიცვალოს.[5]
თარგმანი მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
[1] https://www.clientearth.org/latest/latest-updates/news/belgium-has-dirty-air-too-and-its-citizens-are-fighting-for-better/?utm_source=newsletter&utm_medium=email&utm_campaign=protectingpeople
[2] https://www.unep.org/news-and-stories/story/historic-move-un-declares-healthy-environment-human-right
[3] https://www.clientearth.org/latest/latest-updates/news/belgium-has-dirty-air-too-and-its-citizens-are-fighting-for-better/?utm_source=newsletter&utm_medium=email&utm_campaign=protectingpeople
[4] https://www-bbc-co-uk.cdn.ampproject.org/c/s/www.bbc.co.uk/news/science-environment-63012180.amp?fbclid=IwAR2GVZBzX9JD4K6OClq4-4g5Y7wMDbtg3TsVKW7DdAhT-0Y2vSuUgi8kanI
[5] https://www.clientearth.org/latest/latest-updates/news/belgium-has-dirty-air-too-and-its-citizens-are-fighting-for-better/?utm_source=newsletter&utm_medium=email&utm_campaign=protectingpeople