ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც გადატვირთულ გზებთან ახლოს იზრდებოდნენ ჰაერის დაბინძურების ფონზე, 18 წლის ასაკში ფსიქიკური დაავადებების მაღალი მაჩვენებლები აქვთ.
მკვლევართა თქმით, არსებობს კავშირი ბავშვობაში აზოტის ოქსიდებისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის სუნთქვასა და ისეთ დარღვევებს შორის, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.
ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული კვლევა 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საერთო ჯამში 2039 ბავშვი ჩაერთო. კვლევის ყველა მონაწილე ტყუპია, რომლებიც ინგლისსა და უელსში 1994-1995 წლებში დაიბადნენ. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 წლის ასაკში შეფასდა.
კვლევის ავტორთა თქმით „ეს შედეგები ერთობლივად მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად სუნთქავენ აზოტის ოქსიდების საშუალო კონცენტრაციას ჰაერში, შეიძლება გახდნენ უფრო მოწყვლადნი ფსიქიკური დაავადებების მიმართ აზრდასრულობაში“.
მკვლევრების თქმით, კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ფსიქიკური დაავადების განვითარების რისკს შორის შედარებით დაბალია, მაგრამ საფრთხე რეალურია.
პროფესორმა ჰელენ ფიშერმა (Helen Fisher), კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა: კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ჩვენს უდიდეს ქალაქებში იზრდებიან, აქვთ უფრო დიდი რისკი ფსიქიკური დაავადებისა, რაც გამოწვეულია ტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების ინტენსივობით.
„მართალია, გვსურს ჩვენი ქალაქები მწვანე და ღია სივრცეებად მივიჩნიოთ, მაგრამ აშკარაა, რომ არსებობს ფარული საფრთხე, რომელსაც ბევრი არც კი ვიღებთ მხედველობაში.”
ფიშერი ლონდონის კინგსის კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტში, აღნიშნული კვლევის მთავარი მკვლევარი იყო, სადაც ასევე ჩართული იყო აშშ-ის დიუკის უნივერისტეტიც (Duke University).
მონაწილეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა 18 წლის ასაკში ათი ძირითადი ფსიქიკური აშლილობის სიმპტომის გამოყენებით შეფასდა, მათ შორისაა AHDH (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი), შფოთვა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. კვლევის მიზანი იყო „გაეზომათ“ ფსიქიკური ჯანმრთელობა ფსიქოპათოლოგიური ფაქტორის ანუ p-ფაქტორის საშუალებით. მათ ვისაც p-ფაქტორში შედარებით მაღალი ქულა ჰქონდა, ათი ძირითადი სიმპტომიდან უფრო მეტი გამოამღჟავნა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც უწევს ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მაღალია აზოტის ოქსიდების კონცენტრაცია, 2.62 ქულით მაღალი p-ფაქტორის ქულა დააფიქსირეს, ვიდრე დანარჩენებმა. ასევე, მათ, ვისაც უწევთ ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მაღალია მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში, 2.04 ქულით მაღალი p-ფაქტორის მაჩვენებელი დააფიქსირეს, ვიდრე მათმა თანატოლებმა.
ენდი ბელმა (Andy Bell), ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, აღნიშნა: „კვლევამ გვაჩვენა, რომ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ჩვენი ცხოვრება განსაზღვრავს, გარემო, რომელშიც ვართ და გამოცდილება, რომლებსაც ადრეული წლებიდან ვიღებთ. ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის მათი სახლი, სკოლა, საზოგადოება და სამეზობლო.“
„ჩვენ ვიცით, რომ სიღარიბე, რასიზმი, ტრავმა, გარიყულობა ფსიქიკური დაავადების განვითარების ძირითადი რისკებია. როგორც დღევანდელმა კვლევამ აჩვენა, მნიშვნელობა ჩვენს საცხოვრებელ გარემოსაც აქვს. თუ საცხოვრებელ გარემოს უფრო უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ ადგილად ვაქცევთ, ის სამუდამო სარგებელს მოგვიტანს“.
ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენა გულისა და ფილტვების, ცნეტრალური ნერვული სისტემის დაავადებების გამწვავებაზე კვლევებითაა დადასტურებული, ამ კვლევის თანახმად, იგი ასევე ზრდის ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკსაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ათიდან ცხრა ადამიანი მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის პირობებში ცხოვრობს.
კევინ მაკკონვეიმ (Kevin McConway), ღია უნივერსიტეტის გამოყენებითი სტატისტიკის საპატიო პროფესორმა აღნიშნა, რომ მართალია, კვლევამ აჩვენა კავშირი ტრანსპორტის გამონაბოლქვსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის, მაგრამ კვლევაში არ ჩანს ზუსტი კავშირი, რითაც აიხსნებოდა, რომ სწორედ მაღალი დაბინძურების დონე იწვევს შედარებით სუსტ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სტატიის პირველწყარო იხილეთ ბმულზე.
თარგმანი მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.