ჰაერის დაბინძურება ხშირად ხდება ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, თუმცა, იმის გამო, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ჭირს ხოლმე პირდაპირი კავშირის დადგენა გარდაცვალების მიზეზსა და ჰაერის დაბინძურებას შორის, ამ პრობლემის მოგვარებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. 2013 წელს ლონდონში ჰაერის დაბინძურების გამო 9 წლის გოგონას გარდაცვალების და დედამისის მრავალწლიანი ბრძოლის შესახებ გამოცემა The Guardian გვიყვება.
გამომძიებლის თქმით, ჰაერის დაბინძურების სამართლებრივად დასაშვებ ზღვრამდე ვერ დაყვანამ დიდი წვლილი შეიტანა ელა კისი-დებრას (Ella Kissi-Debrah) სიკვდილში. ელას მწვავე ასთმა ჰქონდა.
გამომძიებლის დასკვნამ, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურება 9 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა, სამართლის ისტორიაში პრეცენდენტი შექმნა.
ფილიპ ბარლოუმ (Philip Barlow), სამხრეთ ლონდონის გამომძიებელმა, განაცხადა, რომ ელა კისი-დებრას გარდაცვალება 2013 წლის თებერვალში მწვავე რესპირატორული უკმარისობით, მწვავე ასთმითა და ჰაერის დაბინძურებით იყო გამოწვეული. მისი თქმით, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში აჭარბებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს, რაც, ძირითადად, სატრანსპორტო გამონაბოლქვის შედეგია.
გამომძიებელმა აღნიშნა, რომ გოგონას გარდაცვალებაში დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ დაბინძურების შემცირების სამართლებრივი პროცესების წარუმატებლობამ, არამედ გოგონას დედისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობამ, თუ რა პოტენციური რისკები ჰქონდა ჰაერის დაბინძურებას და როგორ უკავშირდებოდა ის ასთმის გამწვავებას.
„ელა გარდაიცვალა ასთმით, რომლის გამწვავებაც ჰაერის გადაჭარბებულმა დაბინძურებამ გამოიწვია“, განაცხადა გამომძიებელმა ოთხშაბათს.
მისი თქმით, ელას ცხოვრების განმავლობაში, აზოტის დიოქსიდის ემისია ლევიშამში (Lewisham), სადაც გოგონა ცხოვრობდა, აჭარბებდა დასაშვებ დონეს როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნული სტანდარტებით. მყარი ნაწილაკების დონე კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასაშვებ ნორმას აღემატებოდა.
„ელა მთელი ცხოვრება მაღალი დაბინძურების გზების სიახლოვეს ცხოვრობდა, მე არ გამიჭირდება დავასკვნა, რომ ის სუნთქავდა აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების ძალიან მაღალ კონცენტრაციას.“
გამომძიებლის თქმით, ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე მრავალი წელია ცნობილია და ბავშვები და ასთმით დაავადებულნი განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.
მან დაასაბუთა, რომ ჰაერის დაბინძურება იყო როგორც გამომწვევი, ისე გამამწვავებელი მიზეზი ელას მწვავე ასთმისა.
ამ მიმართულებით, ეს პირველი შემთხვევაა დიდ ბრიტანეთში და მოსალოდნელია, რომ გაიზრდება წნეხი მთავრობაზე, რათა შემცირდეს დაბინძურების უკანონოდ მაღალი დონე ქვეყნის მასშტაბით.
ელას დედამ, როსამუნდ კისი-დებრამ (Rosamund Kissi-Debrah), ყოფილმა მასწავლებელმა, წლები მიუძღვნა ბრძოლას, რათა მისი შვილის სიკვდილის მიზეზები სხვა გამომძიებელსაც გამოეკვლია. საბოლოოდ, მისი შეუპოვრობა დაფასდა, როდესაც ბარლოუ ოჯახის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო მტკიცებულებებს დაეთანხმა. მტკიცებულებების მიხედვით, ელას მწვავე ასთმა გამწვავდა ჰაერის დაბინძურებით.
კისი-დებრას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად აუცილებელია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო მისი, როგორც სიკვდილის მიზეზის დაფიქსირება, რათა პრიორიტეტული გახდეს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები რომელიც იზრუნებს ტოქსიკური ჰაერის პრობლემის აღმოფხვრაზე.
ორკვირიანი გამოძიების დროს, საუთჰემპტონის უნივერსიტეტისა და საუთჰემპტონის ზოგადი საავადმყოფოს იმუნო-ფარმაკოლოგმა და რესპირატორული დაავადებების ექიმმა-კონსულტანტმა, პროფესორმა სტივენ ჰოლგეითმა (Stephen Holgate) განაცხადა, რომ ზამთრის თვეებში ელას დაავადების გაუარესების ბიოლოგიური მიზეზი ჰაერის სეზონური დაბინძურება იყო.
მისი თქმით, ეს იყო ტოქსიკური ჰაერის კუმულაციური ეფექტი, რომელსაც ელა სუნთქავდა „გზიდან, რომელიც მისი სახლიდან 30 მეტრში მდებარეობდა. აღნიშნულმა გამოიწვია ასთმის მწვავე შეტევა.
ჰოლგეითის თქმით ელა იყო გაფრთხილება სხვა ლონდონელებისთვის. ის მათ ამცნობდა თუ რამხელა რისკია ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა, როგორიცაა მაგალითად აზოტის ოქსიდები.
ელას არაერთი შეტევა ჰქონდა და გარდაცვალებამდე თითქმის 30-ჯერ მოუხდათ მისი გადაყვანა საავადმყოფიში.
გამოძიების 2014 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად იგი მწვავე რესპირატორული უკმარისობით გარდაიცვალა, უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ახალი მტკიცებულებების გამო, რომელიც აფიქსირებდა მის სახლთან ახლოს ჰაერის დაბინძურების საშიშ დონეს.
მოსმენის დროს, ჰოლგეთმა, რომელიც 2011 წელს გარემოს დაბინძურების სამეფო კომისიის წევრი იყო, მწვავედ გააკრიტიკა გარემოს, საკვებისა და სოფლის საქმეთა დეპარტამენტი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ტოქსიკურ ჰაერზე ერთობლივი მუშაობის წარუმატებლობის გამო.
ელას ოჯახი ამტკიცებდა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა სასამართლოს დაესკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები ჰაერის დაბინძურების საშიში დონისგან მოსახლეობის დასაცავად, რაც ადამიანის უფლებათა აქტის მე-2 მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხება.
ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა (Sadiq Khan) თქვა, რომ გამომძიებლის დასკვნა „გარდამტეხი მომენტია“ და დაბინძურებას “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი” უწოდა.
”დღევანდელი დღე გარდამტეხი მომენტი უნდა იყოს, რომ სხვა ოჯახებმა არ განიცადონ იგივე გულისტკივილი, რითაც ელას ოჯახი იტანჯება. ჰაერის მომწამვლელი დაბინძურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის კრიზისია, განსაკუთრებით ჩვენი ბავშვებისთვის. გამოძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისეთი თამამი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, როგორიცაა ულტრა-დაბალი გამონაბოლქვის ზონის გაფართოება ლონდონში.”
„მინისტრები და ყოფილი მერი აქამდე ძალიან ნელა მოქმედებდნენ, მარამ ახლა მათ მიიღეს გაკვეთილი გამომძიებლის დასკვნის სახით და გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ლონდონის და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მომაკვდინებელი შედეგების წინააღმდეგ.“
მთავრობის სპიკერმა განაცხადა: “ჩვენი ფიქრები ელას ოჯახთან და მეგობრებთან რჩება.“
”ჩვენ ვმუშაობთ 3.8 მილიარდ ფუნტიან გეგმაზე, რათა ტრასპორტი გახდეს უფრო სუფთა და მოგვარდეს NO2-ით დაბინძურება, უფრო და უფრო წინ მივდივართ ჰაერის დაბინძურებისგან საზოგადოების დაცვის საქმეში, განსაკუთრებით ვგულისხმობთ PM2.5-ით დაბინძურებას, რადგან ის განსაკუთრებით საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი გარდამტეხი გარემოსდაცვითი კანონპროექტის საშუალებით, ჰაერის ხარისხის ახალ, ამბიციურ მიზნებს ვსახავთ, რომელთა ძირითადი ფოკუსიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის შემცირებაა”.
სტატიის პირველწყარო იხილეთ ბმულზე.
თარგმანი მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.